საზოგადოება
ღია წერილი პატრიარქს
FaceBook
წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მრევლი, ნინო მოზესი პატრიარქს ღია წერილით მიმართავს. მიმართვას ქუთაისიპოსტი უცვლელად გთავაზობთ:


"ბატონო პატრიარქო,
ამ წერილის დაწერა გადამაწყვეტინა , ჩვენს ეკლესიაში გამეფებულმა საშინელმა მდგომარეობამ, რომლის ჩამოთვლას არ დავიწყებ.

ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, თქვენს წიაღში რაც ხდება. მე, როგორც ამ ეკლესიის წევრი, არ ვაპირებ გაჩუმებას და გულგრილად იმის ყურებას, თუ როგორ იხრწნება ის ადგილი, რომელიც მაგალითის მიმცემი უნდა იყოს ყველასთვის. გამოდგება კი ჩვენი ეკლესია რამის მაგალითად, გარდა გარყვნილების, გაუნათლებლობის, მომხეჭველობის, სულმდაბლობისა და სიცრუის? აქაც ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ პასუხი, რომ არა, არ გამოდგება. მაშ ვის გგონიათ ვატყუებთ? ამ ყველაფერზე დამთანხმებელ მრევლს, ეკლესიის გარეთ მყოფებს, ახალდაბადებულ ჩვილებს, თუ ღმერთს? მართლა, რაც შეეხება ღმერთს. სულ მინდოდა მეკითხა, თქვენ პირადად და სინოდის წევრებს გჯერათ ღმერთის არსებობის? ეს კითხვა მე შემთხვევით არ გამჩენია. ბატონო პატრიარქო, ნუთუ არასოდეს გიგრძვნიათ უხერხულობა, რომ ეკლესიის შიგნით , მრევლში, არ გყავთ არავინ , ვინც შეგედავებოდათ, შეგეკამათებოდათ, ან არ დათანხმდებოდა იმ ჭაობს, რომლის სათავეშიც თქვენ და საეკლესიო იერარქია დგახართ? ნუთუ ქრისტიანობა მაქსიმალურ კომფორტს ნიშნავს. ნუთუ მაცხოვარმა მოგვატყუა, როცა გვითხრა, რომ სოფელი იღებს თავისას, თქვენ კი არ ხართ ამ სოფლის და შესაბამისად, ის ვერც გიღებთო. საკითხი ასე დგას--- ან თქვენ არ ხართ ქრისტიანი, ან მაცხოვარია მატყუარა. განა ისინი, ვინც ამა სოფლის ძლიერთათვის ყველა დროში მისაღებნი და სასურველნი არიან, წარმოადგენენ ქრისტეს მემკვიდრეებს? მე არ გავაგრძელებ თქვენს დამუნათებას. აქაც პასუხი ჩემზე უკეთ იცით. თუ თქვენ მე მეტყვით, რომ ეს ყველაფერი იმისთვის კეთდებოდა და კეთდება, რომ ეკლესია არ გამქრალიყო და გაძლიერებულიყო, შეგახსენებთ, რომ ეკლესია ქვის და ბეტონის კედლები არაა, ეს ადამიანთა კრებულია, ცოცხალი ორგანიზმია და მისი უპირველესი საზრუნავია საკუთარი სული და აქედან გამომდინარე სხვა ყოველივე. თქვენ კი უპირველეს საზრუნავად გაიხადეთ ხორცი და სული უკუაგდეთ, რამაც გამოიწვია ეკლესიის კვდომა და ხრწნის პროცესი. თქვენ ხომ არ გინდათ თვალებში ნაცარი შემაყაროთ და მითხრათ, რომ ეს პოლიტიკური ორგანიზაცია სახელად სმმ ქრისტეს სახლია?

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ბრალს ვდებ ქრისტეს სულის განდევნაში, სიცრუის ჭეშმარიტებად გასაღებაში და მოვითხოვ სასწრაფოდ დაიწყოს განკვეთა პირველ რიგში იმ ეპისკოპოსების, ვინც სამარცხვინოდ დაეუფლა ქრისტეს ტახტს და საკუთარი ავი ზნის მიხედვით სჯის და განაგებს. უპირველეს ყოვლისა ეს ეხება ქორეპისკოპოს იაკობს, რომელიც საეკლესიო კრების არაერთი მუხლის მიხედვით ექვემდებარება განკვეთას.

კანონი 14 ეპისკოპოსს არა აქვს უფლება თავისი ეპარქია დატოვოს და სხვაგან გადავიდეს, თუნდაც ამაში ბევრი ვინმე არწმუნებდეს. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამას რაიმე საპატიო მიზეზი აიძულებს, როცა შეუძლია დიდი სარგებელი მოუტანოს იქაურ მრევლს ღვთისმსახურების სიტყვით, და ეს უნდა გააკეთოს არა თვითნებურად, არამედ მრავალი ეისკოპოსის გადაწყვეტილებითა და თავისი ღრმა რწმენით. (მოც. 33; I მსოფლ. 15; IV მსოფლ. 5; ტრულ. 20; ანტიოქ. 13,16,18,21; სარდიკ. 1,2,17; კართ. 48).


კანონი 27 ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც გალახავს, დაჩაგრავს და ამ გზით მოინდომებს დამნაშავის დაშინებას, ასეთი პირის სასულიერო წოდებიდან განკვეთას ვბრძანებთ, რამეთუ ეს უფალს ჩვენთვის სრულებითაც არ უსწავლებია, პირიქით L სცემდნენ და იგი არ პასუხობდა დარტყმებით, "... ევნებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქუმიდა..." (I პეტ. 2,23).

კანონი 30 ეპისკოპოსი, რომელიც საერო მთავრებს დაიხმარებს და მათი მეშვეობით მიიღებს ეკლესიაში საეპისკოპოსო ძალაუფლებას, განკვეთილ და განყენებულ იქნეს, ასევე, ყველა მისი თანამოაზრე. (I მსოფლ. 4; VII მსოფლ. 3; ლაოდ. 13).
კანონი 44 ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომლიც მოვალისაგან სარგებელს მოითხოვს, - დაცხრეს, თუ არადა, განიკვეთოს. (I მსოფ. 17; ტრულ. 10; ლაოდ. 4; კართ. 5,16; ბასილი დიდი 14; გრიგოლ ნოს. 6).
კანონი 45 ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც მწვალებლებთან ერთად მხოლოდ და მხოლოდ ილოცებს, განყენებულ იქნეს ; ხოლო თუ მათ ნებას მისცემს იმოქმედონ როგორც ეკლესიის მსახურებმა, განკვეთილ იქნეს. (მოც. 10,11,46,64; III მსოფ. 2,4; ლაოდ. 6,9,32,33,34,37; ტიმოთე ალექს. 9).

ანონი 52 ეპისკოპოსი ან მღვდელი, რომელიც ცოდვისაგან მოქცეულს არ შეიწყნარებს, არამედ განაძევებს, სამღვდელო წოდებიდან განიკვეთოს, რადგან ის თავისი ქმედებით ქრისტეს ეწინააღმდეგება, რომელმაც თქვა : "... ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათვის ცოდვილისა..." ( ლუკ. 15,7).

კანონი 58 ეპისკოპოსი ან მღვდელი, რომელიც არ ზრუნავს კლირზე და მრევლზე, და არ ასწავლის მათ ღვთისმოსაობას, განყენებულ იქნეს ; ხოლო თუ ამის შემდეგაც იმცონარებს და არ შეასრულებს თავის მოვალეობას - განიკვეთოს. (ტრულ. 19; სარდ. 11; ლაოდ. 19; კართ. 71,121,123).
კანონი 59 ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც გაჭირვებულ კლირიკოსს არსებობისათვის საჭირო სახსრებს არ აძლევს, განყენებულ იქნეს ; ხოლო თუ კვლავ ულმობელი დარჩება კლირიკოსთა მიმართ, განიკვეთოს როგორც ძმის მკვლელი. (მოც. 4,38,41; ღანგ. 7,8; კართ. 37; თეოფილე ალექს.8).

კანონი 74 ეპისკოპოსი, რომელსაც რაიმეში ბრალი ედება ისეთი პირების მხრიდან, რომლებიც საზოგადოებაში ნდობას იმსახურებენ, აუცილებლად უნდა გამოიძახონ სხვა ეპისკოპოსებმა, და თუ წარსდგება მათ წინაშე და აღიარებს, ანდა მხილებულ იქნება, ეპიტიმია განეწესოს ; ხოლო თუ გამოიძახებენ და არ გამოცხადდება, მეორედ იქნეს გამოძახებული, მასთან წარგზავნილი ორი ეპისკოპოსის საშუალებით. თუკი მაინც არ შეისმენს, მესამედ მიავლინონ მასთან ორი ეპისკოპოსი, ხოლო თუ კვლავ უპატივცემულობას გამოიჩენს და არ გამოცხადდება, მაშინ კრებამ განაჩინოს, როგორც მას სათნოდ უჩანს ; ნურავის ეგონება, რომ სასამართლოსაგან თავის არიდებით, რაიმე სარგებელს მიიღებს. (მოც. 34,37,75; II მსოფ. 6; IV მსოფ. 9,17,19,21; ტრულ. 8; ანტიოქ. 14,15,20; ლაოდ. 40; სარდ. 4; კართ. 8, 10,11,12,15,18,19,59,104,107,128,129,130,132; ორგზ. 13; თეოფილე ალექს. 9).

კანონი 81 ჩვენ განვაცხადეთ, რომ უმართებულოა ეპისკოპოსის ან მღვდლისათვის საერო - საზოგადოებრივ საქმეების მმართველობაში ჩაბმა ( ისინი განუშორებლად საეკლესიო საქმეებზე უნდა ზრუნავდნენ ); ან ირწმუნონ, რომ ეს მათი საქმე არ არის, ან არადა - განიკვეთოს, რამეთუ უფლის მცნების თანახმად " ვერვის ხელ - ეწიფების ორთა უფალთა მონებად..." ( მათ. 6,24).
მე, როგორც მრევლი, მოვითხოვ აქ წარმოდგენილი ბრალდებების საფუძველზე იქნეს მოწვეული ფართო კრება და ეს საკითხები იქნეს ან უარყოფილი, ან განიკვეთოს ქორეპისკოპოსი იაკობი, რომელსაც ბირჟაზე ძველი ბიჭებიც არ დაიყენებენ გვერდით, არათუ წმინდა კრებული ეკლესიაში.

წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მრევლი

ნინო მოზესი"


ავტორის მიერ  მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა, არ გამოხატავდეს საინფორმაციო სააგენტო "ქუთაისიპოსტის" პოზიციას. შესაბამისად, სააგენტო არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.