საზოგადოება
ფრანგების უბანი ქუთაისში
FaceBook
თუ თქვენ საინტერესო ამბების და ადამიანების ისტორიების მოსმენა გიყვართ,

წიგნებსა და ხელნაწერებში იქექებით, დღევანდელ მოცემულობას არ ჯერდებით და იმ ქუჩის ასი წლის წინანდელი ამბავიც კი გაინტერესებთ, სადაც ცხოვრობთ - მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. მჯერად ჩვენ ქუთაისში ,,ფრანგების უბანზე" მოგიყვებით.

ვიდრე ბატონყმობა გადავარდებოდა და ფეოდალები მეფეებს ეურჩებოდნენ, შინაური, თუ გარეული მტერი ნამდვილად არ აკლდა იმერეთის სამეფოს.

ქალაქის გასაცოცხლებლად, ომებით გაპარტახებულ მე-18 საუკუნის ქუთაისში მეფე სოლომონ მეორეს კათოლიკე მისიონერები ჩამოუსახლებია. მისიონერები ფრანგების უბნად წოდებულ ტერიტორიაზე, (დღევანდელ ვარლამიშვილის ქუჩა) დასახლებულან და ქუთაისისთვის მართლაც სულ მალე დაუტყვიათ ხელი.

.


,,ბევრი მათგანი ფლობდა სამოქალაქო დისციპლინებს: ფილოსოფიას, ისტორიას, მათემატიკას, ფიზიკას, ქიმიას, მხატვრობას. იცნობდნენ ევროპის ახალ მიღწევებს მეცნიერების სხვადასხვა დარგში და თავიანთ მიერ გახსნილ სასწავლებლებში, საღვთისმეტყველო საგნებთან ერთად ამ ახალ მიღწევებსაც აცნობდნენ ქართველ ახალგაზრდობას", – ნათქვამია პროფესორ შ. ლომსაძეს ჩანაწერებში.

ისტორიული წყაროების მიხედვით, სწორედ კათოლიკების სახელს უკავშირდება ქუთასში მრეწველობისა და ვაჭრობის განვითარება. მეწარმეობის გარდა, ისინი სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდნენ, რითაც საქართველოში ევროპული ღირებულებები და კულტურა შემოჰქონდათ.

,,კათოლიკების, იგივე ფრანგების უბანი ქუთაისში იყო ერთგვარი სარკმელი ევროპასთან",
- ამბობს ქუთაისის ზ. ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორი, მარინა სულაქველიძე.

კათოლიკე და მართმადიდებელი აღმსარებლობის მქონე ადამიანები ქუთაისში მეგობრულად ცხოვრობდნენ მრავალი წელი. ორი სხვადასხვა კულტურის თანაარსებობა კი ქალაქს მრავალფეროვნებას სძენდა.

ურთიერთპატივისცემისა და ტოლერანტობის ნიშანია ის ფაქტიც, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში მეფე სოლომონ მეორემ კათოლიკებს "წყალობის სიგელი" უბოძა და ადგილი ქუთაისში, სადაც 1826 წელს ეკლესიის მშენებლობა დაიწყო.

ქუთაისში, ე.წ. "ფარნგების უბანში", კათოლიკები თითქმის აღარ ცხოვრობენ. ქალაქში, სადაც თავის დროზე 2000 - ზე მეტი კათოლიკე ცხოვრობდა, დღეს მხოლოდ 200 დარჩა.

კვალი, რაც კათოლიკების არსებობაზე, მათ წარსულსა და დღევანდელობაზე მიუთითებს, ჩრდილშია. სამაგიეროდ, რჩება შენობები და სამაგალითო ისტორიები, რომლებიც ამ ადამინებზე ინახავს ამბებს.

ზაქარია ფალიაშვილი

ქუთაისში ყველამ იცის ფალიაშვილის სახელობის ოპერის თეატრის ფიგურებიანი შენობა და ბაღის გასწვრივ გაშლილი ფალიაშვილის ქუჩა, მაგრამ ვიცით კი დეტალები ამავე თეატრისა და ქუჩის სახელობის მქონდე ადამიანის ისტორიაზე?

ზაქარია ფალიაშვილი კათოლიკე ქუთაისელთა ოჯახში დაიბადა. მამამისი კათოლიკურ ეკლესიაში ორღანზე უკრავდა და შვილებისთვისაც თავიდანვე ჩაუნერგავს მუსიკისადმი სიყვარული. პატარა ზაქარია ზუსტად იმ ეკლესიის წინ ცხოვრობდა, რომელიც დღემდე სადაოა მართმადიდებელ და კათოლიკურ მრევლს შორის.


სახლი ქუთაისში, სადაც ზაქარია ცხოვრობდა

დღეს ამ სახლში ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმია.

ზაქარია, რომელმაც თავისი გენიალური შემოქმედებით მსოფლიოს გააცნო ქართული ოპერა, ყველაზე მეტად თურმე ქუთაისელი მსმენელის წინაშე გამოსვლას ნერვიულობდა.

,,ის ქუთაისზე ძალიან შეყვარებული იყო. არ არსებობდა რაიმე ისე შეექმნა, ჯერ თავისი ქალაქისა და ქალაქელებისთვის არ გაეცნო", - ამბობს ქუთაისის ზ. ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორი, მარინა სულაქველიძე.


ე- კოკოჩაშვილი

წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ ქალაქში, სადაც აფთიაქი არ არსებობს....

ასეთი პერიოდიც იყო ქუთაისში და სწორედ მაშინ ქალაქს წამლად მოევლინა ივანე კოკოჩაშვილი.

განუწყვეტელი ომიანობის პირობებში, როცა ქალაქში ჭირდა მკურნალი და ყოველ დღე უამრავ ავადმყოფს სჭირდებოდა გადარჩენა, ივანე მათ უფასოდ მკურნალობდა.

ისტორიული წყაროების მიხედვით, ივანე პეტრეს ძე კოკოჩაშვილი ქუთაისში ახალციხიდან ჩამოსახლდა. ის დახელოვნებული ყოფილა სამედიცინო დარგში და წამლებსაც თვითონ ამზადებდა.

ივანემ XIX ს-ის პირველ ნახევარში თავისსავე სახლში გახსნა "სამკურნალო აფთიაქი", რაც ქუთაისელებისთვის ნამდვილი შვება იყო იმ პერიოდში.

ივანე კოკოჩაშვილის დაწყებული საქმე უფრო განავითარა მისმა შვილმა, პეტრე ივანეს ძე კოკოჩაშვილმა. სწორედ მისი დამსახურებაა ქუთაისში პირველი აფთიაქის გახსნა 1800 წელს, რომელიც ერთადერთი იყო მთელ გუბერნიაში. ქუჩას, სადაც აფთიაქი გაიხსნა, შემდგომში აფთიაქარის ქუჩა ეწოდა.


ადგილი ქუთაისში, სადაც კოკოჩაშვილის აფთიაქი ფუნქციონირებდა

იოსებ ოცხელი

როცა გვიკრძალავდნენ მშობლიურ ენაზე სწავლას, ,,მრავალჟამიერს" და ყველაფერ ქართულს რაც იდენტობას გვძენდა - იოსებ ოცხელმა ბავშვებს ქართული სკოლა დაუბრუნა.

იოსებ ოცხელმა ცარიზმის პირობებში მოახერხა (1892 წელს) ქუთისში დაეარსებია "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება" და ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო სკოლა.

1905 წელს სკოლა გიმნაზიად გადაკეთდა, რომელიც ქუთაისში დღემდე ფუნქციონირებს. 

,,იმ პერიოდში ეს სკოლა პირველი სასწავლებელი იყო სადაც ყველა საგანს ქართულ ენაზე ასწავლიდნენ. ის ამავდროულად ძალიან ზრუნავდა მოსწავლეებზე, ღარიბებს გადასახადებისაგან ათავისუფლებდა და მატერიალურად ეხმარებოდა მათ. მაშინდელ საქართველოში ასევე არ არსებობდა წიგნები ქართულ ენაზე და მისი ინიციატივით დაარსდა წიგნის გამომცემოლობის "განათლები", რომელმაც მოამარაგა სკოლა ქართული სახელმძღვანელოებით", - ამბობს ფილოსოფოსი, ტარიელ დათიაშვილი. 

ფელიქს ვარლა ( ვარლამიშვილი)

,,ყველა ჩემს სურათს საქართველოს სიყვარულით ვხატავდი და ამის საფუძველზე შევქმენი საკუთარი მხატვრული სტილი", - ეს სიტყვები მსოფლიოში აღიარებულ ქართველს მხატვარს, ფელიქს, იგივე ვარლა ვარლამიშვლის ეკუთვნის.

წაგრძელებული სილუეტები, საოცარი ფერები და სიუჟეტები - ვარლას შემოქმედებაა, რომლის ნაწილი, საქართველოს მუზეუმშია დაცული.

ფელიქს ვარლამიშვილი ქუთაისში 1903 წელს კათოლიკე ოჯახში დაიბადა. ვარლა ჯერ ქუთაისში, შემდეგ თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა.

ფელიქსის სტუდენტობისდროინდელმა ნამუშევრებმა როგორც გრაფიკაში, ასევე ფერწერაში მაშინვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება.




აკადემიის დამთავრების შემდეგ, ფელიქს ვარლამიშვილმა თბილისში დააარსა საკუთარი სამხატვრო სკოლა. ხოლო 1928 წელს ცოდნის გასაღრმავებლად, საზღვარგარეთ გაემგზავრა. 1929 წელს ის პარიზში, მონპარნასზე დასახლდა და სამხატვრო მოღვაწეობა სწორედ საფრანგეთში გააგრძელა.

,,1933 წელს მისი ნახატები პირველად გამოიფინა პარიზში "სპერანცას" გალერეაში და ამან დიდი პოპულარობა მოუტანა. ის 1945 წლიდან ფრანგული შემოქმედებითი სალონის საზოგადოების წევრიც გახდა. ფელიქსი მსოფლიოში აღიარებული ქართველი მხატვარია, რომელსაც არასოდეს დავიწყებია სამშობლო და მისი ნახატების ნაწილი, ანდერძის თანახმად, ფელიქსის მეუღლემ, ზირა ბინდერმა საქართველოს გადასცა", - ამბობს ფელიქს ვარლამიშვილის ძმისშვილი, ნატა ვარლამიშვილი. 

1987 წელს თბილისსა და ქუთაისში გაიმართა ფელიქს ვარლამიშვილის პერსონალური გამოფენა. ასევე, თბილისსა და ქუთაისში არის ფელიქს ვარლამიშვილის სახელობის ქუჩა.


იაკობ ბეგიშვილი

ქუთაისში, დღევანდელ ფალიაშვილის ქუჩაზე არსებული სავაჭრო ცენტრი, რომელიც ფრანგული სიტყვა "პასაჟებითაა" ცნობილი, კათოლიკე ქუთაისელ ვაჭარს, იაკობ ბეგიშვილის სახელს უკავშირდება.

მას აქ მშენებლობა 1881 წელს დაუწყია და შენობის თანამედროვე იერსახეზეც უზრუნია.

,,ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ ამ კაცს გარედან შენობა ვადისფერი ეკლარის ქვით მოუპირკეთებია, ხოლო შიგა სივრცე მარმარილოთი და მუხის ხის მასალით. თანამედროვე გადაწყვეტაც შემოუტანია და სახურავი შუშით გადაუხურავს. ეს არ იყო პატარა მოვლენა, რადგან ქუთაისში ევროპულ სტილში გადაწყვეტილმა ვიტრინებიანმა ცენტრმა ქალაქში ევროპული სტილი შექმნა. აქვე ყოფილა ატელიე და პარიზული მოდის სალონი", - ამბობს ჟურნალისტი თეა ზიბზიბაძე. 

იაკობის სახელს უკავშირდება ქუთაისში მანუფაქტურული და საფეიქრო მრეწველობის განვითარებაც. ისტორიული წყაროების მიხედვით, ჩითის და აბრეშუმის ქსოვილებს იმდენად წარმატებულად აწარმოებდა, რომ პროდუქცია ქუთაისიდან საზღვარგარეთ გადიოდა სარეალიზაციოდ.

აღსანიშნავია ისიც, იაკობ ბეგიშვილის ინიციატივით, ქუთაისში პირველად დიზელის საწვავზე მომუშავე ელექტროსადგური ამოქმედდა. ელექტროსადგური 1911 წლამდე ქუთაისისთვის ერთადერთ სინათლის წყაროს წარმოადგენდა.


პეტრე ოცხელი

სცენოგრაფია, რომელიც საქართველოში ქმნის შემოქმედების, აზროვნების თავისუფლების სივრცეს - ეს პეტრე ოცხელია.

პეტრე ქუთაისში 1907 წელს დაიბადა კათოლიკეთა ოჯახში.

პეტრე მხოლოდ შვიდი წლის იყო, როდესაც ოჯახი მოსკოვში დამკვიდრდა,. პეტრე ძმასთან ერთად დედას ხშირად დაჰყავდა თეატრში, სადაც ბავშვები მთელ ლოჟას იკავებდნენ და დიდი გულისყურით ადევნებდნენ თვალს სპექტაკლს.

1920 წელს მთელი ოჯახი საქართველოში დაბრუნდა და თბილისში დასახლდა, თუმცა მატერიალური მდგომარეობის გამო, მამამ გადაწყვიტა ოჯახი ისევ ქუთაისში გადაეყვანა.

პეტრე ქუთაისის რეალურ სასწავლებელში სწავლის პარალელურად მეცადინეობდა მცირე სახელოსნო-სტუდიაშიც, პარალელურად კი სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში.

მალე ოცხელის შემოქმედება რეჟისორებმაც შენიშნეს და პეტრეს შემოქმედებითი ცხოვრებაც უფრო დატვირთული გახდა.

1931 წელს კოტე მარჯანიშვილმა სპექტაკლის გასაფორმებლად ოცხელი მიიწვია და მის სცენოგრაფიასაც აღიარება მოჰყვა.

1939 წელს ლონდონში, თეატრის მხატვართა გამოფენაზე, ოცხელის ესკიზები ოქროს დიდი მედლით დააჯილდოვეს.

მხატვარმა თეატრში მხოლოდ ცხრა სეზონის განმავლობაში იმუშავა, მაგრამ მოკლე დროში შექმნა ნაწარმოებები, რომელთაც არსებითი როლი შეასრულეს ქართული თეატრის მკაფიოდ თავისებური სახის შექმნაში.

30 წლის პეტრე ოცხელი 1937 წელს დახვრიტეს, როგორც კონტრრევოლუციის მცდელობაში ეჭვმიტანილი. გამოძიების, მყარი არგუმენტების და მტკიცებულებების გარეშე. სავარაუდოდ მხოლოდ იმიტომ, რომ მოსკოვში თანამშრომლობდა ანალოგიური ბრალდების მქონე სხვა ხელოვანებთან.



ქუთაისში დღესაც ცხოვრობენ კათოლიკური სარწმუნოების ქართველები, რომლებიც, მსგავსად წინაპრებისა, აქტიურ მონაწილეობას იღებენ ქალაქ ქუთაისის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.

ავტორები: ანა ჯანაშია, ხვიჩა ვაშაყმაძე


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.