საზოგადოება
"მიტოვებული" კულტურული მემკვიდრეობა ქუთაისში (ფოტო)
FaceBook
კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ორსართულიანი შენობა ქუთაისში, სადაც "საქართველოს ფოსტა" და კომპანია "სილქნეტია" განთავსებული, ამორტიზებულია.

ნაგებობას რეაბილიტაცია ბოლოს 30 წლის წინ ჩაუტარდა.

კომპანიები, რომლებსაც შენობა კერძო მფლობელობაში აქვთ გადაცემული, მისი შიდა ნაწილის რეაბილიტაციას უახლოეს მომავალში არ გეგმავენ. რაც შეეხება გარე ფასადს, მათი ინფორმაციით, ის ქალაქის იერსახეს წარმოადგენს და მასზე მზრუნველობა ადგილობრივ თვითმმართველობას ევალება.

"ჩვენ რეაბილიტაციას არ ვგეგმავთ. შენობის ფასადზე კი, როგორც ქალაქის იერსახეზე, საკრებულოს დადგენილებით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა იზრუნოს", – ამბობს "საქართველოს ფოსტის" ქონების მართვის სამსახურის უფროსი, როსტომ ნადობანდიშვილი.

კომპანიას, რომელიც 100%–ით სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს, შენობაში 1000 კვ.მეტრი ფართი უჭირავს. გარდა ამისა, მას ქალაქში კიდევ ორი ოფისი აქვს.

"საქართველოს ფოსტის" ქუთაისის კოორდინატორის, ვახტანგ ლილუაშვილის ინფორმაციით, შენობაში სარემონტო სამუშაოები იმის გამო ვერ ჩატარდება, რომ ფართი სხვა კომპანიასაც ეკუთვნის.

"გვინდოდა გაკეთება, მაგრამ ვერ გავაკეთებთ, რადგან ნაწილი "სილქნეტისაა" და ნაწილი ჩვენი. ისე არის ოთახები განლაგებული, რომ მაგის გაკეთება, ფაქტობრივად, შეუძლებელია", – ამბობს ვახტანგ ლილუაშვილი.

თამარ მეფის #56–ში მდებარე შენობის მეორე სართულის შიდა ნაწილი, რომელიც კომპანია "სილქნეტის" საკუთრებაა, ამ დროისთვის უფუნქციოდაა დარჩენილი. გარე ფასადზე კი დაზიანებულია ფანჯრები და ჩამსხვრეულია მინები.

"სილქნეტის" თანამშრომელი, რომელიც ამ შენობაში კომპანიის ერთადერთი წარმომადგენელია, ამბობს რომ გაცილებით უფრო რთული მდგომარეობაა სარდაფში, სადაც ნესტი საძირკვლის მდგრადობას პრობლემებს უქმნის.

"ნესტშია შენობა. ჩემს მეხსირებაში მას საფუძვლიანი რეაბილიტაცია არ ჩატარებია",– ამბობს "სილქნეტის" წარმომადგენელი, თემურ მჟავანაძე.

როგორც გაირკვა, საკუთარი ფართის რეაბილიტაციას არც "სილქნეტი" გეგმავს.

"ჯერ–ჯერობით არ ვგეგმავთ. ყოველ შემთხვევაში, მსგავსი ინფორმაცია ამ ეტაზე არ მაქვს", – ამბობს კომპანია "სილქნეტის" იმერეთის სერვისცენტრის ხელმძღვანელი, ირინა ონიანი ქუთაისიპოსტთან საუბარში.

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩის #56–ში მდებარე ისტორიული შენობა 2008 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს იურისტის ინფორმაციით,
ნაგებობის ინტერიერისა და გარე ფასადის რეაბილიტაციისთვის ნებართვის მისაღებად, უწყებაში დაცული მონაცამების მიხედვით, 2010 წლიდან ამ დრომდე არავის მიუმართავს.

გასულ საუკუნეში აგებული ნაგებობის ფასადს, სადაც ადრე კავშირგაბმულობა ფუნქციონირებდა, განახლებითი სამუშაოები ბოლოს 1987 წელს ჩაუტარდა, რაც თავის მხრივ, შენობის გაფართოებას უკავშირდებოდა. მას მარჯვენა მხრიდან დამატებითი ფართი მიაშენეს, თანაბარი ვიზუალური ეფექტის მისაღწევად კი ფასადი განაახლეს და ნაცნისფრად შეღებეს.

მას შემდეგ შენობის ინტერიერსა და გარე იერსახეზე არავის უზრუნია.




შენობის გარე ფასადი ეზოს მხრიდან



შენობის ინტერიერი
Print