საზოგადოება
სამხედრო პენსიონერს გაურკვეველი მიზეზებით პენსია შეუწყვიტეს - სამინისტრო კითხვებს არ პასუხობს
FaceBook
სამხედრო პენსიონერს ტარიელ დათიაშვილს (რომელსაც აფხაზეთის ომში მიყენებული ტრავმის გამო (ფეხი დაკარგა) დაენიშნა პენსია), 2015 წლის ნოემბრიდან პენსია შეუწყდა. თუმცა შეწყვეტის მიზეზი მისთვის ამ დრომდე უცნობია.

დათიაშვილი ამბობს, რომ პენსიის შეწყვეტის სავარაუდო მოტივი მისი დასაქმება შეიძლება გამხდარიყო.

ტარიელ დათიაშვილმა გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო სკოლაში მუშაობა კინოცენტრის, კულტურისა და განათლების სამინისტროს ერთობლივ პროექტში "კინო სკოლაში "- კინოს მასწავლებლად.

პენსიის,  რომლის რაოდენობა 122 ლარს შეადგენს, შეწყვეტის შემდეგ ტარიელ დათიაშვილს არ მისვლია ცნობა ჯანდაცვის სამინისტროდან, სადაც განმარტებული იქნებოდა პენსიის შეწყვეტის მიზეზები.

"მეხუთე თვეა რაც პენსიას არ ვიღებ და ჯერ არანაირი განმარტება არ მომსვლია პენსიის შეწყვეტასთან დაკავშირებით", -აღნიშნა ტარიელ დათიაშვილმა.

დათიაშვილი პროექტში "კინო სკოლაში" მონაწილეობის პერიოდში გარკვეულ ანაზღაურებას იღებს, თუმცა პროექტი ნახევარწლიანია. დანარჩენი პერიოდი დათიაშვილი ყველანაირი შემოსავლის, მათ შორის პენსიის გარეშე რჩება.

საქართველოს კანონის პენსიის შესახებ მე-17 მუხლში განმარტებებულია, თუ რის საფუძველზე შეიძლება შეუწყდეს მოქალაქეს პენსია. მე-17 მუხლის ბ პუნქტში აღნიშნულია, რომ შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი საჯარო სამსახურში დასაქმება შეიძლება გახდეს. მაგრამ, ამავე კანონის მე-4 მუხლში განმარტებულია, რა იგულისხმება საჯარო სამსახურად.

მე-4 მუხლის გ პუნქტის თანახმად საჯარო საქმიანობა არის "საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც მიეკუთვნება საჯარო საქმიანობას, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო..."

შესაბამისად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმება არ ითვლება საჯარო სამსახურად, ამიტომ სკოლაში მასწავლებლად მუშაობის დაწყება ვერ გახდებოდა პენსიის შეწყვეტის მიზეზი. თუმცა დათიაშვილისთვის პენსიის შეწყვეტა სწორედ მის სკოლაში დასაქმების პერიოდს ემთხვევა.

"ქუთაისიპოსტმა" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში ოფიციალური წერილი გაგზავნა, სადაც განმარტებას ვითხოვდით დათიაშვილისთვის პენსიის შეწყვეტის მიზეზებზე. თუმცა, სოციალური მომსახურების სააგენტომ 12 დღიანი ლოდინის შემდეგ წერილის პასუხად სამინისტროს ცხელ ხაზზე გადაგვამისამართა. ცხელ ხაზზე დაკავშირება ვერ მოხერხდა ჩვენი მხრიდან ორდღიანი მცდელობის მიუხედავად, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროდან პასუხები ვერც სამინისტროს ცხელი ხაზიდან მივიღეთ.

აღნიშნულის გამო, დათიაშვილისთვის პენსიის შეწყვეტის მიზეზები ამ დრომდე გაურკვეველი რჩება.

"რამდენი სამხედრო პენსიონერი ეყოლებათ დასაქმებული?! ალბათ თითებზე ჩამოსათვლელი და 100 ლარით ჩემნაირ ადამიანებთან ვაჭრობა ამორალობა მგონია", - ამბობს დათიაშვილი.

"მოქალაქეს პირველ რიგში უნდა მოსვლოდა ცნობა, თუ რის საფუძველზე შეუწყდა პენსია და მეორე - საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობა არ ნიშნავს საჯარო სამსახურში დასაქმებას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში პენსიის შეწყვეტის სამართლებრივი მიზეზები არ ჩანს", - აღნიშნავს საიას ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი სანტურიანი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.