საზოგადოება
"პროექტი იყო არასწორი" - მერიას სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია სასამართლოში უჩივის
FaceBook
ქუთაისის მერიამ, განსაზღვრულ ვადებში  სამუშაოების შეუსრულებლობის გამო, კომპანია ჯერ დააჯარიმა, შემდეგ კი ხელშეკრულება გაუწყვიტა. პასუხად, დაჯარიმებულმა შპს "ონიქს როუდმა" სასამართლოში უჩივლა.

ხახანაშვილისა და ჯიბლაძის ქუჩის სარემონტო სამუშაოებზე პასუხიმგებელ კონპანიაში აცხადებენ, რომ მერიამ ჯარიმა უსამართლოდ დააკისრა, რადგან, მათივე თქმით, პროექტს (რომლის მიხედვით ასრულებდნენ სამუშაოს)  რეაბილიტაციის მომენტშიც აკორექტირებდნენ, რის გამოც  ვადის გახანგრძლივება გახდა საჭირო. 

"პროექტი იყო არასწორი. ორივე ქუჩა უნდა დასრულებულიყო 29 მაისს. მაგრამ რამდენჯერმე ცვლილება შევიდა პროექტში და გავჩერედით. ეს, რა თქმა უნდა, ზარალი იყო ჩვენთვის. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ხარვეზიანი იყო პროექტი, რადგან ვალდებულება ავიღეთ,  გვინდოდა დაგვესრულებინა. რომ დავიაროთ ჯიბლაძის ქუჩა ყველა წერტილზე მოხდა  პროექტის კორექტირება",
- ამბობს შპს "ონიქს როუდის" წარმომადგენლი გიორგი ლომთაძე. 

იგი  გვიხსნის, რომ მერიამ პროექტში ბოლო ცვლილებები 28 სექტემბერს შეიტანა, მისი თქმით, კორექტირების ასახვამდე მათ მუშაობის გაგრძელების უფლება არ ქონდათ. თუმცა, მერიამ ისინი სწორედ, ამ პერიოდში დააჯარიმა. 

"ჩვენ ვჯარიმდებით 15 სექტემბრიდან, რაც უსამართლობაა. ეს  ჯიბლაძის ქუჩის ნაწილში. მაგრამ ასევე, დაგვაჯარიმეს ხახანაშვილის ქუჩაზეც. ორივე ქუჩა ერთი პროექტია და თავდაპირველად, მაგათი (მერიის)  თხოვნის საფუძველზე გავაჩერეთ ის ქუჩა (ხახანაშვილის) და ჯარიმას მაინც გვაკისრებს. შემდეგ მოგვწერეს მუშაობა დაიწყეთო,  სამუშაოები 1 ოქტომბრიდან  დავიწყეთ და 10 ნოემბრამდე უნდა დაგვესრულებინა. ავყარეთ საფარი, მაგრამ სამუშაოები ვერ გავაგრძელეთ,  რადგან პროექტი ხარვეზიანია. მივწერეთ პრობლემაზე რამდენჯერმე, მაგრამ არც წერილზე მოგვწერა, არც ხარვეზი გამოასწორა. მომატყუა მერიამ. გამაჩერა და დამაჯარიმა. რატომ დამაჯარიმა ? თუ მაჩერებდა რატომ დაგვაწყებინა? ალბათ,  უნდოდა ჩვენთვის ასეთი პრობლემა შეექმნათ", - ამბობს  გიორგი ლომთაძე. 

შპს "ონიქს როუდი" მერიას იმასაც  ედავება, რომ მათი პასუხის და თანხმობის გარეშე ჯარიმის სახით ჩამოაჭრა  ის თანხა, რაც შესრულებულ საქმეში უნდა დაერიცხათ.

"ყველანაირად  უსამართლოდ მოიქცნენ".   

კომპანიაში თვლიან, რომ ისინი მართლები არიან და მათივე თქმით, ამას ქუთაისის საქალაქო სასამართლოც  დაადასტურებს.

ადგილობრივ თვითმმართველობაში კომპანიის მიერ შეტანილი სარჩელის შესახებ   ჩვენგან შეიტყვეს.  თუ  რატომ დასჭირდა მერიას 8 თვე იმის "გასარკვევად" რომ კომპანია აღებული პასუხისმგებლობის შესრულებას ვერ შეძლებდა  - ამ და აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებულ  სხვა  საკითხებზე საუბრისგან მერიაში  თავს იკავებენ. ადგილობრივ თვითმმართველობაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ  კომპანიას ხელშეკრულება 11 ნოემბერს გაუწყვიტეს. რაც შეეხება ჯარიმას, შპს "ონიქს როუდი"  56 535  ლარით დაჯარიმდა.  


***
მერიამ, თითქმის დაუზიანებელი გზის საფარის რეაბილიტაციისთვის, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი (NAT220001025) ჯიბლაძის და ხახანაშვილის ქუჩაზე თებერვალში გამოაცხადა. კეთილმოწყობითი სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებლობა შპს "ონიქს როუდმა" 504 803 ლარის სანაცვლოდ აიღო და მერიასთან ხელშეკრულება თებერვალში გააფორმა.

დოკუმენტის მიხედვით, სამუშაოები სამ თვეში, მაისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, შემსრულებელი კომპანიის ხელმძღვანელი თავიდანვე აცხადებდა, რომ ეს დრო საკმარისი არ იქნებოდა. ჩვენთან საუბარში კომპანიის ხელმძღვანელი კობა ონიანი მაშინ მიზეზად წვიმიან ამინდებს და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მისი კომპანიის მიერ მოგებულ ტენდერებს ასახელებდა.

სამ თვეში სარემონტო სამუშაოების დასრულების ნაცვლად, პროექტში პირველი ცვლილება ( მიმდინარე წლის 27 მაისს) შევიდა, სადაც ვკითხულობთ, რომ მერია კომპანიას სთხოვს ხახანაშვილის ქუჩაზე სამუშაოების დაწყების შეჩერებას, ვიდრე ჯიბლაძის ქუჩაზე არ დასრულდება რემონტი. შესაბამისად, პროექტში განხორციელებული კორექტირების გამო, კომპანია რეაბილიტაციის დასასრულებლად დამატებით ვადას ითხოვს.



დოკუმენტში  შესული შემდეგი  ორი რედაქტირებაც პროექტის კორექტირებას ეხება. კერძოდ, სანიაღვრე ქსელის მილის მოცულობის და ტროტუარზე დასაგები ფილების ცვლილებას. 





საბოლოოდ, პროექტში შესული ცვლილების გამო, კომპანიას სამუშაოების მიმდინარე წლის 15 სექტემბერს უნდა დაესრულებინა, რაც ვერ შეძლო. ამიტომაც მერიამ ჯერ დააჯარიმა, შემდეგ კი, ხელშეკრულება გაწყვიტა.

ჯამში, სახელმწიფო შესყიდვის ვებგვრდზე ატვირთული დოკუმენტის მიხედვით, ხელშეკრულების გაწყვეტამდე კომპანიამ სამუშაოების 45 % შეასრულა, რისთვისაც მერიიდან 242 226 ლარი აიღო. 


რა ხდება ჯიბლაძის და ხახანაშვილის ქუჩაზე


უსწორმასწოროდ დაგებული (რაც, "დარგის ექსპერტის"  დასკვნის გარეშეც მარტივად თვალშისაცემია) სავალი ნაწილი, გადათხრილი ტროტუარი, ღიად დატოვებული სანიაღვრე ქსელი ჯიბლაძის ქუჩასა და აყრილი ფილები ხახანაშვილის ქუჩაზე _ ასეთია 8 თვიანი მუშაობის შედეგი. 

ამ  "რემონტისთვის" მერიამ კომპანიას  242 226 ლარი  უკვე გადაუხადა. ის, რომ კომპანიის მიერ შესრულებული საქმეც უხარისხოა განსაკუთრებით თვალში საცემი წვიმის მცირე ნალექზეც ჩანს, სადაც წყალი სანიაღვრე ქსელში ჩასვლის ნაცვლად, სავალ ნაწილზე  დგება.


ჯიბლაძის ქუჩა

ამ დროისთვის ჯიბლაძის ქუჩაზე სამუშაოებს შპს "მშენებელი 2018 " ასრულებს, რომელსაც მერიამ ხელშეკრულება ერთპირთან მოლაპარაკების გზით 128 000 ლარზე გაუფორმა. კომპანიამ ამ თანხის სანაცვლოდ, მხოლოდ ჯიბლაძის ქუჩაზე ტროტუარები უნდა მოაწყოს. რაც შეეხება ხახანაშვილის ქუჩას,  სამუშაოები მიტოვებულია და დაწყებული რეაბილიტაციის დასასრულებლად ახალი ტენდერის გამოცხადებას გეგმავს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.