საზოგადოება
"შინელში" გახვეული ისტორია
FaceBook

ხეზე თოკით თავდაყირა დაკიდებულ კაცს ცოლ-შვილის დახოცვას აყურებინეს.


გასროლამდე ხის ძირას დედის გვერდით ზურგშექცევით  გაბაწრული პატარა გოგონა სწორედ მამას უყურებდა. 

ფაშისტების მიერ გასროლილი მესამე ტვყია ამ კაცისთვის შვება იყო. სიკვდილთან ერთად მისული შვება. 

სწორედ ამ საშინელი მკვლელობის  ადგილს უახლოვდებოდა "შინელში" გახვეული ქართველი ჯარისკაცი, რომელმაც ოჯახის გადარჩენა ვერ მოასწრო.

მის მეხსირებაში  ომი სწორედ  პოლონეთში მომხდარი ტრაგედიით ცოცხლობს.  

"არასოდეს ამომივა თვალებიდან ამოხოცილი ოჯახის გვამები. მკვლელობის დეტალებს იქვე დამალული ტყვეები ტირილით გვიყვებოდნენ," - ამბობს ონისე კუხიანიძე,  რომელიც მეორე მსოფლიო ომში 17 წლის ასაკში გაიწვიეს.



ონისე კუხიანიძე


"თუ გინდა ომში გადარჩე, მკვლელი უნდა გახდე. სხვანაირად შენ მოგკლავენ. განსხვავება იმაშია, რომ არსებობენ მკვლელები და სასტიკი მკვლელები. გამართლება არა აქვს, როცა კაცს ოჯახის წევრების სიკვდილს აყურებინებ," – ამბობს 96 წლის ვეტერანი. 

ამბობს, რომ ომის ტრაგედიამდე დასულ წინააღმდეგობებზე  დღემდე ფიქრობს. მართალსა და მტყუანს, შეუბრალებელსა და შემწყალებელს, ბოროტსა და კეთილს შორის ზღვარს ახლაც ეძებს.


ქართველი ჯარისკაცი რუსულ სამთომსროლელთა მე–16 არმიაში მოხვდა, რომელსაც კონსტანტინე ლესელიძე ხელმძღვანელობდა. ეს ის დივიზია იყო, პოლონეთი რომ ფაშისტებისგან იხსნა, თუმცა გამარჯვებამდე გზა არ ყოფილა ადვილი. ონისემ სხვადასხვა ქვეყანა არმიასთან ერთად ფეხით გაიარა: ჩრდილო კავკასიიდან ქერჩში, ქერჩიდან სევასტოპოლში, უნგრეთში, ჩეხოსკოვაკიაში, პოლონეთში. ველურ პირობებში, უსასრულო გზებზე ჯარისკაცი არასოდეს იხსნიდა ტვირთად ქცეულ "შინელს" და კიდევ უფრო მძიმე, ზურგზე მოკიდებულ აპარატს. ის ყოველთვის ფრონტის წინა ხაზზე იყო და დანარჩენებს აფეთქებისგან იცავდა. ახალგაზრდა გამნაღმველს შეცდომა არც ერთხელ მოსვლია. უამრავი ჩინ-მედლების მიუხედავად, ამის გამო თავი ქების ღირსად არ მიაჩნია.

" ზოგჯერ ომი იძულებულს ხდის ადამიანს ის აკეთოს რაც არ უნდა. ჩემი საქმე არამხოლოდ განაღმვა, არამედ,  მტრის საწინააღმდეგო ტერიტორიის დანაღმვაც გახლდათ. ესაა გმირობა?! თავისუფალი არჩევანის ფასს ადამიანი ომის დროს ხვდება," – ამბობს ომის ვეტერანი ონისე კუხიანიძე. ომიდან წამოღებულ ყავისფერ ჩანთას ჯარისკაცი დღემდე ინახავს. ფერგახუნებულ ტყავზე გარკვევით სჩანს ნატყვიარი, რომელმაც მისი სიცოცხლე იხსნა.


მეორე მსოფლიო ომიდან ჩამოტანილი ჩანთა



"ერთხელ ცოცხლადაც დავიმარხე. აკოფში ვიმალებოდით, როცა მოწინააღმდეგე მხარემ გვესროლა. მე და ჩემი სომეხი თანამებრძოლი რამდენიმე წამში მიწით დავიფარეთ. ჩვენები დროულად მოგვეშველენ, მე გადავრჩი. ჩემი მეგობარი დაიჭრა და დაიღუპა“, – ამბობს მოხუცი, რომელიც მეგობრის სურათს ახლაც ძველი შინელის ჯიბეში ინახავს.


ომში გარდაცვლილი ონისეს მეგობარი

ყველაზე ბედნიერი ონისესთვის კაპიტულაციის გამოცხადების დღეა.

ომის დამთავრების 9 მაისი.  დანაშაულის, ტვირთის, წინააღმდეგობების, სისასტიკისა და მძიმე "შინელის" ტარების დასრულების თარიღი.

ქართველი ჯარისკაცი სამშობლოში 25 წლის დაბრუნდა. თან მხოლოდ ჩანთა და რამდენიმე ფოტოსურათი  ჩამოიტანა.


მთავარი მაინც ცოცხალი დაბრუნება იყო.  თავისუფალი არჩევანის შეგრძნება და შესაძლებლობა, რომელიც ცხოვრების ახლიდან დაწყების პერსპექტივას ქმნიდა.

ონისე ქუთაისში დაოჯახდა და  ქუთაისის ელექტრომექანიკურ ქარხანაში სხვადასხვა ტექნიკურ განყოფილებაში 54 წელი იმუშავა.

როგორც მისი ქალიშვილი იხსენებს, მამის ომის დროინდელ მოგონებებზე ოჯახში არასდროს საუბრობდნენ. "განსაკუთრებით მძიმე მისთვის ის იყო, რომ ამ ომში ძმა დაეღუპა. ბიძის სიკვდილის შესახებ ცნობები ახლახანს მივიღეთ, არადა მის დაბრუნებას მამაც და ბებიაც რატომღაც ზღაპრულად ელოდნენ", – ამბობს ონისეს ქალიშვილი, ნაირა კუხიანიძე.

უეჭველია, რომ ზღაპრული დასასრული ვერასოდეს ექნება ომს, მაგრამ ადამიანებს ყოველთვის ექნებათ არჩევანი უარი უთხრან ბოროტებას. დღეს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 74 წელი გავიდა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა.  9 მაისს კი გერმანია-საბჭოთა კავშირს შორის ომი დასრულდა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ე.წ სამამულო ომში ქუთაისიდან 5000-მდე ადამიანი წავიდა. საქართველოს მასშტაბით კი 700 000. მათგან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა.



ავტორი: ანა ჯანაშია

ფოტო: ლანა კოკაია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის
შენობის გასხისებაა გადაწყვეტილი.  
22:05 / 15.06.2022
ქუთაისის მერიის შენობის გასხისებაა გადაწყვეტილი.  
10 დღეზე მეტია, საქართველოში,
სოციალურად დაუცველებისთვის სამუშაო ადგილებზე რეგისტრაცია
დაიწყო.
16:11 / 11.03.2022
10 დღეზე მეტია, საქართველოში, სოციალურად დაუცველებისთვის სამუშაო ადგილებზე რეგისტრაცია დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.