საზოგადოება
21 წელი საცხოვრებლის მიღების ლოდინში და ხარვეზები პომპეზურად გადაცემულ ბინებში
FaceBook

რას აცხადებენ სამშენებლო კომპანიაში, რომელთა მხრიდან ბრალდების ხაზი დევნილთა დაუდევრობაზე გადის და რა პასუხი აქვთ სამინისტროში.


მწყობრიდან გამოსული ლიფტი, დაზიანებული კარის სახელურები, კარის ამოვარდნილი ჩარჩო და ოთახში გაფენილი სარეხცი - ასე გამოიყურება დევენილებისთვის ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც ოთხი თვის წინ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმოდ გახსნა.
რას აცხადებენ სამშენებლო კომპანიაში, რომელთა მხრიდან ბრალდების ხაზი დევნილთა დაუდევრობაზე გადის და რა პასუხი აქვთ სამინისტროში, სადაც შენობებში დევნილთა შესახლებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მოკვლების დაწყებაზე ახლა საუბრობენ.


***
ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში ახლადშესახლებული დევნილები საცხოვრებელი სახლის დიზაინს და რემონტის ხარისხს იწუნებენ. დევნილების თქმით, კორპუსს პატარა ზომის ფანჯრები აქვს, რომელიც მათივე თქმით, დისკომფორტს უქმნით.
თუმცა, იმასაც აღნიშნავენ, რომ წლების განმავლობაში "სოროში" ცხოვრებას, ახლადაშენებული საცხოვრებელი ფართები ცოტათი მაინც ჯობია.
"იმ სოროში ყოფნას ჯობია, მაგრამ ნახეთ რა ხდება აქ. კარის ჩარჩოები მეორე დღესვე ჩამოვარდა. სარეცხის გასაფენი არ გვაქვს და შიგნით ოთახში ვაშრობთ ტანსაცმელებს", - ამბობს ქუთაისში აღმაშენებლის ქუჩა #112-ში ახლადრეაბილიტირებულ სახლში შესახლებული დევნილი, მანანა მიქაძე.
მანანა მიქაძე მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ ოროთახიანი ბინა მიმდინარე წლის ზაფხულში ერგო, სადაც შვილთან და მცირეწლოვან შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს.
"ერთი საძინებელი, მისაღები ოთახი, რომელიც სამზრეულოს და ტანსაცმლის საშრობ ფუნქციასაც ითავსებს - ესაა სულ. მე თუ მკითხავთ, ეს არის დევნილებისთვის მოგდებული ფართები, თორემ როგორ შეიძლება ასე გადასცე ადამიანს ბინები", - ამბობს გადილია.
მანანა მიქაძის მსგავსად, აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში შესვლიდან მეორე დღეს კარის სახელურების პრობლემა შეექმნა ნელი გადილიასაც. ის "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობს, რომ კარები კარგად არ იკეტება, რის გამოც ხშირად იმ კომპანიის წარმომადგენლების გამოძახება უწევს, რომელმაც თავის დროზე კორპუსი ააშენა.
"არის ერთი ბიჭი, გელა ქვია, მას ვურეკავთ ხოლმე და ის ასწორებს რაღაც ხარვეზებს. ისე მადლობლები ვართ, რომ ესეც მოგვცეს. გვერიდება კიდევ საყვედურის თქმა მთავრობის მისამართით", - ამბობს დევნილი ნელი გადილია.
აღმაშენებლის ქუჩა #112-ში მდებარე 13 სართულიან კორპუსში საცხოვრებლი ფართები მიმდინარე წლის ივლისში 21 წლიანი ლოდინის შემდეგ 35 დევნილ ოჯახს ერგო. ამ დროისთვის აღნიშნულ საცხოვრებლ კორპუსში მხოლოდ რამდენიმე დევნილი ოჯახი არის შესული. აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიან ბინაში დევნილების გარდა, სხვა მოქალაქეებიც ცხოვრობენ.
რეაბილიტირებული საცხოვრებლი ფართებით უკმაყოფილებას ქუთაისში მცხოვრები დევნილების გარდა, ხონის მუნიციპალიტეტში, სამხედრო დასახლებაში მცხოვრები დევნილებიც გამოთქვამენ.
სამხედრო დასახლებაში, დევნილებისთვის განკუთვნილ 17 მრავლსართულიან კორპუსს რეკონსტრუქცია 2011 წელს ჩაუტარდა.
ხონის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ალდონა კოხია ამბობს, რომ 4 წლის წინ გაკეთებული რემონტის მხოლოდ "ნაკვალევია" დარჩენილი. რადგან, მისივე თქმით, საცხოვრებელი კორპუსი ამორტიზებულია.
"სადარბაზოები ნახეთ რას გავს. ისედაც ფასადი გაფუჭებულია", - ამბობს ალდონა კოხია.
ხონის დევნილთა დასახლებაში მდებარე 17 მრავალსართულიან კორპუსში 500 დევნილი ოჯახი ცხოვრობს.
***
დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს ქუთაისში 2 000 დევნილი ოჯახისთვის 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. სამინისტროს ინფორმაციით, 2 კორპუსის მშენებლობა 2016 წლის შემოდგომაზე დასრულდება, სადაც ბინას 160 დევნილი ოჯახი მიიღებს. სამინისტროს მიერ მენაშენეებისგან შესყიდულ კორპუსებში, როგორც სამინისტროში აცხადებენ, საცხოვრებელი ფართი ქუთაისში მომავალ წელს 211 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
მიმდინარე წელს კი დევნილთა და განსახლების სამინისტრომ მენაშენეების პროექტის ფარგლებში, ქუთაისში სულ 53 ბინა შეისყიდა. ხოლო იმერეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ახალი საცხოვრებელი სახლის გასაღები 144 დევნილ ოჯახს გადაეცა. სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებელი 4800 დევნილი ოჯახია დარჩენილი.

###
საქართველოს დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით მენაშენეებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვაზე კონკურსი გასული წლის 30 დეკემბერს გამოაცხადა.
"მენაშანე - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლით გათვალისწინებული ამხანაგობა, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ფლობს მოქმედ მშენებლობის ნებართვას და ამ ნებართვის საფუძველზე, დაპროექტებული და/ ან დაწყებული და/ ან დამთავრებული აქვს მშენებლობა და/ ან დასრულებული საცხოვრებელი ფართ(ებ)ი რეგისტრირებული აქვს საკუთრებაში," - აღნიშნულია სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში
იატაკების მოპირკეთება, ფოიე, საერთო ოთახი, საძილეები - ლამინატი, სამზარეულო - კერამიკული ფილები, აივანი - კერამიკული ფილები, ჭერისადაკედლებისმოპირკეთება, კარ-ფანჯრები - ლითონ-პლასტმასის ფანჯრები მინა-პაკეტით, სამზარეულოებში სარკმელებით ბუნებრივი ვენტილაციისათვის, საცხოვრებელ ფართში შესასვლელი კარები - ლითონის, ვენტილაცია- გამწოვი ვენტილატორები სააბაზანოებსა და სამზარეულოებში, ინდივიდუალური მრიცხველები, დამონტაჟებული უნდა იყოს წყლის, ბუნებრივი აირისა და ელ. ენერგიის გარე ქსელებთან მიერთებული ინდივიდუალური მრიცხველები - ასეთია მენაშეებისთვის გამოცხადებული კონკურში საცხოვერებლი ფართის მოწყობის პირობები.
"არანაირი აივანი არ აქვს ჩემს ბინას, ყველა ბინას არ ემხრობა აივნები. რაც შეეხება, სამზარეულოს, ხედავთ რომ არაფერი არის, არც ნიჟარები. ზოგადად, სველი წერტილი ძალიან ცუდად არის დაპროექტებული. რა გამწოვებზეა საუბარი", - ამბობს ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩა #112-ში შესახლებული, ნელი გადელია.
***
სამინისტროს მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლი ფართით უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადებული მენაშენეთა კონკურსის მეორე ეტაპი ქუთაისში მოიგო ქალაქში რეგისტრირებულმა სამშენებლო კომპანია შპს "აღმაშენებლმა", რომლის ხემძღვანელი ზურაბ გუბელაძე გახლავთ. გუბელაძე ამავე დროს სამშენებლო კომპანია "დიზაინკომპლექსის" ხელმძღვანელიცაა.
კონკურსში სხვა სამშენებლო ფირმებიც მონაწილეობდნენ. თუმცა, როგორც სამინისტროში აცხადებენ, გამარჯვებულ კომპანიაზე არჩევანი, მისი გამოცდილების გამო შეაჩერა.
თუ რა თანხის სანაცვლოდ აიღო შპს "აღმაშენებელმა" პასუხიმგებლობა ქუთაისში 35 დევნილი ოჯახისთვის ბინის რეკონსტრუქციაზე, ამაზე ღიად არ საუბრობენ. ფინანსებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ იძებნება არც დევნილთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
რაც შეეხება, დევნილებისთვის გადაცემული რეაბილიტირებული ობიექტების ხარისხთან დაკავშირებით, სამინისტროში განმარტავენ, რომ მათდამი დაქვემდებარებული განსახლების ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტი, მონიტორინგს ჯერ კიდევ მშენებლობის დაწყებიდან ექსპლუატაციაში მიღებამდე ახორციელებს. სამინისტროში ირწმუნებიან, რომ შენობის ექსპლუატაციაში მიღება შესაბამისი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე ხდება.
აღნიშნული დასკვნა შპს "აღმაშენებელს" უკვე მიღებული აქვს. კომპანიის მიერ ქუთაისში აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში დაფიქსირებულ ხარვეზებთან დაკავშირებით, დევნილთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ საკითხით დეტალურად სამინისტროს განსახლების ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტი დაინტერესდება.
"სამინისტროს სამშენებლო კომპანიასთან შპს "აღმაშენებელი" გაფორმებული აქვს საგარანტიო ხელშეკრულება, რის საფუძველზეც კომპანიას საგარანტიო პერიოდის ამოწურვამდე დაეკისრება არსებული ხარვეზების აღმოფხვრის ვალდებულება", - აცხადებენ სამინისტროში.
თავად კომპანია "აღმაშენებლის" ხელმძღვანელი, ზურაბ გუბელაძე ამბობს, რომ დევნილებს საცხოვრებელი ფართები ხარვეზების გარეშე ჩაბარდათ. გუბელაძე ლიფტების მწყობრიდან გამოსვლის მიზეზად კი მოსახლეობის მხრიდან მონეტების ნაცვლად, ლითონის ფირფიტების გამოყენებას ასახელებს.
რაც შეეხება, საცხოვრებელი კორპუსის დიზაინს, გუბელაძე ამბობს, რომ:"აღნიშნული კორპუსი სხვა ორგანიზციის მიერ არის დაპროექტებული, რომელშიც კორექტივები შევიტანეთ. თუმცა, ვფიქრობ საცხოვრებლად დისკომფორტული არ უნდა იყოს".
აღსანიშნავია, რომ შპს "აღმაშენებელს" დევნილთა სამინისტროს მიერ მენაშენეთა კონკურსის მესამე ეტაპის ფარგლებშიც დაევალა ბინების რეკონსტრუქცია. კომპანიას დამატებით 4 ბინის მოწყობა იმავე კორპუსში (აღმაშენებლის ქუჩა #112), დაევალა, სადაც 35 ოჯახი უკვე შესახლდა.
აღსანიშნავია, რომ ზურაბ გუბელაძის კომპანიამ "დიაზაინკომპლექსმა" ქუთაისში შერვაშიძის ქუჩაზე (პარლამენტის მიმდებარედ), ე.წ. დევნილთა დასახლება დააპროექტა. თუმცა, ამ დროის მონაცემებით უშუალოდ მშენებლობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია.
აღნიშნულ მისამართზე საერთო ჯამში, 25 საცხოვრებლი კორპუსი უნდა აშენდეს. დღესდღეობით ტერიტორიაზე საპილოტედ 2 საცხოვერებლი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელსაც თბილისში რეგისტრირებული სამშენებლო კომპანია შპს "დავითი" ახორციელებს. კომპანიას მშენებლობის დასრულების ვადა 2016 წლის ბოლომდე აქვს.

###
საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2014 წლის კვლევაში დადებითად არის შეფასებული დევნილთა სამინისტროს მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ახლი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილება. თუმცა, საია-ში აღნიშნავენ, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად ხარვეზებიც გამოვლინდა. ორგანიზაციაში მათი გამოსწორების რეკომენდაციით გამოდიან.
"სახელმწიფომ უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები არსებული ნაკლოვანებების გამოსასწორებლად. შეიქმნას კომისია, რომლის ფარგლებში მოხდება პრივატიზაციის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების გაანალიზება და დადგინდება პრივატიზციის შედეგად რამდენმა დევნილმა ოჯახმა მიიღო საკუთრებაში სათანადო საცხოვრებელის სტანდარებთან შეუსაბამო ბინა. შემუშავდეს წინადადებები, მომავალში რა მექანიზმების გამოყენებით იქნება შესაძლებელი არსებული ხარვეზის აღმოფხვრა", - აღნიშნულია საია-ს 2014 წელს მომზადებულ დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის სახელმწიფო პოლიტიკის შემაჯამებელ დასკვნაში. თუმცა, დევნილებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმდინარე წელს დევნილთა ახლადგადაცემულ საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებით დასკვნები და რეკომენდაციები ჯერ არა აქვთ გაკეთებული.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.