ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ახლა ტექნოლოგიური ჰაბი უნდა
ფუნქციონირებდეს
— ყოველ შემთხვევაში, ასეთი იყო „ქართული ოცნების“
პრემიერ-მინისტრის
ირაკლი კობახიძის მიერ 2024 წელს, წინასაარჩევნო
პერიოდში გამოცემული
განკარგულება. დოკუმენტის მიხედვით, ჰაბი სწორედ
2025 წელს უნდა გახსნილიყო.
თუმცა, განკარგულების გამოცემიდან ორი წლის შემდეგაც სამუშაოები ჯერ
კიდევ არ დასრულებულა.
ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის პროექტზე
12 მილიონი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული.
პროექტი 2023 წელს დაანონსდა.
პროექტი მიზნად ისახავს შენობის მრავალფუნქციურ ინოვაციურ სივრცედ
გადაქცევას, სადაც განთავსდება ტექნოლოგიური მუზეუმი, სტარტაპების
მხარდამჭერი გარემო, ლაბორატორიები და სხვა
საგანმანათლებლო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა.
ამ ეტაპზე შესრულებულია სამუშაოების მხოლოდ ნაწილი —
მიმდინარეობს შიდა სივრცეების მოწყობა, განათების სისტემების მონტაჟი
და გარე პერიმეტრის მოწყობითი სამუშაოები.
ქუთაისში საკანონმდებლო ორგანო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების
გადაწყვეტილებით 2018 წლის ბოლოს გაუქმდა. ქუთაისელების
წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტმა მუშაობა დედაქალაქში
გააგრძელა.
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობას, საკანონმდებლო
ორგანოს თბილისში დაბრუნებიდან მხოლოდ 6 წლის შემდეგ მოუძებნეს ფუნქცია.
ამ ხნის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება შენობის
მომავალთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიას განიხილავდა.
თავდაპირველად შენობაში
საპოლიციო ჰაბის განთავსება იგეგმებოდა.
2019 წელს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყოფილი საკანონმდებლო
ორგანოს
შენობაში საკონფერენციო დარბაზის მოწყობის იდეა
გააჟღერა.
ერთი წლის შემდეგ გადაწყვეტილება შეიცვალა და "ოცნების" მაშინდელმა
პრემიერმა
გიორგი გახარიამ შენობის გაყიდვაზეც ისაუბრა.
მორიგი დაპირება 2022 წელს გაჩნდა, როცა მაშინდელმა პრემიერმა ირაკლი
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი
მოეწყობოდა.
ამ დაპირებიდან კიდევ ორი წელი გავიდა და ტექნოლოგიური ინოვაციების
ცენტრის პრეზენტაცია 2024 წელს,
საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე
გაიმართა.
მანამდე კი, ვიდრე ხელისუფლება სხვადასხვა ფუქნციას უძებნიდა
შენობა ექვსი წლის განმავლობაში მიტოვებული იყო და ნადგურდებოდა.
საკანონმდებლო ორგანო თბილისიდან ქუთაისში 2012 წელს
გადავიდა.
მასალის გამოყენების პირობები