საზოგადოება
4 წელი, 17 ცვლილება და დახარჯული 5 მილიონზე მეტი - პროექტი, რომელიც ვერ დასრულდა
FaceBook
ერთ წელიწადში დასასრულებლად განსაზღვრული სამშენებლო ობიექტი ოთხი წლის შემდეგაც დაუსრულებელია.
საუბარია ყოფილი მუზეუმის შენობის ადგილას საგამოფენო სივრცეზე, რომლის მშენებლობა 2022 წლიდან მიმდინარეობს.

თავდაპირველი ხელშეკრულებით სამუშაოები ერთ წელიწადში უნდა დასრულებულიყო, თუმცა მერიამ დოკუმენტში 17-ჯერ შეიტანა ცვლილება. 

ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოების ნაწილი დასრულებულია, თუმცა ობიექტის შიდა სივრცე ჯერ კიდევ მოსაწყობია.

მერიაში არ იციან კონკრეტულად  თუ როდის  გახსნიან საგამოფენო სივრცეს, რადგან მათი თქმით, შიდა სივრცის მოსაწყობად საჭირო პროექტზე მუშაობენ.  

სინამდვილეში კი, ობიექტის შიდა და გარე სივრცეების პროექტი შპს NS Studio-მ მოამზადა და არსებული სამშენებლო სამუშაოებიც სწორედ ამ პროექტის მიხედვით შესრულდა.


რა ხდება 5 მილიონზე მეტი ლარის ღირებულების ობიექტზე

ამ დროისთვის საგამოფენო სივრცის ძირითადი ნაწილი დასრულებულია, თუმცა ტერიტორიაზე კვლავ რჩება სამშენებლო მასალები და მიმდებარე ტერიტორია მოუწესრიგებელია. ამასთან, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი და 5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ობიექტი უკვე დაზიანებულია — დამტვრეულია კიბის საფეხური.


ყოფილი მუზეუმის ადგილზე მრავალფუნქციური შენობის მშენებლობას კომპანია „ართვინ ჯორჯია“ 5 230 932 ლარის სანაცვლოდ ახორციელებდა, საიდანაც უკვე მიღებული აქვს თანხის 99% — 5 177 990 ლარი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი სამუშაოები დასრულებულია, ხოლო ობიექტის გახსნასა და სხვა დეტალებზე პასუხისმგებლობა მერიას ეკისრება.

NS Studio-ს მიერ მომზადებული კონცეფცია

მერიაში აცხადებენ, რომ სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია და ამ ეტაპზე თავად მუშაობენ მხოლოდ შიდა სივრცის მოწყობის პროექტზე.
თუმცა რეალურად, ობიექტის არქიტექტურული კონცეფცია შპს „NS Studio“-ს მიერ არის მომზადებული. აღნიშნული კონცეფციის მიხედვით, შენობა თავიდანვე გათვლილი იყო, როგორც სრულად ფუნქციური საგამოფენო სივრცე — საგამოფენო დარბაზებითა და სხვადასხვა საზოგადოებრივი დანიშნულების შიდა სივრცეებით.

კონცეფცია ასევე, მოიცავდა შიდა სივრცის ფუნქციურ დაგეგმარებას, რაც განსაზღვრავდა ობიექტის საბოლოო არქიტექტურულ და გამოყენებით ფორმას.

სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები მოიცავდა არა მხოლოდ სამშენებლო და კონსტრუქციულ ნაწილს, არამედ შიდა სივრცეების მოწყობასაც — მათ შორის საგამოფენო დარბაზებისა და მოსაპირკეთებელი სამუშაოების შესრულებას.

„ქუთაისიპოსტმა“ შიდა ინტერიერის პროექტირებასთან დაკავშირებით მიმართა „NS Studio“-ს და ვკითხეთ, მათ მიერ შესრულებული სამუშაოები ხომ მოიცავდა ინტერიერის მოწყობის პროექტსა:

„გიდასტურებთ, რომ ნს სტუდიომ ქუთაისის მულტიფუნქციური არტ-ცენტრის მუსაობისას შეასრულა ინტერიერის პროექტიც“,  - გვიპასუხეს კომპანიაში.

ამ პროექტირების შესახებ ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზეც ხელმისაწვდომია.

თუ მერიას ამ სტუდიოს მიერ შესრულებული შიდა სივრცის პროექტი არ მოსწონდა, გაუგებარია, რატომ ვერ მოახერხა  ალტერნატიული პროექტის მომზადება ამ ოთხი წლის განმავლობაში.

ზოგადად, ქუთაისის მერიის არათანმიმდევრულობა პროექტის განხორციელებისთანავე გამოიკვეთა: თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ შენობა არ დაინგრეოდა; შემდეგ თქვეს, რომ მხოლოდ წინა ფასადი შენარჩუნდებოდა; საბოლოოდ კი შენობა სრულად დაანგრიეს.

###

მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის მოსაწყობად ტენდერი (NAT220012810) 2022 წლის ივლისში გამოცხადდა. სამუშაოების გაჭიანურება პროექტში შეტანილმა ცვლილებებმა გამოიწვია — პირველ ეტაპზე ობიექტის მდგრადობა სათანადოდ არ იყო შესწავლილი, მოგვიანებით კი საგამოფენო სივრცისთვის გათვალისწინებული მუზეუმის შენობის სამივე ფასადი დაიშალა.

იმის გამო, რომ შენობის მდგრადობაზე ექსპერტიზის ჩატარება მერიამ დაგვიანებით, უკვე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, პროტესტის შემდეგ გადაწყვიტა, შპს „NS Studio“-ს პროექტის შეცვლა მოუხდა როგორც კონსტრუქციულ, ისე არქიტექტურულ ნაწილში.

საბოლოოდ, მუზეუმის ყოფილი შენობის სამივე კედელი დაიშალა, რომელთა გამოყენებაც თავდაპირველი პროექტით იყო დაგეგმილი. შედეგად, სამშენებლო კომპანია „ართვინ ჯორჯიას“ ახალი კედლების აშენება მოუწია, სადაც გამოყენებულია ძველი ფასადებიდან შემორჩენილი დეტალები და ორნამენტები.

თავდაპირველი ხელშეკრულებით კომპანიას სამუშაოები 4 997 921 ლარის სანაცვლოდ და 2023 წლის თებერვლამდე უნდა დაესრულებინა. თუმცა, დოკუმენტში მალევე პირველი ცვლილება შევიდა, შემდეგ მეორე. საბოლოოდ, კი დოკუმენტში 17 ცვლილება განხორციელდა.  ჯერ გადაიწია ვადები, შემდეგ კი, ვადის ზრდასთან ერთად, გაიზარდა ბიუჯეტიც.

საბოლოოდ, პროექტის ღირებულებამ 5 230 093 ლარი შეადგინა.

ქუთაისში, მუზეუმის ყოფილი შენობის ადგილას, მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის მოწყობითი სამუშაოები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

###
ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობა 1860 წელს აშენდა. 2013 წლამდე აქ მუზეუმი ფუნქციონირებდა. 2012 წლის 9 იანვარს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მაშინდელი მინისტრის ბრძანებით, ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მოეხსნა. 2017 წელს, ფუნქციის გარეშე დარჩენილ შენობაში ბიზნესმენი თემურ ჭყონია სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ, შეთანხმება არ შედგა.წლების განმავლობაში მერიამ შენობას ფუნქცია ვერ მოუძებნა. ისტორიულ ნაგებობას ერთადერთი დატვირთვა ჰქონდა - ადგილობრივი ხელისუფლება მის ფასადს ქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველი ბანერების გამოსაფენად იყენებდა.


ამავე თემაზე:



კიდევ ერთი ტენდერი, ქუთაისში, საგამოფენო სივრცის მოსაწყობად - რას მოიცავს სახელმწიფო შესყიდვა

საგამოფენო სივრცე ცენტრალურ მოედანზე - საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი პროექტი

კედლები ამოყვანილია - საგამოფენო სივრცე, რომლის მოწყობა დასრულებული უნდა იყოს

გადავადებულია წლის ბოლომდე - საგამოფენო სივრცის მოწყობის პროექტში ცვლილებები შევიდა

მუზეუმის ყოფილი შენობის დანგრევის შემდეგ, საგამოფენო სივრცისთვის საჭირო კედლებს თავიდან აშენებენ

ქუთაისში, მუზეუმის ყოფილი შენობის ერთადერთი კედელიც დაშალეს

ქუთაისში, საგამოფენო სივრცის მოწყობის პროექტში ცვლილებები შევა

ცენტრალურ მოედანზე მუზეუმის ყოფილი შენობის კედელს შლიან

რა ბედი ელის მუზეუმის ყოფილი შენობის ფასადს - ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცე - სამუშაო ვადებსა და იერსახეში აბნეული პროექტი

მერია მუზეუმის შენობის ფასადის მდგრადობას სამუშაოების დაწყებიდან 6 თვის შემდეგ შეისწავლის

ქუთაისის მუზეუმის ყოფილი შენობის ფასადის ნაწილი ჩამოიშალა

"დროებით შეჩერდეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები"- არქიტექტორი ხელისუფლებას მიმართავს

ცენტრალურ მოედანზე საგამოფენო სივრცის მოწყობითი სამუშაოები დაიწყო

რა ისტორია უკავშირდება მუზეუმის ყოფილ შენობას, სადაც ახალი სივრცე უნდა მოეწყოს


Print