საზოგადოება
ქუთაისში მოსახლეობა ქუჩის გადაკეტვით იმუქრება
FaceBook
"მოვუწოდებთ ხელლისუფლებას ჩაერიონ ამ საქმეში"


ქუთაისში, ყაზბეგის ქუჩაზე მიმდინარე რეაბილიტაციის ხარისხს ადგილობრივი მცხოვრებლები აკრიტიკებენ და  სამუშაოებს იწუნებენ.
პარალელურად, ადგილზე მყოფი მუშები სამუშაოების ხარისხზე მთლიანად იღებენ პასუხისმგებლობას და ირწმუნებიან, რომ ქუჩის რეაბილიტაცია მაღალპფროფესიონალურად სრულდება.


ადგილობრივი მოსახლეობის თქმით კი, რეაბილიტაციის დასრულებამდე, ტერიტორია მუშებმა თვითნებურად გაუშვეს ექსპლოატაციაში, რაც სანახევროდ მოწყობილ გზას აზიანებს.
"რაც ყველას გვაწუხებს ისაა, რომ ეს გზა ჯერ არ უნდა შესულიყო ექსპლოატაციაში, მიმდინარეობს სამუშაოები და თან გადადგილდებიან ავტომობილები. უხარისხოდ მუშაობენ, გარკვეულ მონაკვეთებზე ფილები უკვე აყრილია, რომ არაფერი ვთქვათ დატოვებულ სამშენებლო ნარჩენებზე, მტვერზე, რის გამოც ფანჯრებს ვერ ვაღებთ ,"- ამბობენ ადგილობრივები.
ქუთაისში, ყაზბეგის ქუჩაზე 300 მეტრიანი გზის მონაკვეთის რებილიტაცია მეექვსე თვეა მიმდინარეობს, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ვადა 4 თვე იყო.
მოსახლეობა სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებლობას მოითხოვს და დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს.
"ხახლი გაბოროტებულია უკვე, ამოვიდა ყელში ამათი არაკომპეტენტურობა და უპასუხისმგებლობა, მოვუწოდებთ ხელლისუფლებას ჩაერიონ ამ საქმეში, თუმცა მერიამაც რომ ჩაიბაროს ასე უხარისხოდ გაკეთებული საქმე, ჩვენ არ ჩავიბარებთ, თუ დროულად და ხარისხიანად არ დასრულდა მშენებლობა და გადავკეტავთ ბაგრატის ქუჩისკენ მიმავალ მთავარ გზას" - ამბობენ ყაზბეგის ქუჩაზე მცხოვრებლები .
ადგილზე მყოფი მუშები სარეაბილიტაციო სამუშეოების გაჭიანურებას უამინდობას და სამშენებლო მასალების გვიან მოწოდებას უკავშირებენ, ხოლო სამუშაოების ხარისხზე განმარტავენ, რომ რეაბილიტაცია მაღალპროფესიონალურ დონეზე მიმდინარეობს.
"სამუშაოების პროცესი გააჭიანურა იმან რომ წვიმები იყო, ასევე არ მოგვეწოდა სამშენებლო მასალები დროულად, ამიტომაც ვერ ჩავეტიეთ ვადებში,"- ყაზბეგის ქუჩაზე მყოფი მუშები.
როგორც ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, ისინი ყაზბეგის ქუჩაზე მიმდინარე რეაბილიტაციის ხარისხს აკონტროლებენ.
"გარკვეულ მონაკვეთზე ფილების აყრა იმან გამოიწვია, რომ ღვარცოფი წამოვიდა, თუმცა ეს ერთი მონაკვეთი იყო მხოლოდ და გამოსწორდება, რაც შეეხება, იმას რომ გზა ექსპლოატაციაშია, ეს არაფერს აზიანებს, პირიქით, გზა დაიტკეპნება და თუ რაიმე ხარვეზია უფრო გამოჩნდება," - ამბობს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძე.
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, ყაზბეგის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 10 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები დღემდე მიმდინარეობს.
ქუთაისიპტთან საუბარში ქუთაისის მერიაში იწრმუნებიან, ყაზბეგის ქუჩის რეაბილიტაცია ამჯერად, 21 სექტემბერს დასრულდება.
"კომპანიას ხელშეკრულების ვადა გადაუწიეთ 21 სექტემბრამდე, მოხდება ტერიტორიის სამშენებლო ნარჩენებისგან დასუფთავებაც"- განმარტავს ბასილაძე.
ქუთაისში, ყაზბეგის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც გზის საფარის მოწყობას ითვალისწინებს, მიმდინარე წლის 18 მარტს დაიწყო. ამავე ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის და გზის საფარის გრანიტის ქვებით მოწყობის სამუშაოები 26 ივლისს უნდა დასრულებულიყო.
სამუშაოების განსახორციელებლად ქუთაისის მერიამ ელექტრონული ტენდერი (SPA150002767) მიმდინარე წლის 28 თებერვალს გამოაცხადა. შესყიდვის თავდაპირველი ღირებულება 542 284 ლარს შეადგენდა. გამარჯვებულმა კომპანია "გზა 21"- მა ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება ქუთაისის მერიას 533 112 ლარად შესთავაზა. თუმცა, კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში (60 კალენდარული დღე) სამუშაოების შესრულება ვერ შეძლო.
6 თვის მანძილზე გაჭიანურებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ყაზბეგის ქუჩაზე დღემდე მიმდინარეობს, ხოლო შემსრულებელი კომპანია თითოეულ ვადა გადაცილებულ დღეზე ჯარიმის სახით 560 ლარს იხდის.
რატომ ვერ მოახერხა სამშენებლო კომპანია "გზა-21"- მა დაკისრებული ვალდებულებების დროულად შესრულება, "ქუთაისიპოსტმა" ინფორმაციის მისაღებად კომპანიის ხელმძღვანელობასთან დაკავშირება არაერთხელ სცადა. თუმცა, სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული საკონტაქტო ნომერი ამ დრომდე გამორთულია. კომპანიის ხელმძღვანელობის ნახვა ვერც სამუშაოების მიმდინარეობის ადგილზე მოხერხდა. აღსანიშვანია, რომ შპს "გზა-21"-ს ოფიციალურ მისამართად ბათუმში, ლ. ასათიანის #2 აქვს მითითებული.

ანა ჯანაშია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.