საზოგადოება
ანტისანიტარია N2 სამშობიარო სახლთან და ბრალდებები დაწესებულების დირექტორს
FaceBook
ქუთაისში, ახალი N2 სამშობიარო სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა, ამავე სამედიცინო დაწესებულებას ანტისანიტარიის კერის შექმნასა და მათი უფლებების უგულებელყოფაში ადანაშაულებს.
ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სამშობიარო სახლის ადმინისტრაცია სამედიცინო ნარჩენებს მათ საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, რამდენიმე მეტრში ათავსებს, რაც ადგილობრივთა ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. მათივე თქმით, ურნები მუდმივად სავსეა, ღია მდგომარეობაშია და 10-12 დღეში ერთხელ იცლება.

ადგილობრივები ასევე შიშობენ, რომ დაწესებულება ადგილზე სამედიცინო ნარჩენების შესანახი სპეციალური კონტეინერის მოწყობას გეგმავს, რაც კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ დააყენებს მათ ჯანმრთელობას.

სამედიცინო ნარჩენების შესანახი კონტეინერის მოწყობას ადასტურებს, თუმცა, მოსახლეობის პრეტენზიებს არ იზიარებს სამშობიარო სახლის ხელმძღვანელი, ირაკლი მერკვილაძე. მისი თქმით, კონტეინერი ჰერმეტულად დახურული და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იქნება, ნაგვის ურნებში კი, რომელთა არსებობასაც მოსახლეობა აპროტესტებს, მხოლოდ საყოფაცხოვრებო კატეგორიის ნარჩენებია და მათი გატანა კვირაში ორჯერ ხდება.

ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებმა ურნების სხვა ტერიტორიაზე გადატანის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს და სამედიცინო დაწესებულების სახელზე საჩივარიც დაწერეს.


ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებთა საპროტესტო აქცია

ლორთქიფანიძის ქუჩა N 8-ში მცხოვრებთა პრობლემები, მათივე თქმით, სამი წლის წინ დაიწყო, მაშინ, როცა სამედიცინო დაწესებულებამ მათ მეზობლად მდებარე საცხოვრებელი სახლი შეისყიდა. ადმინისტრაციამ ურნები სწორედ იმ სახლის ეზოში განათავსა, რომელიც, თავის მხრივ ლორთქიფანიძის N8-ში მდებარე შენობას უერთდება და იქ 10 ოჯახი ცხოვრობს.

მოსახლეობა ამბობს, რომ ურნები საკმარისი არ არის, რის გამოც ნარჩენები მუდმივად ძირს, ღია პირობებში ყრია.

"პირდაპირ საძინებლებთნ დგას ნაგვის ურნები, მუდმივად სავსეა და 10-12 დღე გადის ისე, რომ არ ცლიან. თავისი ბიზნესი მოიწყო და ჩვენ აუტანელ მდგომარეობაში გვაყენებს. ცხოვრება აღარ შეიძლება აქ. რა დავაშავეთ, რომ ჩვენ სახლებში ვეღარ ვცხოვრობთ მშვიდად?", - ამბობს ლორთქიფანიძის ქუჩა N 8-ში მცხოვრები,  თამუნა მსხვილიძე.

კლინიკის ხემძღვანელი, ირაკლი მერკვილაძე ამბობს, რომ დაწესებულებას საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის სულ სამი ურნა აქვს, თუმცა, ნარჩენების რაოდენობის გათვალისწინებით, მხოლოდ ორ მათგანს იყენებს.

მისივე თქმით, ურნები მუდმივად თავდახურულ მდგომარეობაშია და მოსახლეობისთვის ისინი პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.

"ჩვენ გვაქვს სპეციალური ხელშეკრულება გაფორმებული ააიპ"სპეციალურ სერვისებთან" და კვირაში ორჯერ, ყოველ სამშაბათს და შაბათს იცლება ურნები. ის, რომ ურნებში სამედიცინო ნარჩენები თავსდება, არის ტყუილი. ეს არის ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნარჩენები, რომლებიც არის თავდახურულ მდგომარეობაში და მათი გაცლა დროულად ხდება, ისე, რომ მესამე ურნა არც კი გვჭირდება, თუმცა, სათადარიგოდ მაინც გვაქვს", - ამბობს ახალი N 2 სამშობიარო სახლის დირექტორი, ირაკლი მერკვილაძე.

სხვა რეალობას მოწმობს ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებთა მიერ სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოები. ადგილობრივებმა ეზოში რამდენჯერმე დააფიქსირეს არა ორი, არამედ სამი ურნა და რაც მთავარია, ყველა მათგანი სავსეა. ამასთანავე, ფოტოებზე სამივე ურნა ღია მდგომარეობაშია, რაც ეწინააღმდეგება ირაკლი მერკვილაძის მტკიცებას იმის შესახებ, რომ სამედიცინო დაწესებულება ნარჩენების იზოლირების წესებს არ არღვევს.


ნარჩენებით სავსე ურნები N 2 სამშობიარო სახლის საკუთრებაში არსებუბულ  ეზოში

აღსანიშნავია, რომ ამ მომენტში ლორთქიფანიძის ქუჩაზე მხოლოდ ორი ურნა დგას და ორივე თავდახურულ მდგომარეობაშია.

რაც შეეხება, სამედიცინო ნარჩენებს, ირაკლი მერკვილაძის თქმით, ასეთი ტიპის ნარჩენები დღემდე დაწესებულების შიგნით, შენობის პირველ სართულზე თავსდება და მათი დახარისხება მკაცრად კონტროლდება, თუმცა, ადგილობრივთა ვარაუდს ადასტურებს და ამბობს, რომ უახლოეს მომავალში მათ გატანას სწორედ იმ ეზოში გეგმავს, რომელსაც ლორთქიფანიძისქუჩა N 8-ში მდებარე შენობისგან ერთი კედელი ჰყოფს.

ეზოში შესაბამისი ინფრასტუქტურის მომზადება უკვე დაწყებულია.

ირაკლი მერკვილაძე ჩვენთან საუბარში ირწმუნება, რომ ნარჩენების შემკრები კონტეინერების ეზოში გადატანა მოსახლეობისთვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს არ შექმნის, ვინაიდან მათი განთავსება იზოლირებულ შენობაში, ჰერმეტულად დახურულ პირობებში  მოხდება.

კონტეინერების სამშობიაროდან გატანის მიზეზად კი დაწესებულების ხელმძღვანელი საქართველოს მთავრობის 2017 წლის 16 ივნისის N 294-ე დადგენილებას ასახელებს, რომლის მიხედვითაც, ნარჩენების შემკრები კონტეინერები უნდა განთავსდეს მათი ტრანსპორტირებისთვის მოსახერხებელ ადგილზე, რაც მერკვილაძის თქმით, შენობაში გაცილებით უფრო რთულია.

საქართველოს მთავრობის ამავე დადგენილების მიხედვით, სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია მსგავსი კონტეინერები დაწესებულების გარეთ, ეზოში სპეციალურად მოწყობილ ადგილზე განთავსდეს. შემკრები კონტეინერი უნდა იყოს ჰერმეტულად დახურული და ბუნებრივ პირობებში მათი დაყოვება გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს, ხოლო ზამთარ-შემოდგომის სეზონზე 48 საათს.

2020 წლის პირველი იანვრიდან კი სხვადასხვა კატეგორიის სამედიცინო ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერების ფერების მიხედვით დიფერენცირება სავალდებულო გახდება. ამ დრომდე ნარჩენების დახარისხება კონტეინერებზე დატანილი A და B ნიშნებით ხდება.

ვიდრე მთავრობის დადგენილების მიხედვით ახალი რეგულაციები ამოქმედდება, ირაკლი მერკვილაძე ლორთქიფანიძის ქუჩაზე არსებულ 800 კვ.მ ფართში, სამედიცინო ნარჩენების შემკრები კონტეინერისთვის 5 კვ.მ ფართის მოსაწყობად ნებართვის მისაღებად იბრძვის. იქედან გამომდინარე, რომ ფართი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მდებარეობს, მას ადგილზე ნებისმიერი ჩარევის შეთანხმება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან მოუწევს.

ნარჩენების შემნახავი კონტეინერების მოწყობის პარალელურად, ირაკლი მერკვილაძე იმავე ტერიტორიაზე, ფართს, საქართველოში თბილისის შემდეგ რიგით მეორე,  ჭიპლარის სისხლის ბანკს დაუთმობს, რომლის მშენებლობაც სწორედ კლინიკის კუთვნილ ეზოში იგეგმება. ირაკლი მერკვილაძის თქმით, პირადად მას ამის სახსრები არ აქვს, რის გამოც დაწესებულებისთვის საჭირო ფართს იჯარის ფორმით გასცემს.

მანამდე კი,  ირაკლი მერკვილაძე ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებთა მოთხოვნის გათვალისწინებას და  ეზოში არსებული ურნების სხვა ტერიტორიაზე გადატანას არ გეგმავს. იგი ადგილობრივთა არც სხვა პრეტენზიებს იზიარებს ღამით დაწესებულების პაციენტების ხმაურისა და კლინიკის წინ გადატვირთული მოძრაობის შესახებ, რისი გამოც, მოსახლეობის  თქმით, ხშირად სახლშიც ვერ შედიან.

სამშობიარო სახლის დირექტორი ამბობს, რომ  დაწესებულების ტერიტორიაზე 20–დე პარკირების ადგილი აქვს, ხოლო, რაც შეეხება, ღამით ხმაურს, ადმინისტრაცია პაციენტებს სიწყნარისკენ სხვადასხვა ადგილზე გამოკრული სპეციალური წარწერებით მოუწოდებს, რამდენიმე მეზობელთან კი ხმაურის ჩასახშობად დამცავი კედელიც კი ააშენა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.