საზოგადოება
„ნიკეას ნაგავსაყრელი არაოფიციალური სამარხია“ - სად მარხავენ ქუთაისში გარდაცვლილ უპატრონო ცხოველებს?
FaceBook
ქუთაისში გარდაცვლილი უპატრონო ძაღლებისთვის ოფიციალური სამარხი არ არსებობს. მკვდარი ცხოველების დასამარხ ადგილად, ნიკეას ნაგავსაყრელს ასახელებენ.

"ქუთაისში მაწანწალა ძაღლებს, რომლებიც სხვადასხვა შემთხვევის დროს, ან ავტომობილმა იმსხვერპლა, ან უბრალოდ ქუჩაში მოკვდა, აიღებენ და მიჰყავთ ნიკეას ნაგავსაყრელზე, სადაც პრაქტიკულად გარდაცვლილი ძაღლების არაოფიციალური სამარხია," - ირწმუნება წყარო, "ქუთაისიპოსტთან" საუბარში, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა.
"ქუთაისიპოსტი" აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად ნიკეას ნაგავსაყრელზე მივიდა. თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე პასუხისმგებელი პირები, ნაგავსაყრელზე ძაღლების არაოფიციალური სამარხების არსებობაზე ინფორმაციას არ ადასტურებენ.
"ნიკეას ნაგავსაყრელზე ვიდრე ნაგავი დაიყრება, ხდება მისი ზედაპირული გადამოწმება, არ ყოფილა შემთხვევა, რომ გარდაცვლილი ძაღლი გვენახა ნაგავში, არც ის შეესაბამება სიმართლეს, რომ აქ მოჰყავთ და მარხავენ გარდაცვლილ ცხოველებს," - იწმუნება ნიკეას ნაგავსაყრელზე მყოფი ოპერატორი და პასუხისმგებელი პირი ავთანდილ ღუღუნიშვილი.
ამის პარალელურად, ნიკეას ნაგავსაყრელზე მყოფი პასუხისმგებელი პირები იმასაც არ გამორიცხავენ, რომ შემოსული ნაგავის ზედაპირული გადამოწმების დროს, შესაძლოა გამორჩენოდათ გარდაცვლილი ცხოველი.
"ნაგავის გადამოწმება არ ხდება ისე, რომ ყველაფერი გადავარჩიოთ დეტალურად, ამიტომ, ერთეული შემთხვევები შეიძლება ყოფილიყო და ვერ შეგვენიშნა," - ამბობენ ნიკეას ნაგავსაყრელზე.
ქუთაისში უპატრონო ცხოველების მოვლა-პატრონობა ააიპ სპეციალური სერვისების რომლის მოვალეობაში შედის. ორგანიზაციის გენერალური დირექტორი გელა გაგუა "ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს კონკრეტული ადგილი, სადაც გარდაცვლილი ცხოველის დამარხვა მოხდება.
თუმცა ქუთაისის ააიპ სპეციალური სერვისების წარმომადგენლობა ფაქტს, რომ ამ ეტაპზე მათ მიერ ცხოველის დამარხვა ნაგავსაყრელზე მომხდარიყო არ ადასტურებენ.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთი შემთხვევა ჩვენი ამ საქმეში ჩართვის დღიდან არ მომხდარა, თვითონ ცხოველის გარდაცვალების შემთხვევაც არ ყოფილა,"- განმარტავენ ქუთაისის ააიპ სპეციალური სერვისებში.
აქვე იმასაც ირწმუნებიან, რომ უახლოეს მომავალში ძაღლების თავშესაფარში ე.წ. "ბეიკერის ორმოს" მოწყობას აპირებენ, სადაც გარდაცვლილი ცხოველების დამარხავენ.
"რამდენიმე კვირაში თავშესაფარში მოეწყობა სპეციალური ორმო, სადაც ცხოველების დამარხვა ყველა წესის მიხედვით მოხდება," - ამბობს გელა გაგუა.
ქუთაისის ააიპ სპეციალური სერვისებში ამბობენ, რომ ისინი უპატრონო ძაღლების მოვლა-პატრონობას მათი წინამორბედისგან განსხვავებით (კომანია, რომელიც უპატრონო ცხოველებზე პასუხისმგებელი იყო გასულ წლებში) უკეთესად განახორციელებენ და ცხოველებს ახალ თავშესაფარში მოათავსებენ. ორგანიზაციაში ირწმუნებიან, რომ ახალ თავშესაფარში ყველა სტანდარტის დაცვით მოხდება როგორც ცოცხალი ცხოველების მოვლა, ასევე მკვდარი ცხოველების დამარხვა.
უპატრონო ძაღლების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა ქუთაისის ააიპ სპეციალურ სერვისებს მას შემდეგ გადაეცა, რაც შპს "უნივერსჯგუფს" მერიასთან დადებული ხელშეკრულების ვადა ამოეწურა.
თუ სად მიჰყავდათ გარდაცვლილი ცხოველები, აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არც ამ კომპანიაში აქვთ. ინდ მეწარმე პაატა ბოკუჩავა, რომელიც შპს "უნივერსჯგუფის" ქვეკონტრაქტორი გახლდათ (და ასევე თავადაც ახორციელებდა უპატრონო ცხოველების მოვლა-პატრონობას ტენდერის შედეგად გასულ წლებში ) ამბობს, მას არ ეხებოდა გადრაცვლილი ცხოველების მიხედვა.
"მე მკვდარ ცხოველს არ ვეხებოდი, ასეთ შემთხვევაში დასუფთავების სამსახურს მიჰყავდა მკვდარი ძაღლი და ალბათ მარხავდნენ კიდეც, თუმცა სად არვიცი," - განმარტავს ბოკუჩავა.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, (რომლებიც ვინაობას არ ასახელებენ) პირად საუბარში არ მალავენ რომ, გარდაცვლილი ცხოველების გადაყვანა არაერთხელ განუხორციელებიათ ნიკეას ნაგავსაყრელზე და იმასაც განმარტავენ, რომ დღემდე იგივე გრძელდება.
როგორც დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ვარაუდობენ, იქამდე, ვიდრე ქალაქში ოფიციალური ადგილი გაჩნდება, სადაც ძაღლების დამარხვა წესის მიხედვით მოხდება, გარდაცვლილი უპატრონო ცხოველების დასამარხი ადგილი ისევ ნაგავსაყრელი იქნება.
ქუთაისის მერიის დასუფთავების განყოფილებაში გარდაცვლილი ცხოველების ნაგავსაყრელზე დამარხვის ფაქტებს არ ადასტურებენ.
"2014 წლიდან ვარ ამ სამსახურში და არც მსმენია და არც ყოფილა ფაქტი, რომ გარდაცვლილი ცხოველი ნაგავსაყრელზე დაემარხათ. ცხოველის გარდაცვალების ფაქტიც არ დაფიქსირებულა," - ირწმუნება ქუთასის მერიის დასუფთავების განყოფილების უფროსი არჩილ ტყაბლაძე.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ქუთაისის ოფისის იურისტები აცხადებენ, რომ მათ გარდაცვლილი ცხოველების სამარხების შესახებ საკითხი ჯერჯერობით არ შეუსწავლიათ.
"კონკრეტულად სად ხდება დაღუპული ძაღლების დამარხვა ამ კუთხით კვლევა არ ჩაგვიტარებია, თუმცა, როგორც სპეციალისტმა ჩვენთან რადიო გადაცემაში საუბრისას აღნიშნა, დაავადებული ძაღლების დამარხვა ხდება და არა მათი კრემაცია, რაც არ არის უსაფრთხო მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის," - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ქუთაისის ოფისის იურისტი ანი სალდაძე.
ანა ჯანაშია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.