საზოგადოება
სადავო ინტერნეტი - ქუთაისში მცხოვრები "სილქნეტის" წინააღმდეგ
FaceBook
ქუთაისში, რუსთაველის # 137-ში მცხოვრები გურამ სირბილაძე მისი საცხოვრებელი კორპუსის კედლიდან "სილქნეტის" ოპტიკური ინტერნეტის აპარატურის მოხნას ითხოვს.
მისი თქმით, კომპანიამ მოწყობილობა მასთან და კორპუსის ამხანაგობასთან შეთანხმების გარეშე დაამონტაჟა.

სს "სილქნეტში" შეუთანხმებლად აპარატურის მონტაჟის შესახებ ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ თუ გურამ სირბილაძეს მისი მოხსნა სურს, დემონტაჟის ხარჯები თავად უნდა აანაზღაუროს.

გურამ სირბილაძემ სს "სილქნეტს" საკომუნიკაციო ოპტიკური ინტერნეტის მოწყობილობის მოხსნის მოთხოვნით მიმდინარე წლის 28 თებერვალს მიმართა. მისი თქმით, სამი წლის წინ, მის საკუთრებაში არსებულ კედელზე, ქალაქში მისი არყოფნის დროს უნებართვოდ მოხდა აპარატის განთავსება, რომელიც მის სახლში შემავალ წყლისა და ბუნებრივი აირის კომუნიკაციებს ხელს უშლის. 

"ჩემი კედელია და რატომ არ მკითხა ვინმემ მსურდა თუ არა ინტერნეტის მოწყობილობის მონტაჟი? ახლა მეუბნებიან, შენ უნდა გადაიხადო დემონტაჟის ფულიო. ჩემს კედელზეა საუბარი. მე რატომ უნდა გადავიხადო? ჩემს უფლებებს არღვევენ და კიდევ მე ავანაზღაურო ხარჯები?" - ამბობს გურამ სირბილაძე.

სს "სილქნეტში" გურამ სირბილაძის ამ პრეტენზიას წერილობით უპასუხეს.

"იმისთვის, რომ განხორციელდეს საკომუნიკაციო ელემენტების გადატანითი სამუშაოები, აუცილებელია ჩვენმა კომპანიამ განახორციელოს აღნიშნული სამუშაოების სათანადო პროექტის მომზადება, რომლის ღირებულებაც განისაზღვრება სს "სილქნეტში" დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. მომზადებული პროექტით განისაზღვრება ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება", - ნათქვამია კომპანიის მიერ გურამ სირბილაძისთვის მიწერილ წერილში.

"სილქნეტის" იმერეთის სერვისცენტრის ხელმძღვანელი ირინა ონიანი კი ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავს, რომ თუ გურამ სირბილაძეს მოწყობილობასთან დაკავშირებით პრეტენზია ჰქონდა, ამის შესახებ მაშინვე უნდა განეცხადებია.

"რუსთაველის 137-ში სამი წელია გვაქვს ოპტიკური ინტერნეტი. აქამდე არ უშლიდა ხელს და ახლა უშლის? თუ რამე პრობლემა ჰქონდა მას, როცა კეთდებოდა, მაშინ უნდა ეთქვა. როცა შევდივართ კორპუსში, სადაც 27 ოჯახი ცხოვრობს, იქნება ისეთი, ვინც წინააღმდეგი იქნება, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება ისეთი, ვისაც ინტენეტი ენდომება და არ აქვს მნიშვნელობა ეს რომელი სართულზე იქნება. ჩვენ მაინც გავაკეთებთ", - ამბობს ირინა ონიანი.

მისივე თქმით, კომპანია არც ერთ მომსახურებას ამხანაგობასთან შეთანხმების გარეშე არ ახდენს. თუმცა, რა ტიპის თანხმობის საფუძველზე მოხდა რუსთაველის # 137-ში ოპტიკური ინტერნეტის მოწყობილობის მონტაჟი, ირინა ონიანი ირწმუნება, რომ დოკუმენტები არქივში ინახება.

"თუ არსებობდა ამხანაგობა კორპუსში, აუცილებლად იქნებოდა შეთანხმებულიც. ამის გარეშე ჩვენ არც ერთი კომუნიკაციის განთავსებას არ ვახდენთ. ბატონ გურამს შეუძლია დაწეროს საპრეტენზიო განცხადება, რომელიც გადაიგზავნება თბილისში და იქ ნახავენ არქივში ამ დოკუმენტს", - ამბობს ირინა ონიანი.

რუსთაველის # 137-ის ამხანაგობის თავმჯდომარე, ინგა ძოწენიძე, რომელიც "სილქნეტის" თანამშრომლების მიერ ოპტიკური ინტერნეტის მოწყობილობის მონტაჟის დროსაც აღნიშნულ თანამდებობას იკავებდა, ამბობს, რომ კომპანიას ამხანაგობისგან არც წერილობითი ნებართვა მიუღია და არც აპარატურის განთავსების ადგილი შეუთანხმებია.

"მოვიდნენ და გვკითხეს თუ გვინდოდა ინტერნეტი. მსურველები იყვნენ რა თქმა უნდა, მაგრამ ადგილი ნამდვილად არ განგვისაზღვრია. არც ოფიცილურად გაუფორმებიათ არაფერი", - ამბობს ინგა ძოწენიძე.

"მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ნათქვამია: ტრანშეის გათხრის ან/და საჰაერო კავშირგაბმულობის ხაზების გაყვანის შემთხვევაში საჭიროა მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის თანხმობა".

სს "სილქნეტი" მისივე მოწყობილობის დემონტაჟში გურამ სირბილაძეს 200 ლარზე მეტს სთხოვს. აქედან, გურამ სირბილაძემ უნდა აანაზღაუროს არა მხოლოდ დემონტაჟის ხარჯი, რომელიც ირინა ონიანის თქმით მინიმალურია, არამედ, უნდა დაფაროს მოწყობილობის სხვა ადგილზე გადასატანად საჭირო ახალი პროექტის შედგენის ღირებულებაც, რომელიც 200 ლარს შეადგენს.

გურამ სირბილაძე კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას არ გამორიცხავს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.