საზოგადოება
ცხოვრება გასახლების მოლოდინში
FaceBook
ქუთაისში, ტიციან ტაბიძის #23–ში დევნილთა საცხოვრებელი, სადაც 16 ოჯახი ცხოვრობდა,  გაიყიდა. დევნილთა უმრავლესობამ, რომლებიც სახელმწიფომ ალტერნატიული ფართით დააკმაყოფილა, შენობა უკვე დატოვა. ორი ოჯახი კი, ჯერ ისევ ბინის მოლოდინშია.

შენობის ახალი მეპატრონე, შპს # 1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, გიორგი მიმინოშვილი, შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას უახლოეს მომავალში გეგმავს, დევნილები კი აცხადებენ, რომ ვიდრე სახელმწიფო მათ ფართით არ დააკმაყოფილებს, საცხოვრებელს არ დატოვებენ.

შენობის მეორე სართულზე, ერთ ოთახში მცხოვრებ ცოლ–ქმარს,  იმ შემთხვევაში,  თუ საცხოვრებელს დაატოვებინებენ, ცალ–ცალკე მოუწევთ ცხოვრება.

იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, 74 წლის მურმან მაისურაძემ ერთ შვილთან ერთად უნდა იცხოვროს, მისმა მეუღლემ ციცინო გოგოლიძემ კი მეორესთან. მათი ორივე შვილი უკვე დაკმაყოფილებული არიან ალტერნატიული ფართით. თუმცა,  მურმან მაისურაძე ამბობს, რომ მეუღლეს ბინა კანონიერად ეკუთვნის და სახელმწიფოს მათი გაყოფის უფლება არ ჰქონდა. 

ცოლ–ქმარი ერთად ცხოვრებისთვის ბრძოლას სასამართლოში აგრძელებს.



შენობის დატოვებას არ აპირებს არც ელენა მესხი. სამინისტროსგან ბინის მიღების იმედი ნაკლებად აქვს, რის გამოც, საკუთარ შვილთან, თბილისში დარეგისტრირდა, თუმცა, ამბობს, რომ კუთვნილი ფართის მისაღებად ბოლომდე იბრძოლებს.



დევნილთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შენობა, სადაც დევნილები ცხოვრობენ, მათი ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილების გარანტიით გასხვისდა. შესაბამისად, მათ, ვინც ამ მომენტში იქ რჩებიან სახელმწიფომ საცხოვრებელი ფართი შესთავაზა.



დევნილთა საცხოვრებელში დარჩენილებმა შენობის მფლობელისგან უკვე მიიღეს გაფრთხილება ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მოსალოდნელი შეზღუდვის შესახებ.

"1 მარტიდან იყვნენ გაფრთხილებულები ჩემგან, იმიტომ რომ მესაკუთრე მე ვარ უკვე და არ არის გამორიცხული ელექტროენერგიისა და წყლის ხარჯის გადახდა მე დამეკსიროს. ამის მიუხედავად,  ჯერჯერობით მაინც არ აგვიმოქმედებია შეზღუდვა, თუმცა, მაქსიმუმ თვის ბოლომდე შემიძლია მოვიცადო", – ამბობს გიორგი მიმინოშვილი.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, პირველადი ჯანდაცვის ცენტრის მოპირდაპირე მხარეს მდებარე შენობა, სადაც აფხაზეთიდან დევნილები ბოლო 25 წელია ცხოვრობენ, ქუთაისის მერიამ აუქციონის წესით გასული წლის დეკემბერში გაასხვისა.

1050 კვმ. ფართის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა გიორგი მიმინოშვილმა 185 000 ლარად შეიძინა.

სამედიცინო დაწესებულების დირექტორი დევნილთა საცხოვრებელში ჯანდაცვის ცენტრის გადატანას გეგმავს. შენობის რეაბილიტაციის საკითხებს მიმინოშვილი კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან უკვე ათანხმებს.

მისი თქმით, სააგენტომ შენობის ერთი ნაწილის დანგრევის უფლება მისცა. შეზღუდვები კი ძირითადად მის ფასადზე გავრცელდება.

რა ტიპის შეზღუდვებს დაუწესებს და რისი შეცვლის უფლებას მისცემს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული  სააგენტო შენობის ახალ მფლობელს, ჯერჯერობით უცნობია. სააგენტოს იურიდიულ განყოფილებაში ამბობენ, რომ შენობის რეაბილიტაციის საბოლოო პროექტი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც კერძო საკუთრების მფლობელი სააგენტოსგან ოფიციალურ პასუხს მიიღებს.   

"კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ უნდა განიხილოს ჯერ ეს საკითხი, რის შემდეგაც ეცნობება ოფიციალური პასუხი განმცხადებელს. ვიდრე აქტი არ მომზადდება, მანამდე საჯარო ინფორმაციას ვერ გავცემთ", - ამბობენ სააგენტოში.  

ტაბიძის # 23-ში მდებარე ისტორიული შენობა, სადაც  ადგილობრივთა ინფორმაციით ადრე სკოლა იყო, ახლა სრულად ამორტიზებულია. შენობის უკანა ნაწილის მარჯვენა მხარე, რომელიც თითქმის აღარ არსებობს, მფლობელის გადაწყვეტილებით დაინგრევა.



მთლიანად ამორტიზებულია შენობის პირველი სართული, სადაც ყველა ოთახი დაცლილი და დაკეტილია. 



შენობის ახალი მფლობელის გადაწყვეტილებით, აქ # 1 ჯანდაცვის ცენტრი გადმოვა, ხოლო, რა განთავსდება ამავე კლინიკის გამოთავისუფლებულ შენობაში, გიორგი მიმინოშვილი ამაზე ჯერჯერობით არ საუბრობს. არსებული ინფორმაციით ადგილზე საავადმყოფო უნდა მოწყოს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.