საზოგადოება
ნახევარ მილიარდიანი ჯარიმა – ზეწოლა თუ გაკოტრების მცდელობა?
FaceBook
შპს "ჯორჯიან მანგანეზი" სახელმწიფოს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს და ლიცენზიის პირობების შეცვლას ითხოვს.

ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებითი საქმიანობა 90–იანი წლების შემდეგ, სახელმწიფოს მხრიდან 2006 წელს განახლდა. თუმცა, 2012 წლიდან კი სახელმწიფომ უფლება დართო მცირე მეწარმეებს („შ.პ.ს–ებს“) თავადაც ეწარმოებინათ მოპოვებითი საქმიანობები. აღნიშნული საქმიანობების შედეგად ჭიათურელმა მოსახლეობამ მიიღო ეკოლოგიურად დაბინძურებული ჰაერი, მდინარეები, სოფლებში გადათხრილი ტერიტორიები და ჯანმრთელობა გაუარესებული ადამიანები, რომელთაც ყველაზე მეტი პრეტენზია სწორედაც, რომ ჭიათურაში მოქმედ მანგანუმის მომპოვებელ კომპანიასთან აქვს.

არსებული ვითარების გაცნობისა და ადგილზე მონიტორინგის წარმოების მიზნით, ჭიათურაში CENN–ის სამუშაო ჯგუფი რამდენჯერმე ჩავიდა. შედეგად, CENN-მა რეგიონული პროექტის – „გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა სასარგებლო წიაღისეულის მართვის სექტორში კავკასიაში“ დაიწყო ვრცელი ინტერვიუების მომზადება იმ კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების კუთხით ოპერირებენ რეგიონში. არღვევენ თუ არა კანონს მსხვილი კომპანიები, აბინძურებენ თუ არა გარემოს და, ზოგადად, რა ტექნოლგიებით მუშაობენ ისინი, ამ და კიდევ ბევრ სხვა კითხვაზე პასუხს თავად კომპანიების ხელმძღვანელები გასცემენ.

შპს "ჯორჯიან მანგანეზს" წელიწადში სალიცენზიო პირობებით 400 ათასი ტონა კონცენტრატის მოპოვების ვალდებულება აქვს, რომელიც 10 კარიერიდან უნდა მოიპოვოს, რეალურად კი მოპოვებით სამუშაოებს მხოლოდ სამ კარიერზე ახორციელებს, დარჩენილ 7 უბანზე კი ტყის მასივებია, რომელიც ტყის ფონდს წარმოადგენს და მისი გაჩეხვის უფლებას სახელმწიფო კომპანიას არ აძლევს. როგორ უნდა მოიპოვონ ლიცენზიის პირობით გათვალისწინებული რაოდენობა? უნდა გაჩეხოს თუ არა კომპანიამ ტყე და რა მიდგომები აქვს სახელმწიფოს ამ კუთხით? ამ მოცემულობის გათვალისწინებით, როგორ უყურებენ მიწის წიაღისეულის მოპოვებაზე მომუშავე კომპანიები ახალი კანონპროექტის "გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შექმნის საკითხს? რამდენად აქვს ინფორმაცია სახელმწიფოს და საზოგადოებას კომაპანიის მუშაობის მიმართულებაზე, პროექტებზე და თანამედროვე ტექნოლოგიებზე? ყველა შეკითხვას შპს "ჯორჯიან მანგანეზის" ჭიათურის სამთო–გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორი, აკაკი გურჯიძე პასუხობს.

–როგორ მუშაობს კომპანია და როგორია თქვენი სალიცენზიო პირობები, რამდენად გაქვთ ინფორმაცია ახალი კანონპროექტის შესახებ?

– ჩვენ გვაქვს ლიცენზიით გათვალისწინებული კონტურები, რომლის ფარგლებშიც უნდა განვახორციელოთ მანგანუმის მოპოვებ. ამასთან, ყოველ წლიურად ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ გადავამუშავოთ 400 ათასი კონცენტრატი, რა მოხდება კანონის ძალაში შესვლის შემდეგ? ჩვენ დაგვიტოვებენ იმ პირობებს, რომელიც 2006 წელს მიღებულ ლიცენზიაშია თუ მოხდება რელიცენზირება?

–კანონი განსაზღვრავს სხვადასხვა პირობებს: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ემიჯნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, იცვლება გზშ, იარსებებს ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის წინაპირობა, პასუხისმგებელი სამინისტრო ჩაატარებს წინასწარ კვლევებს ინვესტორისთვის, საზოგადოების ჩართულობა კი იძენს მეტ დატვირთვას. დამატებით, შეიქმნება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემა– ძირთადად ეს ის ცვლილებებია, რომელიც წარმოდგენილია კანონპროექტში. როგორ ფიქრობთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის კანონის ამ ფორმით განხორციელება და კიდევ რა ცვლილებებს შეიძლება საჭიროებდეს იგი?

– პირველად განვიხილოთ საზოგადოების ჩართულობის მუხლი, რომელიც აქამდეც იყო კანონში გათვალისწინებული. გეტყვით, რომ საზოგადოება იმდენადაა ჩვენი საქმიანობის შესახებ ინფორმირებული, რომ თვითონ უკავშირდება კოოპერატორს. მარტო საქმიანობაზე კი არა, მანგანუმის თითოეული ელემენტის თვისებაზე არიან კარგად ორიენტირებულები და აქვთ მაქსიმალური ინფორმაცია.

– თქვენ ამბობთ, რომ სხვა რამე უფროაკანონპროექტში გასათვალისწინებელი სახელმწიფოს მხრიდან?

– საერთოდ, ხშირად ვსვამ კითხვას: ლიცენზიას რომ მოგცემენ და კონკრეტულ პირობებს გიყენებენ, გისაზღვრავენ სამუშაო კონტურებს, ვადებს და შემდეგ არ გაძლევენ ნებართვას არსებულ კონტურებში ტყის გაჩეხვაზე, მაინტერესებს „ჭკუათმყოფელები“ თუ არიან საერთოდ? განა კანონში ამ მიმართულებით სამუშაო არ არის? საიდან უნადა მოვიტანო მადანი თუ კარიერმა არ იმუშავა? მავალდებულებენ 400 ათასი ტონა უნდა დაამზადოო, აი, როგორ დავამზადო? სულ ორი კარიერიღა დამრჩა, გეგმაში კი ათი მქონა. ლიცენზიის პირობები მაინც შემიცვალონ. ეს არ არის სახელმწიფო მიდგომის საკითხი? როცა ტყის გაჩეხვის ნებას არ მრთავ, მაშინ შემიმცირე მოპოვების ვალდებულება. ეს 400 ათასი ტონა დოგმაა? 10-დან შევამცირეთ სამ კარიერამდე, მალე ის სამიც გაჩერდება, იმიტომ რომ ზემოდან ტყეა და თქვენ მელაპარაკებით განახლებულ კანონზე? რას ცვლიან? რა შემოაქვთ ახალი? ეს მაინც გააკეთონ, რომ ლიცენზიის პირობები შეგვიცვალონ? როცა გადამხურავი ფერი არის 8–10 მეტრი, მიწის ქვეშ დამუშავება არ შეიძლება, ჭერს ვერ შეინარჩუნებ თავზე, მინიმუმ 30 მეტრი მაინც უნდა იყოს გადამხურავი ფენიდან. არის და მუდამ იქნება მიწის ქვეშა და ღია კარიერული მოპოვება.

– როდესმე, 2006 წლიდან დღემდე, ყოფილა ლიცენზიის პირობების შეცვლის შემთხვევა?

– იყო ერთი პერიოდი, 2007 წელში პრობლემა გვქონდა, ვერ ვიმუშავეთ და მივწერეთ ეკონომიკის სამინისტროს. მაშინ მართალია ვადებში გაიწელა პასუხი, თუმცა შემდეგ დაგვთანხმდა და გვითხრა: „ნუ მოიპოვებთ 400 ათას ტონას, 300 ათასი მოიპოვეთო, მაგრამ ის, 100 ათასი მომავალ წელს დაამატეთო“. სიმართლე გითხრათ, 2010, 2012 წლამდე ასეთი აკრძალვები არ გვქონია. მაგალთად, არ შეიძლება თურმე ტყის ფონდში არსებული ტყის ტერიტორიაზე, არც ფუჭი ქანის დაყრა, არც მოპოვება, არც გავლა. შე მამა ცხონებულო, თან მეუბნები ამ ტყის ფონდის ქვეშ, რაც მადანია უნდა ამოიღო, თან ტყე არ გაჩეხოო – ვერ გავიგე, ჯადოქარი ხომ არ ვარ? როგორ უნდა გამოვიღო? მიწის ქვეშაც ვერ შევდივარ.

– ფიქრობთ, რომ სახელმწიფო მსგავს ბიზნესკომპანიებთან მიმართებაში ე.წ. „ორმაგი სტადარტის“ პრინციპით მოქმედებს? – ერთი მხრივ გრთავთ ოპერირების ნებას, მეორე მხრივ კი გიკრძალავთ?

– არ ვიცი, ვერ გეტყვით, თითქოს ილუზიაში არიან. სწორად გამიგეთ 18 წელია ამ საქმიანობას ვეწევი – 1998 წლიდან. გაჩერებული იყო ყველაფერი, არაფერი მუშაობდა, მარტო დარაჯები გვყავდა. მომიყვანეს აქ და მითხრეს უნდა მიხედოო. დავიწყეთ და ნელ– ნელა გავედით, მაგრამ მთავრობაც ხელს გვიწყობდა. შევარდნაძემ მახსოვს ასე თქვა: "გამორთეთ კანცელარია და ჩართეთ ჭიათურაო". იმ პერიოდშიც კი სანერგე და რეკულტივაციის განყოფილება არ გამიუქმებია. ნერგები გამოგვყავდა და სადაც პატარას წავიმუშავებდით ვრგავდით იქვე. მივდივართ ისევ იმ წერტილთან, თუ არ მოიპოვებ ლიცენზიას გამიუქმებენ, თან არ დაამუშაო ტყის ფონდის ტერიტორიაზეო, როგორ მოვიპოვო ეს მადანი თუ არ დავამუშავე? ვსვამ კითხვას და ვეხვეწები ამ ხალხს, წამიყვანეთ ერთი და მალაპარაკეთ ამ მინისტრთან.

– გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მოჰყავს მაგალითი იმისა, თუ რამდენად არაპასუხისმგებლიანად გაიცემოდა ლიცენზიები 2012 წლამდე. მაგალითად, როდესაც ინვესტორს ჰქონდა პროექტი ხე–ტყის გადამუშავებაზე და ლიცენზიის კონტურებში საერთოდ არ არსებობდა ტყე. ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენს შემთხვევაშიც მთავარი იყო ლიცენზია გაცემულიყო, ინვესტორი შემოსულიყო სამუშაოდ და აღარ ქონდა მნიშვნელობა იმ ტერიტორიაზე ტყე გაიჩეხებოდა თუ ნიადაგი დაბინძურდებოდა?

– ჩვენთან მიმართებაში ლიცენზია გაიცა ადრე – 2006 წელს, ისტორიულად არსებულ ტერიტორიაზე, რომელზეც ძველი საწარმოები მუშაობდნენ, ჯერ კიდევ კომუნისტების დროს. რას ვამბობთ იცით? იმის ლიცენზია მაინც მოგვცენ, რომ შეგვეძლოს ხის მოჭრა, გადავიხდიდით იმ თანხას, რაც საჭიროა ოფიციალურად. თუმცა მე ვფიქრობ, რომ სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე. როგორც ზემოთ აღვნიშნე, 1998 წლიდან ვარ ამ საქმიანობით დაკავებული, წარმოიდგინეთ, რამდენი მთავრობა მაქვს გამოცვლილი, რამდენი გამგებელი, რამდენი დეპუტატი და რამდენი მინისტრი. ფაქტიურად, თამამად შეიძლება ითქვას , რომ გადაწყვეტილებას დღეს ვერავინ იღებს. ერთი ხეც რომ მოჭრა ეზოში იმაზეც კი ადამიანი არ არსებობს გადაწყვეტილების მიმღები და იცით რატომ? კანონს ვერ ქმნიან შესაბამისს, რომ „მე“ – კომპანიას, რომელსაც „შენ“ – მთავრობამ მომეცი ლიცენზია გარკვეულ კონტურზე, რომლის ზემოდანაც ტყეა, – მქონდეს შესაძლებლობა ვიმუშაო. არ არსებობს კანონი და ამიტომაც ვერ იღებენ გადაწყვეტილებას. კარგი, არ გავჩეხავ ამ ტყეს, მაგრამ მომეცით ეს დალოცვილი მეთოდი, როგორ მოვიპოვო. არის ისეთი მეთოდი, რომ ჰაერში ავწიო დედამიწა, გამოვაცალო მადანი და დავსვა ისევ? არ არსებობს ბუნებაში ასეთი მეთოდი – ერთადერთი ვარიანტია, რომ ხე მოიჭრას, გადაიწმინდოს, მოიპოვო მადანი, გააკეთო რეკულტივაცია და დარგო მერე ახალი ხე. მეტი გზა არ არსებობს. აი, თქვენ როგორ ფიქრობთ, პირადად?

– მე, ზოგადად, საერთაშორისო ნორმების მომხრე ვარ, ასევე მომხრე ვარ, რომ არ გაიჩეხოს ტყე, თუმცა მგონია, რომ მონიტორინგის შედეგების გამო არ გრთავთ ნებას სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ოპერირების. ანუ არ არსებობს წარსულში პრეცედენტი, როდესაც კომპანიამ, ამ შემთხვევში, შ.პ.ს "ჯორჯიან მანგანეზმა" იმუშავა გარკვეულ კონტურებში და შემდეგ მოახდინა რეკულტივაცია. თქვენ ასე არ ფიქრობთ?

– ზუსტად ამაზე ვსაუბრობ მეც, რატომ არ აკეთებენ შესრულებული საქმის მონიტორინგს? სავსეა ეკოლოგებით ქუთაისი, ჭიათურა და ტყიბული. დარბიან 24 საათი მანქანებით. საკმარისია სადმე ექსკავატორი შევიდეს, იმ წამსვე იქ გაჩნდებიან. დარღვევას რომ ეძებ, გააკეთე რა იმის მონიტორინგიც რას ვაკეთებ. აგერ მღვიმევში გავაკეთეთ უნიკალური რეკულტივაცია, აკაციები დავრგეთ და ხალხმა ფუტკარი მოაშენა იმ აკაციებიდან გამომდინარე. ნახონ ეს რა, საუკუნეა არავის ჩაუტარებია მონიტორინგი. არიან გარემოსდაცვითი ორგანიზაციები, რომლებიც ჭიათურაში ნამყოფები არ არიან. მოვლენ ტრესტში იყიყინებენ წავლენ, მაღაროზე არ არიან ასულები, რაზე უნდა ვილაპარაკო?

– გაკეთებულის შესახებ არ ვფლობ ინფორმაციას, თუმცა ვიცი იმ ფაქტის შესახებ, რომ გარემოს დაბინძურების გამო,გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა "ჯორჯიან მანგანეზი" 355 მილიონი ლარით დააჯარიმა. რამდენად აპირებს ჯარიმის გადახდას კომპანია? რამდენად თვლით, რომ სამართლიანად დაგაჯარიმეს?

– ზოგადად, ეს ჯარიმა ნიშნავს კომპანიის გაკოტრებას, რადგან "ჯორჯიან მანგანეზს" აქტივები არ აქვს ამ ოდენობით. კომპანიას მაგის გარდა, კიდევ აქვს ფინანსური დავა 200 მილიონზე და ჯამში კომპანიის ჯარიმა შეადგეს 555 მილიონ ლარს, როგორ ფიქრობთ, საქართველოში გეგულებათ კომპანია, რომელიც ნახევარ მილიარდ ჯარიმას გადაიხდის და მერე გააგრძელებს წყნარად მუშაობას? საერთაშორისო ჯარიმების პრაქტიკა გეცოდინებათ, როდესაც ,,სამსუნგს" ნახევარი მილიარდი ჯარიმა დააკისრეს, სამი წელი ტიროდა. როგორ გგონიათ, ,,სამსუნგის" ფინანსური შესაძლებლობები და "ჯორჯიან მანგანეზის" ერთი და იგივეა? მოკლედ გიპასუხებთ: ვერა, კომპანია ვერ შეძლებს ჯარიმის გადახდას და დაიხურება.

– თუ კომპანია ვერ გადაიხდის ჯარიმას, არსებობს საფრთხე, რომ მიატოვოს „გადახსნილი“ ჭიათურა ისე, როგორც არის, შეწყვიტოს საქმიანობა და წავიდეს, მაშინ ვინ გააკეთებს რეკულტივაციას ?

– ნაწილობრივ თქვენ თავად გაეცით პასუხი თუ გაჩერდება, ვერც ვერავინ გააკეთებს რეკულტივაციას. ჩვენ რეკულტივაციები სად გვაქვს იცით გასაკეთებელი? 80–იან წლებში, რომ მუშაობდნენ და 1992 წელს უცებ, რომ გაჩერდა – ყველაზე დიდი პრობლემა დღეს სწორედ იმ ტერიტორიების რეკულტივაციის საჭიროებაა. 2007 წლამდე ჭიათურაში არანაირი რეკულტივაცია არ გაკეთებულა, ჩანასახი დაიწყო 2008 წლიდან, მაგრამ რასაც რეკულტივაცია ქვია დავიწყეთ 2013–2014–2015 წლებში. ეს იყო სერიოზული რეკულტივაცია, რომელსაც სახე მიეცა თავისი ტექნიკით, სანერგით. მეცნიერებათა კანდიდატი გვყავს სპეციალურად აყვანილი.. ანუ იმის თქმა მინდა, რომ რაღაცა გავაკეთეთ, მაგრამ უბედურება ისაა, რომ რაც უფრო აკეთებ, მით უფრო გაჯარიმებენ. დაინახეს, რომ დავიწყეთ მუშაობა და დაიწყეს, რაღაც აბსურდული ჯარიმების დაწესება , მართალია 10 წლიანი ვადა გვაქვს, მაგრამ აბსურდულია ჯარიმა, წარმოუდგენელი რაღაცეები წერია, მაგალითად, მდინარეში იმაზე ნაკლები უნდა იყოს მანგანუმი, ვიდრე სასმელ წყალშიაო, თუმცა პრობლემა ისაა, რასაც მე გლობალურად ვუყურებ, ადამიანი რომ დაიწყებს რაღაცის კეთებას, მას უნდა მისცე საშუალება, რომ აკეთოს და არა მაშინვე „მოგუდო“. კომპანია ამის გადახდას არ აპირებს. ვასაჩივრებთ და ვნახოთ.

– თქვენი კომპანია ნიადაგზე მიყენებული ზარალისთვის დააჯარიმეს. ანუ თქვენ ამბობთ, რომ გარემოს დაბინძურების ხარჯზე უნდა იმუშაოს კომპანიამ?

– მე ვამბობ, რომ სახელმწიფომ უნდა მომცეს ან ნორმალური კანონი ან მეთოდოლოგია, როგორ ვიმუშაო. დღეს 15 ათას ადამიანს დაზღვევა აქვს ჭიათურაში, ამას არავინ უყურებს, უბედურება ის არის, რომ როცა ხარ თანამდებობის პირი და რომ „მოჯდები“ ამ კაბინეტში, რისთვის გაძლევს ამ კაბინეტს უფალი? ის არ გააკეთო, ეს არ გააკეთოო გეუბნებიან და თან ლიცენზიის პირობები შეასრულეო. როგორ შევასრულო? ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო, ჭრელო პეპელასავით. ცოტა სოციალური საკითხის გათვალისწინება უნდა მოხდეს, იმიტომ, რომ სამი მილიონი ლარი ხელფასი რიგდება აქ, სამი მილიონი ლარი ჭიათურისთვის თუ იცით რამხელა ფულია? 3,500 კაცი მუშაობს და 7,000 რიგში დგას, იქნებ მიღება დაიწყოთ, იქნებ სადმე დამაწყებინოთ მუშაობაო. ყველაზე მეტად აქ არსებული ვითარება სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს, რომ გასცემს ლინცენზიას, საშუალებაც უნდა მომცეს მუშაობის.

– თქვენ თქვით, რომ კანონი არ არსებობს, რომელიც საქმიანობას დაარეგულირებს და ადამიანი არ არსებობს ვინც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. ანუ თვლით, რომ მთავრობა არაკომპეტენტურია?

– იცით რა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რეკულტივაციაზე ჩვენ ეს გეგმიურად გვაქვს თანამედროვე გათვლებით გათვალისწინებული და იქით ვთავაზობთ სამინისტროს იდეებს, რაზეც შემდგომი აუცილებელი მეთოდოლოგია არ არსებობს. ჩვენ მივხვდით ამდენი ხნის განმავლობაში, რომ გარემოსდაცვითი პრინციპები და მეთოდოლოგია სამინისტროს არ გააჩნია. არ მთავაზობენ მეთოდოლოგიას? მე მოვძებნე გერმანული კომპანია ,,ოლ მინერალზი", რომლის მოსამზადებელ სამუშაოებზე უკვე სამი მილიონი დოლარი დაიხარჯა. ,,ოლ მინერალზმა" უნდა აგვიგოს ახალი გამამდიდრებელი ფაბრიკა და დახურული ციკლით გაამდიდროს მადანი, გამოყოფილი შლამი კი უნდა გადაიყაროს სპეციალურ მიწათსაცავზე, ანუ გრამი შლამი მდინარეში აღარ ჩავა, თუმცა ამ საქმისთვის გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებმა ჯერ ნებართვა უნდა მოგვცეს, რომ 20 მილიონიან ინვესტიცია განვახორციელოთ–პრიორიტეტების განსაზღვრის პრობლემა დგას. ხელისუფლებას ზოგადად უჭირს იმის გათვალისწინება, რომ ამ რაიონში, ამ საწარმოს არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მე რომ დავიწყე აქ წარმოების ამუშავება „პერევალზე“, საჩხერის ბოლო სოფელია ლიჩი – დავნიშნე ავტობუსი და გვირაბგამყვანი იქედან დამყავდა, რომ რგანის მაღარო გამეხსნა. ჭიათურა აღარ იყო ქალაქი, შევარდნაძის დროს შევიდნენ პარლამენტში ინიციატივით, რომ ჭიათურას მისცემოდა ,,მკვდარი ქალაქის" სტატუსი. პურზე მარტო მე კი არა, მთელი ჭიათურა ქუთაისში დადიოდა. თუ ჭიათურაში არ იქნება მარგანეცის წარმოება – დაიცლება, მოკვდება ქალაქი, 3,500 ოჯახი დარჩება მშიერი. ამ დროს თბილისში სხედან ტიპები, ჭიათურაში ნამყოფებიც არ არიან და ჭიათურის საკითხებს წყვეტენ, მე ჯერ კომპეტენტური ვერავინ ვნახე.

– აქედან გამომდინარე, ჯარიმა არის თუ არა გარკვეულ წილად ზეწოლა, რომელსაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განიცდის კომპანია?

– არ მინდა დარჩეს ისეთი წარმოდგენა, რომ აქ ზეწოლაა, ამიტომ განვმარტავ – აქ, უფრო არაკომპეტენტურობის პრობლემაა. იმ ხალხს, ვისაც ეს ეხება, იმდენად არაკომპეტენტურები არიან, რომ ვერ მიჯნავენ სამუშაო პირობებს, გარემოსდაცვითი პირობებისგან. ვერ აკეთებენ სწორ სინთეზს პოლიტიკურად, რომ მოგვცენ მუშაობის საშუალება და ამასთანავე ისეთი სამუშაო პირობები შექმნან, რომ არ დაზარალდეს ბუნება. ჯარიმის წარმომავლობა იცით საიდან მოვიდა? ესაა წარმოების პროცესი, როდესაც ხსნი ველს, ფუჭი ქანი მიგაქვს და ყრი ნიადაგზე, ესენი გვეუბნებიან, იქ რატო ყრიო. თეორიულად ის თვლის, რომ იქ ნოყიერი ნიადაგია, რომელზეც შესაძლოა ხე ამოსულიყო ან საძოვარი ყოფილიყო და ამით მე გავანადგურე. თუმცა დაბიძურება არის მეორე, როცა რადიაქტიულ ან ბიოლოგიურ ნარჩენს დაყრი და შესაბამისად ისე დააბინძურებ, რომ უვარგისი ხდება. ამავე დროს, გიყენებს რეკულტივაციის ვალდებულებას. კითხვა ჩნდება: სად წავიღო ეს მიწა, იგივე ფუჭი ქანი? რომელიც უნდა მოვხსნა, რომ მადანი ამოვიღო, ჯიბეში ჩავიყარო? ეს ხომ იმიტომ ყრია, რომ მერე, როდესაც დავხურავ კარიერს ნიადაგიდან ავიღო და შევავსო, გავაკეთო როგორც მინიმუმ, ტექნიკური რეკულტივაცია. წმინდა არაკომპეტენციის ზეიმია – არაკომპეტენტურები არიან ფინანსურ ნაწილში და განსაკუთრებით გარემოსდაცვით საკითხებში. ჩვენ არ გვინდა ვიფიქროთ, რომ ეს ან ზეწოლაა ან ე.წ. „ორმაგი სტანდარტი“, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არაკომპეტენტურობასთან გვაქვს საქმე .

– ერთ–ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ჭიათურის სოფლებში ვხვდებით, ესაა თქვენი კონტრაქტორები, რომლებიც ინდივიდუალურად მუშაობენ მოსახლეობასთან და ხშირად სრულიად უპასუხისმგებლოდ. ვის აქვს მათი გაკონტროლების მექანიზმი და ვინ იღებს პასუხისმგებლობას მათ მიერ არ დასრულებულ სამუშაოებზე?

– ჩემს კომპეტენციას სცილდება მათთან ურთიერთობა, რაც მთავარია მე არ ვაძლევ მათ უფლებას იმ კონტურებში იმუშაონ, სადაც ჩვენ კარიერები გვაქვს.

– ლიცენზიას ხომ თქვენ გასცემთ?

– კი, არის სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს და სიმართლე გითხრათ, არც ვიცი და არც მინდა ვიცოდე ქვეკონტრაქტორებზე არაფერი. მე ვაწერ ხელს იმას, სად უნდა იმუშაონ მათ. მთავარი არის, რომ სადაც ჩვენი აზრით საკარიერო ველია, მათ იქ არ იმუშაონ და არც ვაძლევთ ამის უფლებას. ლიცენზიების გაცემის დეპარტამენტმა იცის არეალი, სადაც შეიძლება გასცეს ლიცენზია. მაგალითად თაბაგრების ტერიტორია. იქ ჩვენ არანაირი ველი არ გვაქვს, არც ვაპირებთ და არც ვმუშაობთ ბოლო 10 წელია. 2012 წლიდან სახელმწიფომ დართო ნებისმიერ შპს-ს უფლება მანგანუმი მოეპოვებინა. ადგილობრივებთან ქვეკონტრაქტორები ინდივიდუალურად აფორმებენ ხელშეკრულებას და ძალიან კარგად იციან ვის აძლევენ სამუშაოდ თავიანთ ტერიტორიას. ჩვენ გვაქვს ზოგადი ვალდებულებები, ვადგენთ კონტურებს, რეკულტივირებული მასშტაბების გეგმას, რომელიც შეტანილია გარემოს დაცვის სამინისტროში. ფინანსურ ოპერაციას თუ ვინ ვის და რამდენი გადაუხადა, ამას ვერ ვაკონტროლებთ. პირდაპირი ვალდებულებაა ქვეკონტრაქტორის, რომ გააკეთოს მოსწორება. რა თქმა უნდა ლიცენზია "ჯორჯიან მანგანეზისაა", მაგრამ ვისთანაც კომპანია აფორმებს ხელშეკრულებას, სწორედ იგია ვალდებული აკონტროლოს მისი ქვეკონტრაქტორი „შ.პ.ს.“. მაგალითად, მხოლოდ ქვედა რგანის ტერიტორიაზე 15 კოოპერატორი მუშაობდა, რომ დადგა საკითხი რეკულტივაციის გაკეთების, 15– ვე კოოპერატორი ერთმანეთისკენ იშვერდა ხელს. სწორედ ამ დავასაა შეწირული ეგ ტერიტორია.

ინტერვიუს პარალელურად საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ყველა იმ ველის ხილვა, სადაც შ.პ.ს "ჯორჯიან მანგანეზის" ღია და უკვე დახურული კარიერებია, მათ შორის ე.წ. "ბაზალტები" და ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით მომუშავე, დახურული პერევისის საბადო. პერევისი მთლიანად სპეც–ტექნიკის გამოყენებით მუშაობს და ცოცხალი მუშახელის გამოყენება მინიმუმამდეა დაყვანილი. თუ გაინტერესებთ აკეთებს თუ არა "ჯორჯიან მანგანეზი" საბადოების დასრულების შემდეგ, რეალურად აღდგენით სამუშაობს, მღვიმევის ყოფილი კარიერი უნდა ნახოთ, სადაც 2,000 ძირი აკაციაა დარგული. მთლიანად კი ყოფილი ხრამის უბნის ტერიტორიაზე 16 ჰექტარია რეკულტივირებული.

"ჯორჯიან ამერიკან ელოიზი" ქართულ–ამერიკული კომპანია, რომელიც საქართველოში "ჯორჯიან მანგანეზს" ფლობს, რომელიც თავის მხრივ შედგება ზესტაფონის ,,ფეროშენადნობი ქარხნისგან" და ჭიათურის ,,სამთო გამამდიდრებელი კომბინატისგან". კომპანიას ქართულ აქტივებში აქვს ასევე კლინიკა "ფერომედი" და ჰიდრო ელექტრო სადგური "ვარციხე 2005" ჰესი. "ჯორჯიან ამერიკან ელოიზს" მარტო ქართულ აქტივებში ინვესტირებული აქვს 49,2 მილიონი დოლარი, ამ თანხიდან დაახლოებით 45 მილიონი მოხმარდა "ჯორჯიან მანგანეზის" ტექნიკურ გადაიარაღებას და საწარმოს მოდერნიზებას.

CENN კი ჭიათურიდან ტყიბულში გადაინაცვლებს, სადაც „საქნახშირის“ საქმიანობას გაეცნობა. ინტერვიუები CENN-ის რეგიონული პროექტის – „გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა სასარგებლო წიაღისეულის მართვის სექტორში კავკასიაში“ ფარგლებში მზადდება, რომელიც გერმანული ფონდის Bread for the World - ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

მარიკო წიქორიძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.