საზოგადოება
პოლიციის უფროსების ჩხუბი ონის რესტორანში - რეპორტაჟი შემთხვევის ადგილიდან
FaceBook

პოლიციის უფროსების გზა რაჭიდან სახლისკენ


რაჭა, ონი, რესტორანი „ორიონი“ - ეს გახლდათ სამმართველოს უფროსების შეკრების ადგილი, სადაც  ონის პოლიციის პირველი პირის დაბადების დღე აღინიშნა. ვიტალი მეტრეველის სადღესწაულო სუფრა სტუმრების ჩხუბით დასრულდა. რის გამოც, ხელმძღვანელი პირების ზესტაფონიდან და ტყიბულიდან რაჭაში გავლილი გზა მათ თანამდებობებთან აღარ დაბრუნდა - ისინი სამსახურიდან დაითხოვეს.

„ყველამ იცის, რომ არაფერი იცის“

ქალაქის ცენტრში, იქ სადაც გამეგეობის შენობა დგას, რესტორანი ახლა დაკეტილია. ადგილობრივები ამბობენ, რომ „ორიონი“ მხოლოდ წინასწარი შეკვეთების დროს ფუნქციონირებს.



ის რაც იშვიათად ხდება, ონში ყველამ იცის. ამიტომ, ჯიპები „ორიონთან“ და ხალხის შეკრება რესტორანში შეუმჩნეველი არ დარჩენილა გვერდით მდებარე მარკეტის გამყიდველისთვის. მაგრამ „მეტი არაფერი დაუნახავს და გაუგია“, თუმცა, ამის მიუხედავად, იცის რომ ჩხუბი არ ყოფილა. ესეც, არაოფიციალურ საუბარში:

„დავიფიცებ ჩემ შვილებს, არაფერი დამინახავს, არც გამიგონია. სუფრა იყო, მაგრამ ჩხუბი არ ყოფილა. შიგნით თუ რამე მოხდა, მე არ ვიცი, გარეთ არაფერი ყოფილა. მანქანები იყო, ზოგი ჯიპი, ზოგი პატარა მანქანა. დავიფიცებ, ნამდვილად არაფერი ვიცი,“ - ამბობს მარკეტის გამყიდველი.

რამდენიმე წუთიანი ფიცის და მტკიცების შემდეგ, მარკეტიდან ჩვენი გამოსვლისთანავე გამყიდველმა „ორიონის“ ადმინისტრატორს დაუძახა.

რესტორნის წარმომადგენელმა „ქუთაისიპოსტის“ შეკითხვები პირადადაც მოისმინა, თუმცა, მასაც „არაფერი გაუგია და არაფერი იცის“.

„ჩვენ არანაირი ჩხუბი არ გაგვიგია, არანაირი ზარალი არ მიგვიღია. ვინ მოიტანა ეს ყველაფერი არ ვიცი. არაფერი არ გამიგია. არაფერი ვიცი“ - ამბობს „ორიონის“ ადმინისტრატორი.

მათ მსგავსად, ქალაქში, რომელიც 4000-მდე მაცხოვრებელს ითვლის, მომხდარზე ყველა დუმს.

ონში პირად საუბარში ამბობენ იმასაც, რომ „აქ ყველამ იცის უნდა თქვას, რომ არაფერი იცის“.

„რაიონული ამბავი“

დუმილის, ფიცის მიუხედავად, ონში მომხდარი ჩხუბი ქალაქისთვის ამბავია, რომელიც „მთელმა რაიონმა გაიგო“. თუმცა, ყველასათვის ცნობილ ამბავზე ადგილობრივები ღიად არ საუბრობენ.

„კონკრეტულად რა მოხდა არ ვიცი. ჩიჩხალი რომ იყო მთელმა რაიონმა გაიგო“.

„პოლიციის უფროსმა გადაიხადა დაბადების დღე, დაპატიჟა თავისი ძმაკაცები. რაღაც შარი ყოფილა, შეუგინებია და მაგიტო ატყდა ჩხუბი. ჩამოსულებმა იჩხუბეს“.

„ყური მოვკარი, რომ იყო ჩხუბი, როდის რა იყო არ ვიცი. სადაც არის მაგის ადგილი, ორგანოში, იქ მიდით და იკითხეთ“.

ოფიციალური ორგანო „დუმილის უფლებით“

ქუთაისიპოსტის მიერ თემაზე მუშაობის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებდნენ. უწყებაში განმარტევდნენ მხოლოდ იმას, რომ ზესტაფონისა და ტყიბულის სამმართველოს უფროსები კადრების დაქვემდებარებაში იყვნენ გადაყვანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოფილი ხელმძღვანელი პირები ძირითად ხელფასს სამი თვის განმავლობაში ჩვეულებრივ მიიღებენ.

ზესტაფონის და ტყიბულის პოლიციის უფროსების გარდა, ქუთაისიპოსტისთვის ცნობილი იყო, რომ ონის რესტორანში მომხდარი შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ თანამდებობა ასევე, დატოვა იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო დეპარტამენტის უფორსმა, მერაბ ჩიხლაძემ. ის, ბუბულაშვილისა და ჩუბინიძის მსგავსად, კადრების დაქვემდებარებაში გადაიყვანეს.

2013-2014 წლებში ზაზა ჩუბინიძეს იმერეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის პოსტი ეჭირა. 2006 წლამდე კი ოზურგეთის პოლიციის უფროსის სავარძელს იკავებდა. ამავე წელს, გენერალური ინსპექციის დასკვნის თანახმად, ზაზა ჩუბინიძეს სისტემაში მუშაობა აეკრძალა.

შსს ოფიციალური განმარტებით

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ონში მომხდარ ფაქტზე ოფიციალური განრმატება დღეს, 5 მაისს გაავრცელა.

„გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა სამსახურებრივი შემოწმება 2016 წლის 7 მაისს, ქალაქ ონში შს სამინისტროს მოსამსახურეებს - ზაზა ჩუბინიძესა და პავლე ბუბულაშვილს შორის მომხდარი კონფლიქტის თაობაზე. შედეგად: შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს უფროსი ზაზა ჩუბინიძე და შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უფროსი პავლე ბუბულაშვილი დათხოვნილი იქნენ შს ორგანოებიდან; შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს შეეფარდა დისციპლინური სახდელი - თანამდებობიდან ჩამოქვეითება: ხოლო შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს გამოეცხადა შენიშვნა. ეს უკანასკნელი, ასევე, ჩამოქვეითებულია თანამდებობიდან.

შესაბამისად, ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ სატელევიზიო ანონსში 2016 წლის 7 მაისს მომხდარი ინციდენტის პოლიციის დღესთან დაკავშირება, (რომელიც 2016 წლის 2 ივნისს აღინიშნა), სრულიად შეუსაბამოა. ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კონფლიქტის დროს პოლიციის აწ უკვე ყოფილ თანამშრომლებს შორის მოხდა მხოლოდ სიტყვიერი და არა ფიზიკური დაპირისპირება, მით უფრო, ნივთის (როგორც მედიასაშუალებით გაჟღერდა - ხელკეტის) გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. ამას ადასტურებს შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების დროს დაკითხულ პირთა აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის, თვითმხილველები და მოწმეები. გამოკითხულია ასევე ჟურნალისტი იმერეთის რეგიონიდან, რომელმაც პირველად გაავრცელა აღნიშნული ინფორმაცია. ფაქტის (ხელკეტების გამოყენება) სარწმუნოობას ვერც იგი ადასტურებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, უწყებაში გადაამოწმონ მათთვის საინტერესო ყველა ინფორმაცია, რათა არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა,“ - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.