საზოგადოება
500 მილიონიანი ევროპული ბაზარი და მოვაჭრეები ინფორმაციის მიღმა
FaceBook
ასოცირების ხელშეკრულების ვაჭრობის კომპონენტი სულ ცოტა 13 პუნქტიან სარგებელზე მიუთითებს.



"ევროპა რას მოგვიტანს ჯერ არ ვიცით, ამიტომ გაურკვევლობაში ვართ"…
"ევროპის ბაზარი ჩვენ არ გამოგვადგება"... მიაჩნიათ ქუთაისელი მოვაჭრეების ნაწილს.
თუ რას მოგვიტანს ევროპა ამაზე კონკრეტულ პასუხებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ ათასგვერდიანი შეთანხმება იუწყება, (შეთანხმების ოფიციალური სახელწოდებაა "ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის").
მსგავსი შეთანხმებები საქართველოს ადრეც გაუფორმებია ევროკავშირთან, თუმცა მათგან განსხვავებით ეს უკანასკნელი რამდენიმე მნიშვნელოვან სეგმენტს შეიცავს, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ ვაჭრობის სფეროს ეხება.
როგორც ასოცირების ხელშეკრულების შესახებ 2014 წელს გამოცემული გზამკვლევი იუწყება, დოკუმენტი მოიცავს "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს (Deep and Comprehensive Free Trade Area - DC FTA) და ითვალისწინებს ევროკავშირთან დაახლოების კონკრეტულ მექანიზმებს". რომლის გამოყენებაც და განხორციელებაც შექმნის ევროკავშირის შიდა 500 მილიონიან ბაზარზე საქართველოს ეტაპობრივი დამკვიდრების შესაძლებლობას.
აღნიშნული შესაძლებლობა ეხმაურება მომდევნო მოვაჭრის სკეფსისს, თუ
"რამდენად გამოგვადგება ევროპის ბაზარი".
ასოცირების ხელშეკრულების ვაჭრობის კომპონენტი სულ ცოტა 13 პუნქტიან სარგებელზე მიუთითებს. მასში საუბარია ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნებთან თავსებადი სავაჭრო სისტემის ფორმირებაზე, ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე,
ქართველი მომხმარებლისთვის უსაფრთხო და უვნებელი პროდუქტის მიწოდებაზე, გამჭვირვალე, სტაბილური ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებაზე, იმაზე რომ იქმნება თავისუფალი სავაჭრო ზონა, სადაც მხარეები აუქმებენ მეორე მხარის პროდუქციაზე ყველა სახის საბაჟო გადასახადს (რამდენიმე გამონაკლისის გარდა). ასევე, იქმნება იმის შესაძლებლობა, მომდევნო ხუთი წლის მანძილზე საბაჟო ტარიფების შემდგომი ლიბერალიზაციის და ა.შ.

"ეს ხელშეკრულება იძლევა შესაძლებლობას, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შევიდეს ევროკავშირის ბაზარზე, რომელიც 500 მილიონიან მომხმარებელს მოიცავს (რაც მინიმუმ რუსეთის ბაზარზე სამჯერ უფრო დიდია) და პირველ ადგილზეა მსყიდველუნარიანობის თვალსაზრისით. ამასთან არის გაკეთებული გათვლები, თუ რა კონკრეტული შედეგი შეიძლება მოიტანოს აღნიშნულმა ხელშეკრულებამ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. ამ გათვლების მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტი გრძელვადიან პერსპექტივაში 4.3%-ით გაიზრდება; ქართული პროდუქციის ექსპორტი გრძელვადიან პერსპექტივაში 12%-ით მოიმატებს, ხელფასები კი გრძელვადიან პერსპექტივაში 3.6%-ით გაიზრდება", - აღნიშნავს ფონდი ღია საზოგადოება საქართველო-ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ივანე ჩხიკვაძე.

თუმცა, მოვაჭრეთა ნაწილს მოკლე თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ნაკლებად ჯერა ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის და მათი პროდუქტების ევროპის ბაზარზე მოხვედრის.
"ჩემი პროდუქტი იქ არ წავა",- აღნიშნავენ ბოსტნეულით მოვაჭრეები. სამაგიეროდ, ოპტიმისტურად არიან განწყობილი თხილით მოვაჭრეები. ისინი ბოლო წლებში თხილის ფასის ზრდაზე მიანიშნებენ და ევროპის ბაზარზე მის მზარდ მოთხოვნაზეც საუბრობენ.
"ქართული თხილი მოსწონთ ევროპაში",- მიაჩნია ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში მოვაჭრე ემზარ ცხვედიანს.
ამას მიუთითებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტის მაჩვენებელიც, რომელმაც 2013 წელს დაახლოებით 140 000 000 აშშ დოლარი შეადგინა. ამ პროდუქტებში თხილზე მოთხოვნილებამ 64% მოიცვა. მოთხოვნად პროდუქტებად რჩება სპირტიანი სასმელები, ღვინო, მინერალური წყალი, ნატურალური ხილ-ბოსტნეული და სხვა.
***
თუმცა, პროდუქტი რომ ევროპის ბაზარზე მოხვდეს ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ქართული მხარე სარგებელთან ერთად ვალდებულებებსაც იღებს. საუბარია ხარისხის ზრდაზე, სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ ნორმების დაცვაზე და ა.შ. საამისოდ DC FTA თვალისწინებს ვაჭრობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან, როგორც სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ სფეროებში, ასევე, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების გადალახვის კუთხით და ა.შ. შედეგად, საქართველოში უნდა შეიქმნეს "ევროპული დონის სურსათის უვნებლობისა და ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის სისტემები, რაც ხელს შეუწყობს ქართული სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიული პროდუქციის თავისუფალ განთავსებას ევროკავშირის ბაზარზე და ასევე, ადგილობრივ ბაზარზე უვნებელი და უსაფრთხო პროდუქტის მიწოდებას", - განმარტავენ სპეციალისტები.
"თითოეულ სფეროში ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების მისაღებად საქართველოს კონკრეტული ვადა აქვს მითითებული. ერთ-ერთი პირველი რაც ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან პირველ წელს უნდა მოხდეს, იყო სურსათის უვნებლობის სფეროში ცვლილებები. მომავალ წელს უნდა მივიღოთ ევროკავშირის დირექტივები საგადასახადო, კორპორაციული სამართლის, გარემოს დაცვის და ტრანსპორტის სფეროში", - აღნიშნავს ივანე ჩხიკვაძე.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა კვლევაში "სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2014 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება" 2014 წელი საკმაოდ მნიშვნელოვან წლად შეაფასა საქართველოს კანონმდებლობის რეფორმირებისა და სახელმწიფო პოლიტიკის განვითარება, სურსათის უვნებლობის რეგულირების კუთხით. აღნიშნული პროგრესის ბიძგად საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა დასახელდა. მართალია, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველო ჯერ კიდევ შორს არის სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირების ეფექტიანი სისტემის შექმნისაგან, თუმცა, იმასაც მიუთითებენ, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "გააფართოვა ბაზრის კონტროლი. გაიზარდა მონიტორინგისა და ინსპექტირების მასშტაბები. საქართველოში პირველად ამოქმედდა ცხოველთა რეგისტრაციის პროგრამა და ჩატარდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ვაქცინაციის კამპანია ჯილეხისა და თურქულის წინააღმდეგ". კვლევის თანახმად, 2 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაუმჯობესდა სურსათის უვნებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობა.
სამაგიეროდ, საგრძნობ გაუმჯობესებას პროდუქტების ხარისხთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერ ხედავს მომხმარებლების ნაწილი. "ქუთაისიპოსტი"ს მიერ ქუთაისში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხული 30 მომხმარებლიდან დიდი ნაწილი მიუთითებს, რომ ხარისხი "რაც იყო, ის დარჩა". თუმცა, მომხმარებლები აღნიშნავენ გარკვეული კონტროლის გაჩენაზე, მაღაზიებში არსებულ პროდუქტებზე ეტიკეტებისა და კონკრეტული ინფორმაციის არსებობაზე. "ნატურალურია თუ არა მითითებულია პროდუქტებზე. ახლა ვეძებ ნატურალურ რძის პროდუქტს, მაგრამ ჯერ ვერ მივაგენი", - ამბობს მომხმარებელი ნუნუ ლომიძე.
ხარისხის მნიშვნელობაზე საუბრობენ მოვაჭრეებიც და აღნიშნავენ, რომ ხარისხზე მოთხოვნა სულ იყო, მაგრამ არა იმდენად საკანონმდებლო დონეზე და სათანადო უწყებების მხრიდან, რამდენადაც საბაზრო კანონებიდან გამომდინარე. "ცუდ პროდუქტს მიყიდი, კლიენტს დაკარგავ და იგი შენთან მეორედ აღარ მოვა",- მიაჩნია ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში მოვაჭრე ნაზი ირემაძეს.
"ცუდ პროდუქტს გაიტან კლიენტს დაკარგავ" პრინციპი მუშაობს ევროპისა თუ ნებიმიერ სხვა ბაზარზე. ბაზრებს შორის განსხვავება ამ კუთხით არ არის. შესაბამისად, ქართულ საზოგადოებას იმის გარკვევა მოუწევს, მეტი ხარისხი ურჩევია თუ ნაკლები, სანიტარიულად დაცული პროდუქტი ჯობია თუ დაუცველი და 500 მილიონიანი ევროპული ბაზარი უკეთესია თუ მასზე სამჯერ ნაკლები რუსეთის ბაზარი?!

ეკა კუხალაშვილი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.