საზოგადოება
"ბევრი რაღაც, ალბათ, მშენებლობის პროცესში შეიცვლება" - "ოქროს ჩარდახის" ახლადშერჩეული კომპანიის დირექტორი
FaceBook

ქუთაისში, „ოქროს ჩარდახის“ რესტავრაცია-რეაბილიტაციაზე მესამედ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი დასრულებულია.


სამუშაოების შესყიდვით ერთადერთი კომპანია შპს „მანე ლუქსი“ დაინტერესდა. შესაბამისად, ქალაქის ხელმძღვანელობა ამ კომპანიასთან გააფორმებს ხელშეკრულებას.

"ტექნიკური პროცედურებია და მალე დაიდება", - განმარტავს „მანე ლუქსის“ დირექტორი დიმიტრი ჩხაიძე.

ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები, ისევ იმ პროექტით გაგრძელდება, რომელმაც საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია.

მართალია, პროექტი არ შეცვლილა, სამაგიეროდ თანხაა გაორმაგებულია. თუკი კომპანია "ივერთმშენი" (სამუშაოების თავდაპირველი შემსრულებელი) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სამუშაოებს 955 555 ლარად ასრულებდა, ახლადშერჩეულ კომპანიას მერია 1 752 910 ლარს გადაუხდის. თუ რის საფუძველზე გაიზრდა თანხა, ამაზე მერიაში განმარტებას არ აკეთებენ.

კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ რესტავრაცია ძირითად არსებული პროექტით შესრულდება, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ცვლილება სამუშაოების მომენტშიც განხორციელდეს.

მისივე თქმით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით სპეციალისტების მოსაზრებებს გაითვალისწინებენ და მაქსიმალურად შეეცდებიან, „ოქროს ჩარდახს“ ძველებური იერსახე შეუნარჩუნდეს.

„ისე მიმდინარეობდა ამ ძეგლის მშენებლობის პროცესი, ასე გაკეთება წარმოუდგენელი იყო, მთლიანად კარგავდა ავთენტურობას, მაგრამ ახლა ჩვენ ჩავერთეთ. პროექტი ამ წუთას ისეთივეა, როგორიც ძველი იყო, მაგრამ ახლაც კონსტრუქტორები და არქიტექტორები ვართ ადგილზე, გვყავს ჩვენი სპეციალისტებიც მოყვანილი, ჩვენც ვთავაზობთ ჩვენს აზრს. ამასთან, მაქსიმალურად ვცდილობთ, გამოვნახოთ ყველაზე შუალედური აზრი ხელოვნებათმცოდნეების. ბევრი რაღაც, ალბათ, მშენებლობის პროცესში შეიცვლება, ისე რომ ძველი იერსახე არ დავკარგოთ“, - განმარტავს დიმიტრი ჩხაიძე.

მისივე თქმით, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე მიღწეულია. კერძოდ, ეს ეხება პირველი სართულის შემინვისა და გადახურვის საკითხებს.

„პირველი სართული არ იმინება. რაც შეეხება გადახურვას, კრამიტით გადახურვაა, ამას ზემოდან კონსოლი აქვს შემოშენებული, ვფიქრობთ, ეს ზედა კონსოლიც მოვხსნათ. ჩვენ ჩვენი შემოთავაზებები გვაქვს და გავუზიარებთ. კვალიფიციური კადრებით და საკმაოდ კარგად გაკეთდება. გვაქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან მუშაობის გამოცდილება. ამიტომ, არ არის საშიშროება, რომ რაღაცას დავაზიანებთ, პირიქით, დაინტერესებული ვართ, რომ ეს ძეგლი შეუნარჩუნდეს ამ ქალაქს პირვანდელი სახით. პირობას გაძლევთ, ეს ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი ძეგლი დარჩება ქუთაისში“,- განმარტავს დიმიტრი ჩხაიძე.

საინიციატივო ჯგუფ "ოქროს ჩარდახში" კი ამბობენ, რომ ტენდერში გამარჯვებულ ახალ კომპანიას მსგავსი პროექტის შესრულების არანაირი გამოცდილება არ უფიქსირდება და მერიამ ის მხოლოდ იმიტომ შეარჩია, სხვა პრეტენდენტი არ ჰყავდა.

"მერიას ხომ აქვს სატენდერო მოთხოვნებში გამოცდილება მითითებული, იქ ბევრი ნიუანსია, რასაც ეს კომპანია ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ, მისთვის უარის თქმის საფუძვლები ჰქონდათ, თუმცა მხოლოდ ეს კომპანია იყო პრეტენდენტი, მესამედ იყო გამოცხადებული ტენდერი და ახლა მეოთხედ გამოცხადება სასაცილო ამბავი იქნებოდა",- ამბობს საინიციატივო ჯგუფის წევრი ფოკი ფაჩულია.

tendermonitor.ge-ზე ატვირთული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ "მანე ლუქსი" შპს-დ 2016 წელს დარეგისტრირდა. ამ დრომდე მან მონაწილეობა 11 ტენდერში მიიღო, საიდანაც მხოლოდ ორი სახელმწიფო შესყიდვა აქვს მოგებული.  

კომპანიის დირექტორის დიმიტრი ჩხაიძის თქმით, გაკეთებული აქვთ ზესტაფონის #1 საჯარო სკოლა და ასევე, 22 შენობა ფოთში.

"კულტურული მემკვიდრეობის პირველი ძეგლი, რომელიც გავაკეთეთ, იყო ზესტაფონის #1 საჯარო სკოლა, რომელიც თითქმის დანგრევის პირას იყო და ახლა შეგიძლიათ ნახოთ, როგორ გაკეთდა. გარდა ამისა, ქვეკონტრაქტით ვაკეთებთ ფოთში, თამარ მეფის ქუჩას, სადაც 80% კულტურული მეკვიდრეობის ძეგლია. ფასადების და მთლიანი სისტემების აღდგენა ხდება, ყველაფერი ჩვენი ნაშრომი და გაკეთებულია", - ამბობს შპს "მანე ლუქსის" დირექტორი.



იმერეთის მეფეთა სასახლის რეაბილიტაციისთვის ელექტრონული ტენდერი [NAT220027710] 2022 წლის დეკემბერში გამოცხადდა. მერიას "ოქროს ჩარდახის" სარემონტო სამუშაოებისთვის 1 055 770 ლარი ჰქონდა განსაზღვრული. ტენდერში მონაწილე ერთადერთმა პრეტენდეტმა "ივერთმშენმა"  ობიექტის კეთილმოწყობა, უფრო ნაკლებ ფასად, 955 555 ლარად შესთავაზა. სწორედ, ამ თანხაზე გაფორმდა მხარეებს შორის ხელშეკრულება. 

სამუშაოების დაწყებიდან სამ თვეში კი მერიამ, კომპანიას, ვადებისა და აღებული პასუხისმგებლობის შეუსრულებლობის გამო, ჯერ ხელშეკრულება შეუწყვიტა, შემდეგ კი - დააჯარიმა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხელშეკრულების შეწყვეტამდე ადგილობრივმა თვითმმართველობამ "ივერთმშენს" 100 000 ლარი გადაუხადა. თავის მხრივ, შპს "ივერთმშენის" დირექტორმა ედიშერ ჯანჯულიამ ქუთაისის მერიას სასამართლოში უჩივლა.

ჯანჯულია ამბობდა, რომ მერიიდან სრულყოფილი პროექტი (რომლის მიხედვითაც უნდა განეხორციელებინათ სამუშაოები) მიწოდებული არ ჰქონდათ და ადგილობრივი თვითმმართველობა მათთან ხელშეკრულების გასაწყვეტად საბაბს ეძებდა. შესაბამისად, მათ გადაწყვეტილებას, კომპანიის გაწირვად აფასებს. ეს კი, შესაძლოა, საზოგადოებაში არსებულ იმ პროტესტს უკავშირდებოდეს, რომელიც "ოქროს ჩარდახის" ირგვლივ დღემდე გრძელდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებას პროტესტი არა კომპანიის, არამედ იმ პროექტის მიმართ ჰქონდა, რომელიც მერიამ მოიწონა.

„ოქროს ჩარდახის“ რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. მალევე, სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც 100-მდე სხვადასხვა პროფესიის ადამიანს აერთიანებს. ისინი სამუშაოების მანამ შეჩერებას ითხოვდნენ, სანამ ძეგლის ავთენტურობის შენარჩუნებისა და რესტავრაციის ზუსტი მეთოდიკის საკითხები არ დაზუსტდებოდა.

იმ შემთხვევაში, თუკი მერია ახალ კომპანიასაც არ გაუწყვეტს შეთანხმებას  და დოკუმენტით განსაზღვრული გეგმის მიხედვით განხორციელდება "ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია,  მაშინ ისტორიული ძეგლის კეთილმოწყობა 1 852 910 ლარი დაჯდება. ეს თანხა კი, მერიის მიერ თავდაპირველად განსაზღვრულ თანხასთან შედარებით 897 355 ლარით  ანუ თითქმის ერთ მილიონამდე ლარზე მეტია. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში სათანადოდ არ ჰქონდათ შესწავლილ/დაპროექტებული ქალაქისთვის ერთ-ერთი სავიზიტო ობიექტი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.