საზოგადოება
განსხვავებულობის ფასი
FaceBook
განსხვავებულობა სხვადასხვა გამოწვევის წინაშე აყენებს საზოგადოების ჯგუფებს და ღირებულების გადაფასებას თხოვს ყველა მხარეს.

20 წლის ქუთაისელი ბექა (სახელი შეცვლილია) მისი საყურის, პირსინგისა და ტატუს გამო არაერთხელ გამხდარა ვერბალური აგრესიის სამიზნე.

"როდესაც სხვანაირად გამოიყურები უკვე არასანდო ხარ. თან პირდაპირი ეჭვია იმაზე, რომ სექსუალური ორიენტაციაც ვერ უნდა გქონდეს "წესრიგში", - ამბობს ბექა.

ბექა თვლის, რომ განსხვავებულობა ჩვენს ქვეყანაში დასჯადია.

ქუთაისში, ისე როგორც მთელ საქართველოში არის "დასჯადი საკითხები", რაშიც საზოგადოების გარკვეული ნაწილი და საქართველოში მოქმედი კანონი (კონსტიტუცია) ათწლეულებია ვერ თანხმდებიან. პირველს შეიძლება მიაჩნდეს, რომ ესა თუ ის ქმედება დასჯადი უნდა იყოს, მეორეს კი - არა.

კანონსა და საზოგადოებრივ აზრს შორის ასეთი შეუთანხმებლობა, ძირითადად "განსხვავებულობას", ატიპიურსა და არატრადიციულს ეხება. კანონი არ ადგენს ვის რა უნდა ეცვას, რა უნდა მიირთვას, რა რწმენისა და პოლიტიკური შეხედულების იყოს, როგორი სექსუალური ორიენტაცია გააჩნდეს და მოქალაქეების დნმ რა ტიპის პროგრამას და გენეტიკურ ინფორმაციას უნდა ფლობდეს. სამაგიეროდ, არსებობს "საზოგადოებრივი თვალი", რომელიც აკონტროლებს "დაუწერელ კანონებს" და წლებია საკუთარ "კოდექსში" ცვლილებების შეტანა მაინცადამაინც არ უნდა.

"დაუწერელი კანონის" უცვლელობა ბევრი ფაქტით დადასტურდა და თითქმის, ყველანაირ "განსხვავებულ" ჯგუფსა და პირს გადაწვდა. ბოლოს, "კანონი" ვეგანებსაც შეეხო და მათ მენიუში ცვლილების შეტანა "მოითხოვა".

"დღეს ბევრი ისეთი განსხვავებული მცირე ჯგუფია, რომელთაც ჩაგრავენ საქართველოში. დაჩაგვრაში მხოლოდ ძალის გამოვლინებას არ ვგულისხმობ. ვერბალური ან პასიური ქცევითი აგრესიაც აგრესიაა... როცა უმრავლესობის წევრები თავს ინდივიდებად კი არა, "ხალხად", "მთელ ერად" აღიქვამენ. განსხვავებულის და სუსტის (თუნდაც სრულიად უწყინარის) დაჩაგვრის, მასზე გამარჯვების პირველყოფილი ინსტინქტები თავისას შვება და ვიღებთ ამ სიმახინჯეებს, რასაც დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში მრავლად ვაწყდებით", - მიაჩნია ჟურნალისტ, თეონა გეგუჩაძეს.

საკითხის ადგილიდან დაძვრის პრობლემის მიზეზს საზოგადოების ნაწილი განათლების სისტემის ძველი ინერციით სვლაში ხედავს, რომელიც კვლაც ერთნაირობის პრინციპს ეფუძნება.

"რეალურად, საზოგადოებაში ფასეულოების გადაფასება არ მომხდარა. არ შეცვლილა განათლების სისტემა, რომელმაც ცალკეულ ინდივიდს კითხვების დასმა და მოწოდებულის კრიტიკულად გააზრება უნდა ასწავლოს. რეალურად, არ გაუთავისებიათ ადამიანებს, რომ ცალკეულ პირს სრული უფლება აქვს ჩაიცვას, იფიქროს, თმა შეიჭრას, საყურე გაიკეთოს ან ღმერთი იწამოს ისე, როგორც მას სურს და სინდისი უკარნახებს", - ამბობს თეონა გეგუჩაძე.

სკოლაში ცალკეული პირის უფლების დარღვევაზე ყვება სოფო გ-ც.

"ჩემს შვილს სერიოზული პრობლემები შეექმნა ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში. ჩონჩხის გამოსახულებიანი მაისურისა და "სხვანაირი" ვარცხნილობის გამო სატანისტი დაუძახეს. ეს აგრესია მოდიოდა როგორც მასწავლებლიდან ისე, მოსწავლეებიდანაც. ბავშვმა ძალიან განიცადა, ისტერიკა დაემართა", - აღნიშნავს სოფო გ.

წინა წლებში მომხდარი ფაქტების გათვალსიწინებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში აგრესიისგან დაზღვეული არც ერთი "განსხვავებული" არ არის. თუმცა, ამ ადამიანებსა და ჯგუფებს შორისაც არიან გამორჩეულები.

"დღეისთვის საქართველოში არაჰეტეროსექსუალების მიმართ გამოვლენილ აგრესიას, მგონი, ვერავინ აჭარბებს",- მიაჩნია თეონა გეგუჩაძეს.

ამას ადასტურებს ერთ-ერთი ბოლო კვლევა, რომელიც ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა (WISG) ჩაატარა. კვლევის მიხედვით, რომელიც საქართველოს მასშტაბით განხორციელდა, გამოკითხულთა 66,4% თანახმაა, რომ ლგბტ ადამიანებს შეკრების და გამოხატვის უფლება შეეზღუდოს. ნაწილობრივ, შეზღუდვებს მხარს უჭერს 14,1%, ნეიტრალურადაა განწყობილი 4,3%, არ ეთანხმება 5,5%.

"დაუწერელი კანონები" დიდ კონკურენციაში აბამენ "დაწერილს" და ხშირად უგებენ კიდეც "პროცესებს". "პროცესების წაგების" მიზეზებს დაწერილი კანონების მომხრეები იმაშიც ხედავენ, რომ არაჰომოფიბი და არაქსენოფობი პირები პრობლემის მოგვარებას არ ცდილობენ, არამედ საკუთარი გონიერებითა და ტოლერანტობით ტკბებიან.

"მე თუ ჰომოფობი არ ვარ და დავძლიე განსხვავებულის შიში, ეს ნიშნავს იმას,რომ სხვა ადამიანებსაც ვეხმარები გაგებაში, თუ ჩემი არაჰომოფობობა, მჭირდება იმისვის, რომ "კაი ტიპის" საშვი მქონდეს და "ვიღლიცინო" ბნელებზე?! ამით იმის თქმა მინდა, რომ საზოგადოების განვითარებისთვის არ ვზრუნავთ... სანამ თითოეული ჩვენგანი საკუთარ განსხვავებულობას აღვიქვამთ, როგორც პრიორიტეტს, არ უნდა გვიკვირდეს, რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს პრობლემები", - მიაჩნია ჟურნალისტ, ანი კალმახელიძეს.

განსხვავებულობა სხვადასხვა გამოწვევის წინაშე აყენებს საზოგადოების ჯგუფებს და ღირებულების გადაფასებას თხოვს ყველა მხარეს იმიტომ, რომ განსხვავებულობას სხვა ფასი აქვს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.