საზოგადოება
დაუცველი შრომითი უფლებები ქუთაისში
FaceBook

ქუთაისში მარკეტებსა და სასურსათო მაღაზიებში დასაქმებულები მუშაობის არასათანდო პირობებს უჩივიან. მათი თქმით, მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ, იმ სამუშაოს შესრულებაც უწევთ, რაც არ ევალებათ.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ საჭიროა მაღაზიებში დასაქმებულთა შრომითი უფლებების შესწავლა. ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ შრომით ინსპექციაში კი აცხადებენ, რომ საკითხით მხოლოდ მომავალში დაინტერესდებიან.

ქუთაისში ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ სამსახური, დამსაქმებლის მხრიდან უსამართლო დამოკიდებულების გამო, ოთხ თვეში დატოვა.

"თავიდანვე არ მომეწონა, რომ ხელშეკრულების გარეშე ამიყვანეს სამუშაოდ, თუმცა პირობებზე სიტყვიერად შევთანხმდით. არდადეგების პერიოდში დილის რვა საათიდან, საღამოს რვა საათამდე , ხოლო სწავლის პერიოდში, მეორე ცვლაში საღამოს ოთხი საათიდან ღამის ათ საათამდე, ნახევარ განაკვეთზე უნდა მემუშავა. სიტყვიერი შეთანხმება უფროსმა მალევე შეცვალა და უმძიმესი პირობების წინაშე დამაყენა",  - ამბობს ქუთაისში ერთ-ერთი მაღაზიის ყოფილი კონსულტანტი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. ის იხსენებს, რომ დამსაქმებელმა ზეგანაკვეთური შრომის გარდა, შეთანხმების გარეშე დამატებით სხვადასხვა ფუნქციების შეთავსება მოსთხოვა.

"მაღაზიაში შემოტანილი პროდუქციის თაროებზე განლაგება-დახარისხება და სურსათის ვადების მუდმივი კონტროლი დამავალა. სიმძიმის აწევა მიწევდა, რაც ჩემს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახებოდა. ამ ყველაფერთან ერთად, სურსათის გაყიდვას ვერ ვახერხებდი და მაღაზიაში სულ რიგი იდგა. ხშირად სამუშაოს 2 - 4 საათის გადაჭარბებით ვასრულებდი. მეორე ცვლაში უფროსის დისშვილი მუშაობდა და ამიტომ ვერაფერს ვამბობდი. როდესაც სწავლა დაიწყო, ასეთ პირობებთან შეგუება ვეღარ მოვახერხე და იმედგაცრუებულმა იქაურობა დავტოვე",  - ამბობს მაღაზიის ყოფილი კონსულტანტი.

სხვადასხვა სასურსათო მაღაზიაში დასაქმებულებს ხშირად ფულადი ჯარიმების გადახდა უწევთ.

"მაგალითად, თუ არ დავაკვირდით, ვადაგასული პროდუქტი გავყიდეთ და ამაზე მომხმარებელმა იჩივლა, თვის ბოლოს, თითო შემთხვევაზე ანაზღაურებას 10 ლარი აკლდება. დღე - ღამე გასწორებული გვაქვს 300 ლარად, მაგრამ თუ ფხიზლად არ ვიქნებით ჯარიმებით ვისჯებით", - ამბობს ქუთაისში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის ქსელში დასაქმებული.

თავად, სასურსათო მაღაზიის მფლობელები ირწმუნებიან, რომ ისინი თანამშრომლებს ჯანსაღ და სამართლიან სამუშაო გარემოს უქმნიან.
საქართველოში მარკეტების ქსელსა და მაღაზიებში დასაქმებულთა შრომითი უფლებების მდგომარეობის შესწავლის მიზნით, მიმდინარე წელს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) კვლევა ჩაატარა.

"ხელშეკრულებების ხარვეზიანობა, შრომის დანაწილებისა და არასათანადო ანაზღაურების პრობლემები იკვეთება. დამსაქმებლები ზეგანაკვეთური შრომის ხარჯზე ცდილობენ ამოავსონ არასაკმარისი რესურსი და იაფად ამუშაონ ადამიანები. გარკვეულ სუპერმარკეტებში ღამის ცვლაში მომუშავეთა სამუშაო ანაზღაურება არ განსხვავდება დღის ცვლის ანაზღაურებისაგან", - ამბობს EMC - ის სოციალური პოლიტიკის მკვლევარი თათული ჩუბაბრია.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ შრომითი უფლებების დაცვა მხოლოდ კონტროლის მექანიზნის ამუშავებით გამოსწორდება.
"საჭიროა პრობლემა დანახული იყოს უფრო ფართო სპექტრით. შრომის ბაზრის კონტროლი მხოლოდ ჯანდაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით არ უნდა ხდებოდეს. აუცილებელია შრომის ინსპექციამ აკონტროლოს სხვა სფეროში დასაქმებულთა შრომითი პირობები", - ამბობს EMC - ის სოციალური პოლიტიკის მკვლევარი თათული ჩუბაბრია.

აპირებს, თუ არა შრომის ინსპექციის დეპარტამენტი სუპერმარკეტებისა და მაღაზიების კონტროლზე აყვანას, ამ კითხვით "ქუთაისიპოსტმა" საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა.

შრომის ინსპექციის ხელმძღვანელობა განმარტავს, რომ დაწესებულება მხოლოდ ორი წლის ჩამოყალიბებულია და ამ ეტაპზე ინსპექტირება ჯანდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით ხორციელდება.

"სამომავლოდ უსაფრთხოების გარდა შრომითი უფლებების მონიტორინგიც განიხილება“, –განმარტავენ დეპარტანენტში.

შრომითი უფლებების დაცვა დასაქმების ყველა სფეროში ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა,  რომელიც საქართველომ 2020 წლამდე უნდა განახორციელოს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.