საზოგადოება
რიონისპირა სახლები — რვაწლიანი დაპირება, შეჩერებული პროექტი და პასუხგაუცემელი კითხვები
FaceBook

ქუთაისის ერთ-ერთ უძველეს უბანში, რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია ხელისუფლების იმ დაპირებებს შორის რჩება, რომელიც წლების შემდეგაც არ შესრულებულა.


პროექტი, რომელიც 2018 წელს, წინაასაარჩევნოდ,  ქუთაისის მერიამ ქალაქისთვის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ინიციატივად წარადგინა, დღემდე ჩიხშია.

 

რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა 2019 წელს მაშინდელმა მუნიციპალური განვითარების ფონდმა (ყოფილი რეგიონული განვითარების ფონდი) დაიწყო.


ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული გახდა შპს „კარკასი“, რომელთანაც 2019 წლის 11 ივნისს 799 999 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა.


სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიას საპროექტო მომსახურება ოთხ ეტაპად უნდა შეესრულებინა და სამუშაოები 2020 წლის თებერვალში დაესრულებინა. თუმცა სწორედ ვადების საკითხი გახდა დავის მიზეზი.


მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებდა, რომ შპს „კარკასი“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებს არღვევდა, რის გამოც შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება არ მოხდა. თავის მხრივ, კომპანია ბრალდებას უარყოფდა და აცხადებდა, რომ პროექტის დაგვიანება მათ ბრალეულობას არ უკავშირდებოდა.


კომპანიის განმარტებით, დამკვეთი მათ მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას დროულად არ განიხილავდა, ხოლო იმის გამო, რომ ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონეა, პროექტის შეთანხმება შესაბამის უწყებასთან დამატებით დროს მოითხოვდა.

დავა საბოლოოდ სასამართლოში გადავიდა და პროცესი უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. ამ დროის განმავლობაში რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია არ დაწყებულა.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი თავდაპირველად ქუთაისის მერიის ერთ-ერთ მთავარ დაპირებად იყო წარმოდგენილი, ადგილობრივი თვითმმართველობა დღეს პროცესის უშუალო მონაწილე აღარ არის.


პროექტის დამკვეთი მუნიციპალური განვითარების ფონდი იყო, შესაბამისად, რეაბილიტაციის ბედი სწორედ ამ უწყების გადაწყვეტილებებს დაუკავშირდა.


ქუთაისიპოსტმა 20 მაისს ოფიციალური წერილით მიმართა მუნიციპალური განვითარების ფონდს. კითხვები შეეხებოდა სასამართლო დავის მიმდინარეობას, პროექტის მომავალს და იმას, რა ეტაპზეა რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია. თუმცა ამ დრომედ პასუხი არ გაუცია.


რიონისპირა სახლების ისტორია დღეს მხოლოდ შეუსრულებელ დაპირებაზე აღარ მიუთითებს. ის აჩენს კითხვებს სახელმწიფო უწყებებს შორის პასუხისმგებლობის განაწილებაზე, მრავალწლიანი სასამართლო დავის გავლენაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე და იმაზე, ვინ აგებს პასუხს პროექტზე, რომლის განხორციელებას ქუთაისელები უკვე რვა წელია ელოდებიან.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისელი მხატვარ-მოქანდაკის, ბერნარდ ნებიერიძის ოჯახი შესაძლოა
საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლონ.
19:03 / 23.06.2026

ქუთაისელი მხატვარ-მოქანდაკის, ბერნარდ ნებიერიძის ოჯახი შესაძლოა საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლონ.

წყალტუბოს სამი ყოფილი სანატორიუმი — „მედეა“,
„მეშახტე“ და „ცისკარი“ — კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაშია,
მიტოვებულია და ნგრევის პირასაა.
13:33 / 17.06.2026

წყალტუბოს სამი ყოფილი სანატორიუმი — „მედეა“, „მეშახტე“ და „ცისკარი“ — კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაშია, მიტოვებულია და ნგრევის პირასაა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.