საზოგადოება
„ნუ გვაბრუნებთ ჯიხურების ეპოქაში“ - პურის რეალიზატორთა პროტესტი ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, პურის მაღაზიების მფლობელები შპს "გორას" მიერ ქალაქის მასშტაბით ორი თვის წინ პურის მოძრავი ჯიხურების დადგმას აპროტესტებენ და ადგილობრივ ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
ინდ. მეწარმეები და შპს-ეების მფლობელები, რომლებიც წლებია ადგილზე პურის რეალიზაციას ახდენენ, ამბობენ, რომ ახალმა ბიზნესმა ისინი არათანაბარი კონკურენციის პირობებში ჩააყენა. ერთი ის, რომ "გორამ" პურის საწყის ფასად 40 თეთრი განსაზღვრა, მეორეს მხრივ კი,  პურის ჯიხურები, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე დგას, მომხმარებლისთვის უფრო მარტივად ხელმისაწვდომია და მას მაღაზიაში შესვლაც კი არ უწევთ.

პურის რეალიზატორები ამბობენ, რომ მოძრავი ჯიხურები კარგად გათვლილი ბიზნესია, რამაც მათ მუშაობა რამდენიმე თვეში ჩაუგდო.
სწორედ ამის გამო, ისინი ჯიხურების დადგმიდან მალევე გახდნენ იძულებული, კონკურენციის გაწევის მიზნით პურის ფასი დაეწიათ, თუმცა, ამის მიუხედავად, მომხმარებელი პურის შეძენას მისთვის უფრო ხელმისაწვმდომ ადგილზე არჩევს.

"გავუთანაბრეთ ფასები მათ ტარიფებს, მაგრამ მომხმარებელი მაინც არ შემოდის. ხედავენ, რომ ქუჩაში, არაჰიგიენურ პირობებში იყიდება პური, მაგრამ მაინც იქ ყიდულობენ, რადგან ისეთ ადგილებში დადგეს ჯიხურები, სადაც ყველაზე მეტი ხალხი მოძრაობს. ქარში, წვიმაში, ყველანაირ კლიმატში შეუფუთავად უდევთ პურები. მოდიან ტურისტები და ფოტოებს უღებენ. უკვირთ, ეს რა არისო?! ისევ ჯიხურების ეპოქაში გვაბრუნებს ხელისუფლება?",- ამბობს ინდ.მეწარმე, რეზო გვენეტაძე.

"ტრაბახობენ თურმე 500 პურს ვყიდით დღეშიო. ჩვენ კი თუ ვყიდიდით 20-ს, ახლა ვყიდით 10-ს. რა ვქნათ ჩვენ, რომლებსაც იჯარით გვაქვს ფართები აღებული და ცალკე იმის ფულს ვიხდით? კონკურენციას რომ თავი დაანებო, გვირაბის თავზე ნაგვის ურნებთან დგას პურის ჯიხური. ეს ნორმალურია? ალბათ ვინმე ყავს მერიაში, თორემ ვინ დაუშვებდა ამას?", - ამბობს ინდ.მეწარმე, დარეჯან ერემეიშვილი.

პურის მაღაზიების მეპატრონეებმა შპს "გორას" წინააღმდეგ 50-მდე საჩივარი დაწერეს, თუმცა, ამბობენ, რომ ამას რეაგირება არ მოყოლია.

"ორი თვის წინ, ყველა მაღაზიამ, რაც ამ ტერიტორიაზეა, საჩივარი დაწერა, მაგრამ არავინ მოსულა და არ დაინტერესებულა ჩვენი პრობლემით. 5 თეთრს ვუგებთ, ისევე, როგორც ისინი. 35 თეთრად ვიბარებთ ლაზურ პურს და ვყიდით 40 თეთრად. იძულებული გაგვხადა, ჩვენც დაგვეწია ფასი. გამოვალთ მაშინ ჩვენც და დავდგებით გარეთ. სხვა გზა აღარ დაგვიტოვეს",-ამბობს შპს "არაზას" თანამშრომელი, დარეჯან შალამბერიძე.

სავაჭრო ობიექტების მეპატრონეების ინფორმაციით, "გორა" საიჯარო ხელშეკრულების გასვლის შემდეგ, მოძრავი ჯიხურების რაოდენობის გაზრდას გეგმავს, რაც მათ ბიზნესს კიდევ უფრო დააზარალებს.

"უთქვამთ ჯერ 11-მდე უნდა გავზარდოთო და მერე კიდევ დაამატებენ ალბათ. თუ ასე მოხდა, აქ მუშაობა აღარ ეღირება", -ამბობენ პურის რეალიზატორები.

მათივე თქმით, თადაპირველად შპს "გორა" კანონდარღვევით მუშაობდა, რადგან სალარო აპარატს არ იყენებდა, რაც მას კიდევ უფრო მომგებიან პოზიციაში აყენებდა, თუმცა, მოგვიანებით შპს შემოსავლების სამსახურმა დააჯარიმა.
გაყიდულ პროდუქტზე ქვითარს რომ არ წერდა, ამას "გორას" წარმომადგენლები არაოფიციალურ საუბარში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ არ იცოდნენ თუ ეს საჭირო იყო.

"რადგან მოძრავი ჯიხური იყო, გვეგონა, რომ არ იყო საჭირო, მაგრამ მერე 12 000 ლარით დაგვაჯარიმა საშემოსავლომ და ახლა ვიყენებთ ჩვეულებრივად",-აცხადებენ შპს-ს წარმომადგენლები.

რაც შეეხება, პურის რეალიზატორთა პრეტენზიებს, "გორას" ხელმძღვანელებმა ამ საკითხზე ღიად საუბარი არ ისურვეს.

ქუთაისის მერიამ შპს "გორას" საზოგადოებრივი კვების აპარატის განსათავსებლად ქალაქის ტერიტორიაზე 9 ადგილი, ტროტუარებზე გამოუყო. შპს-ს ქალაქის მასშტაბით ჯამში 8 კვადრატამდე ფართი აქვს აღებული, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველთვიურად 227 ლარს იხდის.  საიჯარო ხელშეკრულება ერთწლიანია და მისი ვადა 2018 წლის 28 აპრილს იწურება.

ქუთაისში პურის მოძრავი ჯიხურების განთავსებას, შპს-ეებისა და მაღაზიების მეპატრონეები იმთავითვე შეეწინააღმდეგნენ და მათი აღება მოითხოვეს.

მაშინ ქუთაისის მერიამ პურის რეალიზატორებს პირობა მისცა, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებულ ჯიხურებს სხვა ტერიტორიაზე გადაიტანდა, თუმცა, შპს "გორა" პურს დღემდე ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე - "გვირაბი 95"-ისა და წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ყიდის.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა ახალ
წელს განსხვავებული კალენდრის, ნაწილი კი სხვადასხვა რელიგიური
კანონის გამო 1 იანვარს არ ზეიმობს.
12:09 / 01.01.2020
მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა ახალ წელს განსხვავებული კალენდრის, ნაწილი კი სხვადასხვა რელიგიური კანონის გამო 1 იანვარს არ ზეიმობს.
ქუთაისის მერია მომავალ წელს,
ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით,  შვიდი მილიონი ლარის
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პირობას დებს, თუმცა, ჯერ
გასული წლების დაპირებებიც არ შეუსრულებია.
11:39 / 17.12.2019

ქუთაისის მერია მომავალ წელს, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით,  შვიდი მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პირობას დებს, თუმცა, ჯერ გასული წლების დაპირებებიც არ შეუსრულებია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.