საზოგადოება
"დაუცველი" უსაფრთხოება ქუთაისში (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში 30–ზე მეტი ბენზინ და აირგასამართი სადგური ფუნქციონირებს. მათი უმრავლესობა საცხოვრებელ და სასწავლო ზონაშია განთავსებული. მიუხედავად იმისა, რომ მსგავს ობიექტებში უსაფრთხოება კანონით რეგულირდება, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ არსებული სტანდარტები თანამედროვეობას ვერ პასუხობს.

მოსახლეობა კი აცხადებს, რომ საცხოვრებელ სახლებთან ახლოს ბენზინ და აირგასამართი სადგურების არსებობა მათ მუდმივი საფრთხის ქვეშ ამყოფებს. 

ადგილობრივმა თვითმმართველობამ გასულ წელს მსგავსი ობიექტების მშენებლობა ქალაქის პირველ და მეორე ზონაში აკრძალა და დასაშვებად მხოლოდ მესამე ზონაში ცნო, თუმცა, ამას მოსახლეობის პროტესტი არ შეუმცირებია.

ადგილობრივებს საცხოვრებელ სახლებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ახლოს დასაწყობებული ნავთობპროდუქტებისა და აირის რეზერვუარების არსებობა მაინც აწუხებთ.  იმის მიუხედავად თუ რომელ ზონაში ცხოვრობენ ისინი.

რადენიმე დღის წინ ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა ადგილზე ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა გააპროტესტეს. მათი თქმით, მშენებარე ობიექტი საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს, რამდენიმე მეტრში მდებარეობს, რაც მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

"როგორ შეიძლება კორპუსთან ასე ახლოს დაუშვან ასეთი მშენებლობა? რამე რომ მოხდეს ვინ აიღებს პასუხისმგებლობას შედეგებზე? არ ვაპირებთ ამის მოთმენას",–აცხადებენ ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები.

მათივე თქმით, იქ სადაც ახლა ბენზინგასამართი სადგური შენდება, ადრე აირგასამართი ობიექტი იყო, რომელიც აფეთქდა. წლების წინ მიღებული გამოცდილება კი მათ კიდევ უფრო აშინებთ.
ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით სარჩელის შეტანას სასამართლოში გეგმავენ.



რამდენიმე კვირის წინ ანალოგიური პრობლემის წინაშე ნიკეას ქუჩის მოსახლეობაც აღმოჩნდა.
მე–17 საჯარო სკოლასთან ახლოს, რამდენიმე მეტრში ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან.



"შვლიშვილი დადის ჩემი ამ სკოლაში. აქვეა კორპუსთან ახლოს სკოლაც და ეს მშენებლობაც. ეს რომ აფეთქდეს ხალხი კი არა არც ერთი შუშა არ დარჩება მთელი გარშემო. ამაზე ვინმე ფიქრობს? რადგან ცენტრალური ქუჩა არაა, ამიტომ ყველაფერი დასაშვებია?", –ამბობს ნიკეას ქუჩის მცხოვრები დავით თევზაძე.

სასწავლო და საცხოვრებელ ზონებთან ახლოს, ავტოგასამართი სადგურების მშენებლობაზე ნებართვა გასულ წლებშიც გაიცემოდა.

მათ შორის, ქალაქის პირველ ზონაში, რუსთაველის ქუჩაზე ერთ–ერთ ბენზინგასამართ სადგურს საბავშვო ბაღისგან მხოლოდ ერთი კედელი ჰყოფს.



აღმაშენებლის ქუჩაზე კი რამდენიმე ბენზინგასამართი სადგური საცხოვრებელ სახლებთან ახლოს,  ტროტუართანაა აშენებული.



არქიტექტორი და ქალაქმგეგმარებელი, დავით სვანიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მოსახლეობის უსაფრთხოება ხშირ შემთხვევაში საბაზრო ინტერესებს ეწირება.

"არ შეიძლება მივყვეთ ბაზრის მოთხოვნებს, ასე ველურ სიტუაციამდე მივალთ. ეს ობიექტები შედის სახიფათო ობიექტების ჩამონათვალში, ამიტომ აუცილებელია მათი კონტროლი და უსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველყოფა. მსგავსი ობიექტი არ უნდა აშენდეს იქ, სადაც თუნდაც სიგარეტით ხელში შეიძლება გაიაროს ადამიანმა, მაგალითად, ტროტუარებზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხშირად გვხვდება. ეს დაუშვებელია",–აცხადებს დავით სვანიძე.

არქიტექტორი უსაფრთხოების ქართულ და ევროპულ სტანდარტებს შორის არსებულ სხვაობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მთავარი პრობლემა ამ სფეროში არსებული ძველი მიდგომებია.

"ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გამოვედით საბჭოთა მეთოდებიდან. თითქოს ზოგჯერ ევროპულ სტანდარტებს ვიყენებთ, მაგრამ ჯერ ისევ ძველი მიდგომებით ვარეგულირებთ ამ სფეროს. მაგალითად, ევროპაში პირდაპირ სახლზე შეიძლება იყოს მიდგმული ბენზინ ან აირგასამართი სადგური, მაგრამ პატარა ნაპერწკალიც რომ გაჩნდეს, ხანძარსაწინააღმდეგო ქაფით იფარება იქ ყველაფერი. აი, ასეთი სტანდარტები აქვს ევროპას. ეს არის სწორედ მთავარი პრობლემა ჩვენთან",–აცხადებს დავით სვანიძე.

ქუთაისის მერიაში, რომელიც ქალაქში ბენზინ და აირგასამართი სადგურების მშენებლობაზე ნებართვას გასცემს, აცხადებენ, რომ მეპატრონისგან უსაფრთხოების იმ სტანდარტებს ითხოვენ, რასაც კანონი განსაზღვრავს.

"არსებობს დადგენილება, რომელიც კონკრეტულ სტანდარტებს აწესებს და ჩვენც ამის მიხედვით ვახდენთ შემოწმებას, სხვა მოთხოვნებს მთავრობა არ გვიყენებს. გარდა ამისა, ობიექტი ექსპლოატაციაში ვერ შევა, თუ მას უსაფრთხოებაზე არ ჩაუტარდა შემოწმება. როცა მიღება–ჩაბარების აქტს მოგვიტანს მეპატრონე, რაც იმას ნიშნავს, რომ ობიექტი უსაფრთხოა, მხოლოდ ამის შემდეგ გავცემთ ნებართვას მის ამოქმედებაზე", –აცხადებს ქუთაისის მერიის არქიტექტურის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, ზაზა ჩხიკვაძე.

მისი თქმით, ეროპულ გამოცდილებას საქართველოში მსხვილი კომპანიებიც კი ვერ იყენებენ, რადგან უსაფრთხოების ასეთი სისტემები ძალიან ძვირადღირებულია.

რაც შეეხება  ქართულ სტანდარტებს, ზაზა ჩხიკვაძის თქმით,  ძირითადი მოთხოვნა ობიექტზე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის გამართულობაა, რაც აალების შემთხვევაში ცეცხლის ლოკალურად ჩაქრობას უზრუნველყოფს. ხოლო, აფეთქების შემთხვევაში, როგორც ირკვევა, დაზიანების მასშტაბების ერთადერთი შემაკავებელი ე.წ. რკინა–ბეტონის მონოლითური კედელია. თუმცა, მსგავსი დამცავი ზღუდის აშენება მხოლოდ დიდი მოცულობის ბენზინ და აირგასამართ სადგურებს ევალებათ.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 2008 წლის 8 დეკემბრის "ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში, რომლითაც ქუთაისის მერია მშენებლობაზე ნებართვის გაცემის დროს ხელმძღვანელობს, მითითებულია, რომ ბენზინ და აირგასამართი სადგურების მშენებლობა, რომლებსაც მიწისქვეშა რეზერვუარი და საცხოვრებელი ზონის მხარეს ყრუ კედელი აქვს, დასაშვებია ამ ზონიდან 5 მეტრში, მიწისზედა რეზერვუარის შემთხვევაში კი 15 მეტრში.

რაც შეეხება, მსგავს ობიექტებს ე.წ. ღიობებით, რეზერვუარის მიწისქვეშ განთავსების შემთხვევაში მეპატრონეს მშენებლობის დაწყება საცხოვრებელი პუნქტიდან 15 მეტრში, მიწისზედა რეზერვუარის შემთხვევაში კი 25 მეტრში შეუძლია.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.