მულტიმედია
ყვავილების „პანდემია“
FaceBook
პანდემიამ ადამიანების არამხოლოდ ფარული ნიჭი გამოამჟღავნა, არამედ, ბეტონის კედლებში გამოკეტილები ბუნებასთან და მიწასთან დააბრუნა.

ვირუსს თუ იზოლაციას "გაქცეულებმა" სოფლებში ახალი რეალობა იპოვეს და თავისუფალი დროის შევსების საუკეთესო გზას მიაგნეს.
თუ კორონავირუსის მთავარი "ეფექტი" მოულოდნელობა იყო, ასეთივე მოულოდნელია პანდემიის დროს ეზოს ყვავილებზე გაზრდილი მოთხოვნა. მოთხოვნა, რომელიც მართლაც პანდემიასავით მოედო დიდ თუ მცირე სანერგე მეურნეობებს. მეწარმეები კი გაზრდილი მოთხოვნისთვის ისეთივე მოუმზადებლები აღმოჩნდნენ, როგორც სამყარო ვირუსის წინაშე.

ერთ–ერთი, ვისაც პანდემიამ იმაზე მეტი მოთხოვნები წაუყენა, ვიდრე ეს ახალი რეალობის დადგომამდე იყო, ფანცულაიების ოჯახია. ყვავილების მეურნეობა, რომელიც კოვიდ19–ის გაჩენამდე გეგმაზომიერად ვითარდებოდა, მოულოდნელად ოჯახისთვის მთავარ გამოწვევად იქცა. გამოწვევად, რომ მოთხოვნას არ ჩამორჩენოდა მიწოდება. ოჯახის დიასახლისის ლუიზა ფანცულაიას თქმით, ეს ერთდროულად სასიხარულო და რთული აღმოჩნდა. 


"ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ პანდემიის დროს ადამიანებს ყვავილები გაახსენდებოდათ და თანაც ასეთი მზარდი მოთხოვნა იქნებოდა", - გვეუბნება ლუიზა, რომელსაც წლებია ყვავილების ბიზნესი აქვს. მან ერთ თვეში ზუსტად იმდენი ყვავილი გაყიდა, რამდენსაც პანდემიამდე 6 თვეში ყიდდა.

მთავარი შიში კი ამ დროს ის იყო, რომ ყვავილების მარაგი არ ამოწურვოდა და შემკვეთი უარით არ გაესტუმრებია. ეს რეალობა მაინც დადგა. მისი ჩითილები და უკვე გაზრდილი ყვავილები საკუთარი ეზოების გალამაზების მსურველებს მხოლოდ ერთი თვე ეყოთ. ახლა მის მეურნეობაში ჩითილები თითქმის აღარ არის და მომხმარებელს ძირითადად, თავისივე ეზოში გაზრდილ ულამაზეს და ფერად ყვავილებს სთავაზობს. სამაგიეროდ, უკვე იცის, რომ შემოდგომისთვის და ადრე გაზაფხულისთვის უკეთესად უნდა მოემზადოს.

"უკვე დათესილი მაქვს სხვადასხვა ჯიშის ყვავილი, რომელთა ნაწილი შემოდგომაზე, ნაწილი ადრე გაზაფხულზე იქნება".


ულამაზესი მწვანე ხეივანი, ფერადი ყვავილები, რომლებიც ჭიშკრებიდანვე გესალმებიან და დადებით განწყობას ქმნიან - ასეთია ხონში, ერთ-ერთი ცენტრალური - წერეთლის ქუჩა, სადაც მხოლოდ ლუიზას ყვავილების სურნელი და ფერებია. ოჯახს 1000-მდე სახეობის მცენარე გამოჰყავს, მათ შორის, 600 სახეობის ვარდია, თუმცა, ახლა მეურნეობა საგრძნობლად არის შემცირებული.

ექინაცეას, კესანეს, ჯუჯა ჰიბიკუსს, ვერბენას, დეკორატიულ კოწახურს, ირმის რქას, ჯუჯა მიხაკებს, პეტუნიას, გაზანიას, იაპონურ ეონიმუსს, პალმებსა და სხვა მცენარეს ინგლისიდან, გერმანიიდან რუსეთიდან და ამერიკიდან იწერენ. 




მათ მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი ლუიზაა, რომელმაც მის ბაღში არსებული ყველა მცენარის ენა და ხასიათი იცის. დილა მისთვის ყვავილებთან საუბრით იწყება და მათი მორწყვით გრძელდება.

"ყოველ დილით უნდა შევამოწმო თითეული ფოთოლი, რამე ლაქა ხომ არ აქვს და ან რამე დაიზიანება. თუ რომელიმე მცენარე მოწყენილია, ვცდილობ მოვეფერო, ვესაუბრო".
ლუიზა პროფესიით ინჟინერია. წლების განმავლობაში კავშირგაბმულობაში მუშაობდა. ყვავილებისთვის მხოლოდ სამსახურის დაკარგვის შემდეგ მოიცალა და დაუფასდა კიდეც. ამბობს, რომ მცენარეები ყოველთვის უყვარდა, ახლა კი ეს სიყვარული ბიზნესადაც აქცია. არჩევანმა გაამართლა, რადგან საქმეს სიყვარულით აკეთებს.

"ვიფიქრე, თან საყვარელი საქმე მეკეთებინა და თანაც საოჯახო ბიზნესად მექცია. მცდელობა გამართლდა, რადგან უკვე 6 წელია ყვავილები ჩემი ოჯახის ერთადერთი შემოსავლია".

გარდა სიყვარულისა, საქმეს ოჯახის ერთსულოვნება და გვერდით დგომაც აკეთებს. ლუიზამ მეურნეობაში ფუნქციები ოჯახის ყველა წევრს თავიდანვე გაუნაწილა. თვითონ ფლორისტებთან ერთად ყვავილების ჯიშების გამოყვანასა და მათ რეალიზაციაზე აიღო პასუხისმგებლობა, ძმამ ექსკლუზიური ჯიშების ონლაინგამოწერა, შვილებმა კი სოციალური გვერდი - "flora +"–ის შექმნა და  საოჯახო ბიზნესის პოპულარიზაცია ითავეს. საქმე ყველას წარმატებთ გამოსდის, რაზეც მათი ბიზნესის სწრაფი ზრდა მეტყველებს.

ლუიზა თვლის, რომ მისი ბიზნესის ძლიერი მხარე კლიმატთან სწორად შერჩეული ჯიშებია, რის გამოც მომხმარებელი არ აკლია.

"ლურჯი სალვია მზეგამძლე ყვავილია, მთელი დღე მზეზე არ იწყენს, მთავარია, დილით ან საღამოს მორწყვა არ უნდა დაგვავიწყდეს. ყვავილების ბიზნესი ძალიან ბევრს აქვს, მაგრამ ჩვენი ძლიერი მხარე ის არის, რომ კლიმატის შესაბამისი ჯიშები გვაქვს".

საყოველთაო კარჩაკეტილობის დროს ლუიზას ყვავილებით გადაწყვიტა ეზოს გალამაზება ია ლიპარტელიანმა. ია ორი შვილის დედაა და ამის გამო ცოტა თავისუფალი დრო აქვს, თუმცა, ამბობს, რომ ლამაზი ეზო მისთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ ლუიზას ყვავილების ხშირი მომხმარებელია, რადგან კარგად იცის მათი განსაკუთრებულობა.

"მისი ყვავილები ყველანაირ კლიმატს ადვილად უძლებს და განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. ჩემთვის, როგორც ორი შვილის დედისთვის ეს მნიშვნელოვანია. მისი ჯიშები ჩვენი, დასავლეთის ნესტს კარგად ეგუება. სწორედ ლუიზას ყვავილების დამსახურებაა, რომ ასეთი ლამაზი და მრავალფეროვანი ბაღი მაქვს" - ამბობს ია.


ლუიზას ერთგული მომხმარებელია ნანა ხაჭაპურიძე. ნანას ხშირად ევროპში უწევს ყოფნა, თუმცა, ყოველ წელს, როცა მშობლიურ ქალაქ ხონში ჩადის, ყვავილებს მხოლოდ ლუიზასგან ყიდულობს. ამბობს, რომ ეზოს გალამაზება საკმაოდ ძვირი უჯდება, თუმცა, უღირს და ცდილობს მისგან ყველა ჯიშის ყვავილი შეიძინოს.

"თითქმის ყველა სეზონზე ვყიდულობ. რაც დაიწყო ლუიზამ ბიზნესი, პრაქტიკულად იქედან ვარ მისი მომხმარებელი. ბევრი ჰიბრიდული ყვავილი აქვს და რაც მთავარია მრავალფეროვანი ჯიშებია. მიმაქვს და ვალამაზებ ეზოს. ყოველ წელს ასეა, როგორც კი ჩამოვალ, ვიწყებ ეზოს მოვლას და ერთადერთი, ვისგანაც ვიცი, რომ უნდა შევიძინო, ეს ლუიზაა, რადგან მისი ყვავილები განსაკუთრებულია, როგორც სილამაზით
, ასევე, გამძლეობით. ლუიზა ისეთ ჯიშებს არჩევს, რომლებიც დიდხანს ყვავილობენ, ამიტომ ჰყავს ამდენი მომხმარებელი".

ნანას თქმით, ყვავილები მისი ოჯახის წევრებსაც უყვართ და მის მოვლაში შვილები, მეუღლე და მამაც ეხმარება.

ეზოს გალამზება ნანამ და მისმა ოჯახმა დიდი ხანია საყვარელ საქმედ აქცია. გარდა ყვავილებისა, ნანას ეზოში უამრავი მარადმწვანე ხეა. მისი ეზო რომელიმე ქალაქის სკვერს უფრო მოგაგონებთ. ამბობს, რომ წელიწადში ამისთვის 3000 ლარამდე ხარჯავს, მაგრამ ლამაზი ეზოს მოსაწყობად ფული არ ენანება.

"ნამდვილად არ მენანება. კი, სოლიდური თანხაა, მაგრამ იმისთვის, რომ ლამაზად ვიცხოვრო და გამვლელის თვალსაც ესიამოვნოს ჩემი ეზოს დანახვა, ნამდვილად მიღირს", – ამბობს ნანა.


ახლა ლუიზას და მისი ოჯახის მთვარი ამოცანა შემოდგომისთვის მზადებაა. მისი თქმით, ეს თითქმის ისეთივე აქტიური სეზონია, როგორც გაზაფხული. წელს, ყველაფერი სხვანაირად იქნება. პანდემიისგან მიღებული გამოცდილების ფონზე ლუიზამ უკვე იცის, რომ ორმაგი შრომა მოუწევს, რათა მომხმარებელი არ დააღალატოს, თუმცა, ამბობს, რომ ამას არ უშინდება.

"მთავარია მშვიდობა იყოს შემოდგომაზე. უკვე იმდენი დავთესე, ვფიქრობ, ყველა მომხარებელს ეყოფა".


"მოცემული კონტენტი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, IREX-ის მიერ განხორციელებული "საქართველოს მედია პარტნირობის პროგრამის" GMPP -ს მხარდაჭერით შეიქმნა. გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას."





ავტორი: ლანა კოკაია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში სამასზე მეტი ქუჩიდან არც
ერთს ჰქვია 1918-1921 წლების პირველი
დამოუკიდებელი რესპუბლიკის რომელიმე მოღვაწის
სახელი.
14:14 / 04.09.2022
ქუთაისში სამასზე მეტი ქუჩიდან არც ერთს ჰქვია 1918-1921 წლების პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის რომელიმე მოღვაწის სახელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.