საზოგადოება
ჩანგრეული ხიდი ხარაგაულში და ბრალდებები ჩინური კომპანიის მისამართით
FaceBook
ხარაგაულის ცენტრალურ უბანში ხიდი ჩაინგრია, რის გამოც მუნიციპალიტეტის მთავარი ქუჩა გადაიკეტა.

მოსახლეობა შემოვლითი გზით სარგებლობს, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მაღაზიები და აფთიაქები შეფერხებით მუშაობენ.

ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ხიდის ჩანგრევის მიზეზი ჩინური კომპანიის სატვირთო მანქანებია, რითაც დიდი რადენობის საშენი მასალა გადააქვთ.

ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩაზე, გზა რომელიც ხიდზე გადადის მეოთხე დღეა ამორტიზებულია.




ადგილობრივები "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ყვებიან, რომ ხიდზე, რომელიც ათტონიანი გამტარობისაა, ოთხჯერ მეტი წონადობის სატვირთო ავტომობილები ყოველდღიურად გადაადგილდებოდნენ.

"ჩინური კომპანიის 50 ტონიანი მანქანები დატვირთული დადიოდნენ, ვეღარ გაუძლო ხიდმა და ჩავარდა, ხიდთან ერთად ჩვენც ჩაგვივარდა ბიზნესი, ტერიტორიაზე ხალხი ვეღარ გადაადგილდება და მაღაზიებშიც ვეღარ მოდის მყიდველი," - ამბობენ ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩაზე განთავსებული მაღაზიის მფლობელები.

მოსახლეობა მწყობრიდან გამოსული ხიდის დაუყონებლივ აღდგენას ითხოვს.

"სარკინიგზო მშენებლობისთვის ჩინური კომპანიის წარმომადგენლები ხარაგაულიდან ინერტულ მასალას ეზიდებიან. წაიღონ, აშენონ და აკეთონ ბიზნესი, მაგრამ ჩვენ ნუ დაგვაზარალებენ. საჭიროა დაუყონებლივ მოგვარდეს პრობლემა და მუშაობის საშუალება მოგვეცეს," - ამბობენ ხარაგაულში მცხოვრებლები.

ადგილობრივების მსგავსად, ხარაგაულის გამგეობაში ხიდის დაზიანების მიზეზად, მძიმე წონადობის გადამზიდ ავტომობილებს ასახელებენ.

მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, დავით დევდარიანის განმარტებით, ხარაგაულში მძიმე ტონაჟობის სატვირთო მანქანები ხაშური - ზესტაფონის რკინიგზის სამშენებლო სამუშაოების გამო გადაადგილდებიან.

"საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი მიმდინარეობს, სამუშაოებს ჩინური კომპანია ახორციელებს და ამ გზით სამშენებლო მასალები გადააქვთ, რამაც ჩაანგრია ხიდი," - ამბობს დევდარიანი.

სამშენებლო კომპანია "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" წარმომადგენლები კი ირწმუნებიან, რომ ხარაგაულში ხიდი მათ სატრვირთო მანქანებს არ დაუზიანებია.

"ჩვენ ვყიდულობთ საშენ მასალებს და გადაგვაქვს, თუმცა ხიდის დაზიანებაში კომპანია არაფერ შუაშია," - აცხადებენ ჩინური კომპანიის წარმომადგენლები ქუთაისიპოსტთან საუბარში.

მიუხედავად ამ განცხადებისა, "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროში" ხიდის რეკონსტრუქციის პროექტის შედგენაზე პასუხისმგებლობას იღებენ.

" ხიდის რეაბილიტაციისთვის პროექტს ვამზადებთ, რომელიც საგზაო დეპარტამენტთან შეთანხმდება, მაგრამ ამას ვაკეთებთ მხოლოდ კეთილი ნების საფუძველზე," - აცხადებენ კომპანიაში.

ამორტიზებული ხიდი, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალლიტეტის ცენტრალურ ქუჩაზე გადის, ძირულა - ჩუმათელეთის გზის მონაკვეთის ნაწილია. მის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ეკისრება.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ხარაგაულში ამორტიზებული ხიდის რეკონსტრუქციაზე მოლაპარაკებებს "ჩინეთის რკინიგზის 23 - ე ბიუროსთან" აწარმოებენ.

"პროექტი უნდა ჩავიბაროთ კომპანიისგან, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტულ ვადებს ვერ ვასახელებთ, თუ როდის დაიწყება აღდგენითი სამუშაოები," - აცხადებენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

"ჩინეთის რკინიგზის 23 ბიურო" სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის მიხედვით ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, სარკინიგზო სადგურ "ძირულასთან" 962 მეტრი სიგრძის გვირაბი გაიხსნა.

ამ ეტაპზე ხაშური-მოლითის 22 კილომეტრიან სარკინიგზო მონაკვეთზე ახალი, ელექტროფიცირებული ორლიანდაგიანი ხაზის მშენებლობა მიმდინარეობს.

რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, ასევე, ხარაგაული-ზესტაფონის 23 კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის სრულ რეკონსტრუქციასაც ითვალისწინებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.