საზოგადოება
,,ქარიან ამინდში სახლი ზანზარებს'' - რიონისპირა მემკვიდრეობა საფრთხეშია
FaceBook
ქუთაისში, რიონისპირა სახლების რეკონსტრუქციის საქმეზე, საპროექტო სამუშაოების შემსრულებელ კომპანია ,,კარკასსა’’ და დამკვეთ ,,მუნიციპალურ განვითარების ფონდს'' შორის 4 წელია სასამართლო დავა მიმდინარეობს.
ამ დროის განმავლობაში გაუარესდა შენობების მდგომარეობა. რიონისპირა მემკვიდრეობა საფრთხეშია, სახლები ნგრევის პირასაა მისული.  ადგილობრივ მოსახლეობას, რომელთაც სხვა ალეტერნატივა არ აქვთ,  მრავალი ათეული წელია ავარიულ სახლებსა და საფრთხისშემცველ პირობებში უწევთ ცხოვრება. ოჯახებს ჰპირდებიან, რომ შენობები რეაბილიტირდება და ცხოვრება უსაფრთხო გახდება, თუმცა, შედეგი ამ დრომდე არ ჩანს. 

ნარგიზა ტუკვაძე უკვე 45 წელია დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე, რიონის ნაპირზე მდებარე ავარიულ სახლში ცხოვრობს. ოჯახში, სადაც ორი ბავშვი იზრდება, ქარისა და წვიმის განსაკუთრებით ეშინიათ.

,,სახლი დაბლა იწევს, სადაცაა ჩავარდება, 30 სანტიმეტრით არის დაწეული. როცა წვიმიანი ან ქარიანი ამინდია, მთელი სახლი ზანზარებს და ღამეები არ გვძინავს, მუდმივად იმის შიშში ვარ, ბავშვები არ ჩამიცვივდნენ,’’ - ამბობს ნარგიზა ტუკვაძე.


ნარგიზა ტუკვაძის საცხოვრებელი სახლი


ნარგიზას მსგავსად, საფრთხის მოლოდინი აქვს ქეთევან თოფურიასაც, რომელიც, დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე, მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. 

"უმძიმესი მდგომარეობაა, სახლები ნახევრად დანგრეულია. თავიდან მთლად ეგრე არ იყო, ნელ-ნელა ინგრევა. გვპირდებიან, რომ გააკეთებენ, მაგრამ ჯერ არაფერია გაკეთებული", - ამბობს ქეთევან თოფურია.


ქეთევან თოფურიას საცხოვრებელი სახლი

გარდა იმისა, რომ რიონის ნაპირზე მდებარე სახლების ავარიული მდგომარეობა იქ მცხოვრებლებს საფრთხეს უქმნის, ქალაქი ტურისტულ პოტენციალსაც კარგავს. არადა მე-19 საუკუნის რიონისპირა განაშენიანება ქუთაისის ისტორიული და კულტურული სახეა, რომლის სწორად წარმოჩენის შემთხვევაში ქალაქი უამრავ ტურისტს მოიზიდავს. 

,,თავისი ისტორიით, მრავალფეროვნებითა და განაშენიანებით რიონისპირა მემკვიდრეობა უნიკალური ადგილია. სანახაობრივი თვალსაზრისით, ძალიან მიმზიდველი იქნება თუ აქ სასტუმროები და კაფეები განთავსდება. რიონის ხეობა იმის საშუალებას იძლევა, რომ ეს ყველაფერი იდეალურად წარმოაჩინო. ამას ემიჯნება სხვა ტერიტორიები: კათოლიკური უბანი, ებრაული უბანი, ეს ყველაფერი ერთობლიობაში საოცარ სივრცეებს შექმნის. ფაქტობრივად, იმ შესაძლებლობებს, რაც ამ უბნებს აქვთ, არ ვიყენებთ,’’ - ამბობს გიდი ხვიჩა ვაშაყმაძე.

ქუთაისში, რიონისპირა სახლების სარეკონსტრუქციოდ საჭირო პროექტირებისთვის სახელმწიფო შესყიდვა 2019 წელს რეგიონალურმა განვითარების ფონდმა გამოაცხადა. ელექტრონული ტენდერი შპს „კარკასმა“ მოიგო. მხარეებს შორის ხელშეკრულება, 2019 წლის 11 ივნისს, 799 999 ლარზე გაფორმდა.

სამუშაოები 2020 წლისთვის უნდა დასრულებულიყო, მაგრამ სასამართლო დავამ პროექტი შეაჩერა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ შპს ,,კარკასი'' გაამართლა და ფონდს 439 593 ლარის გადახდა დააკისრა, რაც  მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, ფონდს 439 593 ლარის ნაცვლად, ნაკლების - დაახლოებით, 255 051 ლარის გადახდა მოუწევს. მეორე ინსტანციის ეს გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა "კარკასისთვის", რის გამოც კომპანიამ გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.


Print