საზოგადოება
ასოცირების შეთანხმება სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესში
FaceBook
ევროპის ბაზარზე 9600 დასახელების ქართული პროდუქტის ექსპორტირების შესაძლებლობა ჩნდება.


"ჩვენ ვინ შეგვიშვებს ევროპის ბაზარზე"? - ამბობს გლეხი ვალერი ჩიხლაძე.

როგორც აღმოჩნდა ქართული პროდუქტების ევროპის ბაზარზე დამკვიდრების პრეცენდენტები უკვე არსებობს. ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ქსელის Lidl-ის სუპერმარკეტებში ქართული კომპანია "ნერგეტას" მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში მოყვანილი კივი იყიდება.

იაგო ბიტარიშვილის ბიოღვინის -"ჩარდახის" პირველი პარტია ექსპორტზე 2006 წელს გავიდა. იტალიაში, საფრანგეთში, აშშ-ში და იაპონიასა და სხვა ქვეყნებში. ცნობილი რესტორენები,  სადაც იაგოს ღვინო იყიდება მდებარეობს პარიზში - "შატო ბრიანი", ლონდონში - "ტერუარი".

საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდა. ამჟამად მისი ექსპორტი რუსეთშიც ხორციელდება. თუ რუსეთში 1 კგ. ლურჯი მოცვი 3,5 ევრო ღირს, ევროკავშირის ბაზარზე მისი ფასი 4-დან 10 ევრომდე მერყეობს.

აღნიშნული პროდუქტების გარდა ევროპის ბაზარზე 9600 დასახელების ქართული პროდუქტის ექსპორტირების შესაძლებლობა ჩნდება.

"ასოცირების შეთანხმება და DCFTA  (ღრმა და ყოვლიმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე) ქართველ მეწარმეებს აძლევს შანსს, ევროკავშირის ბაზარზე შეიტანოს პროდუქტი სატარიფო ბარიერების გარეშე. საბოლოო DCFTA არის უნიკალური ეკონომიკური რეჟიმი. ევროკავშირი საქართველოს სატარიფო ლიბერალიზაციის გარდა ამ ხელშეკრულებით სთავაზობს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებასაც და ამ მხრივ კონკრეტულ დახმარების პროგრამებსაც ახორციელებს. გავრცელებული მითი თითქოს ევროკავშირი ანგრევს საქართველოს სოფლის მეურნეობას სიმართლეს არ შეესაბამება", - აღნიშნავს www.eugeorgia.info-ს ანალიტიკოსი ზურაბ მოდებაძე.

არსებობენ გაურკვეველი მითები და არსებობენ კონკრეტლი დახმარების პროგრამები. ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, ევროკავშირი ქართული წარმოების დასახმარებლად ახორციელებს დახმარების მრავალმილიონიან პროგრამებს.

მაგალითად, ENPARD -ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის) პროგრამა , რომლის ბიუჯეტი 52 მილიონი ევროა. ამ დახმარების ფარგლებში ხელი ეწყობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებას. ასევე, ბენეფიციარები არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, რომლებიც საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობენ. ამ პროგრამის დასრულების შემდეგ ამოქმედდება E ENPARD 2, რომლის ბიუჯეტი იქნება 60 მილიონი ევრო და ძირითადი ყურადღება გადატანილი იქნება სოფლის განვითარებასა და სოფლად დასაქმების გაზრდაზე. DCFTA-ს პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის 44.5 მილიონი ევროთი დაფინანსდება.

2016 წლიდან ამოქმედდება ახალი 37,5 მილიონ ევროიანი პროგრამა DCFTA Facility. ამ პროგრამის ფარგლებში უნდა გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და ასევე, განიხილება მცირე გრანტების გაცემაც მეწარმეებზე.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, განსაკუთრებით წახალისდებიან ის მეწარმეები, რომლებიც თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამის საწარმოებს გააკეთებენ.

ბოლოს, CIB  პროექტი არის 12 მილიონ ევროზე მეტი ბიუჯეტით და ამ პროექტის ფარგლებში ხდება სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება იმისთვის, რომ ამ უწყებამ საქართველოში სურსათის უვნებლობის ეფექტიანი კონტროლი შეძლოს.

როგორც ანალიტიკოსები მიუთითებენ ENPARD-ის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში საკვები პროდუქტების წარმოების ზრდას და შეამციროს სიღარიბის დონე რეგიონებში.

მცირე ფერმერთა კოოპერატივების მხარდასაჭერად გრანტების სახით მთლიანობაში 18.7 მილიონი ევროს ოდენობით დახმარება გაიცემა.
თუმცა დახმარებები მოიცავს ვალდებულებებსაც.

ევროპული ბაზარი პროდუქციის კონტროლის ეფექტური მექანიზმების ამოქმედების აუცილებლობას აჩენს. ანალიტიკოსების განმარტებით იმისთვის, რომ ექსპორტი განხორციელდეს, მეწარმეებმა ევროპული სტანდარტების დანერგვა უნდა მოახერხონ.
აღნიშნული სტანდარტები შეუსრულებელ ვალდებულებად ესახებათ ქართველი გლეხებისა და მეწარმეების ნაწილს.

"ქართული პროდუქტი არ ვარგა. იგი არაა მზად, რომ ევროპის ბაზარზე მოხვდეს. რუსეთში უფრო გაიყიდება ", - ამბობს ერთ-ერთი ქუთაისელი მეწარმე.

სტანდარტების დანერგვაში შეუძლებელს ვერ ხედავენ სპეციალისტები.

"ევროკავშირთან საკანონმდებლო მიახლოების პარარელურად საქართველოს კანონმდებლობაში გაჩნდა საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნა. მაგალითად საერთაშორისო სტანდარტის ENPARD-ის (საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა) დანერგვა სავალდებულოა ცხოველთა სასაკლაობისთვის და იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც რძის თერმულ დამუშავებას ახორციელებენ", - ამბობს ზურაბ მოდებაძე.

თუმცა ბევრ ვალდებულებას შესრულებადს ხდის შეღავათებიც. საქართველოს კანონმდებლობით ოჯახური ტიპის საწარმოები 2020 წლამდე გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო კონტროლისგან. ასევე, აღიარების პროცედურების გავლა არ მოეთხოვებათ იმ მეწარმეებს, რომელთა წლიური ბრუნვა არ სცდება 200 ათას ლარს.

მაგრამ მოსახლეობაში სკეპტიკური მოსაზრებები მაინც ჩნდება. "პროდუქტის ფასი გაიზრდება და ბაზარი გაძვირდება", - ამბობენ გლეხები ქუთაისიპოსტთან საუბარში.

თუმცა, სპეციალისტები ამასაც მითების კატეგორიაში ათავსებენ. "არსებობს მითი იმის შესახებაც, რომ ევროპული სტანდარტების დანერგვა პროდუქციის თვითღირებულებას ზრდის. ფაქტი არის, რომ პირველ ეტაპზე მეწარმეებს დამატებითი ინვესტიციების განხორციელება დასჭირდებათ, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში სწორად აწყობილი წარმოება პროდუქციის თვითღირებულებას მნიშვნელოვნად ამცირებს, ამასთან პროდუქტის სანდოობაც მეტია, ევროპული სტანდარტების წარმოებაში გამოყენების შემთხვევაში. ეს კი მის გაყიდვებზეც აისახება", - ამბობს ზურაბ მოდებაძე.

ვალდებულებების მიღმა არ რჩება სახელმწიფო. მეწარმეების და სოფლის მეურნეობაში დაკავებული ადამიანების შრომის პარალელურად, სახელმწიფოს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.

"ამ პროცესებში მთავრობის ვალდებულებაა, რომ მოიძიოს ბაზრები ევროკავშირში, მოიძიოს ინფორმაცია მოთხოვნად პროდუქტებზე, გაარკვიოს სად და რა დროს არის ნიშა საქართველოში ნაწარმოები პროდუქტისთვის.

ხელისუფლებამ ცოდნის იმპორტი უნდა განახორციელოს მსოფლიოს წარმატებული ქვეყნებიდან და წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ხელი შეუწყოს. ამას გარდა, მთავრობამ უნდა იზრუნოს ლოჯისტიკურის ჯაჭვის ასაწყობად.

ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ ტიპის აქტივობების გარეშე წვრილი და საშუალო ბიზნესი დამოუკიდებლად რთულად მოახერხებს ახალ, მათ შორის, ევროკავშირის ბაზარზე შესვლას", - აღნიშნავს ზურაბ მოდებაძე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.