საზოგადოება
გამომშვიდობება შავ პეპლებთან - მანუჩარ კაჭახიძე ნიუ-იორკიდან
FaceBook
9 იანვარს, ნიუ-იორკში, ნიკოლოზ რაჭველის, დავით დოიაშვილისა და ნატო მეტონიძის ტანდემით შექმნილი ახალი სპექტაკლის "ამბავი ჩვენზე" პრემიერა გაიმართა.

ჟურნალისტი მანუჩარ კაჭახიძე შთაბეჭდილებებზე მოგვითხრობს:


მშურდა, არ ვიცი როგორი ფერის შურით, მაგრამ ყოველთვის მშურდა იმათი, ვინც ჩემს სამშობლოში იმ სასწაულების თვითმხილველები ხდებოდნენ, ნიკოლოზ რაჭველი და მისი ორკესტრი რომ ახდენდა.

ჯერ იყო ყანჩელის საღამოები, მერე მსოფლიო კინოს შედევრები, გაზაფხულის სერია... რომელი ერთი ჩამოვთვალო.
დავტიროდი უჩემობას ამ საღამოებზე.

ხოდა, თუ მუჰამედი ვერ მიდიოდა მთასთან, ხომ იცით, მთა როგორ მოიქცა...

9 იანვარს მთლად ნიუ-იორკში არ მესტურნენ?!

სცენა "კარდონის ყუთებით" მოერთოთ, - ჩემს თაობას ამ ყუთებში მხოლოდ ტკივილი, შური, გაუტანლობა რომ შემოუნახავს და - არსად ჩანდა სიხარულის და ოცნებების ლამაზად მორთული ყუთები, სკივრები...

სიხარულს არც ვღირსებივართ და ყუთში რაღა ჩაგვედო?

ეს ამბავი, ჩვენზე (და არა შენზე და ჩემზე), ულამაზესი ქართული მუსიკით იყო გაწყობილი, ვერსად ნახავდით ასე მომრავლებულ მუსიკალურ ბარბარიზმებს - ქართული კინოფილმები ადრე ხომ მხოლოდ შედევრებით ფორმდებოდა?!

ის კი არადა, დავით თორაძის ერთი ძველი, უსამართლოდ მიკარგული მელოდია რომ გავიგონე, სიხარულით სკამიდან წამოვფრინდი.

გამახსენდა, დაჟინებული თხოვნით, ზუსტად ეს მელოდია როგორ ჩავასმევინე აქ გამართული ერთი კონცერტისათვის ქართულ ცეკვაში ჩემს მეგობარს. მაშინ, ამას ვერც ვერავინ მიხვდა.

ამ ყუთებიდან რეჟისორმა თანმიმდევრულად დაიწყო იმ ჩვენი წარსულის გამომზეურება, რომელსაც ასე რიგად ვივიწყებდით, რომ შემდეგ თავი გვემართლებინა და შეცდომებზე ვეღარ გვესწავლა.

და მოხდა აფეთქება სცენაზე - როცა მონაწილეები უამრავ ბავშვის თოჯინას მიწიდან ხელში აიტაცებენ და მოისვრიან სცენიდან ბუნკერში - ისტორიის სანაგვეზე თუ მიუსავლეთში.

მე დარბაზის პულსის, მაჯისცემის წაკითხვა შევძელი იმ წუთის მეათასედში... როგორ შეეშინდათ, როგორ გაკიცხეს, როგორ უარყვეს ეს სიმართლე - მამლის სამივე ყივილზე.

ვითომ ეს ბავშვები არ ყოფილიყვნენ დაკარგული თაობა:

სამაჩაბლოს ომის, აფხაზეთის ომის, თბილისის ომის, ნარკომანიის მორევის, 9 აპრილის, 8 აგვისტოსი, ემიგრაციაში გადაკარგულები, გინეკოლოგის მაგიდაზე მოკლულები...

და შავფერ სამოსში შემოსილი მუსიკისა და დრამის თეატრის გოგონები, უნიჭიერესნი, სახეზე გამოხატული უზარმაზარი ტკივილებით თანამედროვე "მწუხარე საქართველოს" გვანახებენ, - მთაწმინდაზე, ილიას განსასვენართან ქვაში გამოკვეთილს კი არა, ცოცხალს და მოუშუშებელს.

და დროს არ გაძლევენ მოდუნებისათვის, - სცენიდანაც არ გადიან ფაქტიურად, საქსოვი ჩხირებივით შეუწყვეტლივ ქსოვენ ჩვენს ფიქრებს.

მახსენდება ბენჯამინ ფრანკლინის სიტყვები, დეკლარაციაზე მუშაობისას სამი დღე განუწყვეტლივ რომ მისჩერებოდა მზეს, ამოტვიფრულს ვაშინგტონის სკამზე და ვერ გაერკვია, ამომავალი იყო თუ ჩამავალი ის მზე.

ზუსტად ასე, მთელი სპექტაკლის განმავლობაში მე სცენაზე ვაკვირდებოდი ასეულობით შავ პეპელას, გაბნეულს და ჩამოსკუპებულს კარდონის ყუთებზე, და ვეძებდი თუნდაც ერთს, თეთრს, ან სულაც ნაცრისფერს, - ოღონდაც არა შავს.

და მერე მივხვდი, რომ თეთრი პეპელა ჯერ არ მოფრენილა ჩვენს რუხ ცხოვრებაში, ჩვენ ხომ ისევ ერთ წრეზე ვტრიალებთ.

საერთოდ, სპექტაკლებიდან ხშირად მიყვარს სუვენირის მაგვარის წამოღება. ასე ვიჩუქნე ნინო ანანიაშვილის პუანტები, ასე მოვიპარე პიერ რიშარის ხელით ჩასწორებული სასცენო შპარგალკები... მაგრამ ამ დღეს იმ დარბაზიდან ხელცარიელი გამოვედი, არ მომინდა შინ წამომეღო შავი პეპელა.

გზად შევიძინე ლამაზი ყუთი, ფერადი, უფრო სკივრის მაგვარი, რომელშიც რუდუნებით მოვათავსე მოგონება ოკეანის გამოღმა ჩამოსულ სტუმრებზე,

დიდ მაესტრო ნიკოლოზ რაჭველზე,

გენიოს დათო დოიაშვილზე,

დაუვიწყარ ნატო მეტონიძეზე,


პლასტიკურ, ულამაზეს, უნიჭიერეს - ნატა ბერეჟიანზე, ნანა ბუთხუზზე, თეა დარჩიაზე, ნინო მითაიშვილზე, ანა ქურთუბაძეზე...

და ამ ყუთში დავიწყებ ფერადი მოგონებების დაგროვებას, აწი!

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.