საზოგადოება
ეპარქიებისთვის გადაცემული ქონება იმერეთში და სახელმწიფოს უსასრულო ვალდებულება საპატრიარქოს მიმართ (ნაწილი მეორე)
FaceBook
"საპატრიარქო არის სახელმწიფო სახელმწიფოში".


ეკლესიამ მთელი საქართველოს მასშტაბით სახელმწიფოდან დაახლოებით 7 მილიონ კვადრატულ მეტრ ფართობზე მეტი მიწის ნაკვეთის გადაცემა მოითხოვა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ავტოკეფალურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მთელი საქართველოს მასშტაბით სახელმწიფოდან დაახლოებით 7 მილიონ კვადრატულ მეტრ ფართობზე მეტი მიწის ნაკვეთის გადაცემა მოითხოვა. საპატრიარქომ ამ ქონების დიდი ნაწილი პირდაპირი განკარგვის წესით სიმბოლურ ფასად ერთ ლარად მიიღო. შესაბამისად ამ რაოდენობის მიწების გაცემის მიუხედავად სახელმწიფო ბიუჯეტში თანხა არ შესულა.

საპატრიარქოსთვის მიწებისა და ქონების გადაცემის პროცესში ჩართულნი არიან თვითმმართველობები. მათ შორის იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები, რომლებიც თავიანთი მხრიდან გადასცემენ ეპარქიებს მათ მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებს და სხვა ქონებას. ქონების მოთხოვნა-გადაცემა სამართლებრივად სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმებით მართლდება.
რამდენი ჰექტარი მიწა და სხვა ქონება გადაიცა იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან ამ რეგიონში მოქმედი ეპარქიების საკუთრებაში ბოლო 5 წლის განმავლობაში? რა მასშტაბი და შედეგი შეიძლება მიიღოს ამ პრაქტიკამ? რა უფლებებს ანიჭებს "კონკორდატი" საპატრიარქოს? სეკულარული სახელმწიფოსთვის რამდენად ადეკვატური დოკუმენტია კონსტიტუციური შეთანხმება? " ქუთაისიპოსტი" ამ საკითხების გარკვევას ჟურნალისტურ გამოძიებაში შეეცადა.


მეორე ნაწილი

საბჭოთა სამართალმემკვიდრეები და ვალდებულება აღურიცხავი ქონების კომპენსირებაზე


ისტორიული სამართლიანობის აღდგენის და კომპენსაციის დაწესების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმება. სადაც კომპენსაციების საკითხს ძირითადად მე-11 მუხლი ეძღვნება. ეს დოკუმენტი უდევს საფუძვლად და ამ მუხლით მართლდება 200 მილიონიანი დაფინანსება და 7 მილიონი კვ მ მიწის ფართის გადაცემა საპატრიარქოსთვის.
ხსენებულ მუხლში აღნიშნულია რომ:

1. სახელმწიფო ადასტურებს XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90 წლებში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში, ეკლესიისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს. როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტიური მფლობელი, იღებს ვალდებულებას მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე (საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება №183; 12.04.90).
2. აღნიშნული საკითხის შესწავლის, კომპენსაციის ფორმების, რაოდენობის, ვადების, ქონების ან მიწის გადაცემისა და სხვა დეტალების დასადგენად პარიტეტულ საწყისებზე იქმნება კომისია (ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში), რომელიც მოამზადებს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს.

საპატრირქოს ოფიციალურ საიტზე საეკლესიო სამართალის სპეციალისტი დავით ჩიკვაიძე "კონკორდატის" კომენტირებისას აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უმადურობას გამოხატავს, თუკი საბჭოთა პერიოდში ეკლესიისთვის ნაპარავ ქონებას არ დააბრუნებს. თუმცა მის მიერ დაზუსტებულია, რომ სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს მხოლოდ იმ ქონებაზე, რაც მას ეკუთვნის. "არც ეგების, რომ მოეთხოვოს სახელმწიფოს იმის დაბრუნება, რაც მას ჩვენი ეკლესიისთვის არც კი ჩამოურთმევია",აღნიშნულია განმარტებაში.

თუმცა ჩამორთმეულის დაბრუნების ვალდებულების აღებაში სპეციალისტები გარკვეულ წინააღმდეგობებს ხედავენ. მათი განმარტებით, ამ მუხლით საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკას კომუნისტური სახელმწიფოს ვალებზე უწევს პასუხისმგებლობა, შესაბამისად გამოდის რომ "ჩვენ ვიხდით კომუნისტური სახელმწიფოს ვალებს, ფაქტობრივად, ვაღიარებთ, რომ ჩვენ ვართ მისი სამართალმემკვიდრე და არა დამოუკიდებელი რესპუბლიკის,, ამიტომ უპრიანი იქნებოდა ანაზღაურება რუსეთისათვის მოეთხოვათ, რომელიც ითვლება და აღიარებს კიდეც რომ არის სამართალმემკვიდრე სსრკ-სი " - აღნიშნავს ერთ-ერთი თეოლოგი და საეკლესიო სამართლის სპეციალისტი, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა.

თეოლოგი ითხოვს დოკუმენტს "რომელიც ზუსტად აღრიცხავდა იმ ქონებას, რაც ბოლშევიკებმა ეკლესიას ჩამოართვეს".
ამ დოკუმენტის შედგენის ვალდებულება და აუცილებლობა კონკორდატის მე -11 მუხლის მეორე პარაგრაფშია მითითებული.

მაგრამ როგორც ირკვევა კომპენსაციის ფორმების, რაოდენობის, ვადების, ქონების ან მიწის გადაცემისა და სხვა დეტალების დასადგენად პარიტეტულ საწყისებზე შექმნილ კომისიას ,რომელიც მოამზადებდა შესაბამის ნორმატიულ აქტებსა და პროექტებს არასოდეს უფუნქციონირებია. არც ჩამორთმეული ქონება დაუთვლია არავის. როგორც სპეციალისტები მიუთითებენ სახელმწიფოს მიერ საბიუჯეტო სახსრებიდან ეკლესიის დაფინანსება ზიანის ანაზღაურების გაანგარიშებისა და კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული მოსამზადებელი ღონისძიებების განხორციელების გარეშე დაიწყო. (ქუთაისიპსოტმა წერილობით მიმართა საპატრიარქოს მუშაობს თუ არა ზარალის დამთვლელი კომისია და კომისიის მხრიდან აღირიცხა თუ არა ის ქონება, რაც საბჭოთა პერიოდში დაკარგა ეკლესიამ, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია).

"ყოველწლიურად სახელმწიფოს მიერ ეკლესიისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი დაფინანსების ოდენობა არ ეფუძნება რაიმე ობიექტურ, განჭვრეტად და ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს. ამავდროულად არ ხორციელდება მისი ოდენობის განსაზღვრა ეკლესიის საჭიროებების შემოწმებისა და კონკრეტული თანხების ადეკვატურობის დადგენის პროცუდურებით. ამ პირობებში, ეკლესიისთვის გადასაცემი თანხების ოდენობა ხელისუფლების შიშველ პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, რაც სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპთან მოდის წინააღმდეგობაში", - აღნიშნავს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი, იურისტი თამთა მიქელაძე.

ეკლესიის ქმედებები ხშირ შემთვევაში სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებთნ წინააღმდეგობაში მოსვლად ესახება "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტ, გიორგი გოცირიძესაც.

" სეკულარულ სახელმწიფოში ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან გამიჯნულია. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ეკლესია სახელმწიფოსაგან დაფინანსებას იღებს, ის, სულ მცირე, უნდა ახორციელებდეს სოციალური ხასიათის აქტივობებს და ანგარიშვალდებული უნდა იყოს გადასახადის გადამხდელების წინაშე. სამწუხაროდ, ეკლესია არ იღებს არანაირ ვალდებულებას არც სახელმწიფოს, არც საზოგადოების წინაშე. ეს არის ინსტიტუტი, რომელიც, თვლის, რომ ცალკეულ სფეროში, (მაგალითად, ლგბტ პირების დისკრიმინაციის აკრძალვა), სახელმწიფომ კანონის მისაღებად ეკლესიისაგან თანხმობა უნდა მიიღოს. ეს არ არის ნორმალური ნებისმიერი სეკულარული და დემოკრატიული საზოგადოებისათვის", - აღნიშნავს გოცირიძე.

სახელმწიფო სახელმწიფოში და კონკორდატზე დაქვემდებარებული საქართველოს კონსტიტუცია

რიგი სპეციალისტები პრობლემას სწორედ კონსტიტუციურ შეთანხმებაში ხედავენ, რომელიც, მათი თქმით, "დე ფაქტო" საქართველოს კონსტიტუციის თანასწორ და რიგ შემთვევებში უპირატესი დოკუმენტის როლში გვევლინება.

"ძნელია ზუსტად გაერკვე თუ რას ნიშნავს ტერმინი "კონსტიტუციური შეთანხმება".არსებობს განსხვავება "საკონსტიტუციო" და "კონსტიტუციურს" შორის თუ ეს ორივე ერთი და იგივეა? რამდენადაც მახსოვს, მეორე, ანუ ის რაც ოფიციალურად ქვია "კონკორდატს", არის უფრო 'მძიმე' ტერმინი. ის გულისხმობს, რომ ხსენებული შეთანხმება კონსტიტუციის თანაფარდია, ის კონსტიტუციურია და არაა მხოლოდ კონსტიტუციასთან ასოცირებული რამ ნაკლები სტატუსის მქონე მოვლენა. ეს თუ ასეა, მაშინ გვაქვს კონსტიტუციური სტატუსის მქონე ე.ი. უზენაესი რამ ვალდებულება, კანონი", - ამბობს ანონიმი თეოლოგი.

თუმცა საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ--გვერდზე მოყვანილი დავით ჩიკვაიძის კომენტარები "კონკორდატზე", სხვაგვარ განმარტებას იძლევიან. მისი თქმით"სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არ არსებობს უპირატესი" და "[კონკორდატზე] მაღლა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუცია დგას ".

აღნიშნულ ფრაზას არ ეთანხმება თეოლოგთა და იურისტთა ნაწილი "სამწუხაროდ,"კონკორდატზე" მაღლა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუცია" არანაირად არ დგას, რადგან პატრიარქმა რომ ატომური ბომბი დაუშინოს დედამიწას, კონსტიტუცია მას ხელშეუვლად რაცხს და მისი გადაყენების არანაირი ბერკეტი არ გააჩნია", - აღნიშნავენ თეოლოგები.

ისინი თვლიან, რომ ამ კონსტიტუციური შეთანხმების არსებობა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სხვა სტატუსს ანიჭებს. "საპატრიარქო არის სახელმწიფო სახელმწიფოში. და ეს თავად ამგვარი ხელშეკრულების იდეიდან მომდინარეობს, ანუ კათოლიკური, ანუ რომის სახელმწიფოს მაგალითიდან, რაზეც ამ მუხლშია ლაპარაკი ისაა, რომ ეს არის ორი სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტი, სახელმწიფო და ეკლესია-სახელმწიფო. და, პირველი მეორეს სასარგებლოდ თმობს ყოველგვარ უფლებამოსილებას", - მიაჩნიათ თეოლოგებს.

ამ უფლებამოსილების დათმობის ერთ -ერთ ნიშნად ინაუგურციაზე პრეზიდენტის ქმედებაც ესახებათ.

"პრეზიდენტი თავის ინაგურაციის დროს არ უნდა უვარდებოდეს ფეხებში პატრიარქს და უკოცნიდეს ხელებს, რადგან ეს კონსტიტუციის, რომლის სიმბოლო და გარანტი არის პრეზიდენტი, დაქვემდებარების ნიშანია პატრიარქისადმი", - აღნიშნავს თეოლოგი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

თუკი საპატრიარქო სახელმწიფოა სახელმწიფოში. მაშინ ქართული სახელმწიფო მისი "ვასალის" ფუნქციით კმაყოფილდება. რადგან საპატრიარქო არ იხდის გადასახადებს, არ გააჩნია ვალდებულებები, კონკორდატის თანახმად მას ძირითადად უფლებები გააჩნია. სახელმწიფო აფინანსებს ბიუჯეტიდან, ასაჩუქრებს მიწებითა და ქონებით. ამ ვალდებულებებს იღებს ყველა მუნიციპალიტეტი და მწირი ბიუჯეტის პირობებში თანხებს გასცემს ბიუჯეტიდან და ასაჩუქრებს ქონებით ეპარქიებს .ამ პრაქტიკას, იგივე შეთანხმების თანახმად, არ გააჩნია ვადა და ლიმიტი.

"დაფინასნების კომპენსაციის მოდელის სპეციფიკა ის არის, რომ ის ამოწურვადია და რაღაც ეტაპზე, როცა დაანგარიშებული, მხარეებს შორის შეთანხმებული ზიანი ანაზღაურდება, დაფინანსება უნდა შეწყდეს. იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს არ მოუხდენია კონსტიტიუციური შეთანხმებით დადგენილი ზიანის ოდენობის დაანგარიშება და მისი გადახდის წესის დადგენა, ეკლესია კი პირდაპირი დაფინანსების წესით დიდი ოდენობის ფინანსურ და სხვა მატერიალურ მხარდაჭერას იღებს, რომლის გამართლება საბჭოთა პერიოდში მიყენებულ ზიანთან სამართლებრივად და ფაქტობრივადაც შეუძლებელია. ამ პირობებში ცხადია, შეუძლებელია მისი ამოწურვის, ან გადაჭარბების საკითხებზე მსჯელობა", - აღნიშნავს თამთა მიქელაძე.

საპტრიარქოსთვის მიწებისა და ქონების გადაცემა "უსასრულოდ გაგრძელდება და ამის თქმის საფუძველს ქმნის კონსტიტუციური შეთანხმება. თანაც ეკლესია და მონასტრები არის ქართველი ხალხის მიერ შექმნილი და არა მხოლოდ სასულიერო პირების. ანუ, ის ეკუთვნის მთელ ერს - ქრისტიან არაქრისტიანებს და არა მხოლოდ ეკლესიას. ის არის კულტურული ჩვენი მემკვიდრეობა. ის რაც შეიქმნა მართლმადიდებლური დიქტატურის დროს ისევე არ ეკუთვნის მხოლოდ მას, როგორც კომუნისტური იდეოლოგიის დროს შექმნილი მხოლოდ კომუნისტურ პარტია ",- აღნიშნავენ რიგი თეოლოგები.

კონსტიტუციური შეთანხმება, რომელიც ფაქტობრივად უახლოვდება კონკორდატის ერთ-ერთ პირველ რედაქციას (რომელიც თავის დროზე დაწუნებული იქნა). კონკორდატის იმ ვარიანტში საპატრიარქო ითხოვდა ტყეებს, ველ-მინდვრებს, სახელმწიფო მუზუემებში დაცულ საეკლესიო ნივთებს და ა.შ.. მაშინ ეს ვარიანტი არ დამტკიცდა. თუმცა რეალური სურათი "დე იურე" დაუმტიცებელ დოკუმენტს "დე ფაქტო" აღასრულებს.

პირველი ნაწილის ნახვა შეგიძლიათ აქ;
Print