საზოგადოება
მშენებლობა პრივილეგიებით კულტურული მემკვიდრეობის ზონაში
FaceBook
სამშენებლო კომპანია შპს "დრიმ ჰაუსი", რომელმაც ქალაქის ცენტრში (საღარაძის N4) 5 სართულიანი (მანსარდით) კორპუსი კანონდარღვევით ააშენა, იმავე ტერიტორიაზე კიდევ ერთ მრავლსართულიან კორპუსს აშენებს.
კომპანიას, რომელსაც სამშენებლო კოეფიციენტის მიხედვით, ისტორიულ უბანში ამ ზომის შენობის აგების უფლება არ ჰქონდა, სავარაუდოდ, კვლავ ასეთივე სიმაღლის კორპუსის მშენებლობას გეგმავს.

კომპანიამ ახალი მშენებლობის გამო უკვე დაანგრია კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მდებარე საცხოვრებელი სახლი. რამდენიმე ადგილობრივთან კი ამავე მიზნით მოლაპარაკებას აწარმოებს.

ცისანა სვანიძე, რომელიც საღარაძის N 8–ში, იმ სახლში ცხოვრობდა, რომლის დანგრევის უფლებაც "დრიმ ჰაუსს" ახალ კორპუსში ფართის მიღების იმედით მისცა, ამბობს, რომ ბინა, სადაც მან უნდა იცხოვროს, კომპანიის მიერ უკვე დასრულებული კორპუსის ზუსტი ანალოგი იქნება.

"მე მაჩვენეს პროექტი და ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც არის უკვე აშენებული, 5 სართულიანი მანსარდით. 6 სართულია ჯამში. ისიც კი ვიცი ჩემი ბინა სად იქნება. მეორე სართულზე 120 კვადრატული მექნება და ქუჩის პირას გადის ჩემი სახლის ფანჯარა", – ამბობს ცისანა სვანიძე.

კორპუსის სართულების რაოდენობაზე ზუსტი ინფორმაცია არ აქვს "დრიმ ჰაუსის" ჯერარაშენებული კორპუსის კიდევ ერთ მობინადრეს, ნორა სვანიძეს, თუმცა, ამბობს, რომ შეთანხმებით კმაყოფილია.

"როგორც ვიცი, ესეც 6 სართულიანია. 120 კვადრატული იქნება პირადად ჩემი ბინა. ჩვენ ფართი გავცვალეთ ფართზე და ამ შეთანხმებით კმაყოფილი ვარ",–ამბობს ნორა სვანიძე, რომელიც საღარაძის N 8–ში 366 კვ,მ ფართს, მის ნათესავთან, ცისანა სვანიძესთან ერთად ფლობდა.

ცისანა და ნორა სვანიძეები ახლა იმავე ქუჩაზე, კომპანიის მიერ დაქირავებულ სახლებში ცხოვრობენ და ახალი ბინების ჩაბარებას ზუსტად ერთ წელიწადში ელოდებიან.



ქალაქის ისტორიულ უბანში ახალი კორპუსის მშენებლობის შესახებ ინფორმირებული არიან საღარაძის ქუჩის სხვა მცხოვრებლებიც.
მათმა ნაწილმა უკვე მიიღო შეთავაზება, რომ საკუთარი საცხოვრებელი სახლი, ახალ კორპუსში ბინაზე გადაცვალონ.

მათი ინფორმაციით, კომპანია უკვე აშენებული კორპუსის არამხოლოდ ერთი ანალოგის, არამედ, ერთნაირი ვიზუალისა და ზომის რამდენიმე კორპუსის აგებას გეგმავს.

"რიონის სანაპირომდე რაც სახლებია ყველას აყრას და ახალი კორპუსების ჩადგმას გეგმავს. სკვერის მოწყობაც უნდა მდინარის ნაპირზე. ყველაფერი შეთანხმებული აქვს თბილისში", – ამბობს ჩვენთან საუბარში  ერთ–ერთი ადგილობრივი.

შესაბამის უწყებებთან არაფორმალურ შეთანხმებას გამორიცხავს თავად კომპანიის მფლობელი. შპს "დრიმ ჰაუსის" დირექტორი, გოჩა ქართველიშვილი ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ ჯერ მშენებლობის პროექტის საბოლოო ვერია არ არსებობს და არც ის იცის, რამდენ სართულიანი იქნება მისი ახალი კორპუსი ქალაქის ცენტრში.

"პროექტის მხოლოდ მონახაზი არსებობს და მოსახლეობასაც აქვს ნანახი მიახლოებული ვერსია. წინასწარ ვერ გეტყვით რამდენ სართულიანი იქნება. ყველაფერი ოფიციალურად, შეთანხმებით ხდება და რა სიმაღლის აშენების უფლებასაც მომცემს სააგენტო, იმხელას ავაშენებ", – აბობს გოჩა ქართველიშვილი.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში, რომლის დაცვის ქვეშაც იმყოფება ის ტერიტორია, სადაც "დრიმ ჰაუსი" ახალ კორპუსს აშენებს, ამბონენ, რომ კომპანიაზე ნებართვა მხოლოდ მიწის სამშენებლო მიზნით გამოყენებაზეა გაცემული.

"ტერიტორია, სადაც კომპანია "დრიმ ჰაუსი" კორპუსს აშენებს, კულტურული მემკვიდრეობის მიერ დაცულ ზონას წარმოადგენს, შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება ჯერ ჩვენთან უნდა შეათანხმოს. საბოლოოდ, კი ნებართვას, როგორც მიწის გამოყენებაზე, ასევე, მშენებლობაზე, ქუთაისის მერია გასცემს,"–განმარტვენ სააგენტოში.

ქუთაისის მერიის მიერ ქუთაისიპოსტისთვის მოწერილ ოფიციალურ პასუხში კი ნათქვამია, რომ საღარაძის N 8–ში კორპუსის მშენებლობისთვის მიწის გამოყენების პირობების დასამტკიცებლად შეთანხმება შესაბამის უწყებებთან მიმდინარეობს.

"მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში მიმდინარეობს საღარაძის N 8–ში მდებარე, შპს "დრიმ ჰაუსის" კუთვნილ მიწის ნაკვეთში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობლობის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ადმინისტრაციული წარმოება, რაც მოქმედი წესის შესაბამისად, მოითხოვს საკითხის განხილვაში სხვადასხვა უწყების ჩართვას",–ნათქვამია ქუთაისის მერიის ოფიციალურ პასუხში.

კვლავ მისცემს თუ არა ქალაქის ხელისუფლება კომპანია "დრიმ ჰაუსს" 5 სართულიანი (მანსარდით) კორპუსის მშენებლობის უფლებას, უცნობია.

ქალაქის მერი, შოთა მურღულია ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ კომპანიას კორპუსის წინ დიდი ეზო ექნება, მაშინ, შესაძლოა, არსებულ კოეფიციენტში ჩაეტიოს.

"პირველი კორპუსის შემთხვევაში დარღვევა იყო, იმიტომ, რომ პატარა ეზო ჰქონდა. ახლა, თუ კორპუსის წინ დაიტოვებს მოცულობით დიდ ეზოს, მაშინ შეიძლება ჩაეტიოს კოეფიციენტში. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც არის კანონის მოთხოვნა, ისე მოხდება",–ამბობს შოთა მურღულია.

კომპანია "დრიმ ჰაუსი" ერთხელ უკვე არ დაემორჩილა კანონის მოთხოვნას, მაშინ, როცა საღარაძის N 4-ში დასაშვებზე უფრო მაღალი კორპუსი ააშენა, თუმცა, ამას მისთვის პრობლემები არ შეუქმნია.

გასული წლის 28 ივლისს, ქუთაისის მერია საკრებულოს სხდომაზე საღარაძის N4–ში შპს "დრიმ ჰაუსის" მიერ უკვე დასრულებული კორპუსისთვის კოეფიციენტის გაზრდის ინიციატივით გამოვიდა. ქალაქის მერი მაშინ ამბობდა, რომ სადავო ბოლო სართულის დანგრევას, ჯობდა  შენობის კოეფიციენტი გაეზარდათ და ამის სანაცვლოდ კომპანიას ბიუჯეტის სასარგებლოდ ფული გადაეხადა. ქალაქის ხელისუფლება არც მაშინ მალავდა, რომ ისტორიულ უბანში ამ ზომის კორპუსის არსებობით კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოც უკმაყოფილო იყო.  ქალაქის მერი მაშინ  დარღვევაზე პასუხისმგებლობას "ნაციონალურ მოძრაობას" აკისრებდა, რადგან მშენებლობაზე ნებართვა სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაიცა. 

საკრებულოს ოპოზიციის და მათ შორის "ნაციონალი" დეპუტატების  წინააღმდეგობის მიუხედავად, ქალაქის ხელისუფლებამ უკვე დასრულებულ შენობას კოეფიციენტი გაუზარდა.

"დრიმ ჰაუსი" მაშინ კანონდარღვევის გამო არც კი დაუჯარიმებიათ. კომპანიას მხოლოდ კოეფიციენტის გაზრდისთვის დაეკისრა 18 000 ლარის გადახდა. ქალაქის მერი კი ამბობდა, რომ კომპანიისთვის  სასამართლოში ჩივილი იმთავითვე წამგებიანი იქნებოდა, რადგან, ნებართვა მშენებლობაზე ისევ მერიის მიერ იყო გაცემული.



კომპანიის ხელმძღვანელი, გოჩა ქართველიშვილი ახლა უკვე მომხდარში ვერც საკუთარ ბრალეულობას ხედავს და ვერც იმას იხსენებს, რა რაოდენობის თანხა გადაიხადა გაზრდილი კოეფიციენტისთვის ქუთაისის ბიუჯეტში.

"როგორც გაკეთდა მაშინ, ისე გაკეთდება ახლაც, მაგრამ მაშინ რაღაც მოხდა, თვითონ გაეპარათ ხარვეზი. ჩემი ბრალი არაფერი ყოფილა. თანხაზე ვერ გეტყვით რამდენი გადავიხადე. ერთი წლის წინ იყო და არ მახსოვს ზუსტად",–ამბობს გოჩა ქართველიშვილი.

შპს "დრიმ ჰაუსმა" საღარაძის N4-ში პირველი კორპუსი 2014 წელს ააშენა. 5 სართულიანი შენობა თავისი მანსარდით, იმ ზონაში ყველაზე მაღალი შენობაა. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ახალგაზრდა ქუთაისელი
მამაკაცი,  18 წლის ცოლის  გადაუდებელი ოპერაციისთვის ფულს
ყოველ დღე, თითო–თითო ლარით აგროვებს.
16:44 / 22.05.2020

ახალგაზრდა ქუთაისელი მამაკაცი,  18 წლის ცოლის  გადაუდებელი ოპერაციისთვის ფულს ყოველ დღე, თითო–თითო ლარით აგროვებს.

ქუთაისში, საცხოვრებელი კორპუსის
კედლის ფილის ჩამონგრევის შედეგად, მოქალაქის დაზიანების ბოლო
შემთხვევა 12 მაისს მოხდა.
14:25 / 22.05.2020
ქუთაისში, საცხოვრებელი კორპუსის კედლის ფილის ჩამონგრევის შედეგად, მოქალაქის დაზიანების ბოლო შემთხვევა 12 მაისს მოხდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.