საზოგადოება
მარიხუანას მოხმარების მაღალი მაჩვენებელი მოსწავლეებში - საფრთხე და გამოსავალი
FaceBook
საქართველოში სკოლის მოსწავლეებში მარიხუანასა და კანაფის მოხმარების მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა. სპეციალისტები სახელმწიფოს დროული რეაგირებისა და პრევენციული ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.

ისინი გამოსავალს საგანმანათლებლო კამპანიის დაწყებაში ხედავენ, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად პედაგოგებიც ჩაერთვებიან. არასამთავრობო სექტორი კი სწორად გამართულ კანონმდებლობაზე და აღსრულების მექანიზმების დახვეწაზე მიუთითებს.

სკოლის მოსწავლეებში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებაზე "დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა" გასულ წელს კვლევა ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით 193 საჯარო და კერძო სკოლის 2477 მოსწავლე გამოიკითხა. კვლევამ აჩვენა, რომ მოზარდების 11%-ს ერთხელ მაინც აქვს გასინჯული მარიხუანა ან კანაფი. მათი გამოყენება ბიჭებში გაცილებით მაღალია. მოსწავლეების 2%-მა მარიხუანა ან კანაფი 13 წლის ან უმცროს ასაკში გასინჯა.

კვლევის ავტორის, მედიცინის დოქტორის ლელა სტურუას აზრით, მავნე ჩვევების თუნდაც 1%-ით გავრცელება ქვეყნისთვის უკვე საგანგაშოა. ის ამბობს, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება უარყოფით ზეგავლენას ზრდასრულ ადამიანებზე მეტად არასრულწლოვნებზე ახდენს.

"აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, თავის ტვინს, სისხლძარღვებს. ჩამორჩებიან აზროვნებაში, აკადემურ მოსწრებაში, არ აქვთ ინტერესი და არ ხდება მათი განვითარება. ეს კი ქვეყნისთვის არის დანაკარგი. განათლება არის ქვეყნის პრიორიტეტი და ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ," - ამბობს ლელა სტურუა და გამოსავალს საგანმანათლებლო პროგრამების ამოქმედებაში ხედავს.

იგივე მოსაზრება აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელს. ლაშა კილაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ საკანონმდებლო ლიბერალიზაციის ფონზე, მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პრევენციული კამპანია სკოლების გარდა საბავშვო ბაღებშიც დაიწყოს. მისივე ინფორმაციით, ამ მიზნით ცენტრი აქტიურად მუშაობს და შესაძლოა, კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ მალე დაიწყოს.

"საუბარია საგანმანათლებლო კურსზე, შემდეგ კი შესაძლებელია სიმულაციური, ტექნოლოგიური და თვალსაჩინოების მეთოდებიც ამუშავდეს. არა მარტო ბავშვებთან, არამედ სკოლის კოლექტივთანაც მუშაობა აუცილებელია, რომ შესაბამისი კურსით გადამზადდდეს საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული ადამიანი. ინფორმაცია იმის თაობაზე ექნებათ, რომ ნებისმიერი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერება, ექიმის დანიშნულების გარეშე, ჯანმრთელობის დიდი რისკის შემცველია," - ამბობს ლაშა კილაძე.

მისივე თქმით, დეკრიმინალიზაციის შემდეგ მარიხუანასა და კანაფის მომხმარებელ არასრულწლოვანთა რიცხვი გაიზრდება და ამის შედეგად გამოწვეული ფსიქოზებით მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში მოიმატებს.

გაუმართავი კანონმდებლობის შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებზე ზიანის შემცირების ქსელი, არასამთავრობო ორგანიზაცია "რუბიკონშიც" საუბრობენ. თუმცა, დეკრიმინალიზაციას ემხრობიან და მის აუცილებლობაზე მიუთითებენ.

"დასჯით ადამიანი არ გამოსწორებულა. ამის ნაცვლად უნდა იყოს მკურნალობა. კანონს უნდა სწორად მიღება. ჯერ კანონმდებლობა უნდა იყოს გამართული და შესაბამისად, აღსრულების მექანიზმიც უნდა იყოს გამართული. პოლიცია მშვენივრად ახერხებს ახლა აღსრულებას, ქუჩაში აჩერებენ უამრავ ადამიანს და გადაყავთ," - ამბობს ორგანიზაცია "რუბიკონის" წარმომადგენელი, დავით ფორჩხიძე.

ამჟამად, პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი ითვალისწინებს, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე.

გარდა ამისა, ეს დანაშაული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით რეგულირდება. მისი დარღვევის შემთხვევაში პირი ჯარიმდება 500 ლარით ან გამონაკლის შემთხვევებში, 30 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2015-2016 წლებში და 2017 წლის იანვრიდან ამ დრომდე პენიტენციურ დაწესებულებებში სსკ 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელს არც ერთი არასრულწლოვანი იხდის.

ამავე პრიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, წარმოგიდგენთ ინფოგრაფიკაში:




იუსტიციის სამინისტრომ მთავრობას მარიხუანასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი წარუდგინა, რომელიც ზემოთხსენებულ ორივე კოდექსს შეეხება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით კანაფისა და მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, 300 ლარით დაჯარიმებას ან გამასწორებელ სამუშაოებს 1-დან 6 თვემდე ვადით ითვალისწინებს. ცვლილებები არ შეეხო კანაფის ფისის, კანაფის ზეთის, კანაფის ექსტრაქტისა და ნაყენის გამოყენებას.

ამავე მუხლით, ყველა სხვა სახის ნარკოტიკის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის გათვალისწინებულია 500 ლარიანი ჯარიმა ან გამონაკლის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით.

რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსს, ცვლილების თანახმად, 273-ე მუხლს ემატება პრიმა მუხლი, რომელიც მცირე ოდენობით მცენარე კანაფის, მარიხუანას უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 100-დან 160 საათამდე ვადით ითვალისწინებს.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.