საზოგადოება
ეპარქიისთვის გადაცემული ბაზრის უსაბუთო მმართველი და ბრძოლა სახელმწიფო ქონებისთვის
FaceBook
ქუთაისში, ამაღლების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბაზარი, ორი წელია დაკეტილია. ბაზარში დასაქმებულებმა კი, რომლებიც ადგილზე წლებია ვაჭრობდნენ, ქუჩაში გადმოინაცვლეს, თუმცა, გარემოვაჭრეებს ახლა უკვე პრობლემები სამართალდამცავებთან აქვთ, რომლებიც მათ ტერიტორიაზე ვაჭრობის უფლებას არ აძლევენ.

საფიჩხიის ეკლესიის გვერდით მდებარე ბაზრის მმართველმა მანანა ფანჩულიძემ ადგილზე საპატრულო პოლიცია ბოლოს რამდენიმე დღის წინ გამოიძახა, რასაც, თავის მხრივ, გარემოვაჭრეთა პროტესტი მოჰყვა.

გარემოვაჭრეთა თქმით, მათთვის ბაზარიც დაკეტილია და აღარც ქუჩაში ვაჭრობის საშუალებას აძლევენ.

"ბაზარში მოშლილია ყველაფერი, არაფერი აღარ ვარგა. ხალხი იძულებულია აქ გამოვიდეს და დაჯდეს. აბა რა ქნას? სად წავიდეს", - ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე, რეზო ხელაძე.

"რატომ ვაუქმებთო არ უთქვამთ, თავიდან გვითხრეს რემონტი გვინდა გავაკეთოთ და სხვაგან წადით დროებითო. კი ვართ ასე გამოყრილი ქუჩაში", - ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.


გარევაჭრობა დაკეტილი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე

საფიჩხიის ეკლესიის გვერდით მდებარე ბაზრის მმართველი, მანანა ფანჩულიძე, ამბობს, რომ მოვაჭრეებმა მომხმარებლის სიმცირის მიზეზით თავად თქვეს უარი ბაზარში ვაჭრობაზე. მას კი ბაზრის დაკეტვა არ სურდა,  რადგან, ის მისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა.


დაკეტილ ბაზარში ანტისანიტარიაა და მოშლილია ინფრასტრუქტურა

ქუთაისში, საფიჩხიის დასახლებაში, ამაღლების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია, სადაც წლების განმავლობაში ბაზარი ფუნქციონირებდა, ქუთაის-გაენათის ეპარქიას ეკუთვნის. კლდიაშვილის ქუჩა N 2ა-ში მდებარე 192 კვ.მ მიწის ნაკვეთი ეპარქიამ 2006 წელს, ეკონომიკის სამინისტროსგან უზურფრუქტის ფორმით მიიღო. მანამდე ბაზარს მისი ამჟამინდელი მმართველი, მანანა ფანჩულიძე იჯარის ფორმით ფლობდა. 2006 წლიდან კი, ეპარქიამ ბაზარი სამართავად ისევ ყოფილ მოიჯარეს გადასცა, თუმცა, ეპარქიასა და ფანჩულიძეს შორის შეთანხმების დოკუმენტი არ გაფორმებულა.

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ამაღლების ეკლესიის მიმდებარედ არსებული ბაზარი, წლების განმავლობაში ეპარქიის, ამაღლების ეკლესიის სასულიერო პირებსა და მაშინდელ საჯარო მოხელეებს შორის დაპირისპირების მიზეზი იყო. კერძოდ, ბაზრით დაინტერესებული იყო ამაღლების ეკლესიის მღვდელი, მამა იოსები, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს და მისი შვილის ნათლია, აწ გარდაცვლილი მადონა ჯანელიძეა.

სწორედ მამა იოსების და საფიჩხიის მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომლის, მადონა ჯანელიძის ძალისხმევით გადაეცა ეპარქიას ბაზრის ტერიტორია. მადონა ჯანელიძემ, რომელსაც ბაზარზე იჯარის უფლების მოპოვების სურვილი ჰქონდა, მანანა ფანჩულიძეს სასამართლოშიც უჩივლა და მისთვის იჯარის უფლების ჩამორთმევას ითხოვდა, თუმცა, დავა წააგო. ამის შემდეგ მამა იოსები საცხოვრებლად ამერიკაში წავიდა, ბაზარი კი მეუფე კალისტრატეს დახმარებით მანანა ფანჩულიძეს არაოფიციალურად გადაეცა.

მანანა ფანჩულიძე კლდიაშვილის N 2ა-ში მიწის ნაკვეთს იჯარის ფორმით 2002-2006 წლებში ფლობდა. საიჯარო ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ კი, მისი თქმით, ტერიტორიის გამოყენების უფლება პირადად მეუფე კალისტრატემ, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მისცა.

"იჯარის ვადა რომ გამივიდა, მივმართე ეპარქიას, რადგან ბაზარი უკვე მას ეკუთვნოდა. მეუფე კალისტრატეს დოკუმენტი არ მოუცია ჩემთვის, თუმცა, მითხრა, შენ საგადასახადოსთან იყავი პასუხისმგებელი, ჩემგან გათავისუფლებო", - ამბობს მანანა ფანჩულიძე.

მანანა ფანჩულიძე კონკრეტული პირების მიერ ტერიტორიით დაინტერესებას არ უარყოფს და ამბობს, რომ ბაზარზე უფლება მას პირადად მეუფე კალისტრატემ შეუნარჩუნა, თუმცა, ამისგან იგი სარგებელს არ იღებდა.

"ამოვიდა ბაზარში მეუფე. ნახა რაც ხდებოდა ჩვენთან. სულ 5 ქალი იჯდა დახლთან. თქვა, მიდით იმუშავეთ, ხალხიც ასარგებლეთ და არ გააუქმოთ ბაზარიო. მე არ მომაკითხოს არავინ, გადაიხადეთ გადასახადები და წაიღეთ პურის ფული სახლშიო. პირადად მე თქვენი არაფერი მინდაო", - ამბობს მანანა ფანჩულიძე.

მანანა ფანჩულიძეს ამ დრომდე არ აქვს ბაზარზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. კლდიაშვილის N 2ა-ში მდებარე 192 კვ. მიწის ნაკვეთი დღემდე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება და მას სხვა მესაკუთრე ან მოიჯარე, გარდა უზურფრუქტით მოსარგებლე ეპარქიისა, არ ჰყავს.

ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის განყოფილებაში ამბობენ, რომ ეპარქიას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს უფლება მისთვის უზურფრუქტის წესით გადაცემული ქონება, სხვა პირს, უსასყიდლოდ ან სასყიდლით, მართვაში მისცეს, თუ ასეთი პირობა ეპარქიასა და ეკონომიკის სამინისტროს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაშია მითითებული.

ქუთაის–გაენათის ეპარქიის წინამძღოლი, მეუფე კალისტრატე ქუთაისიპოსტთან საუბრში ადასტურებს, რომ ბაზარს მანანა ფანძულიძე მართავს, თუმცა, რა ფორმით გადაეცა მას ეს უფლება, ამაზე დამატებით განმარტებას არ აკეთებს.

"დროებით მართავს ეგ და სახელმწიფოს უხდის ყველაფერს. ისე იურიდიულად ეპარქიას ეკუთვნის და ჩვენც მხოლოდ სახელმწიფოსთან გვაქვს ურთიერთობა",–ამბობს კალისტრატე.

მისივე თქმით, ბაზარს ეკონომიკის სამინისტრო მალე სხვა ადგილზე გადაიტანს.

2017 წლის 4 ივნისიდან მანანა ფანჩულიძემ ინდ.მეწარმის სტატუსი შეიჩერა, რადგან ბაზარი აღარ ფუნქციონირებს, თუმცა, ამბობს, რომ თუ გარემოვაჭრეები დახლებთან დაბრუნებას  დათანხმდებიან, 2 წლის წინ დაკეტილ ბაზარს კვლავ აღადგენს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.