საზოგადოება
სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული და კანონმდებლობის მიღმა დარჩენილი ბიზნესიდეა
FaceBook
ბაღდათელი მეწარმეების მოცვის ჩაის ქარხნული წესით წარმოების იდეა "აწარმოე საქართველოს" რჩეული გახდა და დაფინასებაც მოიპოვა. თუმცა, უკვე ორი წელია ბიზნესპარტნიორები ნედლეულის კანონიერად მოპოვებაზე გარემოს დაცვის სამინისტროსგან ლიცენზიას უშედეგოდ ელიან.

ვიდრე უწყებაში საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობენ, ბაღდათელი მეწარმეები მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას ნელ-ნელა ყიდიან და დამატებით აღებულ საბანკო კრედიტს ისტუმრებენ.

ზურაბ თაბუკაშვილმა „აწარმოე საქართველოს“ კონკურსში 2015 წელს 10 000 ლარის დაფინანსება მოიპოვა. მას, მეგობართან ერთად, ბაღდათში, სოფელ წყალთაშუაში მოცვის ჩაის დამამზადებელი ქარხნის მოწყობა სურდა.

„მოცვის ჩაის აქვს ვეგეტაციის 20 დღიანი პერიოდი. ამ ტექნოლოგიის დაცვით, მიიღებ არომატულ და სასარგებლო ჩაის. ამას გლეხებიც აკეთებენ, მაგრამ ქარხნული წესით დამუშავებული განსხვავებული ხარისხისაა,“ - განმარტავს ზურაბ თაბუკაშვილი.

ამხანაგობა „მოცვის ჩაის“ პატნიორებმა საგრანტო თანხას 2000 ლარი დაამატეს და ფოთლის საგრეხი დანადგარი შეიძინეს. თუმცა, ქარხნის ასამუშავებლად ეს საკმარისი არ იყო, ამიტომ დანარჩენი დანადგარებისთვის მათ 40 000 ლარიანი საბანკო კრეტიდი აიღეს, პროდუქციის საცდელი პარტიაც გამოუშვეს და რამდენიმე გამოფენაზეც წარადგინეს. მეწარმე ამბობს, რომ ქარხნული წესით წარმოებულმა მოცვის ჩაიმ მომხმარებლის მოწონება მყისიერად დაიმსახურა. მიუხედავად ამისა, ქარხანა უკვე მეორე წელია ამუშავებას ელოდება, წინასწარ მოძიებული ბაზარი და მიღებული შეკვეთები კი დაიკარგა. პარტნინორებმა მოგვიანებით გაარკვიეს, რომ წარმოების ასამუშავებლად გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზია ჭიდებოდათ, მის გარეშე კი დაჯარიმდებოდნენ. ამიტომ უკვე ორი წელია მათი ერთადერთი საქმიანობა საბანკო კრედიტის გადასახდელი თანხების მოძიებაა.

„უნებართვოდ მოკრეფისათვის რომ არ დავჯარიმებულიყავით, გავჩერდით. წვალებით ვიხდით პროცენტებს, დავყიდეთ ყველაფერი. როცა კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა, გვითხრეს, რომ მოცვის ფოთლის მოპოვებას ლიცენზია არ ჭირდებოდა, რადგან ის არამერქნული პროდუქტია. გარემოს დაცვის სამინისტროში არ იციან რა დაწერონ. „ცისფერი მთებია“ სამინისტრო კი არა, ვერ გაიგებ რა ხდება. 2 წელი გავიდა ამ წვალებაში, აქეთ-იქეთ სიარულში,“ - ამბობს ზურაბ თაბუკაშვილი.

სახელმწიფო რესურსებით სარგებლობას ამ დროისთვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონი“ არეგულირებს, რომელიც 2005 წლის 20 დეკემბერსაა მიღებული. ამ დროიდან დღემდე მასში 67 ცვლილება განხორციელდა, თუმცა, მოცვის ფოთლის სარგებლობაზე ლიცენზიის გაცემის გათვალისწინება ერთხელაც არ მომხდარა.

„სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით კანონმდებლობაში არ არსებობს რეგულაცია მოცვის კომერციული მიზნით გამოყენების შესახებ და შესაბამისად, ამ სახის არამერქნული რესურსის სარგებლობაზე ლიცენზია არ გაიცემა,“ - განგვიმარტეს ეროვნულ სატყეო სააგენტოში.

ამ მიზეზის გამო ბაღდათელ მეწარამეებს ლიცენზიის გაცემის მოთხოვნაზე უარი განუცხადეს გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტში. უწყებას მათ 2017 წლის 10 აპრილს მიმართეს.

„ამასთანავე გაცნობებთ, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საკნონმდებლო რეგულაციების პროექტზე. აღნიშნული დოკუმენტების შემუშავებისა და დამტკიცების შესახებ, როგორც დაინტერესებულ პირს გეცნობებათ უმოკლეს ვადაში,“ - უპასუხეს ზურაბ თაბუკაშვილს გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტიდან 2017 წლის 15 მაისს.

თუმცა, ამ წერილის შედგენიდან ხუთი თვის შემდეგ უწყებაში ამბობენ, რომ ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა კანონდმებლობით მხოლოდ პირადი მოხმარებისთვისაა დაშვებული, კომერციული მიზნით კი გათვალისწინებული არაა.

„ამ დროისთვის რეგულაციები ფიზიკურად არ არსებობს და რაც არ არის კანონში გათვალისიწნებული, ის აკრძალულია. ასეთი იყო პოლიტიკა, წლებია უკვე, აქამდე კანონდმებლობა მხოლოდ პირადი მიზნებისთვის გამოყენებას გულისხმობდა,“ - განმარტავს სატყეო პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, ლიკა გიორგაძე.

მისივე ინფორმაციით, სამინისტროში უკვე მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ მოხდეს ტყის არამერქნული რესურსების კანონიერი გზით გამოყენება, რისთვისაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებულია.

სატყეო პოლიტიკის სამმართველოში განმარტავენ, რომ ცვლილებების შემდეგ, ნებისმიერ პირს საშუალება ექნება არამერქნული რესურსები კომერციული მიზნებისთვის გამოიყენოს. ლიკა გიორგაძე განმარტავს, რომ სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს დასამტკიცებლად მომდევნო თვეში წარედგინება.

თუმცა, ამხანაგობა „მოცვის ჩაის“ პარტნიორები კანონს აქედანვე „მკვდრადშრობილს“ უწოდებენ და არ სჯერათ, რომ ის მომავალი წლისთვის მაინც ამოქმედდება.

„ჩაის ფოთოლს აქვს თავისი ვეგატაციის პერიოდი, 18-20 დღე. კანონი კი ითვალისწინებს ტყეში მარაგის დადგენას, ამის შემდეგ დაიწერება ქვოტა რამდენი კილოგრამი ფოთოლი უნდა დაიკრიფოს და შემდეგ გავა აუქციონზე. მე, როგორც დაინერტესებულმა პირმა, ამ ყველაფრისთვის ჩემი ხარჯი უნდა გავწიო და აუქციონზე შეიძლება დავრჩებ ხახამშრალი, რადგან სხვა პირი გამოჩნდეს. თანაც, ამ პოცედურებს ჭირდება დრო და მერე რომ დავიწყებ მოქმედებას, სეზონი აღარ იქნება,“- ამბობს ამხანაგობა „მოცვის ჩაის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურაბ თაბუკაშვილი.

მისი აზრით, სამინისტროს ლიცენზიის გასაცემად უფრო გამარტივებული გზა უნდა გამოეძებნა, რომელიც სტიქიურად ტყის რესურსების გამოყენაბას შეაჩერებდა და ყველა დაინტერესებულ პირს ერთნაირად შეეხებოდა.

„ვისაც პატრონი ყავს ისინი კი ახერხებენ, ვინც მარტოხელაა და ლობისტები არ ჰყავს, ის ზარალდება. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ნედლეული ტყეში არის და ჩვენ ვერ ვიყენებთ,“ - განმარტავს ზურაბ თაბუკაშვილი.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.