საზოგადოება
შრომის ბაზრის "იაფი მუშახელი"
FaceBook
2015 წელს სახელმწიფომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროში, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი შექმნა. დეპარტამენტი, 2006 წელს გაუქმებული შრომის ინსპექციის საფუძველზე შეიქმნა და მას დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობები ევროპულ სტანდარტებზე უნდა გადაეყვანა.

გარდა ამისა, 2013 წელს შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, დამსაქმებელს ხელქვეითის გათავისუფლების საფუძვლების ახსნის ვალდებულება დაეკისრა.

შრომის სფეროს დარეგულირების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს არასაკმარისად მიიჩნევს არასამთავრობო სექტორი და აცახდებს, რომ სახელმწიფომ ფასადური ცვლილებები გაატარა, რაც რეალური შედეგის მიღებაზე ორინეტირებული არ იყო.

"სახელმწიფომ შექმნა დეპარატმენტი, მაგრამ რეალური ბერკეტი ხელში არ მისცა. ეს არის ძალიან სუსტი ორგანო, რომელსაც არ აქვს არანაირი მექანიზმი იმისთვის, რომ უპირობოდ, დამსაქმებლის ნების მიუხედავად შევიდეს დასაქმების ადგილზე. ზვარე არის იმის კარგი მაგალითი, თუ რა მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ იქ რაღაცეები შეიცვალა, არ არის გამორიცხული, რომ ამგვარი სამუშაო ადგილი ძალიან ბევრია და ამას ქვეყანა ვერც კი ხედავს, რადგან არ აქვს ინსპექტირების მექანიზმი", –აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMჩ ) სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი, ლინა ღვინიანიძე.

იგი პრობლემის სიღრმეს არა კონკრეტული ხელისუფლების ქმედებაში ან უმოქმედობაში, არამედ, წლების მანძილზე დამკვიდრებულ არასწორ მიდგომებში ხედავს.

"შრომის ინსპექციას "ნაციონალების" დროსაც ჰქონდა პრობლემები და ნაცვლად იმისა, რომ მომხდარიყო მისი მოდერნიზება, სახელმწიფომ საერთოდ გააუქმა ის. მაშინდელი გუნდის ამ მიდგომამ ადამიანები აქცია "იაფ მუშახელად", რომელიც შეიძლება ყველანაირ ძალადობას, ჩაგვრასა და ექსპლოატაციას დაექვემდებაროს. ახალმა ხელისუფლებამ კი ნაცვალდ იმისა, რომ ცვლილებების მეორე და მესამე ტალღა განეხორციელებია, შექმნა აბსოლუტურად უმოქმედო დეპარტამენტი და პრობლემა კვლავ მოუგვარებელი დატოვა", – მიიჩნევს, ლინა ღვინიანიძე.

ახალი ხელისუფლების მიერ, შრომითი უფლებების დაცვის მიზნით გადადგმული ნაბიჯების არაეფექტურობაში, მისივე ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაარწმუნა გოჩა ალექსანდრია.

გაერთიანებული პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ გასული წლის კვლევის შედეგებმა კანონის აბსოლუტური უსუსურობა აჩვენა.

"აღმოჩნდა, რომ რაც ქაღალდზე წერია არ სრულდება. დასაქმებულთა 75% –ს შრომის შესაბამის ანაზღაურებას არ უხდიან, 60% ვერ სარგებლობს კუთვნილი შვებულებით სრულად, განსაკუთრებით მავნე და საშიშ სამუშაოზე დასაქმებულების 80%–ისთვის კი 10 დღიანი დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება ხელმისაწვდომი არ არის. გარდა ამისა, უმრავლესობა დღემდე ვერ იცავს საკუთარი ან კოლეგის შრომით უფლებებს, რადგან ეშინია, რომ დამსაქმებელი მის მიმართ ადმინისტრაციულ ღონისძიებებს გაატარებს ან უარეს შემთხვევაში სამსახურიდან გაათავისუფლებს", – ამბობს გოჩა ალექსანდრია.

მისივე თქმით, წლების მანძილზე დაგროვილმა გამოცდილებამ დაარწმუნა, რომ შრომის ბაზრის რეგულაციების ქვეშ მოქცევა სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის.

"სახელმწიფო ბიზნესის წახალისებას მშრომელთა უფლებების ხარჯზე ახდენს. ეს არის მათი ეკონომიკური პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც ინვესტორებს ხელი არ უნდა შეუშალოს რეგულაციებმა შრომის სფეროში. მათთვის რეგულაციად კი, სწორედ მშრომელთა უფლებების დაცვა მიიჩნევა. შვებულების მოთხოვნა, სამუშაო საათების ნორმირება, პროფკავშირების შექმნა – ეს ყველაფერი მათთვის აღიქმება ხელისშემშლელ ფაქტორებად", – მიიჩნევს გოჩა ალექსანდრია.

როგორ აისახა რეალობაზე, შრომის კოდექსში სახელმწიფოს მიერ შეტანილი ცვლილებები და როგორია მოცემულ მომენტში საწარმოებში დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა, ამ შეკითხვებზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ არ გვიპასუხა. წერილობით პასუხში უწყება მხოლოდ დეპარტამენტის უფლება–მოვალეობების განმარტებებით შემოიფარგლა.

სამინისტროში ამბობენ, რომ ინსპექტირების დეპარტამენტს უფლება არ აქვს საწარმოში მფლობელის ნებართვის გარეშე შევიდეს და არც გამოვლენილ დარღვევებზე სანქციების დაწესება შეუძლია.

მათივე თქმით, დეპარტამენტის ფუნქცია ზედამხედველობის განხორციელებით, პრობლემის შესწავლითა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავით შემოიფარგლება. აღსრულების მექანიზმები კი უწყებას არ გააჩნია.

"ინსპექტირების დეპარტამენტი მხოლოდ დამსაქმებელთან შეთანხმების შემთხვევაში ახდენს სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის შემოწმებას. ამ ეტაპზე დეპარტამენტის მხრიდან არ გამოიყენება სანქცირების მექანიზმი. სამუშაო ადგილზე გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით შრომის ინსპექტორის მიერ გაიცემა მხოლოდ რეკომენდაცია", – ნათქვამია ქუთაისიპოსტისთვის სამინისტროს მიერ მოწერილ ოფიციალურ პასუხში.

სახელმწიფო მშრომელების მიმართ პასუხისმგებლობას არც სამართლებრივ ჭრილში იღებს. დეპარატამენტის ფუნქციებში არც დასაქმებულების შრომით-სამართლებრივი უფლებების დარღვევებზე ზედამხედველობა შედის.

პროფკავშირების თავჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ მიმდინარე წელს სასამართლოში ყოფილი თანამშრომლები სულ უფრო ხშირად აგებენ საქმეებს, რაც მისი აზრით, კონკრეტული გარემოებით არის გამოწვეული.

"თითქოს ვიღაცამ მიუთითა სასამართლოს, რომ ამდენ საქმეს იგებენ მშრომელები და ცოტა ზედმეტიაო. ასეთი განწყობა ჩანს. ბოლო დროს რამდენიმე ისეთი საქმე წავაგეთ პირველივე ინსტანციაში, როგორებიც 2014–2015 წლებში მოგებული გვაქვს. არსებული ტენდენციის გამო დასაქმებულებსაც ეკარგება ნდობა და აღარ მიდიან სასამართლოში", –ამბობს გოჩა ალექსანდრია.

2015 წელს, მხოლოდ გაერთიანებული პროფკავშირების მიერ, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით, სასამართლოში 200–მდე საქმე შევიდა და მათი უმრავლესობა მშრომელებმა მოიგეს.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, სასამართლოში მოგებული და წაგებული საქმეების ზუსტ მონაცემებს გაერთიანება წლის ბოლოს შეაჯამებს.

შრომის სფეროს მონიტორები და მკვლევარები მიიჩნევენ, რომ გაუარესებულ ტენდენციას სახელმწიფომ ქმედითი და ეფექტური მექანიზმები უნდა დაუპირისპიროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული მიდგომები კიდევ უფრო გაზრდის ბიზნესის მოთხოვნებს, რაც ლოგიკურად გამოიწვევს "იაფი მუშახელის" რაოდენობის მატებას საქართველოში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.