საზოგადოება
თქვენი ადგილი ხონის ფსიქიატრიულშია - დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობაში
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის გადაწვეტილებით, შპს "ანასტასიას", რომელსაც 2013 წელს ქალაქის ცენტრალურ უბანში არსებული  "სამი ოთარის" ძეგლის მიმდებარე ტერიტორია სასტუმროს მშენებლობისთვის გადაეცა, მერიასთან ხელშეკრულება შეუწყდა.

"თქვენ ხართ გიჟი. თქვენი ადგილი ხონის ფსიქიატრიულშია," - ამ სიტყვებით მიმართა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გუშინდელ სხდომაზე უმრავლესობის წევრს ნატო ქათამაძეს, რომელმაც ნიკა ლატარია ქუთაისში ე.წ "სამი ოთარის" ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის მფლობელი კომპანიის, შპს "ანასტასიას" ლობირებაში დაადანაშაულა.
"შპს "ანასტასიას" ერთ-ერთი დამფუძნებელი არის გოჩა თევდორაძის მეზობელი, ხოლო მეორე დამფუძნებელია დალი ლატარია. დარწმუნებული ვარ, რომ გოჩა თევდორაძის ინტერესებია ამ ფირმის უკან. ჩვენ ვაკეთებთ იმ დანაშაულს, რაც წინა საკრებულომ ჩაიდინა და "ვაპრავებთ" ამას. თუ ვებრძვით ამ კლანს, არ უნდა შევუქმნათ სასათბურე პირობები და არ მივცეთ უფლება ბიზნესი განახორციელონ სკვერებში. ერთხელ და სამუდამოდ ამ ქალაქში უნდა დამთავრდეს გოჩა თევდორაძე და გია შარაბიძე, რომლის შვილიც ამ საქმის უკან დგას," - განაცხადა ნატო ქათამაძემ.
ქუთაისის საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე, უმრავლესობის გადაწვეტილებით, შპს "ანასტასიას", რომელსაც 2013 წელს ქალაქის ცენტრალურ უბანში არსებული  "სამი ოთარის" ძეგლის მიმდებარე ტერიტორია სასტუმროს მშენებლობისთვის გადაეცა, მერიასთან ხელშეკრულება შეუწყდა.
თვითმმარველობამ ეს გადაწყვეტილება "სამი ოთარის" ძეგლთან არსებული გასართობი ცენტრის დროულად ამოქმედების მოტივით ახსნა, რომელიც ყოფილი კინო "საქართველოს" შენობაში უნდა ამოქმედდეს.
"თუ გვინდა ქალაქის ინტერსიდან გამომდინარე, გასართობი ცენტრის გახსნა დროულად, უნდა მოხდეს კინო "საქართველოს" შენობის მფლობელისთვის პარკირების იმ ადგილების გადაცემა, რომელიც აუცილებელია ცენტრის ფუნქციონირებისთვის," - განაცხადა ქუთაისის ვიცე-მერმა, კოტე ქავთარაძემ.
"სამი ოთარის" ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის დათმობაზე გარიგება გასართობი ცენტრის ხელმძღვანელობასა და შპს "ანასტასიას" შორის იმ პერიოდში შედგა, როდესაც ქუთაისის საზოგადოებაში ამ ადგილის გადაცემას და მასზე სასტუმროს მშენებლობას პროტესტი მოჰყვა. გარიგების დეტალებზე თავის დროზე მედიასთან მერიის ქალაქდაგეგმარებისა და ურბანულ სამსახურშიც ადასტურებდნენ. სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელი, ანდრო მარჯნიშვილი განმარტავდა, რომ შპს "ანასტასია" ალტერნატიული მიწის ნაკვეთის შეთავაზებას მიიღებდა.
ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე 417 კვ.მ მიწის ნაკვეთი შპს "ანასტასიას" 2013 წლის ოქტომბერში აღნაგობის უფლებით, 35 წლის ვადით გადაეცა, რაშიც მას წლიური იჯარის თანხა, 4600 ლარი უნდა გადაეხადა.
2013 წელს შპს "ანასტასიასთვის" სამი ოთარის ძეგლის ტერიტორიის გადაცემის კანონიერების საკითხით პროკურატურა დაინტერესდა. თუმცა, უწყებაში დღემდე მოკვლევა არ დასრულებულა.
გუშინ გამართულ ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე კი უმრავლესობის გადაწყვეტილების შედეგად, ფირმას ალტერნატიული ფართი (სამეფო კომლექსსა და ყოფილი ლუდსახარში "მირზაანის" შენობას შორის)  ტერიტორია გადაეცემა. ამჯერად, შპს "ანასტასიას" ამ ტერიტორიაზე 300 კვ.მ ფართი გამოეყო, რაშიც ფირმამ წლიური იჯარა, 6600 ლარი უნდა გადაიხადოს.
ქუთაისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ფირმა ამ ტერიტორიაზე ერთსართულიან, მსუბუქი კონსტრუქციის ღია კაფეს მოაწყობს, ხოლო საიჯარო თანხის გადახდა 2017 წლის 1 სექტემბრიდან დაეკისრება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შპს "ანასტასია" ქუთაისის მერიასთან ხელშეკრულების დაადებამდე ორი დღით ადრე, 2013 წლის 9 ოქტომბერს დარეგისტრირდა. იმ დროისთვის ფირმის 40%–იანი წილის მფლობელი ხატია გაგუა გახლდათ, ხოლო 60%–ს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ნიკა ლატარიას დედა, დალი ლატარია ფლობდა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით შპს "ანასტასიას" წილობრივი მონაცემები 2014 წლის 5 მარტს შეიცვლა, რომლის მიხედვითაც 60 %-იანი წილის მფლობელი დალი ლატარიას ნაცვლად, ფრიდონ ბურჯალიანი გახდა.
ნიკა ლატარია ირწმუნება, რომ მომხდარი ცვლილება ქუთაისელთა მხრიდან "სამი ოთარის" ძეგლის მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობის გაპროტესტებას მოჰყვა.
"როდესაც შევხედე, რომ ამ თემას მოჰყვა აჟიოტაჟი, დალი ლატარიამ დათმო წილი კომპანიაში. თავის დროზე შემიყვანეს შეცდომაში, რაზეც გული მწყდება," - განაცხადა ნიკა ლატარიამ საკრებულოს სხდომაზე.

დეა მანაგაძე

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.