საზოგადოება
ბედნიერების დღე და საქართველო ბედნიერების დაბალი ინდექსით
FaceBook
სხვადასხვა საერთაშორისო დღეებს შორის, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დააწესა, ბედნიერების დღეც შედის.

მას მსოფლიო 2012 წლიდან 20 მარტს აღნიშნავს. იდეის ინიციატორი ბუტანის სამეფოა, რომელმაც ამ დღის არსებობის საჭიროება დაინახა და გაეროც დაეთანხმა. მანაც აღიარა ბედნიერება როგორც პლანეტის ყველა მცხოვრების ფუნდამენტური უფლება.

თუმცა, გაერო აპელირებს სახელმწიფოების როლზე, რომელთაც თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ პლანეტის მცხოვრებთა ბედნიერების საკითხში. იქნება ეს კეთილდღეობა, მატერიალური დოვლათი, თუ თავისუფლება - ამ მოცემულობებმა უნდა შექმნან საფუძვლები ბედნიერებისთვის.

თუმცა, ბედნიერება სუბიექტური ცნება რომ არის და შესაბამისად, მისი დეფინიციაც არ არსებობს, ეს არავისთვისაა უცნობი.

ბედნიერების სუბიექტურობაზე საუბრობენ ფსიქოლოგები, მიუთითებენ რომ ბედნიერება გრძნობაა, თანაც იმასაც აზუსტებენ, რომ ფსიქოთერაპიას საქმე ძირითადად "უბედურებასთან" აქვს, ვიდრე ბედნიერებასთან.

ბედნიერება ყველასთვის სხვადასხვაა. ვერ დაადგენ რაიმე სტანდარტს. თანაც ფსიქოთერაპიის საქმე მაინც უფრო "უბედურებაა" ვიდრე ბედნიერება. უბედურებიდან უნდა „ამოქაჩო“ ადამიანი. უბედურების საფუძველი შეიძლება იპოვო ბავშვურ ფსიქოტრამვებში. რომელიც არასწორმა აღზრდამ და მიდგომებმა დაუგროვა ადამიანს. შესაბამისად, ბედნიერების საფუძვლები შეიძლება იყოს სწორ აღზრდაში და ნაკლებ შეცდომებში აღზრდის პროცესში. ბედნიერება, რა თქმა უნდა, სუბიექტურია შეიძლება ადამიანს მზემ და მონაბერმა სიომ სრული ბედნიერება აგრძნობინოს, მაშინ როდესაც ობიექტურად სულაც არ ქონდეს ბედნიერებისთვის მიზეზები , - აღნიშნავს ფსიქოლოგი დავით ფორჩხიძე.

ბედნიერების განცდას რომ ხშირად არ ჭირდება ობიექტური მიზეზები ამაზე მიუთითებს კინომცოდნე თამთა თურმანიძე. მისთვის ბედნიერება არის "როდესაც არ გაქვს უკმარისობის გრძნობა, ხარ სავსე სიყვარულისა და სიხარულის შეგრძნებით. გიყვარს სამყარო, ადამიანები და მზად ხარ ყველას ყველაფერი აპატიო! და რაც მთავარია როდესაც იცი, რომ შენები კარგად არიან. ზოგჯერ კი ბედნიერების შეგრძნება უცბად, არსაიდან ჩნდება - იქნება ეს მოულოდნელად რადიოთი გაჟღერებული საყვარელი მელოდია, უცბად შემოფეთებული აყვავებული ხე თუ ცაზე გამოჩენილი ცისარტყელა", - აღნიშნავს თამთა თურმანიძე.

ბედნიერებისთვის განსაკუთრებულ მოცემულობებს არ ითხოვს ხელოვნებათმცოდნე ნატალი პატარიძე. "ბედნიერებაა ჩემთვის ყველაფრის დაფასება რაც გაქვს და ამით კმაყოფილება", - აღნიშნავს ნატა პატარიძე.

რაც გაქვს იმის დაფასება, როგორც ჩანს, ბევრს არ მიაჩნია ბედნიერებად ამაზე მიუთითებს კვლევაც, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჩატარდა, მათ შორის საქართველოშიც.

ბედნიერების დღესთან ერთად მსოფლიო ბედნიერების ინდექსსაც ადგენს. რომელიც გამოკითხვების საფუძველზე ირკვევა. მსოფლიო ბედნიერების 2016 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, დანია, შვეიცარია, ისლანდია და ნორვეგია მსოფლიოს უბედნიერესი ქვეყნები არიან. უბედნიერესი ქვეყნების ათეულში შედიან ფინეთი, კანადა, ნიდერლანდი, ახალი ზელანდია, ავსტრალია და შვედეთი. აშშ სიაში მე-13 ადგილს იკავებს. საქართველო ყველაზე ბედნიერი ქვეყნების წლევანდელ სიაში 126-ე ადგილზეა.
2017 წლის მონაცემებით ესაქართველო ერთი ნაბიჯით დაწინაურდა და 125-ე ადგილი დაიკავა.

რაც გარკვეული პროგრესის ნიშანია, რადგან 2013 წელს საქართველო 156 ქვეყანას შორის 134 -ე ადგილზე გახლდათ.

ბედნიერების საკითხში საქმეში ერთვება ბიოქიმიაც. სადაც "ბედნიერების ჰორმონებად მოიხსენიებენ": ენდორფინს, სეროტონინს, ოქსიტოცინს. თუმცა, სპეციალისტები ამ სახელის მინიჭებას შეცდომას უწოდებენ ისინი თავის ტვინის ნეირონებში გამომუშავდება და იწვევს ტკივილის შემსუბუქებას, მათი დიდი რაოდენობა კი - ეიფორიას, ამიტომაც მიიჩნევა ბედნიერების ჰორმონად. მოკლედ "ბედნიერებას" ვერც ბიოქიმია "გადაურჩა".

ბედნიერების მიღწევის მთელ სისტემაზე საუბრობენ, მაგალითად, ანტიკური თეატრის შემთხვევაში.

"ვისაც არისტოტელეს "პოეტიკის" პირველი ნაწილი წაუკითხავს, მას შესანიშნავად მოეხსენება, რომ ანტიკურ ტრაგედიებს ესთეტიკურის გარდა ბედნიერების კათარტული ფუნქცია ჰქონდათ - ათენელი მაყურებელი ერთგვარი კათარსისის (κάθαρσις - განწმენდის) პროცესს გადიოდა "ორესტეის", "ოიდიპოსის" ან "ანტიგონეს" ყურების დროს. ბედნიერების ექვივალენტი კულტურასთან და მის ცოდნასთან იყო მოაზრებული, ოღონდ კულტურასთან, როგორც მოაზრებულ ესეთთან. როგორც დიდი ევდემონისტი ნეტარი ავგუსტინე გვეუბნება "აღსარებანში" ზოგს ღმერთმა ერთი რამ უანდერძა, სხვებს — სხვა, იმის მიხედვით, თუ რა პირობები იყო შესაბამის დროს. მაგრამ ყველანი ერთსა და იმავე ჭეშმარიტებას ემსახურებოდნენ-ო", - აღნიშნავს ისტორიკოსი აკაკი კობახიძე.

წმინდა ავგუსტინემ იცოდა სად იყო ჭეშმარიტება, გაერო კი - ჯერ მხოლოდ ძიებაშია.

თუმცა ბედნიერება რომ საჭირო რამ არის ამაში ეჭვი არ ეპარებათ, ამიტომაც მიუძღვნეს დღე.

20 მარტს ბედნიერების დღის აღნიშვნა სიმბოლური მოსაზრებით გადაწყდა. 20 მარტს დღე და ღამე მთელ დედამიწაზე თითქმის თანაბარი ხდება. დამფუძნებლებმა ამით იმას გაუსვეს ხაზი, რომ ყველა ადამიანს თანაბრად აქვს ბედნიერების უფლება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.