ავთენტურობა ქალაქს უნიკალურ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს და
ხელს უწყობს მის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.
სხვა დიდ ქალაქებთან შედარებით, ქუთაისი, ჯერჯერობით, ინარჩუნებს
ავთენტური ქალაქის სახეს. თუმცა, სპეციალისტების ამბობენ, რომ ბოლო
წლებში თვალშისაცემი გახდა, განსაკუთრებით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში
უხეში ჩარევები, რომელიც ამოვარდნილია საერთო არქიტექტურიდანაც და
ხშირ შემთხვევაში შლის ისტორიულ წარსულსაც. ეს მაშინ როცა, ავთენტური
ქალაქები, როგორც წესი, უფრო მიმზიდველია როგორც ტურისტებისთვის,
ასევე, ინვესტორებისთვის.
სფეროს სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ უსახური შენობები ქუთაისის
განვითარების გენერალური გეგმის არქონის შედეგია, რომელითაც უნდა იყოს
განსაზღვრული არა მხოლოდ ქალაქის ისტორიული იერ-სახის შენარჩუნება,
არამედ, მისი თანმიმდევრული, მდგრადი და გეგმაზომიერი განვითრება. ეს
ყველაფერი წლებია ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მომავლის დაპირებად
რჩება. ამჯერად, დოკუმენტზე მუშაობის დასრულების თარიღად 2026 წელი
სახელდება.
***
ქუთაისში ისტორიული ობიექტის ისერსახის შენარჩუნების მიზნით, ბოლოს
პეტიცია 2023 წელს შეიქმნა. მაშინ საზოგადოების დიდი ნაწილი
უკმაყოფილებას გამოთქვამდა "ოქროს ჩარდახის" რეაბილიტაციის შედეგად
ქალაქის იერსახის ცვლილების გამო.
"ოქროს ჩარდახის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტმა პროფესიულ
წრეებსა და საზოგადოების დიდ ნაწილში ლეგიტიმური კითხვები გააჩინა.
ერთ-ერთი პრობლემური საკითხია, რომ პროექტში მოცემული კონსტრუქციული
გადაწყვეტა არ ითვალისწინებს ნაგებობის ჩვენამდე, ყველაზე ავთენტური
ფორმით მოღწეული პირველი სართულის რიყის ქვით ნაგები კედლებისა და
თაღოვანი კონსტრუქციების პირვანდელი სახით შენარჩუნებას. უფრო მეტიც,
დაუშვებელია შენობის პირველი სართულის აღნიშნული თაღების შემინვა
ლითონის ფანჯრებით. ეროვნული კატეგორიის ძეგლზე ნებისმიერი ტიპის
ჩარევა, განსაკუთრებულ სიფრთხილესა და ფაქიზ მიდგომას მოითხოვს.
ძეგლმა არ უნდა დაკარგოს ის ავთენტური სახე, რომელმაც ჩვენამდე
მოაღწია", - აღნიშნული იყო პეტიციაში.
"ოქროს ჩარდახის" შემდეგ ჯერი ცენტრალურ მოედანზე განთავსებული
მუზეუმის ყოფილი შენობაზე მიდგა. დადებული პირობის მიუხედავად,
შეინარჩუნებდნენ ფასადს, მასზე დატანილი უნიკალური ორნამენტების გამო.
თუმცა, ობიექტი, პირვანდელი სახით, მაინც დაანგრიეს.
მორიგი სამიზნე "გუბერსკის" ციხის ყიფილი შენობაა, რომელსაც
დასანგერვად ამზადებენ და მის ნაცვლად, მრავლფუნქციურ კორპუსის
ჩადგმას გეგმავენ.
ისტორიკოსები ამბობენ, რომ ქალაქში, რომელსაც 3500 წლიანი ისტორია
აქვს, ასე არ უნდა ნადგურდებოდეს ის მნიშვნელოვანი სიძველეები,
რომელიც ქუთაისს განსაკუთრებულს ხდის.
"მე-19 საუკუნის განაშენიანების ერთ-ერთი ნიმუში იყო ქუთაისის
ისტორიული მუზეუმის ყოფილი შენობაც, რომელიც დაუდევრობით თუ
შეგნებულად, ფაქტია, რომ განადგურდა. რეკონსტრუქცია როდესაც დაიწყეს,
ფაქტობრივად, თავზე ჩამოენგრათ შენობა. მუზეუმი, როგორც ძველი
განაშენიანების ნიმუში, რეალურად აღარ არსებობს და ახლა მის მაგივრად
იქნება არაავთენტური შენობა, ყალბი ფასადით. ახალ ნაგებობაში
ავთენტური შენობის ფასადის დეტალებსაც კი აღარ იყენებენ. ახალი ქვით
აპირკეთებენ. ასეთი მიდგომა არის დაუშვებელი და ამას კულტურული
მემკვიდრეობის განადგურება ჰქვია. იგივე მეორდება ქუთაისის საგუბერნიო
ციხის შემთხვევაშიც, როდესაც ის, როგორც ისტორიული მემკვიდრეობა,
გაქრება და განადგურდება", - განმარტავს ისტორიკოსი დავით
ხვადაგიანი.
წაშლილი ისტორიის გარდა, ტურიზმის სფეროში დასაქმებულები აღნიშნავენ,
რომ თუკი ასეთი ტენდენცია გაგრძელდა, ათი წლის შემდეგ საინტერესო
ისტორიის მქონე ქალაქი არამიმზიდველი გახდება უცხოელი
ვიზიტორებისთვის. ეს მაშინ როცა, ქუთაისს, მეტნაკლებად, აქცენტი
ტურიზმის განვითარებაზე აქვს გადატანილი.
ტუროპერატორები ამბობენ, რომ ქალაქში მშენებლობი უნდა განვითარდეს,
მაგრამ ამას არ უნდა შეესწიროს ისტორია, რაც ქუთაისს სხვა
ქალაქებისგან გამოარჩევს.
"ქუთაისში არავინ არ მოდის, რომ ნახოს თანამედროვე ტიპის შენობები. აქ
მოდიან ჩვენი სიძველეების სანახავად. წლებია ამ სფეროში ვმუშაობ და
ვიცი უცხოელი ტურისტების ინტერესი", - ამბობს გიდი დეა
მანაგაძე.
ტურიზმის სფეროს სპეციალისტის, კონსტანტინე ჭარხალაშვილის თქმით, ის,
რომ ქუთაისს სტრატეგიული განვითარების გეგმა არ აქვს, სწორედ ამის
დასტურია ქალაქში პირად ინტერესზე და გემოვნებაზე მორგებული
მშენებლობები თუ განახლებული ობიექტები.
"ამათ ("ქართული ოცნების" ხელისუფლებას) ქალაქის განვითარება და
ურბანიზაცია უაზრო შენობების ჩადგმა, სასტუმროების და სხვა კორპუსების
აშენება ჰგონიათ. იცით, ეს უბედურება რატომ გვაქვს?! იმიტომ, რომ
ქალაქს არ გააჩნია განვითრების გეგმა. ეს დოკუმენტი რომ იყოს, ყველა
თავის ჭკუაზე ვერ ააშენებდა რაღაც სისულელეებს ქალაქის ცენტრში. როგორ
შეიძლებოდა იყოს ეს სიმახინჯეები, რაც ქალაქის ცენტრშია", - ამბობს
კონსტანტინე ჭარხალაშვილი.
ქუთაისს გენერალური განვითარების გეგმა 1984 წლიდან არ ჰქონია.
მერიაში ამბობენ, რომ ქალაქის განვითარების გენ.გეგმაზე, რომელსაც
ქუთაისი 4 ათეული წელია ელოდება, ახლა მუშაობენ.
"მუშაობა მიმდინარეობს ქუთაისის გენერალურ გეგმაზე, რომელიც მოიცავს
ურბანულ განვითარებას. გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაიწყო ორ ეტაპად,
პირველი ეტაპი, რომელიც კონცეფციის დადგენას გულისხმობდა,
დასრულებულია. ბოლო ეტაპზეა დოკუმენტის ძირითადი ნაწილი - საკონკურსო
დავალება. ქალაქის გენერალურ გეგმაში გათვალისწინებული იქნება
ისტორიულად მნიშვნელოვანი შენობების შენარჩუნება, რომელზე მუშაობასაც
ცალკე ეტაპი დაეთმობა. გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2026 წელს
დასრულდება", - გვითხრეს ქუთაისის მერიაში.
ადგილობრივ თვითმმართველობაში წლებია გენ.გემის შექმნაზე მიდის
საუბარი. თუმცა, კონკრეტული დოკუმენტი ჯერ არავის უნახავს. მხოლოდ
2021 წელს, ქუთაისის გენ.გეგმა სპეციალისტებმა თბილისში
განიხილეს.
"დაინტერესებული მხარეები თბილისში შევიკრიბეთ და განვიხილეთ
გენერალური გეგმის ხედვის ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია. ჩვენთვის
უმნიშვნელოვანესია, რომ რაც შეიძლება ბევრი ქუთაისელი ჩაერთოს ამ
განხილვებში და მათ თავად გადაწყვიტონ, როგორი უნდა იყოს ქუთაისი
მომდევნო 20 წლის მანძილზე", - ამბობდა ქუთაისის ყოფილი მერი იოსებ
ხახალეიშვილი.
მაშინ ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობდნენ, რომ ქუთაისის
გენ.გეგმა მზადების პირველ ეტაპზე იყო. განხილვის პროცესში
მოქალაქეების ჩართულობა კი მას შემდეგ მოხდებოდა, რაც დოკუმენტში
საბოლოო ხედვა ჩამოყალიბდებოდა.
ქალაქის ურბანული განვითარების მთავარი დოკუმენტი 2021 წელს, პირველ
ეტაპზე ქუთაისის ბიუჯეტს 600 000 ლარამდე დაუჯდა.
მასალის გამოყენების პირობები