საზოგადოება
“ნაცნობი-უცნობი ქუთაისი” – რა ისტორია უკავშირდება ქუთაისში ოქროს ჩარდახს
FaceBook
რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ ნაგებობებზე, რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ?

რა ისტორია უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ დაუმკვიდრა.
ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ "ქუთაისიპოსტ"-ის რუბრიკაში "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი".

რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო გამოკითხვის შემდეგ, "ქუთაისიპოსტ"-ზე განთავსდება ინფორმაცია გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ.
ერთად გავიგოთ ქალაქში არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების ისტორია.
თვეში ორჯერ (შაბათს) – კუტაისიპოსტ.გე-ზე ადევნეთ თვალი ახალ რუბრიკას – "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი".
რუბრიკის მომდევნო შეკითხვა გახლდათ რა ისტორია უკავშირდება ქუთაისში ოქროს ჩარდახს?


"ქუთაისიპოსტის" მიერ მოძიებული ინფორმაციით ირკვევა, რომ შენობის შესახებ, რომელიც "ოქროს ჩარდახის" სახელწოდებითაა ცნობილი, ძალიან მწირი მასლაა დაცული.
ქუთაისში მე-19 საუკუნეზე ადრინდელი საერო დანიშნულების შენობა დაცული არ არის, გამონაკლისს წარმოადგენს ერთადერთი ნაგებობა, რომელიც იმერეთის მეფეთა სასახლის ე.წ. "ოქროს ჩარდახის" სახელითაა ცნობილი. ამ შენობის შესახებ ძალზე მცირე მასალებია დაცული, მაგრამ რაც არსებობს, მათზე დაყრდნობით შესაძლებელი ხდება ზოგიერთი მომენტის აღნიშვნა. ყველაზე ადრინდელი მასალები დაცულია მე-17 საუკუნის წყაროებში. აქ უწინარეს ყოვლისა, უნდა დავასახელოთ მოსკოველი ელჩების ნ.ტოლოჩანოვისა და იევლიევის ცნობები. ელჩები აღნიშნავენ, რომ იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ს ბრძანებით 1651 წლის 8 ივლისს ისინი გადავიდნენ წინა ქალაქში, სადაც იყო მეფის სასახლე. ამ ადგილს ელჩები უწოდებენ ქვედა ქალაქს. მათი ცნობებით ქალაქის ეს ნაწილი მდინარე რიონის ნაპირზე მდებარეობდა, რომელიც ქვის გალავნით ყოფილა შემოზღუდული. ქალაქის გალავანთან ორი კოშკი იდგა, მათგან ერთი ალაყაფის კარებთან მდგარა, რომელზეც მცირეყალიბიანი ზარბაზანი ყოფილა დამაგრებული. ასეთივე სამი ზარბაზანი მდგარა მეორე კოშკზეც, რომლის სიმაღლე 15 საჟენს შეადგენდა. გალავნის შიგნით მდ. რიონის ნაპირზე მოთავსებული იყო ერთი სასახლე, ეს უკანასკნელი თაღებით შეკრულ 12 სვეტზე მდგარა, ხოლო მდინარის ნაპირზე სამ თაღზე იყო გადაკიდებულიო. ელჩიბის ცნობით, სასახლის კედლები შიგნიდან მეფეთა საბრძოლო შინაარსის ფრესკებით ყოფილა მოხატული. შენობის სიგრძე - 8 საჟენს, ხოლო სიგანე - 5 საჟენს შეადგენდა. ნ.ტოლოჩანოვის სიტყვით ეს სასახლე აუშენებია იმერეთის მეფის ალექსანდრეს III-ის მამას, გიორგის (1605 – 1639). ამ შენობის ახლოს ნ.ტოლოჩანოვი იხსენიებს დიდ თავღია დარბაზს, რომელიც სასადილოდ ყოფილა გამოყენებული. მას ერთ მხარეზე 25 ფანჯარა ჰქონია, ხოლო მეორე მხარეზე - 24. დარბაზის სიგრძე 20-ს და სიგანე 8 საჟენს აღწევდა. ეს მეორე შენობა ორ ნაწილისაგან შედგებოდა, ერთი ნაწილი სასადილოს ეკავა, ხოლო მეორე, რომელშიაც გასასვლელი შიგნიდან იყო მოწყობილი, ღვინის სარდაფს წარმოადგენდა. ელჩების "აღწერილობაში" შეტანილია კიდევ მეორე დიდი ნაგებობა, რომელსაც ერთი მხრიდან 18 ფანჯარა, ხოლო მეორე მხრიდან ყრუ კედელი ჰქონია ამოშენებული. ამ კედელში სათოფურები ყოფილა გაკეთებული. შენობის ახლოს ელჩები იხსენიებენ ქვითკირის კოშკს, რომელშიც მეფის ხაზინა იყო მოთავსებული. ამ შენობის გვერდით არის მოხსენიებული ჭადარი, რომლის ძირში ყოფილა ქვის ტახტი. ტახტზე ალექსანდრე მესამე ჯდებოდაო, გვაუწყებენ ელჩები. ტახტი ერთ მთლიან ქვას წარმოადგენდა, მასზე აღმართული ყოფილა ოთხი ბოძი, რომელსაც ყავრის სახურავი ჰქონია გაკეთებული. ამ შენობებს დაახლოებით ეკავა ის ტერიტორია, სადაც ამჟამად მოთავსებულია ე.წ "სიყვარულის ბაღი" და პირველი საჯარო სკოლა. ქალაქიდან იწყებოდა მოედანი, აქვე იყო სამეფო კარვები, ქალაქის გარეთ გაშენებული ყოფილა ბაღი. მე-18 საუკუნეში ვახუშტი ბატონიშვილი ქალაქის ამ ნაწილის შესახებ წერდა: "აქ არს სასახლე მეფეთაგან დიდშენი, შვენიერად რიონსა ზედა წაკიდებული. ასპარეზი მოზღუდული ვარჯად ჭადრით". 1772 წლის 11 აგვისტოს ქუთაისი დაათვალიერა ი.გიულდენშტედტმა. ის აღნიშნავს, რომ მდინარის მარცხენა ნაპირზეც ყოფილა წინა ქალაქი, რომელშიც 6 პატარა ქვიტკირის ეკლესია იდგა მდინარის ნაპირზე. გიულდენშტედტი ასახელებს 300 ნაბიჯის სიგრძის გარშემორტყმულ მრგვალ კედელს. ,,ამ კედლის შიგნით დგას კიდევ ქვიტკირის 5 დიდი საცხოვრებელი შენობა, რომელთაგან ერთი დგას რიონში ამოყვანილ სამ თაღზე". აღნიშნულ შენობებიდან ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ მოსკოველი ელჩების მიერ აღწერილი პირველი ნაგებობის ნაშთმა, მაშასადამე, იმ სასახლის ნაწილმა, რომელიც რიონის ნაპირზე კამარებით შეკრულ 12 სვეტზე ყოფილა დაშენებული. ამ თაღოვან ნაგებობაზე დადგმული მეორე სართული შემდეგში გადაუკეთებიათ საცხოვრებელ ბინებად, მაგრამ შემორჩა ძველი სახელწოდება "ოქროს ჩარდახი" . 1859 წელს პ.გნილოსაროვი წერდა: "საკუთრივ სოლომონ მეორეს ჰქონდა ორი სასახლე: ერთი ოქროს ჩარდახი, რომელიც ახლაც უწინდელი სახითაა დაცული იმ განსხვავებით, რომ წინათ მას ირგვლივ უვლიდა ფართე დახურული გალერეა, ხოლო შიგნით ახლანდელი ოთახების ნაცვლად იყო ერთი ფართე დარბაზი, რომელსაც კედლები შელესილი ჰქონია, ხოლო კედლების გასწვრივ განლაგებული ყოფილა ტახტები". ამ ცნობის მიხედვით ოქროს ჩარდახი იმერეთის სოლომონ მეორის მეფობას უკავშირდება. ეს მდგომარეობა იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ შესაძლებელია მის დროს განიცადა ამ ნაგებობის მეორე სართულმა რეკონსტრუქცია, ე.ი. სასახლის ირგვლივ გალერეა XVIII ს. გაუკეთეს.
რატომ ეწოდა შენობას ოქროს ჩარდახი?
ივ. ჯავახიშვილი თავის ნაშრომში წერს, "მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის - იძლევა ამ ტერმინის განმარტებას. ის აღნიშნავს, რომ "ჩარდახი" სპარსული სიტყვაა და ნიშნავს ხის ოთხ სვეტზე ხეივნის მსგავსად გადახურულ ფანჩატურს. თანამედროვე ქართულში "ჩარდახი" ურმის ჭალებზე კამარის მსგავსად გადაწნულს მოფარდაგებულს, მაგრილებელ სახურავს ჰქვია და ზაფხულში მოგზაურობის დროს იციან ხოლმე. ამგვარად, "ჩარდახს" კამარის მრგვალი მოყვანილობა აქვს და ვიწრო და გრძელ ოთხკუთხ სადგომზეა გადაყვანილი" (ივ.ჯავახიშვილის დასახ. ნაშრომი, 1946 წ. გვ.129). თუ ამ განმარტებას მივუსადაგებთ ჩვენთვის საინტერესო სასახლეს, მაშინ გამოდის, რომ მას ასეთი სახელწოდება უნდა მიეღო იმიტომ, რომ შენობის მეორე სართულს გარს უვლიდა დახურული გალერეა, რომელსაც ისეთივე ფორმა ჰქონდა, როგორც ამ განმარტებაშია მითითებული, მაგრამ ი. გიულდენშტედტი წერს: "ამ ადგილს ეძახიან ოქროს ჩარდახს, ე. ი. ოქროს გალერეას და მგონია, რომ ის უნდა ყოფილიყო სამეფო კარის ბანაკი (სადგომი)". მაშასადამე, ი.გიულდენშტედტი "ჩარდახს" უწოდებს ადგილს და არა შენობის ნაწილს. როგორც ჩანს, ასეთი სახელწოდება ადგილმა შენობის გამო მიიღო ადრიდანვე. გიულდენშტედტი არ მიუთითებს რომელიმე კონკრეტულ ობიექტს და საერთოდ ადგილს აკუთვნებს ამ სახელს. უფრო გვიან, კერძოდ, 1859 წელს პ.გნილოსაროვი წერდა: "საკუთრივ მას "ოქროს ჩარდახი" იმიტომ ეწოდებოდა, რომ იმყოფებოდა თვალსაჩინო და გრილ ადგილზე და იმიტომაც, რომ მისი გალერეიდან საგანგებოდ იშლებოდა შორეული მთებისა და რიონის ფართე ვაკის ლამაზი ხედი. აქ მეფეს უყვარდა სადილის გამართვა და დასვენება. ის აქ თათბირობდა აგრეთვე თავის დაახლოებულ პირებთან". ("კავკაზსკი კალენდარი", 1859 წ.).
####
"ქუთაისიპოსტის" მიერ მოძიებული მასალებიდან ირკვევა, რომ მე-19 საუკუნეში ამ შენობის შესახებ ასეთი გადმოცემა არსებობდა, რაც საკმაოდ დაშორებულია ამ სახელის მატარებელ კონკრეტულ ობიექტს და მდებარეობით ხსნის მას. ივ. ჯავახიშვილს ზემოთ დასახელებულ ნაშრომში გამორკვეული აქვს, რომ ორსართულიანი სახლების ზედა სართულს ქორი ეწოდებოდა. აქედანაა ქორელიც, რაც კამაროსან, სვეტებზე დადგმულ (ხაზი ავტორისაა მ.ნ.) სახლს ერქვა. მე-15 საუკუნეში ზედა სართულის აღსანიშნავად ქორელის მაგიერ სპარსულიდან შემოსული ჩარდახი გვხვდება. როგორც აღვნიშნეთ, იმერეთის მეფის სასახლე, რომლის ნაშთია ჩვენამდე მოღწეული, კამარებით შეკრულ 12 სვეტზე იყო დადგმული. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ეს სასახლე შიგნიდან საგანგებოდ იქნებოდა მოწყობილი "ოქროთა გარდაგებული", მაშინ მე-17 საუკუნიდან მისთვის "ოქროს ჩარდახის" სახელწოდების მიკუთვნება სავსებით ბუნებრივია. მაშასადამე, ამ სასახლეს ჩარდახის სახელწოდება იმიტომ უნდა მიეღო, რომ იგი თაღებით შეკრულ 12 სვეტზე იყო დადგმული და ასეთი შენობის აღსანიშნავად მე-15 საუკუნიდან ჩარდახი შემოსულა ხმარებაში. დღემდე მოღწეული ნაშთებიდან თაღებით შეკრული სვეტები მთლიანადაა დაცული. ამ ძეგლს გარკვეული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქალაქის ისტორიისა და საქართველოს გვიანფეოდალური ხანის საერთო ხუროთმოძღვრების შესწავლისათვის. ამიტომაც თვით ძეგლი უნდა იქნეს სათანადოდ შესწავლილი. როგორც ითქვა, ძეგლი ისე გადაუკეთებიათ მე-19 საუკუნეში, რომ თითქმის მისი პირვანდელი ფორმისგან არაფერი წაურთმევიათ მაგრამ გადარჩენილი დეტალები საკმაო მასალებს მაინც იძლევიან დარჩენილი ძეგლის ადრინდელი სახის წარმოსადგენად. ეჭვს არ იწვევს, რომ პირველი სართული, რომელიც თაღებით შეკრულ 12 ბოძს წარმოადგენს, პირვანდელი სახითაა დაცული, მაგრამ ამასთან ერთად იმდროინდელი უნდა იყოს მეორე სართულის ქვის ძირითადი წყობაც. მეორე სართულზე ახლაც შეიმჩნევა ის ნიშნები, რომლებიც, ალბათ, წყაროებში მოხსენებულ გალერეას ემსახურებოდნენ. რა თქმა უნდა, შენობის პირვანდელი სახის წარმოსადგენად ძეგლის არქეოლოგიური შესწავლა და არქიტექტურული გამოკვლევა ბევრ საინტერესო მასალას მოგვცემს "ოქროს ჩარდახის" ისტორიულ-არქიტექტურული შესწავლისათვის.
თეკლე მორგოშია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.