საზოგადოება
ხარისხით "გარანტირებული" გამარტივებული შესყიდვა - რეგიონებში ვიდეოკამერების დამონტაჟება იწყება
FaceBook
იმერეთის რეგიონში ცენტრალურ გზებსა და ტურისტულ ობიექტებთან ვიდეოსათვალთვალო კამერების დამონტაჟება იწყება. სპეციალური აპარატურის შესაძენად გამგეობებმა გამარტივებული შესყიდვა განახორციელეს.

ყველა მუნიციპალიტეტისთვის 142 ვიდეოკამერას ერთი კომპანია, შპს "დელტა კონსალტინგი" შეიძენს. მასთან ხელშეკრულება მუნიციპალიტეტებმა ერთი და იმავე დღეს, მიმდინარე წლის 2 აგვისტოს გააფორმეს. კამარების შესყიდვა პროექტის "უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა" ფარგლებში მოხდა. 

იმერეთის მუნიციპალიტეტები
ვიდეოკამერები, ბაღდათის გარდა, ყველა მუნიციპალიტეტმა შეიძინა. ბაღდათის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი, ვაჟა ჯუღელი განმარტავს, რომ მთავრობის განკარგულებაში მუნიციპალიტეტების ჩამონათვალში ისინი არ მოხვდნენ, რის გამოც, შესყიდვა არ მოხდა.

"ჩვენ არ ვიყავით სიაში და ამის გამო არ მომხდარა თანხის გამოყოფა. თუ იქნება მომართვა, იმ შემთხვევაში შევიძენთ," - განაცხადა ვაჟა ჯუღელმა.

იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან ყველაზე მეტი, 22 კამერა ზესტაფონში დამონტაჟდება, რისთვისაც გამგეობამ 79 090 ლარი გადაიხადა.

ზესტაფონის გამგეობაში განმარტეს, რომ ამ დროისთვის არ იციან თუ სად განთავსდება კამერები. სამაგიეროდ, ასეთი ადგილები უკვე განსაზღვრულია აქვს ტყიბულის მუნიციპალიტეტს.

"2 კამერა დამონტაჟდება გელათისა და მოწამეთას სამონასტრო კომპლექსებთან, დანარჩენი 8 კი ქალაქ ტყიბულში," - განაცხადა ტყიბულის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ალეკო ფანჩულიძემ.

რა რაოდენობის კამერები შეიძინეს იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებმა და რა რაოდენობის თანხა დაიხარჯა მათ შეძენაზე, იხილეთ ინფოგრაფიკაში:




ოფიციალური მხარე
გამარტივებული შესყიდვა მთავრობის განკარგულების საფუძველზე განხორციელდა, სადაც განმარტებულია, რომ ღონისძიების გატარება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა.

"ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისა და საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს პროექტის – "უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა" ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების მხარდაჭერის მიზნით, მიეცეთ უფლება განკარგულებით გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტებს, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ნომრის ამომცნობ ანალიტიკურ პროგრამულ უზრუნველყოფასთან თავსებადი ვიდეოსამეთვალყურეო კამერების შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით," - აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ქუთაისიპოსტს უპასუხეს, რომ პროექტი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ვიდეოსათვალთვალო კამერების შესყიდვას ითვალისწინებს, 2018 წლის 1 აპრილამდე უნდა განხორციელდეს.

"ეფექტური ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის მოწყობა მუნიციპალურ დონეზე ხელს უწყობს დანაშაულის პრევენციის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებასა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დაფიქსირებას," - აღნიშნულია შსს-ს წერილში.

ხოლო, თუ რამ გამოიწვია კამერების შესყიდვის შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობა და რატომ ვერ იქნებოდა შესყიდვები წინასწარ დაგეგმილი, ამის შესახებ განმარტება შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზეა მითითებული.

"პროექტის მასშტაბურობიდან და მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასევე შესყიდვის ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, აუცილებელია მოცემული შესყიდვა განხორციელდეს მაქსიმალურად შეზღუდულ ვადაში," - აღნიშნულია ვებ-გვერდზე.

ამავე ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების შესაძენად, 2017 წლის 14 აპრილს კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადდა. მასში ორი პრეტენდენტი მონაწილეობდა, რომელთაგან სატენდერო პირობები ვერცერთმა დააკმაყოფილა და დაექვემდებარა დისკვალიფიკაციას, რის გამოც, 19 მაისს ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. აქვე მითითებულია, რომ ამავე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში თითქმის ყველა პოტენციურ მიმწოდებელთან შეხვედრა გაიმართა, რომლის თემა და შედეგი მოხსენიებული არაა.

შეხვედრიდან 10 დღის შემდეგ, სამინისტრომ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ტესტირებისთვის წინა მოსამზადებელი სამუშაოების რიგითობის განმსაზღვრელი კენჭისყრა ჩაატარა.

"საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 8 ივნისის № 287 ბრძანებით შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის 2017 წლის 16 ივნისის შემაჯამებელი დასკვნის მიხედვით, მხოლოდ ერთი კომპანიის მიერ წარმოდგენილმა ვიდეოკამერამ შეძლო დაეკმაყოფილებინა ტექნიკური პირობები," - აღნიშნულია შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე.

შერჩეული ერთი კომპანია
იმერეთის გარდა, შპს "დელტა კონსალტინგი" ვიდეოსათვალთავლო კამერებს საქართველოს 62 მუნიციპალიტეტსა და ქალაქს შეუძენს. გამარტივებული შესყიდვის შედეგად კომპანიას მუნიციპალიტეტებმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 084 295 ლარი გადაუხადეს.

საქართველოს სამი ქალაქი, სადაც ყველაზე მეტი ვიდეოკამერა შეიძინეს ბათუმი, მარნეული და რუსთავია. ბათუმში 150 კამერისთვის 539 250 ლარი გადაიხადეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში 85 კამერა დამონტაჟდება და მასზე 305 575 ლარი დაიხარჯა, ხოლო რუსთავში 69 კამერის შეძენას 248 055 ლარი მოხმარდა.

"დელტა კონსალტინგი" 298 385 ლარად შეიძენს 83 ერთეულ კამერას თბილისისთვის, რისთვისაც დედაქალაქის მერიასთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის 19 სექტემბერს გაფორმდა.

სატენდერო ხელშეკრულებების თანახმად, ვიდეოკამერები ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ნომრის ანალიტიკურ პროგრამულ უზრუნველყოფასთან თავსებადია. ერთი ერთეული კამერის ღირებულება კი 1 545 ლარია. გარდა ამისა, კომპანია კამერის გარე გამოყენების კორპუსებსაც შეიძენს, რომელსაც ინფრაწითელი ილუმინატორი ექნება. ერთი ცალი ასეთი კორპუსი 1 300 ლარი ღირს. თითო კამერის ინსტალაცია და საგარანტიო მომსახურება 750 ლარი დაჯდება.

თუ რატომ შეისყიდა ყველა მუნიციპალიტეტისთვის ერთმა კომპანიამ სათვალთვალო კამერები, ამ კითხვით "დელტა კონსალტინგის" ხემლძღვანელს მივმართეთ.

"კარგი ხარისხი მაქვს და იმიტომ," - განაცხადა გიორგი ჯალიაშვილმა ჩვენთან საუბარში.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, კომპანია "დელტა კონსალტინგი" 2014 წლის 8 იანვარსაა რეგისტრირებული. იმ დროისთვის კომპანიის 50%-იან წილს შპს "დელტა კომმი" ფლობდა, როლო დანარჩენს გიორგი მთიბელაშვილი.

2016 წელის ნოემბერში "დელტა კონსალტინგის" 50% გიორგი ჯალიაშვილმა შეიძინა. თუმცა, შეძენიდან 4 თვეში ის უკვე კომპანიის 100%-ის მფლობელი გახდა და მას დღემდე ფლობს. გიორგი ჯალიაშვილი, ასევე, წილებს ფლობს კომპანიაებში "თი-ნეტი", "დელტა ინთერთაითმენტი" და "დელტა ნეტი".

აუდიტის ეროვნული სამსახურის მონაცემებით გიორგი ჯალიაშვილი პოლიტიკური პარტიების შემომწირველთა სიაშიცაა. მას 2012 წლის 13 აგვისტოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" 50 000 ლარი აქვს შეწირული.

შესყიდვების ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, შპს "დელტა კონსალტინგს" შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2017 წლის 8 აგვისტოს გამოცხადებული ტენდერი (SPA170010937) აქვს მოგებული, სადაც ის უკონკურენტო იყო. სამინისტრომ 30 ერთეული დაქტილოსკოპიური შეზღუდული დაშვების მოწყობილობების შეძენისთვის მას 7 200 ლარი გადაუხადა.

ასევე, მიმდინარე წლის 13 ივლისს "დელტა კონსალტინგმა" 40 427 ლარის ღირებუოლების სამი გამარტივებული შესყიდვა გააფორმა საავტომობილო გზების დეპარტამენტთან. ამ თანხის სანაცვლოდ კომპანია უწყებას სხვადასხვა ტიპის საქონელს მიაწოდებს. მაგალითად, ქუთაისის შემოვლითი გზის სამტრედიის მონაკვეთზე ვიდეოსათვალთვალო კამერებისთვის სპეციალურ ყუთებს, რომელთა მონტაჟსაც თავად განახორციელებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.