საზოგადოება
ქუთაისში შეკერილი ტანსაცმელი, რომლითაც ევროპასა და აზიაში იმოსებიან
FaceBook
ქუთაისიპოსტი იწყებს ახალ რუბრიკას - "დამზადებულია ქუთაისში" . რუბრიკის ფარგლებში, თვეში ერთხელ, გაგაცნობთ ჩვენი ქალაქის თანამედროვე საწარმოებს.

ათწლეულების მანძილზე ქუთაისი ინდუსტრიულ ქალაქად ითვლებოდა. საბჭოთა პერიოდში ქალაქში საკავშირო მნიშვნელობის 20-მდე მსხვილი ქარხანა და ფაბრიკა მოქმედებდა, რომელთა დიდი ნაწილი დღეს აღარ არსებობს, გაჩნდნენ ახალი საწარმოები.

ზოგიერთი მათგანი ადგილობრივ ან უცხოურ ბაზარზე უკვე დამკვიდრებული ბრენდია, თუმცა საზოგადოებამ შესაძლოა არ იცოდეს, რომ მათი პროდუქცია ქუთაისში მზადდება.

პირველი საწარმო, რომელსაც ქუთაისიპოსტი რუბრიკა "დამზადებულია ქუთაისში" ფარგლებში გაგაცნობთ "იმერი" გახლავთ.

***

საქართველოში, საბჭოთა პერიოდში მოქმედი 40 სამკერვალო ფაბრიკიდან დღეისათვის მხოლოდ ორი, ქუთაისსა და ბათუმში შემორჩა. საბჭოთა მემკვიდრეობიდან ქუთაისის საწარმო "იმერს" მხოლოდ ინფრასტრუქტურა და ერთ ალბომში თავმოყრილი ფოტოარქივი დარჩა.

სამკერვალო ფაბრიკაში სეზონის მიხედვით სხვადასხვა სახის პროდუქციას აწარმოებენ. მამაკაცებისთვის მხოლოდ ქურთუკები და ჟილეტები იკერება, ძირითადი კი ახალგაზრდული და საქმიანი ქალების ხაზია.



1990-იანი წლებიდან მოყოლებული აქ შეკერილი ტანსაცმლის დიდი ნაწილი უცხოურ ბაზარზე იყიდება. წლების განმავლობაში ქუთაისის სამკერვალო ფაბრიკას გერმანული კომპანიები უკვეთავენ. ახლა კი მათ ახალი დამკვეთი, იტალიური ფირმა დაემატა, რომელიც სხვადასხვა ბრენდებისთვის მუშაობს. გარდა ამისა, საწარმოში გასულ წლებში შეკვეთებს თურქული კომპანიებისგანაც იღებდნენ.

სამკერვალო "იმერის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მაია სიმონიძე გვიხსნის, რომ იაფი მუშახელის გამო, ევროპული ჯგუფები მოდელების დიზაინზე და მარკეტინგზე მუშაობენ, აზიური და მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნები კი, მხოლოდ კერვაზე იღებენ დაკვეთას.

საქართველოს ბაზრისთვის ფაბრიკაში ყოველწლიურად 6000-დან 7 000-მდე სხვადასხვა დასახელების პროდუქცია იკერება. მათ დიზაინზე ქუთაისელი გოგონების ჯგუფი მუშაობს.

შეკერილი ტანსაცმლის ფასი 50-დან 170 ლარამდე მერყეობს. ყველაზე ძვირად ნატურალური ბუმბულისგან დამზადებული ტანსაცმელი ფასობს. თუმცა, კომპანია ყოველწლიურად სეზონურ ფასდაკლებას აცხადებს, რა დროსაც პროდუქციის ფასი 9 ლარიდან იწყება.

"იმერის" სამარკო ნიშნით შეკერილი ნაწარმი ქუთაისსა და თბილისში იყიდება. საწარმოში ამბობენ, რომ საქართველოში მათ პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, ამიტომ კომპანიის უახლოესი გეგმა ადგილობრივი ბაზრის გაფართოებაა.

ამ მიზნით პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, ფაბრიკაში ძველი, საბჭოთა პერიოდში არსებული საამქრო განაახლეს. ის 120 თანამშრომელზეა გათვლილი და უახლესი დანადგარებითაა აღჭურვილი. პროგრამის ფარგლებში, ასევე, მთელ საწარმოში გათბობისა და კონდიცირების ერთიანი სისტემა გაკეთდა. ფაბრიკაში ფუნქციონირებს სამედიცინო და კვების პუნქტი.



ამ დროისთვის კომპანიაში სულ 480 ადამიანია დასაქმებული. თანამშრომელთა დიდი ნაწილი ქალები არიან.

საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მაია სიმონიძე ამბობს, რომ ყველაზე რთული კვალიფიციური კადრის მოძიებაა. თუმცა, ამ კუთხით კომპანიას ქუთაისში მოქმედი პროფესიული სასწავლებელი ეხმარება.

"მათთან მომზადებული კადრის გადამზადება იოლად ხდება. თუმცა, ახალგაზრდებში ფაბრიკაში მუშაობის მოტივაცია ნაკლებია," - ამბობს მაია სიმონიძე.

სამკერვალო ფაბრიკა "იმერთან" 20 წელია თანამშრომლობს ცნობილი ქართველი დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე. ქართველი დიზაინერებიდან ის ერთადერთია, ვინც ტანსაცმლის მასიურ წარმოებას მისდევს და შესაბამისად, საწარმოსაც დიდ შეკვეთებს აძლევს.

ერთ-ერთი მთავარი ჯილდო, რაც კომპანია "იმერმა" ბოლო წლებში მიიღო, WRAP-ის საერთაშორისო სერთიფიკატია, რომელიც შრომისა და სოციალური პირობების სტანდარტის დაკმაყოფილებისთვის მიანიჭეს. ეს ამერიკული ჯილდოა, რომელიც საწარმოს გასულ წელს გადაეცა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი სააქციო საზოგადობა "იმერი" 2016 წლის დამსაქმებლად დაასახელა.

ქუთაისში სამკერვალო ფაბრიკა 1927 წელს დაარსდა. თავიდან მას მე-4 სამკერვალო გაერთიანება ერქვა. იმ დროისთვის ფაბრიკაში თანამშრომელთა რაოდენობა გაცილებით უფრო მეტი იყო, ვიდრე ახლაა. თანაც, მაშინ აქ დასაქმებულთა უმეტესობა მამაკაცები იყვნენ.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.