საზოგადოება
ნარკოტესტირების მსხვერპლი და "ნარკოპოლიცია" საქართველოში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისელი ლევან აბზიანიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.

მისი შემთხვევა საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკის ტრაგიკულ სიმბოლოდ იქცა. თუმცა, ჯერჯერობით, ვერ გახდა გამოძიების მაგალითი, რომლის პრეცენდენტის არსებობა მოქმედ ნარკოპოლიტიკაში პრინციპული ცვლილებების შეტანის წინაპირობას შექმნიდა.





დაკავებების სტატისტიკა ქუთაისში

ნარკოპოლიტიკის კრიტიკა საქართველოში წლებია არსებობს. ამ პოლიტიკის მოწინააღმდეგენი მიუთითებენ ნივთიერებაზე დამოკიდებულ პირთა მიმართ მკაცრი მიდგომების არაეფექტურობაზე, კანონის ხარვეზებსა და პრაქტიკის მძიმე, მათ შორის - ფატალურ შემთხვევებზე.

დაკავების პროცესში ადამიანის უფლებების დარღვევის სტატისტიკას აქვეყნებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიც, რომელმაც ბოლო კვლევა, ინდივიდუალური საქმეებიდან, ასევე შესაბამისი უწყებებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე ჩაატარა.

კვლევაში მოხვდა ქუთაისის პოლიციის მთვარი სამმართველოდან მოწოდებული ინფორმაციაც, რომლის მიხედვით აღმოჩნდა, რომ 2014 წელს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე დაკავებულთა 80%-ს არ დაუდგინდა ნარკოტიკული თრობის ფაქტი, ხოლო 2015 წელს - 72%-ს ანუ 4 დაკვებულიდან სამს, არ ქონდა ჩადენილი სამართალდარღვევა.

"ადმინისტრაციული დაკავების მაქსიმალური ვადაა 12 საათი. გამოდის, ყოველი ოთხიდან მინიმუმ სამმა განიცადა დაკავების თანმდევი სტრესი. მათ შეეზღუდათ თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება", - აღნიშნა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა, გიორგი ლაბაძემ.

კვლევაში, ასევე, ასახულია 2014-2015 წლებში რა მოტივით ხდებოდა მოქალაქეთა ნარკოლოგიურ ტესტირებაზე გადაყვანა. დადგინდა, რომ დაკავების საფუძველს ძირითადად პრევენცია წარმოადგენდა და 80%-ს შეადგენდა, ხოლო "საფუძვლიანი ეჭვის" მოტივით დაკავებები 67%-ზე განხორციელდა.

"ის, რომ ესა თუ ის პირი წარსულში იყო შემჩნეული დანაშაულის ჩადენაში, განამტკიცებს ეჭვს, თუმცა, ვერ გახდება ერთადერთი ობიექტური მტკიცებულება სამართალდარღვევის ჩადენის. "საფუძვლიანი ეჭვის" გამო მოქალაქეთა დაკავების საფუძვლიანობა ვერ აკმაყოფილებს როგორც საქართველოს, ასევე ევროპული სასამართლოს მიერ დაადგენილ სტანდარტს", - აღნიშნავენ იურისტები.

"ნარკოპოლიცია" და მძიმე სოციალური ფონი

წარსულში დანაშაულის ჩადენა არაერთხელ გამხდარა მოქალაქე მ.ო-ს ნარკოტესტირებაზე გადაყვანის მიზეზი.
დაკავებების გამო, მუდმივ სტრესზე საუბრობენ ნივთიერებაზე დამოკიდებული პირების ოჯახის წევრები.

"ჩემი მეუღლე წარსულში ნარკოდამოკიდებული იყო, სასჯელიც მოიხადა. მანამდე ჯარიმებს ვიხდიდით და საერთოდ გავნადგურდით. პურის ფულიც სანატრელი გაუხდათ ჩემს შვილებს. ვიცი, რომ ჩემი მეუღლე წარსულში ცუდად იქცეოდა, მაგრამ ამის გამო ასე მუდმივად და სასტიკად არ უნდა გვსჯიდეს სახელმწიფო", - ამბობს ნივთიერებაზე დამოკიდებული პირის მეუღლე ლ.ო.

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" წარმომადგენლები საუბრობენ ფინანსურ გასაჭირზე, რომელიც აქვთ ნივთიერებზე დამოკიდებული პირების ოჯახებს. მძიმე სოციალური ფონის პირობებში დაკისრებული ჯარიმები საერთოდ გამოუვალ ჩიხში აქცევს ადამიანთა დიდ მასებს და ისინი საბანკო კრედიტებზე დამოკიდებულები ხდებიან.

"ეს პოლიტიკა რეალურად არ არის პოლიტიკა. ნარკოპოლიტიკა არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ნარკოპოლიცია იმიტომ, რომ პოლიტიკა გულისხმობს საზოგადოების ჩართვას პროცესში. გულისხმობს თანასწორობის იდეის გატარებას, ხოლო პოლიცია გულისხმობს დევნას და არსებული ძალადობრივი კანონით მოქმედებას, რაც გვაქვს რეალურად სახეზე ", - მიაჩნია "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წარმომადგენელ, გიგა ბენიძეს.

"ძალადობრივი კანონი" და ფასადური ცვლილებები


ძალადობრივი კანონი აჩენს "კარგისა" და "ცუდის" კატეგორიებს, რაც აძლიერებს სტიგმას და აფერხებს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის პროცესს.

"ნარკოტიკი "კარგიას ან ცუდიას" კატეგორიში არ უნდა განვიხილოთ. ამასთან ერთად, რაც ცუდია ამის პრევენცია უნდა მოხდეს და არა დამსჯელი მეთოდებით აპელირება სახელმწიფოს მხრიდან. მაგალითად, დეკრიმინალიზაცია თუ განხორციელდება, იგი ღირსებაშემლახავ ტესტირებას და ოდენობების დადგენასაც გააუქმებს. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს იმას, რომ არ გაძლიერდეს სააფთიაქო ნარკომანია. არ შემოვიდეს ბაზარზე ისეთი ნარკოტიკები, რომლებიც მართლაც აზიანებს ადამიანის სიცოცხლეს. ლაპარაკი უნდა მიდიოდეს ადამიანების რეაბილიტაციასა და ზრუნვაზე და არა დასჯასა და მუდმივ კონტროლზე", - აღნიშნავს გიგა ბენიძე.

მოქმედი ნარკოპოლიტიკის მოწინააღმდეგენი კანონში შესულ ცვლილებებს (მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში ) ფასადურს უწოდებენ და განმარტავენ, რომ ეს იგივეა "გილიოტინა სახრჩობელით ჩაანაცვლო", რადგან სასჯელის 8-დან 5 -წლამდე ჩამოკლებით პრინციპული არაფერი იცვლება. რის გამოც, მათი თქმით, მნიშვნელოვანია ძალადობრივი სისტემა დაინგრეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.