არის თუ არა დასავლეთი საქართველოს ისტორიული არჩევანი? - ამ კითხვას
რუსული პროპაგანდა სვამს და ეჭვსაც თესავს საზოგადოებაში.
რუსული პროპაგანდის მტკიცებით, "საქართველო სულაც არ არის ევროპა",
ხოლო ზურაბ ჟვანიას ისტორიული ციტატა "მე ვარ ქართველი და მაშასადამე
ვარ ევროპელი", "მოგონილი და თავსმოხვეულია".
"ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც საზოგადოების დაბნევას და
შეცდომაში შეყვანას ითვალისწინებს", - მიაჩნია მწერალ ირაკლი
მაჩიტაძეს.
დასავლეთთან ერთობასა და ისტორიულ არჩევანზე, მწერალი თითქმის 1700
წლის წინანდელ მოვლენას - ქართლის დასავლეთთან ინტეგრაციის
მნიშვნელოვან და გადამწყვეტ ფაქტს იხსენებს, რომელიც საქართველოს
გაქრისტიანებას უკავშირდება.
აქ მწერალი სხვა მითსაც ეხება, რომელიც ყველაზე პოპულარულია
საქართველოში და ქრისტიანობის მიღების ერთადერთ მიზეზად
სახელდება.
"როგორ ისწავლება სკოლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ქართლის
გაქრისტიანებაზე?! ძირითადად მითიურ ამბავს ყვებიან. წმინდა ნინოს
შემოსვლა, შემდეგ მზის დაბნელება და მირიანის წმინდა ნინოს
ღმერთისადმი რწმენის გამოცხადება. მაგრამ ამ მოვლენაში, ქართლის
გაქრისტიანებაში, მხოლოდ რწმენის საკითხი არ იდგა, ქრისტიანობის
მიღება პოლიტიკის ნაწილი იყო", - ამბობს ირაკლი მაჩიტაძე.
მწერლის თქმით, ქართლის გაქრისტიანება ეს იყო გეოპოლიტიკური მოვლენა.
რაც გახლდათ ქართლის სამეფოს და ქართლის მეფის მირიანის პრინციპული
გადწყვეტილება. მას წინ უძღოდა 298 წლის ზავი, რომელიც რომის
იმპერიასა და ირანს შორის დაიდო.
"დაზავების ერთ-ერთი პირობა ის იყო, რომ ირანს ეკრძალებოდა კავკასიაში
აგრესიული ქმედებები, სომხეთი და საქართველო ხდებოდნენ ირანისაგან
დამოუკიდებლები".
მწერლის თქმით, დასავლეთი, ამ შემთხვევაში რომის იმპერია, ქართლის
დამოუკიდებლობის გარანტორად იქცა. "რომელსაც, რა თქმა უნდა, თავისი
ინტერესები ჰქონდა და პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ინტერესი ის იყო,
რომ მას სჭირდებოდა ძლიერი სამეფო კავკასიაში იმის გამო, რომ
კავკასიონის ჩრდილოეთით მომთაბარე ველური ტომები არ გადმოსულიყვნენ და
არ შეეწუხებინათ რომის იმპერია. მაშინაც კი, და ეს 1700 წლის
წინანდელი ამბავია, მაშინაც კი ქართული სამეფოები იღებდნენ პრინციპულ
გადაწყვეტილებას ევროპისა და დასავლეთის სასარგებლოდ", - ამბობს
ირაკლი მაჩიტაძე.
საქართველოს გაქრისტიანების გადაწყვეტილების შემდეგ მირიან მეფე
გზავნის რომის იმპერატორ კონსტანტინესთან თხოვნას, რომ მან
საქართველოში გამოაგზავნოს ქრისტიანი სასულიერო პირები. მართალია
ქრისტიანობა ჯერ სახელმწიფო რელიგია რომშიც არ არის, მაგრამ
იმპერატორმა კონსტანტინემ შეწყვიტა ქრისტიანების დევნა, რაც რაღაც
მნიშვნელოვანის წინაპირობად იქცა..
"რომში გაუხარდათ მირიანისა და ქართლის გაქრისტიანება. ამის შესახებ
მერვე საუკუნის ერთ-ერთი ისტორიკოსი წერს. გარდა იმისა, რომ გაუხარდათ
გაქრისტიანება, ქრისტიანობის მიღებით ქართლი ამიერიდან სამარადისოდ
დაუკავშირდა რომს. მერვე საუკუნის ისტორიკოსმა უკვე იცის, რომ ამ
აქტით საქართველოს ქრისტიანობის მიღება იყო პოლიტიკური ამბავი.
ქრისტიანობის მიღებით ქართლი დაუკავშირდა დასავლურ სამყაროს. მაშინ
გადაწყდა საქართველოს არჩევანი სადაც არის და ვისთანაც არის", -
ამბობს ისტორიკოსი გასპარ მელქაძე.
ქრისტიანობამ შეიძინა პოლიტიკური მნიშვნელობა და მანვე გადაწყვიტა
საქართველოს ორიენტაცია, რომ ქვეყანა გახდეს დასავლეთის ნაწილი.
მასალის გამოყენების პირობები