საზოგადოება
რას მოუტანს ახალი მოთხოვნები თხილის ბიზნესს
FaceBook
თხილის ბიზნესი მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან კანონრეგულაციების ამოქმედების მოლოდინშია.

ახალი ტექნიკური რეგლამენტი თხილის კალიბრაციის განსაზღვრას, შეფუთვას, ტრანსპორტირებისა და ეტიკეტირების წესების დაცვას ითვალისწინებს. რეგულაციების ინიციატორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ცვლილებებს საექსპორტო პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ხსნის.

რეგლამენტის დაწესება, იმერელი მეწარმეების ნაწილს არამომგებიანად მიაჩნიათ. მათი მოსაზრებით, ეს ბიზნესს დააზარალებს. თუმცა, ბიზნესოპერატორების ნაწილი კანონის ამოქმედებას ემხრობა.

იმერეთში თხილის გადამამუშავებელი საწარმო "თხილის ქვეყნის" მეპატრონე, რომელიც პროდუქტის ექსპორტს ახორციელებს, ბიზნესის ჩავარდნაზე საუბრობს.

"მეწარმეების უმრავლესობა წაგებაზე მუშაობს. გასულ წელს, ჩვენს საწარმოს 140 000 ლარი ვალად დაედო და ამ დრომდე ვერ შევძელით ანგარიშის გასწორება," - განმარტავს შპს "თხილის ქვეყნის" ხელმძღვანელი, ფრიდონ დვალიშვილი.

წარმოების თანამშრომლებს თხილის საექსპორტო პარტიაზე სახელმწიფოს მხრიდან ახალი კანონის გატარება აშინებთ და ამბობენ, რომ ეს საწარმოს ხარჯებს გაზრდის.

"რეგულაციები, ალბათ დამატებით ხარჯებსაც გააჩენს, თუმცა იმ ფონზე, როცა თხილის ფასი ეცემა, კიდევ უფრო გაგვიჭირდება მუშაობა,"- აცხადებენ შპს "თხილის ქვეყანაში".

თხილის გადამამუშავებელ საწარმოში, რომელიც ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მდებარეობს 40 თანამშრომელია დასაქმებული. ისინი ყოველდღიურად პროდუქტის გადარჩევასა და გადამუშავებას ახორციელებენ.



დასაქმებულების მთავარი საწუხარი ამ ეტაპზე, თხილის დღევანდელი ღირებულებაა.

ამ დროისთვის ერთი კილოგრამი დაურჩეველი თხილის ფასი ოთხ ლარია. გარჩეული თხილის ღირებულება კი 6 აშშ დოლარს შეადგენს, რაც ოთხი დოლარით ნაკლებია პროდუქტის შარშანდელ ღირებულებაზე.

"ჩვენი თხილის ხარისხი მაღალია, რადგან პროდუქტზე ძალიან დაბალია ალფა ტოქსინების შემცველობა, ამას ისიც ადასტურებს, რომ შემოწმების დროს არასდროს არ მომხდარა პროდუქტის დაწუნება,"- აცხადებენ "თხილის ქვეყანაში."

რაც შეეხება მეწარმეების მოსაზრებას, რომ ახალი კანონის გატარება საწარმოს ხარჯებს გაზრდის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ იზიარებენ.

"ახალი სტანდარტები განაპირობებს საექსპორტო პროდუქტის სტაბილურ ფასს და ხარისხს," – ამბობს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსი, თენგიზ კალანდაძე.

ქართული თხილი ექსპორტზე ვანში არსებული საწარმო "ვანი ნათსიდან" გერმანიაში გააქვთ. თუმცა, კომანიაში აცხადებენ, რომ გასული წლისგან განსხვავებით, საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის განახევრებული რაოდენობა გაგზავნეს.

ექსპორტის შემცირების მიზეზად საწარმოს თანამშრომლები წლევნადელი მოსავალის ხარისხს ასახელებენ.

"თხილის გული მცირე ზომის და გამომშრალი იყო,"- ამბობს "ვანი ნათსის" მფლობელი რამაზ ტყეშელაშვილი.

საწარმოში განმარტავენ, რომ საქართველოში გლეხები სათანადოდ ვერ ახერხებენ თხილის პლანტაციების მოვლას, რაც მოსავლის ხარისხზე აისახება.

"გლეხის დონეზე უნდა მივიდეს ეს ახალი კანონრეგულაციები, რომ სათანადოდ მოუარონ მოსავალს, კარგად უნდა მოხდეს ნიადაგის აზოტით დამუშავება და შემდგომ თხილის გაშრობა, რაც ნამდვილად დადებს ხარისხს," - აცხადებენ "ვანი ნათსის" ხელმძღვანელობაში.

საექსპორტოდ გამზადებული ქართული თხილის ავკარგიანობა სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების მიერ გაკონტროლდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის ინფორმაციით, შემთხვევაში, თუ ქართული თხილის ხარისხი საერთაშორისო ბაზარზე მოსახვედრად აუცილებელ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, პროდუქტი ექსპორტზე არ დაიშვება.

უწყებაში განმარტავენ, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე თხილის ექსპორტი, სწორედ დაბალი ხარისხის მიზეზით შემცირდა.

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წელს საქართველოდან 184 მილიონი აშშ დოლარის თხილი გავიდა, ხოლო 2015 წელს ექსპორტის მოცულობამ 176 მილიონი დოლარი შეადგინა.

საექსპორტო თხილზე ხარისხის კონტროლის დაწესებას დადებითად აფასებენ საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა კავშირში.

"ახალი რეგულაციების დაწესება დროული და აუცილებელი იყო," – ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ირმა ხვედელიანი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

ექსპერტების ვარაუდით, სამინისტროს ახალი რეგულაციები საერთაშორისო ბაზარზე ქართული თხილისადმი ნდობასთან ერთად, მოთხოვნას გაზრდის.
თხილის ბიზნესი მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან კანონრეგულაციების ამოქმედების მოლოდინშია.

პროდუქტზე ახალი საკონტროლო რეგლამენტის დაწესება, იმერელ მეწარმეებს არამომგებიანად მიაჩნიათ და თვლიან, რომ ეს ბიზნესს წამგებიანს გახდის.

იმერეთში თხილის გადამამუშავებელი საწარმოების მეპატრონეები, რომლებიც პროდუქტის ექსპორტს ახორციელებენ, ბიზნესის ჩავარდნაზე საუბრობენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.