საზოგადოება
ჩაშლილი მედიაცია და შუქრუთელების უპასუხო პროტესტის 311-ე დღე
FaceBook
საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, შუქრუთელების პროტესტზე დაწყებული მედიაციის გაურკვეველ გარემოებაში შეწყვეტის შემდეგ, შუქრუთის მოსახლეობა კვლავ პრობლემის გადაჭრის მოლოდინშია.

"ჯორჯიან მანგანეზისა" და "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ კომუნიკაციის გაწყვეტის მიუხედავად, დაზარალებულები პროტესტს არ წყვეტენ. შუქრუთელები, რომლებიც ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანიისგან კომპენსაციას მოითხოვენ, ღამეებს ისევ კარვებში ათენებენ. სოფელ შუქრუთში, სადაც მადნის ამოღების სამუშაოების გამო სახლები მიწამ ჩაიტანა, დღეს პროტესტის 311-ე დღეა. ადგილობრივებს ისევ პიკეტირებული აქვთ შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროები და უკან დახევას არ აპირებენ.
შუქრუთელების ერთადერთი იმედი - მედიაცია, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო, არჩევნების ჩატარებასთან ერთად დასრულდა. "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მიიღო ის, რაც სურდა - შუქრუთელებმა, რომლებიც პარლამენტის წინ 43 დღე შიმშილობდნენ, დედაქალაქი დატოვეს და სოფელში დაბრუნდნენ. მას შემდეგ სამი თვე გავიდა, თუმცა, არც რეჟიმის და არც "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებს შუქრუთელებთან შეხვედრა არ უცდია.

დაზარალებული მოსახლეობა ახლა თავს მოტყუებულად გრძნობს და ბრძოლის სამართლებრივი გზით გაგრძელებას აპირებს.

"მედიაცია იყო მორიგი ტყუილი. მაშინ, არჩევნები იყო კარსმომდგარი და პარლამენტის წინ მოშიმშილე ადამიანები არ უნდოდათ. ამისთვის გამოიყენეს მედიაცია, ვითომ, სახელმწიფო ერთვებოდა საქმეში. რაც პროტესტი დასრულდა თბილისში, მას შემდეგ კომუნიკაციაზე არავინ გამოსულა. კომპანიამ ცალმხრივად გააკეთა განცხადება, რომ თურმე, ჩვენ შეგვიწყვეტია მოლაპარაკებები, რაც სრული სიცრუეა", - ამბობს სოფელ შუქრუთის მკვიდრი, გიორგი ნეფარიძე.

პროტესტის მონაწილეები, კომპანიასთან დავის საქმის სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.

"სულ რომ შეწყვიტოს "ჯორჯიან მანგანეზმა" მადნის მოპოვება, როგორც მაღაროებში, ასევე კარიერებზე, იმ ზიანს, რაც მათ მიაყენეს ჩვენს სოფელს, არაფერი გამოასწორებს. ამიტომ მათ, სახელმწიფოსთან ერთად, სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება აუცილებლად მოუწევთ, ეს მხოლოდ დროის საკითხია. ჩვენ მივალთ ყველა ინსტანციამდე და აუცილებლად წავიღებთ საქმეს სტრასბურგის სასამართლოში", - ამბობს გიორგი ნეფარიძე.

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა ათი თვეა უწყვეტ აქციებს მართავს. შუქრუთელები, "ჯორჯიან მანგანეზს", მის მიერ მადნის მომპოვებელი სამუშაოების გამო, საცხოვრებელი სახლების დანგრევაში ადანაშაულებენ. ადგილობრივები კომპანიისგან სამართლიან კომპენსაციას მოითხოვენ, რათა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები შეიძინონ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრება შეძლონ. ამ მოთხოვნით მათ 311 დღის წინ სოფლის ქვეშ გამავალი მაღაროს შესასვლელი ჩაკეტეს და უწყვეტი აქციები დაიწყეს. პროტესტმა რომ შედეგი არ გამოიღო, ისინი დედაქალაქში, პარლამენტის წინ გადავიდნენ და 43 დღე იშიმშილეს. შიმშილის ფასად მოპოვებული მედიაცია კი, რომელშიც შუამავლად "ქართული ოცნების" პარლამენტის დეპუტატი რატი იონათამიშვილი ჩაერთო, უშედეგო აღმოჩნდა.

სამართლიანი კომპენსაციის მისაღებად შუქრუთელები მეექვსე წელია იბრძვიან. ისინი პროტესტში 2019 წლიდან ჩაერთნენ, მას შემდეგ, რაც მათ სახლებს ბზარები გაუჩნდა, რომლებიც ყოველდღიურად იზრდებოდა. საბოლოოდ კი სახლების ნაწილი მიწამ ჩაიტანა.

"ჯორჯიან მანგანეზი" აცხადებს, რომ მან დაზარალებულებზე უკვე გასცა თანხა, თუმცა, შუქრუთელები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ავანსი იყო და არა სამართლიანი კომპენსაცია. მათი თქმით, ზარალი სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უნდა დაითვალოს და ამის მიხედვით განაწილდეს თანხა.

რა ბედი ეწია შუქრუთელებსა და "ჯორჯიან მანგანეზს" შორის დაწყებულ მოლაპარაკებებს, ჩვენ ამის შესახებ გვინდოდა გვეკითხა მედიაციაში ჩართული "ქართული ოცნების" პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილისთვის, თუმცა, მან ჩვენს ზარებს ტრადიციულად არ უპასუხა.










Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ჭიათურის მაღაროები, რომლებიც
ადგილობრივების შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს, შესაძლოა
დაიხუროს.
17:17 / 22.01.2025
ჭიათურის მაღაროები, რომლებიც ადგილობრივების შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს, შესაძლოა დაიხუროს.
51 მილიონ 199 500 ლარი ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის
სახელფასო ფონდს, 8 მილიონ 511 400 ლარი სოციალურ უზრუნველყოფას - ასე
გადანაწილდა თანხები 2025 წლის ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში.
13:21 / 19.01.2025
51 მილიონ 199 500 ლარი ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის სახელფასო ფონდს, 8 მილიონ 511 400 ლარი სოციალურ უზრუნველყოფას - ასე გადანაწილდა თანხები 2025 წლის ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.