საზოგადოება
სისტემის და საზოგადოების თვალწინ განვითარებული და დაუნახავი ტრაგედია
FaceBook

თერჯოლაში, სოფელ ძევრის ერთ ეზოში შეკრებილ უამრავ მგლოვიარე ხალხს შორის ერთი პატარა ბიჭია.


ასაკით მისი გარდაცვლილი მეგობრის ტოლია, 11 წლის ათუკას საუკეთესო მეგობარი, კლასელი და მეზობელი. თავიდან ლაპარაკის სურვილი არ აქვს. მოგვიანებით ჭიშკრიდან თავს გამოყოფს და გვიამბობს, რომ ბოლო დროს ათუკა ხშირად იყო მოწყენილი. მიზეზი, რაც კარგად იცოდა ოჯახმა, რაზეც ლაპარაკი უჭირთ მეზობლებს, არ შეუმჩნევიათ სკოლაში, არავის შეუტყობინებია პოლიციისთვის, სოციალური სამსახურისთვის, პატარა მეგობარს არაერთხელ გაუმხილა.


ათუკას უყვარდა  სკოლის ბუფეტში მეგობრების დაპატიჟება, ყველას ყველაფერს უნაწილებდა. ეზოში სულ ერთად თამაშობდნენ. მეგობრის თანდასწრებით მამა ხშირად უყვიროდა, თუმცა ფიზიკურად არ შეხებია. ეს უკვე ათუკასგან იცოდა.


„მეუბნებოდა,  თუ რამეს ისე არ გავაკეთებ,  მცემსო. იმ დღეს ტრაქტორის საბურავებზე დაავალა რაღაც, მეც მასთან ერთად ვიყავი, ათუკამ ვერ გაუკეთა ისე, როგორც მას უნდოდა და ძალიან ეჩხუბა. ბევრჯერ შევსწრებივარ რომ უყვიროდა, მაგრამ ცემა არ დამინახავს. სულ ერთად ვიყავით მე და ათუკა, ერთად ვატარებდით მთელ დღეს. სინამდვილეში ძალიან მხიარული ბავშვი იყო, სულ იცინოდა, მაგრამ ბოლო დროს მოწყენილი იყო“.

ათუკას მეგობარმა იცის, რომ ძალადობის შემთხვევაში 112-ზე უნდა დარეკოს, მაგრამ არ იცის, როდის დგება ის კრიტიკული მომენტი, როცა დახმარება უნდა ითხოვოს. სოფელში წლების ძალადობის ისტორია ვერავინ დაინახა და მის ტრაგიკულ დასასრულს არავინ აღუდგა.


მეზობლები

ყოველთვის მოწესრიგებული, ზრდილობიანი, ღიმილიანი ათუკა რომ ძალადობის მსხვერპლი იყო, მეზობლების მტკიცებით, მათ არ იცოდნენ.

სოფელში ცნობილი მოძალადე ნაბოლარა, „ნანატრ“ ბიჭზე მზრუნველობას და ყურადღებას იჩენდა, სკოლაში სხვებზე მეტ ფულს ატანდა, პერიოდულად სურვილებს უსრულებდა. ასეთად ხედავდნენ მეზობლები (ვინაობის გამხელა არც ერთმა ისურვა) კაცს, რომლის ოჯახში  სასტიკი მოპყრობის გამო, პატრული რამდენჯერმე გამოუძახიათ.

,,13-14 წლისა ასაკში გათხოვდნენ გოგონები, რომ გარიდებოდნენ პათოლოგ მამას. გვახსოვს, ერთს ისე სცემა, ყბა მოტეხა. მაშინაც და ადრეც, სულ ვიძახებდით პოლიციას, მაგრამ ისინი მოძალადეს მხოლოდ ხელწერილს აწერინებდნენ.  ათუკა ცოლ-ქმრის ნანატრი შვილი იყო. ბავშვს მამა ფულსაც ატანდა სკოლაში, სულ მოწესრიგებული დადიოდა, გვახსოვს, როგორ ჩააბარა მეზობელს ბავშვი ექსკურსიაზე რომ გაუშვა გელათში, ყოველ ნახევარ საათში ურეკავდა, ხომ კარგად ხართო. თანაც ბოლოს ამპულა ჰქონდა ჩადგმული, მაგრამ ვადა რომ გაუვიდა ისევ სვამდა. ჩვენ ვერც წარმოვიდგენდით თუ ათუკასაც სცემდა.  ეს არავინ იცოდა,  ბავშვსაც არასდროს  არავისთან უთქვამს".

მეზობლები ამბობენ, რომ იყო კიდევ ერთი პრობლემა, პატრულის გამოძახებას წლების უკან, ოჯახი მათ შინაურ საქმეში ჩარევად აღიქვამდა და მამაკაცის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ეწინააღმდეგებოდა. ეს იმ ფონზე, რომ მამამ არასრულწლოვან შვილს სახის ძვალი დაუზიანა. ამის მიუხედავად, ამტკიცებენ, რომ აუცილებლად დარეკავდნენ საპატრულო პოლიციაში, ათუკაზე ძალადობის ფაქტი მათთვის ცნობილი რომ ყოფილიყო.

ახლა ძევრში არავის სჯერა, რომ სიცოცხლით სავსე ბავშვმა, რომელიც გარშემო ყველას უყვარდა, თავი მოიკლა.

მეზობლების მონათხრობით, ემიგრაციაში, საბერძნეთში მყოფი დედა, რომელიც თავად იყო ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი, ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე  მამა-შვილს ინტერნეტის საშუალებით ელაპარაკა. ბიჭს სასკოლოდ ახალი ტანსაცმლის ყიდვას და დიდ სიუპრიზად, ახალი კვადროციკლის შეძენას დაჰპირდა, ქმარს  კი უთხრა, რომ ფულს ვერ გამოუგზავნიდა. ამის გამო კაცი გაბრაზდა და ცოლს დაემუქრა, რომ ის შვილის ხმას ვეღარასდროს გაიგონებდა. შემდეგ რა მოხდა, ზუსტად არავინ იცის.

,,ვვარაუდობთ რომ მამას ბავშვი ცემაში შემოაკვდა, რადგან ის ხშირად  იღებდა ალკოჰოლს. შემდეგ თვითმკვლელობის სცენა გაითამაშა. ეს ეჭვი თვითმკვლელობის დათვალიერების შემდეგ გაჩნდა.  რა მოხდა სინამდვილეში, ეს მხოლოდ სამმა ადამიანმა იცის -  მამამ, ბიძამ და ბებიამ, რომლებიც იმ დროს სახლში იყვნენ".


სკოლა

ათუკას დამრიგებელს არ აქვს ვერსია, რის გამო შეიძლებოდა მოეკლა თავი ბიჭს, რომელიც რამდენიმე კვირაში მეექვსე კლასში უნდა გადასულიყო. მხიარული და კონტაქტური მოზარდისთვის მას მოწყენილობა არ შეუნიშნავს.

"ონლაინ გაკვეთილებზეც მერთვებოდა, სულ იცინოდა, ძალიან კონტატური ბავშვი იყო, სკოლაშიც  ყველა ღონისძიებაში ერთვებოდა, აქტიური იყო პრაქტიკულ სამუშაოებში.  ყველასთან მეგობრობდა. იყიდდა, ხოლმე, ტკბილეულს და ბავშვებს ურიგებდა. რა მოხდა არ ვიცი, ვიდრე ექსპერტიზა არ დასრულდება, ვერაფერს  ვიტყვი".

ლია ამირანაშვილის ინფორმაციით, ძევრის საჯარო სკოლაში გამოკრულია  ცხელი ხაზის ნომრები, სადაც ძალადობის შემთხვევაში მოზარდს დარეკვა შეუძლია. რა იცოდა ათუკამ საკუთარ უფლებებზე, არ იცის.

განათლების სამინისტროში გვითხრეს, რომ საკუთარი და სხვისი უფლებების საკითხები,  ასევე, თუ როგორ უნდა მოიქცეს ბავშვი ნებისმიერი ტიპის ძალადობის შემთხვევაში, სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე, მეოთხე კლასიდან ისწავლება.

ქუთაისის #2 საჯარო სკოლის დირექტორისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის, მურად ჯიშკარიანის აზრით, ამ საგნის დანერგვა განათლების სისტემისთვის მნიშვნელოვანი პროგრესია, თუმცა, საჭიროა ბავშვმა თავისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ პირველივე კლასიდან იცოდეს.

"საგანი "მე და საზოგადოება",  ფაქტობრივად, შესავალია სამოქალაქო განათლების. ეს საგანი ბოლო წლებში დაემატა სკოლებს, რაც აუცილებელი იყო, თუმცა  საჭიროა, რომ ამ საკითხების სწავლა ბავშვმა პირველივე კლასიდან დაიწყოს".


სახელმწიფო სისტემა

11 წლის ათუკა აბჟანდაძემ ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე მისივე სოფელში მცხოვრებ დეიდას დაურეკა და მამასთან კონფლიქტის შესახებ უამბო. იმის გამო, რომ დეიდის ოჯახს ბრალდებულთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, აბჟანდაძეების ოჯახში დასახმარებლად არავინ მისულა.

მეზობლების ნაამბობით, დეიდამ საპატრულო პოლიცია ამ ზარიდან მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ გამოიძახა.  უკვე გვიან იყო. სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ჯგუფს ბავშვი გარდაცვლილი დახვდა.

ათუკას ბებია მედიასაშუალებებთან ინტერვიუში ამბობს, რომ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, პირადად, არაერთხელ მიუმართავს სამართალდამცავებისთვის, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, აბჟანდაძეების ოჯახში ბავშვის მიმართ ძალადობის შესახებ შეტყობინება უწყებაში არ შესულა, შესაბამისად, ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერი არ გამოცემულა. იმავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ოჯახში კონფლიქტთან დაკავშირებით უწყებას 2010 წელს მიმართეს, ,,რაზეც მოხდა შესაბამისი რეაგირება, თუმცა სამართლებრივი პასუხისმგებლობა არცერთი პირის მიმართ არ დამდგარა". მიმართვა აღრიცხულია 2014 წელსაც, როცა ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას სიძესთან, „რაზეც პოლიციის მხრიდან გატარდა შესაბამისი ზომები".

„ქუთაისიპოსტი" დაინტერესდა, ამ მიმართვიდან რომელიმე ასახავს თუ არა ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტს, რაზეც მეზობლები საუბრობენ (არასრულწლოვანი შვილისთვის სახის არეში მიყენებული დაზიანება) და თუ ფაქტი დასტურდება, რატომ არ მოჰყვა მას სამართლებრივი რეაგირება. შსს-დან პასუხს მიღებისთანავე  გაგაცნობთ.

2010, 2014 წლებში, ოჯახში ძალადობის თაობაზე პოლიციაში  შესული განცხადების შედეგად, არც ერთი პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რომ არ დამდგარა, იყო კანონის არასრულყოფილების თუ უწყების პრობლემა?

არასამთავრობო ორგანიაცია „საფარის" დირექტორი, ბაია პატარაია ამბობს, რომ ამ შემთხვევაში კანონის ხარვეზის საკითხი არ დგას. ნებისმიერ შემთხვევაში, მხოლოდ ხელწერილის დაწერა, საკმარის სამართლებრივი რეაგირება არ არის და რომ მომხდარზე გამოძიება იმთავითვე უნდა დაწყებულიყო. თუ ეს ასე არ მოხდა, უნდა დამდგარიყო იმ პირების პასუხისგების საკითხი, ვისაც რეაგირება ევალებოდა.

„თუ ეს ფაქტი ნამდვილად მოხდა და ამაზე შესაბამისი რეაგირება არ იყო, მაშინ ეს არის სამსახურებრივი გულგრილობა და უნდა დადგეს კონკრეტული პირების პასუხისგების საკითხი".

დგება თუ არა სამართალდამცავი უწყების პასუხისმგებლობის საკითხი მაშინ, როცა ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინება წლების უკან მიიღეს და ის მსხვერპლს არ ეხებოდა?

ბავშვისთვის   ძალადობრივი და სახიფათო გარემო სამართალდამცველებმა  ოჯახში მაშინაც უნდა დაინახონ, როცა კონფლიქტი უფროსებს უშუალოდ მასთან არ აქვთ - ასე განგვიმარტა საკიხი ასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" აღმასრულებელმა დირექტორმა, იურისტმა ანა არღანაშვილმა.

,,მნიშნელოვანია, როგორც სამართალდამცავების, ისე სოციალური სამსახურის პასუხისმგებლობა, თუმცა საბოლოო ჯამში ესაა სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობის შედეგი. ჩვენ გვაქვს კითხვები პოლიციასთან. ერთ შემთხვევაში მაინც  თუ იყო ძალადობაზე შეტყობინება, მაშინ რატომ არ იყო შესაბამისი სამართლებრივი პროცესი, რატომ არ ჩაერია პროკურატურა, გამოძიება, სასამართლო. საერთოდ კანონში ასეთი ჩანაწერია, რომ  არ არის აუცილებელი ძალადობდეს მოძალადე ბავშვზე. მაგალითად,  თუ კაცი ძალადობს ცოლზე და ამას უყურებს ბავშვი, ეს უკვე მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმაა".

აბჟანდაძეების ოჯახში მომხდარი ძალადობის არცერთი ფაქტი პოლიციამ არც სოციალურ  სააგენტოს აცნობა, რაც მისი პირდაპირი ვალდებულებაა. იმის მიუხედავად, რომ პოლიციას აბჟანდაძეების ოჯახში ჯერ კიდევ 10 წლის წინ დახვდათ  სიცოცხლისთვის საშიში გარემო,  არც მოძალადის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა და არც ბავშვების განრიდებაზე იზრუნა.

იგივეს ადასტურებს თერჯოლის სოციალური სააგენტოს სოციალური მუშაკი თეა ბოჭორიშვილი. ის ამბობს, რომ ასეთ დროს პოლიცია ვალდებულია, სააგენტოსთან ითანამშრომლოს.

„პოლიციას აქვს ამის ვალდებულება,  რომ მსგავს სიტუაციაში დაურეკოს სოციალურ სამსახურს. როცა არის სიცოცოხლისთვის საფრთხის შემცველი გარემო, ასეთ დროს უნდა მოხდეს ბავშვის უსაფრთხო გარემოში გადაყვანა. ამ ოჯახიდან კი  ძალადობის არც ერთი ფაქტი უცნობებია ჩვენი სააგენტოსთვის პოლიციას".

ბოჭორიშვილი ამავდროულად მიიჩნევს, რომ იმ ოჯახში მყოფ ბავშვებს, სადაც ერთ-ერთი მშობელი, წლების განმავლობაში, შრომით მიგრაციაშია, განსაკუთრებული ყურადღება და მზრუნველობა სჭირდება.

,,ემიგრანტი მშობლების 95% ასეთ დღეშია. სჭირდება თუ არა ბავშვს მეთვალყურე, მაინც უნდა ჰყავდეს. ზოგჯერ ისინი არ უჯერებენ მამებს, ბებიებს, ან პირიქით,  არიან უფროსების მსხვერპლნი. ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული პროგრამა, რომელიც უზრუნველჰყოფდა ჩვენს ჩართულობას ასეთ დროს, არც შესაბამისი ადამიანური რესურსი გაგვაჩნია. ერთ-ერთი გამოსავალი პრობლემიდან ის არის,  რომ სოციალური მუშაკები დაინიშნონ სკოლებში, ოჯახებში სადაც ერთ-ერთი მშობელი შრომით მიგრაციაშია, რადგან ყველა ერთად, უფრო ფხიზლად ვიყოთ".

რა ფორმით უნდა აიღოს სახელმწიფომ პასუხისმგებლობა ბავშვებზე, რომელთა მშობლებიც ემიგრაციაში არიან, ამაზე ევროპული მაგალითებით საუბრობს უფლებადამცველი ანა არღანაშვილი.

,,აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, საიდანაც მშობლები გავიდნენ შრომითი მიგრაციით, დატოვებული ბავშვების მონაცემთა ბაზა აქვს სოციალურ სამსახურს. ნათესავი, რომელთანაც ბავშვი დარჩა, არასანდოა, ან არ შეუძლია ბავშვის მოვლა, ბავშვი რჩება ამ ადამიანთან, მაგრამ სოციალური სამსახურის ზედამხედველობის და მხარდაჭერის ქვეშ. ჩვენთან ეს ბავშვები სახელმწიფომ მიატოვა. ამ ბავშვებზე პასუხისმგებლობა უნდა აეღო სახელმწიფოს, თითქმის ყველა ქვეყანაში აიღო - ჩვენ გარდა. იმ ქვეყნებში მიხვდნენ, რომ ბავშვებს და მშობლებს შორის ძლიერ კავშირს ხელი უნდა შეუწყონ და  მოუარონ, სანამ მშობლები და ბავშვები კვლავ ერთად იქნებიან".


არასრულწლოვანებზე ძალადობა საქართველოში

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, არასრულწლოვანთა მიერ სუიციდის შემთხვევების რაოდენობა საქართველოში ყოველწლიურად მზარდია.

ამასთან ერთად, ქვეყანაში არ არსებობს ცხელი ხაზი, რომელიც მხოლოდ ბავშვთა ძალადობის ფატქებზე იქონიებს რეაგირებას.



,,
არც ერთი ეს ცხელი ხაზი არ არის ბავშვებისადმი მეგობრული და არც ბავშვებმა იციან სად უნდა დარეკონ მათზე ძალადობის შემთხვევაში. პოლონეთში რძის ბოთლებზეც კი ბავშვებისთვის მეგობრული ცხელი ხაზის ნომერი აწერია, რათა ბავშვმა შეამჩნიონ და საჭიროების შემთხვევაში დარეკონ. ეს ნომერი წერია ყველგან, სადაც ბავშვი დაინახავს. ჩვენთან ბავშვმა არც კი იციან სად ითხოვონ დახმარება, როცა მასზე ძალადობენ, ცემენ. ამ ბავშვსაც, თერჯოლაში უნდა სცოდონოდა ვისთვის ეთხოვა დახმარება, უნდა ჰყოლოდა ადვოკატი, რომელიც დაიცავდა", - ამბობს უფლებადამცველი ანა არღანაშვილი.

საქართველოში მოქმედი ცხელი ხაზი:

  • 111 - მუშაობს მხოლოდ 10-დან 7 საათამდე. იღებს შეტყობინებას არა მხოლოდ ბავშვთა ძალადობაზე, არამედ ავშვთა სხვადასხვა საკითხზე.

  • 1505 - რომელიც მუშაობს 10- დან 18 საათამდე, რეაგირებას ახდენს ჯანდაცვის ყველა საკითხებზე. ამავდროულად, რეგიონებიდან ზარი ფასიანია. 6 საათის შემდეგ, ამ ხაზიდან 112 - ზე გამისამართებენ.

  • 112 - ცხელი ხაზი, რომელსაც 24 საათის განმავლობაში მოქალაქის ყველა შეტყობინებაზე დროული რეაგირება ევალება.

 

***

ოჯახმა „ქუთაისიპოსტთან" საუბარზე უარი თქვა. სხვა მედიასაშუალებებთან დებიც, ბებიაც და დეიდაც, ადასტურებენ, რომ წლების განმავლობაში მამა ათუკაზე და ოჯახის სხვა წევრებზე ფიზიკურად ძალადობდა.

49 წლის  ფ. ა-ს. გამოძიებამ, 25 აგვისტოს, ბრალად წაუყენა ოჯახური ნიშნით ჩადენილი თვითმკვლელობამდე მიყვანა. დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მამაკაცი ბრალს არ აღიარებს.

ცნობილია, რომ 10 წლის წინ ემიგრაციაში, საბერძნეთში წასული ათუკა აბჟანდაძის დედა საქართველოში დღეს უნდა ჩამოსულიყო, თუმცა, არსებული ინფორმაციით,  დოკუმენტების უქონლობის გამო ის თურქეთის საზღვრიდან უკან მიაბრუნეს. შვილმკვდარი დედა სამშობლოში დასაბრუნებლად დახმარებისთვის მთავრობას მიმართავს.

ერთი წლის ასაკიდან ათუკა მოძალადე მამასთან იზრდებოდა. ეს იცოდა ოჯახმა, სოფელმა, პოლიციამ, მაგრამ მხოლოდ ბავშვის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ დაინახა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.