საზოგადოება
ნიკეას ნაგავსაყრელის დახურვის 9-წლიანი დაპირება - ახალი პოლიგონისთვის ჯერ ადგილიც ვერ მონახეს
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მცხოვრებლები, რომელთა კორპუსებიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ნაგავსაყრელია განთავსებული, ნარჩენების გროვისგან წარმოქმნილ უსიამოვნო სუნს უჩივიან.
ამ ნაგავსაყრელის დახურვას მოსახლეობა მრავალი წელია ითხოვს. როგორც ამბობენ, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან წარმოქმნილი სუნი დაკეტილ ფანჯრებშიც აღწევს და იქ გაჩერებას შეუძლებელს ხდის.

"ბავშვებთან ერთად ამ პირობებში გაძლება ძალიან რთულია. ფანჯრებს ვკეტავთ და მაინც სუნია, მით უმეტეს, ზაფხულში ფანჯარა როგორ უნდა დავკეტოთ. მუდმივად გვახველებს, სუსტი ფილტვები გვაქვს, რაც, დიდი ალბათობით, სწორედ ამ სუნით არის გამოწვეული. ჩვენი მეზობლებიდან სიმსივნით ბევრი არის გარდაცვლილი", - ამბობს ნიკეას ქუჩის მცხოვრები მაია ბურვალიძე.

"სუნი 12 საათის შემდეგ უფრო იგრძნობა, რაც აჩენს ეჭვს, რომ უკანონო, გარემოს დამაზიანებელი საქმიანობისთვის ვიღაც-ვიღაცები სპეციალურად ამ დროს არჩევენ. იქ რომ გაიარო, კვამლსაც დაინახავ. მცირეწლოვანი შვილიშვილები მყავს და ამ პირობებში როგორ უნდა გაიზარდონ, არ ვიცი", - განმარტავს მადონა გოგელაშვილი.



იმისთვის, რომ ქუთაისი-გეგუთის მაგისტრალზე მდებარე ნაგავსაყრელი დაიხუროს, ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის აშენებაა საჭირო. ჯერ კიდევ 2014 წლიდან გვესმის დაპირება, რომ ნიკეას ნარჩენების პოლიგონი დაიხურება, მაგრამ მას შემდეგ 9 წელი გავიდა, ახალი ობიექტის მოსაწყობად კი ჯერ სამუშაოებიც არ დაწყებულა, მეტიც, ჯერჯერობით ტერიტორიაც არ არის შერჩეული, სადაც ნარჩენების პოლიგონი უნდა მოეწყოს. 

მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, რომელსაც ნიკეას ნაგავსაყრელის დახურვისა და ახალი პოლიგონის მოწყობის ვალდებულება აქვს აღებული, ჯერ ისევ ადგილის შერჩევის ეტაპზეა. ახალი ობიექტის განთავსებას კომპანია ამ ეტაპზე წყალტუბოს რაიონის სოფელ უკანეთში განიხილავს, თუმცა სოფლის მოსახლეობა ამის წინააღმდეგია, ამიტომ ჯერჯერობით გაურკვეველია მოეწყობა თუ არა აღნიშნულ ტერიტორიაზე ნაგავსაყრელი. 

###

2014 წელს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელების მოწყობის ვალდებულება აიღო.
ახალი ნაგავსაყრელი პროექტის „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვა“ ფარგლებში უნდა მოეწყოს, რომელიც 2013 წელს, საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის საერთო ხელშეკრულებით დაიწყო. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 27, 6 მილიონი ევროა.

ახალი ობიექტისთვის ადგილმდებარეობის შერჩევის ანგარიში გერმანულმა საკონსულტაციო კომპანია „erm gmbh“-მა მოამზადა, ხოლო დაინტერესებულ პირებსა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის პროცესი გერმანულმა კომპანია “pem gmbh”-მა წარმართა.

უშუალოდ სამუშაოებისთვის, საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე, ფრანგულ-სლოვენიური კომპანია sade-riko დაიქირავეს, რომელსაც ნარჩენების მართვის კომპანიამ 1,8 მილიონი ევრო გადაუხადა. ხოლო მას შემდეგ რაც ნაგავსაყრელის მოსაწყობად ტერიტორია ვერ შეირჩა, კონტრაქტორმა კომპანიამ 1,3 მილიონი ევრო უკან დააბრუნა. უცნობია რა სამუშაოები გასწია კომპანიამ და რატომ არ დააბრუნა თანხა სრულად.

ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის მოსაწყობად კომპანიას უნდა შეერჩია ადგილი, რომელიც მოსახლეობიდან 500 მეტრის მანძილზე იყო დაშორებული. თავდაპირველად, ობიექტის განთავსება თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარის სიახლოვეს განიხილებოდა. 2017 წელს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაგვპირდა, რომ ნაგავსაყრელის მშენებლობა 2018 წელს დაიწყებოდა და 2019 წელს დასრულდებოდა, რის შედეგადაც 150 ადამიანს დაასაქმებდნენ.

2017 წელსვე დასრულდა განაღმვითი სამუშაოები სოფელ ჭოგნარში, ყოფილ რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, სადაც ნაგავსაყრელი უნდა განთავსებულიყო. სამუშაოების შედეგად 24 ნაღმი იქნა განადგურებული. ჯამში გაიწმინდა 987კვ.მ ტერიტორია, თუმცა ნარჩენების პოლიგონის მოწყობის სამუშაოები არც კი დაწყებულა, რადგან სოფლის მიმდებარედ ნაგავსაყრელის აშენებას წინ აღუდგა მოსახლეობა. ადგილობრივები შიშობდნენ, რომ სოფელში ნაგავსაყრელის განთავსება ნიადაგის დაბინძურებას და ფერმერებისა და მესაქონლეების მიერ მოყვანილი და წარმოებული პროდუქტების ხარისხობრივ გაუარესებას გამოიწვევდა, რის გამოც აქციას აქციაზე მათავდნენ. ნაგავსაყრელის მშენებლობა მუხიანის გარდა, კიდევ ხუთი სოფლის მოსახლეომ გააპროტესტა. მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა და ადგილობრივებს შორის კომუნიკაცია ვერ შედგა, რის გამოც კომპანია იძულებული გახდა უკან დაეხია.


ფოტო არქივი 

მას შემდეგ, რაც სოფელ ჭოგნარში ვეღარ მოხერხდა ახალი ნაგავსაყრელის მოწყობა, კომპანიის ყურადღების არეალში წყალტუბოს რაიონი მოექცა. რეგიონული ნაგავსაყრელის განთავსების სავარაუდო ადგილად ამ ეტაპზე სოფელ უკანეთის მიმდებარე ტერიტორია განიხილება, რომელიც სამეურნეო მიწებს წარმოადგენს და ამ ეტაპზე საძოვრებად იყენებენ. ტერიტორია მოსახლეობის კერძო საკუთრებაა. იყო საუბარი სოფლის მცხოვრებლების კომპენსაციაზეც, რასაც ადგილობრივები არ თანხმდებიან. მოსახლეობა ამბობს, რომ ტერიტორიაზე, სადაც კომპანია ნაგავსაყრელის მოწყობას განიხილავს, სოფლის ნაეკლესიარი და წინაპართა სასაფლაოცაა განთავსებული და ამ ადგილზე მსგავსი ობიექტის აშენება მათთვის კატეგორიულად მიუღებელია.

"თანხა, რომელსაც მიწის გაყიდვით ავიღებთ, მალე დაგვეხარჯება. ამ მიწამ კი ჩვენი შთამომავლობა საუკუნეები უნდა შეინახოს. გარდა ამისა, აქ ჩვენი ნაეკლესიარი და ძველი სასაფლაოა, სადაც ასევე ნაგავსაყრელის აშენებას გეგმავენ. წინაპართა საძვალე მიწას ნაგავსაყრელად ვერ გადავაქცევთ, არავის მივცემთ უფლებას ჩვენს წინაპრებს ნაგავი დააყაროს. ქუთაისის მთავარი გაზსადენი ჩვენს სოფელზე გადის, ასევე ჩვენს ტერიტორიაზეა ის მილი, საიდანაც ქალაქს წყლით ამარაგებენ. არავინ გაბედოს აქ ნაგავსაყრელის აშენება, თორემ ქალაქი წყლის გარეშე დარჩება. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ და ნაგავსაყრელს არ ავაშენებინებთ",  - ამბობს სოფელ უკანეთის მკვიდრი კარლო რუსაძე.

"იქ საძოვრები გვაქვს, მეტი არაფერი გაგვაჩნია, წელს სიცხეებმა ჩვენი ნაშრომი დაწვა და ახლა მხოლოდ ამ საძოვრების იმედად ვართ. აქ ნაგავსაყრელის მოწყობას ვერ დავუშვებთ. ის ჩვენი ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველია. მთელი სოფელი იბრძოლებს და ჩვენთან ნაგავსაყრელი არ აშენდება", - ამბობს ზაირა სირაძე.



სოფელ უკანეთის გარდა, ნაგავსაყრელის აშენებას კიდევ ხუთი სოფლის მოსახლეობა ეწინააღმდეგება.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალ ობიექტზე ნაჟური წყლის გამწმენდი მაღალტექნოლოგიური “რევერსული ოსმოსის“ სისტემა, ასევე, სათბური აირების შეკრებისა და დამუშავების თანამედროვე სისტემები იქნება გამოყენებული. ობიექტზე ნარჩენების განთავსების უჯრედები საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოეწყობა. პროექტი ასევე ითვალისწინებს ნარჩენების გადამტვირთავი 6 სადგურის მოწყობას და მათ სათანადოდ აღჭურვას.

ნარჩენების მართვის კომპანიაშიც გვითხრეს, რომ მოსახლეობის პროტესტი საფუძველს მოკლებულია, რადგან პროექტი გარემოსთვის მიყენებულ ზიანს გამორიცხავს. კომპანიის დირექტორის გიორგი შუხოშვილის თქმით, ახალი რეგიონული ნაგავსაყრელი ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. მისივე ინფორმაციით, მოსახლეობასთან მოლაპარაკებები კომუნიკაციის საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს-ტერიტორია შერჩეული არაა. 

კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტის მიხედვით, ქუთაისი-გეგუთის მაგისტრალზე არსებული ნაგავსაყრელის დახურვის პროცესი 2026 წლის მეორე ნახევარში უნდა დაიწყოს, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება.

არის თუ არა საკმარისი გეგმის სისრულეში მოსაყვანად და ახალი ობიექტის მოსაწყობად სამი წელი, მაშინ როცა ჯერ არც იციან სად შეიძლება აშენდეს ახალი ნაგვასყრელი, ამას დრო გვიჩვენებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.