საზოგადოება
"მრავლად იყიდება გაურკვეველი წარმოშობის ყველი" - რა ხდება ქუთაისის ბაზარში
FaceBook
ქუთაისში, მომხმარებელთა ნაწილი ბაზრის დახლებზე გასაყიდად გამოტანილ ყველს საეჭვოდ მიიჩნევს.
ისინი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავენ, რომ ზოგჯერ მოტყუებული რჩებიან, რადგან რძისგან დამზადებული ყველის ნაცვლად, ფხვნილისგან ნაწარმოებ პროდუქტს სთავაზობენ. 

განსაკუთრებული სითეთრე, სპეციფიკური სუნი და ფშვნადობა - ეს ყველის ის მახასიათებელია, რის გამოც ქუთაისელი მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ.   

"ბაზრის დახლებზე რომ მრავლად იყიდება გაურკვეველი წარმოშობის ყველი, მას შემდეგ დავადგინე, რაც ჩემი ნაცნობი ქალისგან ვერ ვიყიდე. ქალბატონი იმ დღეს არ მუშაობდა, ამიტომ ყველი სხვისგან წავიღე. სახლში აღმოვაჩინე, რომ არაბუნებრივად იფშვნებოდა, გემოც სხვაგვარი ჰქონდა. მოგვიანებით, ჩემმა ნაცნობმა გამყიდველმა შინაურულად მითხრა, რომ სავარაუდოდ, სპეციალური ფხვნილისგან დამზადებული ყველი მომყიდეს," - ამბობს ქუთაისში მცხოვრები ლიანა სვანაძე.

"დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემს მეზობელს სოფელში ყველი ფხვნილის რძისგან ამოჰყავს და ამას არ გვიმალავს. ბაზარში კი, თუ ნაცნობი არ გყავს, არ გეტყვიან" - ამბობს ქუთაისში მცხოვრები დიანა ტუკვაძე. 

გამყიდველის პატიოსანი სიტყვის ამარა დარჩენილი მომხმარებლები რძისგან დამზადებული პროდუქტზე ბაზარში ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ითხოვენ.

"აუცილებელია წარწერა იყოს ყველზე, რძისგანაა, რძის ფხვნილისგანაა, თუ რისგანაა. ვიცოდეთ, ხომ შეიძლება?"  - ამბობენ ადგილობრივები.

არსებობს თუ არა წესები, რითაც მომხმარებელს შეუძლია გაარჩიოს დახლზე გასაყიდად გამოტანილი ყველის ნატურალურობა, ამის გასარკვევად "ქუთაისიპოსტი" ქალაქის ცენტრალურ ბაზარს ესტუმრა.

ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში ყველის რეალიზატორები ირწმუნებიან, რომ მათი პროდუქტი ნატურალური რძისგან არის დამზადებული. ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ ყველი შემოწმებულია და მყიდველს არ ემუქრება საფრთხე.

"რას ლაპარაკობთ, პირადად ვწველი ძროხას, ამომყავს ყველი და ზუსტად ვიცი რას ვყიდი", - ამბობს ერთ-ერთი რეალიზატორი.

მეორე რეალიზატორმა "ქუთაისიპოსტს" გაუმხილა, რომ ბაზარში ფხვნილისგან დამზადებული ყველიც შემოაქვთ, თუმცა "საიდუმლო" ანონიმურობის სანაცვლოდ გაგვანდო.

"ზოგიერთი გლეხი რძისგან დამზადებულს სახლში იტოვებს და ნაცნობებში ყიდის, ბაზარში გასაყიდად კი ფხვნილისგან დამზადებული მოაქვს“, - ამბობს რეალიზატორი.

"რძის გარეშე დამზადებულ ყველს არ შეიძლება ეწოდოს ყველი", - ასე აფასებენ ნატურალური რძის გარდა სხვა ნებისმიერი პროდუქტისგან ნაწარმოებ ყველს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

შესაბამისად, სააგენტოს ინფორმაციით დაუშვებელია "ყველის" სახელწოდებით იყიდებოდეს პროდუქტი, რომელიც მცენარეულ ცხიმს შეიცავს.

მათივე განმარტებით, ამ საკითხს სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს და მიმდინარე წლიდან რძისგან ნაწარმოები პროდუქტის რეალიზაცია აგრარულ ბაზარშიც მკაცრად გაკონტროლდება.

"ინფორმაცია უნდა არსებობდეს თუ ვინ აწარმოებს ამ ყველს და რით ამზადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მოძიება, მიკვლევა", - განმარტავენ სააგენტოში.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით რძის ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 2015 წლის 1 აგვისტოს შევიდა. რეგლამენტის მიხედვით ნაწარმზე, რომელიც შეიცავს მცენარეულ ცხიმს, იკრძალება რძის ნაწარმის ან მიმსგავსებული ტერმინების გამოყენება.

სააგენტოში განმარტავენ, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული კანონის აღსრულება ამ დრომდე მხოლოდ ბიზნეს-ოპერატორების მხრიდან ხდებოდა და წესებს არ იცავდნენ აგრარულ ბაზარში.

"2017 წლიდან გავააქტიურეთ კონტროლი, რომ აგრარულ ბაზრებშიც მოხდეს კანონის აღსრულება და რძის პროდუქტები წესების დაცვით იყიდებოდეს", - ამბობენ  სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ბაზარში გასაყიდად გამოტანილი ყველის წარმოშობაზე და მის მწარმოებელზე არ იქნება ინფორმაცია ხელმისაწვდომი, სანქციები ამოქმედდება.

"გლეხი განთავისუფლებულია ჯარიმებისგან. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ დახლზე გამოტანილ პროდუქტს არ ექნება ინფორმაცია, ჯარიმა ბაზრის ადმინისტრაციას დაეკისრება 400 ლარის ოდენობით. რადგან სწორედ ის არის პასუხისმგებელი გლეხის მიერ გასაყიდად გამოტანილ პროდუქტზე", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

ქუთაისის ცენტრალური ბაზრის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ინფორმაცია ბაზარში არსებულ რძის პროდუქტებზე ხელმისაწვდომია.

"გვაქვს ჩანაწერები, თუ ვის მიერ რა პროდუქტი შემოდის ბაზარზე", - ამბობს შპს "ფარის" დირექტორი ოლეგ არღვლიანი.

თუმცა, თავად დახლზე, ეს ინფორმაცია ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში არცერთ რეალიზატორს არა აქვს განთავსებული.

ბაზრის ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ პროდუქციის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია ბაზრის დახლებზეც მალე გაჩნდება.

"ეს რეგულაცია ახალია, ჩვენ გავდივართ კონსულტაციებს. ჩვენს ინტერესშია მომხმარებელი ინფორმირებული იყოს", - ამბობს ოლეგ არღვლიანი.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რეგლამენტი მიზნად ისახავს რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

ვიდრე სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზარზე გამოტანილი პროდუქტის კონტროლს დაიწყებს, ცნობილია, რომ რძის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისობის დადგენის მიზნით, სააგენტომ 2016 წელს 2498 ბიზნესოპერატორის დოკუმენტური შემოწმება ჩაატარა. ხოლო ეტიკეტირების წესის დარღვევისა და ვადაგასული სურსათის რეალიზაციის გამო 63 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.

მონიტორინგის ფარგლებში ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული იქნა რძისა და რძის ნაწარმის 250 ნიმუში. აქედან, 3 შემთხვევაში  მცენარეული ცხიმის შემცვლელობა გამოვლინდა.

მომხარებლისთვის უვნებელი პროდუქტის მიწოდებას, მათ შორის რძისა და ხორცპროდუქტების, საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების მე-4 თავი ავალდებულებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.