ახალი ამბები
ასობით სოცოცხლისთვის საშიში ფასადი ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, საცხოვრებელი კორპუსის კედლის ფილის ჩამონგრევის შედეგად, მოქალაქის დაზიანების ბოლო შემთხვევა 12 მაისს მოხდა.

ბუხაიძის ქუჩაზე მაღაზიათა ქსელ "სუფთა სახლის"  წინ რიგში მდგომ 50 წლამდე ქალს თავში მეტლახი დაეცა და თავის არე დაუზიანა.

დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო. იგი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს.



ქუთაისში მსგავსი შემთხვევები იშვიათი არ არის. კორპუსებიდან სამშენებლო მასალები მუდმივად ცვივა.

ანალოგიური შემთხვევა 2017 წელს მოხდა, როდესაც კორპუსიდან ჩამოვარდნილ ბეტონის ფილას 12 წლის გოგონა ემსხვერპლა.

გამოძიება დაიწყო, თუმცა, პასუხისგებაში დღემდე არავინ მიუციათ.

ქუთაისში მრავალსართულიანი კორპუსები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კერძო საკუთრებას წარმოადგენს, შესაბამისად, მათზე ზრუნვა მოსახლეობას ევალება, თუმცა, მერიაში არსებობს  პროგრამა „კორპუსი“, რომლის ფარგლებშიც სადარბაზოების კეთილმოწყობა თანადაფინანსებით ხდება. თანხის 90%-ს ადგილობრივი ბიუჯეტი იხდის, ხოლო 10%-ს მოსახლეობა. ამის მიუხედავად, კორპუსებში მცხოვრებლები ამბობენ, რომ თანხის შეგროვებას მაინც ვერ ახერხებენ.

"წყალი ჩამოდის ჩვენს კორპუსში. გავაკეთებინეთ  რამდენჯერმე, მაგრამ ისევ ფუჭდება. განუკითხაობაა. ფულიც არ აქვს ხალხს, რომ თვითონ გააკეთონ, ბევრი არ მუშაობს, ბინებიც ცარიელია, ან მდგმურები ჰყავთ", - ამბობს ერთ-ერთ მრავლსართულიან კორპუსში მცხოვრები ლილი მეტრეველი.

პასუხისმგებლობას თავიდან იცილებენ ქუთაისის მერიაში. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ  კონკრეტულ შემთხვევაზე  მოსახლეობამ მერიას თავად უნდა მიმართოს.

ავარიული ფასადების პრობლემა რომ მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია, ამაზე 2017 წელს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ ბინების გამაგრებაზე გაზრდილი მოთხოვნაც მიუთითებს. მაშინ მერია იძულებული გახდა დამატებით თანხა გამოეყო და პროგრამის  ბიუჯეტი 1 137 300 ლარიდან  2 479 300 ლარამდე  გაეზარდა. მიმდინარე წელს პარაპეტების რეკონსტრუქციაზე  90 000 ლარია გამოყოფილი,  თუმცა, მერიაში ამბობენ, რომ ამ  ეტაპზე კორპუსების რეკონსტრუქცია არ ხდება. წელს ნგრევადი ფასადების გამაგრება  სახელოვნებო, სამუსიკო და სპორტული სკოლების რეკონსტრუქციის საჭიროებამ ჩაანაცვლა.

სადარბაზოებისა და ფასადების რეკონსტრუქციის პროექტები ქალაქის მხრიდან დახმარებაა ბინათმესაკუთრეებზე, რადგან ვერ ახერხებენ თავიანთი სახსრებით მოუარონ საკუთარ ინფრასტრუქტურას, ქალაქი ეხმარება მათ ამ საკითხში. პრობლემები ძალიან დიდია და მასშტაბიდან გამომდინარე ვერ ხერხდება მცირე დროში მოგვარდეს“, - ამბობს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, მირზა ხიდაშელი.

მისივე თქმით, ჯამში, ორ მილიონამდე ლარის ღირებულების ფასადების რეკონსტრქუციის პროექტია განხორციელებული.

ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ასევე, განმარტავს, რომ  როდესაც კორპუსიდან ნალესი ცვივა,  სპეციალური სამსახურის მიერ რეაგირება ყოველთვის ხდება, რაც ნალესის ან სხვა მასალის ფასადიდან მოხსნას გულისხმობს.

"თუმცა, ამის პროგნოზირება ყოველთვის რთულია".

2017 წელს ქალაქში არსებული 1 500 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან  130 ავარიული სახლი იყო აღწერილი, მათ ნაწილს ფასადი, ნაწილს კი პარაპეტი ჰქონდა ამორტიზებული. მერიაში ახლა ვერ აკონკრეტებენ კიდევ რამდენი კორპუსია სიცოცხლისთვის საშიში.


ამავე თემაზე:

ქუთაისში, რიგში დგომის დროს ქალს მეტლახი დაეცა

ქუთაისში 130-ზე მეტი ავარიული ბინაა აღწერილი

ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსიდან ბათქაში ცვივა - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს (ფოტო)

კედლის ნაწილი, რომელმაც 12 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა, ძველ კორპუსს მოწყდა

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ამერიკელი კონგრესმენების ორპარტიულმა ჯგუფმა წარმოადგინა რეზოლუცია,
10:50 / 26.06.2022
ამერიკელი კონგრესმენების ორპარტიულმა ჯგუფმა წარმოადგინა რეზოლუცია,
“დიდი შვიდეულის” ლიდერები გერმანიაში შეხვედრაზე იკრიბებიან, 
10:26 / 26.06.2022
“დიდი შვიდეულის” ლიდერები გერმანიაში შეხვედრაზე იკრიბებიან, 
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.