საზოგადოება
შეჩერებული "მხარდაჭერა" სოფლის მცხოვრებლებს
FaceBook
50 000–მდე განხორციელებული პროექტი და 50 მილიონი ლარი ყოველწლიურად სოფლებს – "სოფლის მხარდაჭერის პროგრამა", რომელიც 3 500 სოფელზე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ნაწილდებოდა, შეჩერებულია. რეგიონალური განვითარების სამინისტრომ პროგრამის გაგრძელებაზე უარი პროექტების განხორციელების ვადების გაჭიანურების მოტივით თქვა.

ადგილობრივები კი ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში ამ პროგრამის ფარგლებში მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა ხდებოდა.

"ეკლესიასთან მისასვლელი გზა არ გვაქს, თან ეს გზა სოფლისთვისაც არის მნიშვნელოვანი. ადამიანი რომ მოკვდეს, მიცვალებულს ვერ გამოიყვან უბნიდან, ჭირისუფალი ვერ მოვა სოფელში", – ამბობს წყალტუბოს რაიონის სოფელ გუმათის მკიდრი, მანანა კუხიანიძე.

უგზოობა მთავარი პრობლემა ტყიბულის რაიონის სოფელ ცუცხვათისთვისაც.

"გზა არ გავქვს. მთელი ზამთარი მანქანა არ ამოსულა სოფელში. ფეხით დავდივართ. კიდევ რამის გაუქმება გვინდოდა?", –ამბობს ტყიბულის რაიონი სოფელი ცუცხვათის მცხოვრები, ნათელა კუბლაშვილი.

"ამ პროგრამაზე სოფელში კრებებს ატარებდა გამგეობა. ყველას აზრს და სურვილს ვერ ითვალისწინებდნენ, მაგრამ წლიდან წლამდე ვახერხებდით სოფელი, რომ ერთი მნიშვნელვანი პრობლემა მაინც მოგვეგვარებინა. ზოგ სოფელში სათამაშო მოედანი მოეწყო, ჩვენ წყლის მილები შევიძინეთ ამ თანხით და სასმელი წყალი მივიყვანეთ სოფლამდე. ამდენი პრობლემაა სოფლებში და პროგრამების გაჩერების დრო იყო?",–ამბობს თერჯოლის რაიონის სოფელ ეწერის მცხოვრები, ვახტანგ ნემსაძე.

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" შეჩერებას რაიონისთვის მნიშვნელოვან ფინანსურად დანაკლისად არ მიიჩნევს გამგებელთა ნაწილი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი ამბობს, რომ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდებოდა, სხვა სახსრებით დააფინანსებს. თუმცა, ადასტურებს, რომ სოფელ გუმათში ეკლესიამდე მისასვლელი გზა ამ დრომდე არ გაკეთებულა.

"გზა არა არის გაკეთებული, მაგრამ წელს ვგევმავთ პროექტის შედგენასაც და ტენდერის გამოცხადებასაც. ვთვლი, რომ ამ პროგრამის გაუქმებით მუნიციპალიტეტები არ დაიქცევა. ჩვენ გვაქვს რეგიონალური განვითარების ფონდის თანხები, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრები და არსებობს სხვადასხვა საშუალება, რითაც მოვახდენთ  "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის"  ჩანაცვლებას. ასე, რომ პანიკის საფუძველს ვერ ვხედავ", – აცხადებს კონსტანტინე მამისეიშვილი.

ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით გეგმავენ ე.წ. გარდამავალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ტყიბულში.

მუნიციპალიტეტის გამგებლის, რობინზონ გვენეტაძის თქმით, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარება ხდებოდა.

"4–5 პროექტია ე.წ. გარდამავალი, რომელიც ამ პროგრამი ფარგლებშია დაწყებული. მათ ადგილობრივი ბიუჯეტის დახმარებით მივიყვანთ ბოლომდე. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა წელსაც ყოფილიყო ეს პროგრამა. გზას ვაკეთებდით, წყალი მიგვყავდა სოფლებამდე, სათამაშო მოედნების მოწყობა ხდებოდა, სასაფლაოებს ვღობავდით. ვაკეთებდით იმ პროექტებს, რაც ხალხისთვის მნიშვნელოვანი იყო", – აცხადებს რობინზონ გვენეტაძე.

2016 წელს "სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" ტყიბულის ბიუჯეტის თითქმის მეოთხედს, 432 000 ლარს შეადგენდა. წელს რაიონი ამ თანხას ვეღარ მიიღებს.

რეგიონალური განვითარების სამინისტრო პროგრამის შეჩერების ერთ–ერთ მთავარ მიზეზად სწორედ ე.წ. გარდამავალ პროექტებს ასახელებს.

უწყების ინფორმაციით, ზოგ შემთხვევაში პროგრამით გაწერილი თანხა კონკრეტული სოფლისთვის იმდენად მცირე იყო, რომ მის განხორციელებას რამდენიმე წელი სჭირდებოდა.

"პრაქტიკამ აჩვენა, რომ შერჩეული პროექტების დასრულება დროში იწელებოდა. ასევე, ფინანსების გამოყოფას თითოეული სოფლისათვის მოსახლეობის რიცხოვნობა განაპირობებდა და ხშირად ეს იმდენად მცირე თანხა იყო, რომ ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებას 3-4 წელიც კი სჭირდებოდა.

ახალი რეგულაციებით, ადგილობრივი მოსახლეობა უფრო აქტიურად იქნება ჩართული რეგიონული ფონდის პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში და შესაბამისად, დაფინანსდება მნიშვნელოვანი პროექტები. რაც მთავარია, სამუშაო დროში აღარ გაიწელება", – ნათქვამია სამინისტროს მიერ ქუთაისიპოსტისთვის მოწერილ ოფიციალურ წერილში.

თუმცა, რა ახალ რეგულაციებს გულისხმობს და რა კონკრეტულ ალტერნატივას სთავაზობს სახელმწიფო სოფლებს, წერილში ამაზე არაფერია ნათქვამი.

უწყების ინფორმაციით, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" 2009 წლიდან ხორციელდება. პირველ წელს მისი ბიუჯეტი 40 მილიონი ლარი იყო, 2009 წლის შემდეგ,  კი სტაბილურად 50 მილიონი ლარი.

დასაფინანსებელი სოფლების შერჩევა და პროგრამაში ჩასმა მუნიციპალიტეტების მიერ სამინისტროსთვის გადაგზავნილი სიების მიხედვით ხდებოდა.

სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში ყოვეწლიურად 6 000–ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელებოდა.

მათ შორის, 2012–2016 წლების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე ცოტა პროექტი გასულ წელს (5 949 პროექტი) დაფინანსდა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.