მულტიმედია
ზღაპრული ,,სოფელი" ქუთაისში (ფოტო ამბავი)
FaceBook

ეს პატარა ,,სოფელი", პაწაწინა ქვის სახლებითა და გვერდიგვერდ მცხოვრები მეზობელი პერსონაჟებით, ქუთაისში, ერთი მასწავლებლის ეზოში მოწყობილი მიკროსამყაროა.

 



მინიატურულ, ზღაპრულ ,,სოფელს" თავისი ბინადრები ჰყავს: სმურფები, ჯუჯები, გარეული და შინაური ცხოველები. ზოგი სასახლეში ცხოვრობს, ზოგიც ამ სასახლის მცველია.



ყველას კონკრეტული ადგილი და მისია აქვს. ისე,  როგორც ზღაპარებში: პრინცესა სასახლეში ცხოვრობს, მეწისქვილე ქოხში, ცხოველები თავისუფალ სივრცეში.



,,სოფელში"  კეთილი და ბოროტი პერსონაჟებიც ცხოვრობენ, თუმცა ეს მხოლოდ მათი ეპიზოდური როლია, რადგან აქ ყოველთვის სიკეთე იმარჯვებს და არსებობას ყველა ჰარმონიულ გარემოში აგრძელებს.



54 წლის ლია ჭიქაბერიძეს მინიატურული ,,სოფლის" შექმნისკენ სწორედ ზღაპრების სიყვარულმა უბიძგა. მისი შექმნისთვის კი
თავისუფალი დრო პანდემიურმა ჩაკეტილობამ დაუტოვა.



,,ზღაპრები ბავშვობიდან მამამ შემაყვარა. ალექსანდრე გრინის ,,ალისფერი იალქნები" დღემდე მაშინდელ
შთაბეჭდილებებში მაბრუნებს. სულ ვფიქრობდი, რა კარგი იქნებოდა ჩემი სოფელი შემექმნა, სადაც ადამიანები და ცხოვრლები მწვანე  ჯანსაღ, კეთილ და სამართლიან სამყაროში იცხოვრებდნენ".



ლიამ ზღაპრული ,,სოფლის" ახალი დასახლებისთვის, ჯერ ბაღში ძველი თხილის ბუჩქები მოჭრა, ტერიტორია დაასუფთავა და მწვანე საფარი მოაწყო. შემდეგ, ქობულეთიდან ჩამოტანილი კენჭებითა და ნიჟარებით, ციხე-კოშკები ააგო, ქილებით ჭა გააკეთა, თხილის ტოტებით ძელ-სკამები. ზღაპრის გმირები კი სხვადასხვა მაღაზიაში იყიდა. ასე თანდათან, ორი თვის განმავლობაში  აშენებდა ,,სოფელს", თუმცა ეს მისი საბოლოო ჩანაფიქრის დასაწყისია. 


,,მალე კიდევ უფრო ბევრი პერსონაჟი დაიდებს ბინას სოფელში. ფორმებზეც ვიზუალურადაც მეტად ვფიქრობ. თექაზე ვმუშაობ და ახალ გმირებს საკუთარი ხელით ვქმნი. თითოეულ მათგანს სახელი და თავისი სათქმელი ექნება, რადგან მათზე ნამდვილ ზღაპარს ვწერ".  



ლიას სოფლის შენებაში, ზოგჯერ ოჯახის წევრები ეხმარებიან. ზოგი იდეებს აწვდის, ზოგი ფიზიკურ საქმეს ინაწილებს. ასუფთავებენ ეზოს, უვლიან ნარგავებს. ზღაპრულ გარემოში დიდი ადგილი უჭირავს ყვავილებს, ხე-მცენარეებს, რადგან მათი აზრით, სილამაზე ბუნებიდან მოდის. 


მხოლოდ ესტეთიკა არ არის ზღაპრული ,,სოფლის" აზრი, არამედ შინაარსი, რომელიც ლიას დიდი ოცნების მინი მოდელია – ხალხთა ჰარმონიული თანაცხოვრება.


"ჰარმონიული სამყარო მინდა შევქმნა, სადაც მრავალი ეროვნების ადამიანი ერთად და ბედნიერად იცხოვრებს. ასაკმა ჩემში რომანტიზმი ვერ წაშალა. უნდა შეგვეძლოს ოცნება და შემდეგ ამ ოცნების გაბედულად ასრულება. მე ბავშვობის შემდეგ ახლა მოვახერხე ეს და ძალიან ბედნიერი ვარ". 

პედაგოგი მინიატურული ,,სოფლის" პერსონაჟების ისტორიას მალე დაასრულებს. სექტემბერში კი ამ ზღაპარს თავის მოსწავლეებსაც გაუზიარებს. ამ გზით ყველაზე კარგად ბავშვებს იმას აუხსნის, რომ ოცნებების ასახდენად თვითონ უნდა იშრომონ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
როცა
საყოველთაო კარანტინის დროს, ჩაკეტილ კარს მიღმა ცხოვრებასთან
გამკლავებას ყველა თავისებურად ცდილობდა, ჟურნალისტმა ხვიჩა
ვაშაყმაძემ, ხსნა ხატვაში იპოვა.
16:03 / 04.08.2020
როცა საყოველთაო კარანტინის დროს, ჩაკეტილ კარს მიღმა ცხოვრებასთან გამკლავებას ყველა თავისებურად ცდილობდა, ჟურნალისტმა ხვიჩა ვაშაყმაძემ, ხსნა ხატვაში იპოვა.
სოფელ ნაგარევში 300–მდე ადამიანს სუფთა
ჰაერი წაართვეს. მიზეზი – დასახლებასთან ახლოს
არსებული ქათმის ფერმაა, რის გამოც მოსახლეობა უკვე ათი წელია დახურულ ფანჯრებს
მიღმა ცხოვრობს.
17:33 / 01.08.2020
სოფელ ნაგარევში 300–მდე ადამიანს სუფთა ჰაერი წაართვეს. მიზეზი – დასახლებასთან ახლოს არსებული ქათმის ფერმაა, რის გამოც მოსახლეობა უკვე ათი წელია დახურულ ფანჯრებს მიღმა ცხოვრობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.